მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
რა ბედი ელის წელს თესლოვანი ხილის მოსავალს


მეხილეობა გორის რაიონში ერთ-ერთი ძირითადი დარგია. ხეხილის ბაღებს 10,600 ჰექტარი უკავია. ნარგავების 70% თესლოვანი ხილის ბაღებითაა დაკავებული. მიმდინარე წელს რაიონის მეხილეებმა, მიუხედავად მთელი რიგი ხელის შემშლელი პირობებისა (სარწყავი წყლების ნაკლებობა, არახელსაყრელი ამინდები), ყველა სამუშაო დროულად ჩაატარეს და ხილის მაღალი მოსავლის მოლოდინში არიან.

გასულ წლებში სოფელში მაცხოვრებელი მოსახლეობა მეტ-ნაკლებად ახერხებდა საკუთარი სახსრებით საზღვარგარეთ გაეტანა მოსავალი და შედარებით მაღალ ფასში გაეყიდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზარი ქართველებისათვის ჩაიკეტა, ორი წლის წინ მაინც მოხერხდა კურკოვანი და თესლოვანი ხილის უკრაინისა და ყაზახეთის ბაზარზე გატანა. გასული წლის რუსული აგრესიის გამო, გლეხს ალბათ გაუჭირდება წლევანდელი მოსავლის რეალიზაცია ხელისუფლების ჩარევის გარეშე. ფაქტობრივად, გორის რაიონში მიღებული ხილის მოსავალი, ისევ გორის საკოლმეურნეო ბაზარზე საღდება გლეხისთვის არახელსაყრელ ფასად.

ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, 19 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა  კომისიის გაფართოებული სხდომა. სხდომაზე განიხილეს თუ რამდენად არის გორის რაიონის მოსახლეობა მზად იმისათვის, რომ დაიწყოს თესლოვანი ხეხილის აღება, ხილის რა რაოდენობაა დღეისათვის გორის სამეურნეო ბაზარზე და როგორ შეიძლება მოხდეს გლეხის მიერ მიღებული წლიური მოსავალის რეალიზაცია.

მომხსენებელმა, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ - იოსებ ხუროშვილმა აღნიშნა: "კურკოვანი ხილის დამზადება უკვე დაწყებულია. სიმწიფეში შევიდა დიდი რაოდენობით ატამი და გორის ბაზარი უკვე გაჯერებულია. ამან, რა თქმა უნდა, ფასზეც იმოქმედა და წელს ატმის საბაზრო ფასი საკმაოდ დაბალია. 1 კილოგარმი ატმის ფასი დღეისათვის 25-დან 40 თეთრამდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია ხილის ხარისხზე."

რაც შეეხება თესლოვან ხილს (ძირითადად ვაშლი), როგორც სხდომაზე განიმარტა, მისი დაბინავება სავარაუდოდ 15 სექტემბრიდან დაიწყება. აღებული მოსავლიდან 40-50 ათასი ტონა სამრეწველო სამუშაოებისათვის დამზადდება, ხოლო 70-80 ათასი ტონა დარჩება ხარისხიანი ხილი, რომლის რეალიზაციასაც ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი ბაზარი. საჭირო იქნება გამოიძებნოს უცხოელი ინვესტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილზე ხილის დამზადებას და რესპუბლიკის გარეთ გატანას... წინააღმდეგ შემთხვევაში მეხილე ფერმერები დიდ ზარალს განიცდიან.

როგორც სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ - იოსებ ხუროშვილმა  აღნიშნა, უხარისხო ვაშლისა და ნაქარის გასაღება, ჯერჯერობით, ისევ პრობლემურ საკითხად რჩება. გადასახედია მრეწველობაზე ჩასაბარებელი ხილის ფასებიც. სხდომაზე ხილის მიმღები ქარხნების წარმომადგენლებმა  ივარაუდეს, რომ რადგან ხილის დამუშავების თვითღირებულება გაიზარდა, წელს 1 კილოგრამი ვაშლის მიღების ფასი 3.5 თეთრი იქნება. ასეთი დაბალი ფასი იმანაც განაპირობა, რომ გასულ წელს ვერ მოხერხდა ხილისგან დამზადებული კონცენტრანტების გაყიდვა რუსული აგრესიისა და ამას თან დართული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო. ფაქტობრივად ეს თანხა იმისი ანაზღაურებაც კი არ არის, რომ გლეხმა ხილი ტრანსპორტით ქარხანამდე მიიტანოს.

როგორც ამ შეკრების დროს გაირკვა, ხილის მიმღები ქარხნები დამოკიდებულნი არიან სესხის მიღებაზე. თუკი ქარხნებმა მიიღეს იაფი სესხი, მისი რაოდენობის მიხედვით მოხდება ერთი მხრივ ხილის მიღების პრობლემის მოხსნა და მეორე მხრივ, მოსახლეობისგან მოწეული ხილის ფასის რაოდენობის განსაზღვრა.

იმისათვის, რომ ქარხნებმა სრული დატვირთვით იმუშაონ და გლეხსაც აღარ ჰქონდეს მიღებული მოსავლის რეალიზაციის   პრობლემა, სხდომაზე გადაწყდა, რომ სოფლის რწმუნებულებმა მოკლე დროში საკრებულოს უნდა მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ სოფელში  ხილის რა რაოდენობას ელიან. ამ ინფორმაციას შეაჯერებენ და ამის შემდეგ გაიმართება კიდევ ერთი სესია. როგორც შიდა ქართლის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა განმარტა, აღნიშნულ სესიაზე გუბერნატორთან ერთად შეეცდებიან გადაჭრან აღნიშნული პრობლემა. შესაძლებელია, ეს საკითხი მინისტრის დონეზეც იქნას დაყენებული.

სავარაუდოდ, დღის წესრიგში დადგება ქარხნებისათვის იაფი კრედიტების გამოყოფა იმისათვის, რომ ხილის მიმღებმა ქარხნებმა იმუშაონ სრული დატვირთვით, არ გაუქმდეს სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, გლეხს არ ჰქონდეს მოწეული მოსავლის რეალიზაციის პრობლემა.

"ხალხის გაზეთი" დაინტერესდა, თუ რამდენადაა მისაღები სოფლის მაცხოვრებელთათვის ზემოთ აღნიშნული ფასები და ვთხოვეთ, დაეფიქსირებინათ თავისი აზრი.

ნონა სუხიტაშვილი; "მე კარალეთში ვცხოვრობ. ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოფელში მოყვანილი მოსავალია. ატამი ჩამოვიტანე დღეს გასაყიდად და ოთხი ათკილოგრამიანი ვედრო სულ 11 ლარად გავყიდე. რა უნდა ვიყიდო ამ ფულით, რაში მეყოფა? 6 სულიან ოჯახს 11 ლარი ეყოფა იმისათვის რომ თუნდაც ერთი დღე თავი გაიტანოს?! თუ ასე გაგრძელდა ფასის დაცემა, არ ვიცი რა გვეშველება... არსებობა ხომ გვინდა?

რაც შეეხება ვაშლის მოსავალს, წელს კარგად ასხია ხეებს. რა ვიცი, იქნებ მაგას მაინც ჰქონდეს კარგი ფასი. თუ ნაქარი 3,5 თეთრი ეღირება, დავიღუპებით... რისთვის ვწვალობთ, რისთვის ვშრომობთ, რა გზა გამოვნახოთ?!."

თამაზ მაზიაშვილი (სკრა): როგორ უნდა იყოს მისაღები ეს ფასები გლეხი კაცისთვის? იცით რა ჯდება ხილის მოყვანა და დაბინავება? ხილს მოვლა სჭირდება, გასხვლა, შეწამვლა, მორწყვა... სხვა თუ არაფერი ყუთი ხომ სჭირდება რომ ჩავაწყო ხილი? ცოტაა თუ ბევრი, ხომ სჭირდება? ახლა ისეთი ამბავია, რაც უფრო მეტს შრომობ და ბევრ ოფლს ღვრი საკუთარ ბაღში, ცდილობ მოიყვანო უფრო მეტი მოსავალი გასულ წლებთან შედარებით იმ იმედით, რომ შენი ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდება, მით უფრო მეტი თავში საცემი პრობლემა გემატება. რაც უფრო მეტია ხილი, უფრო მეტი ზარალი გვაქვს - ასე გამოდის. ბოლოს და ბოლოს, მოვუვლი 2-3 ხეს, მუშების გარეშე დავამუშავებ და მოვიხმარ ოჯახში, მაგრამ მარტო ვაშლი და ატამი ეყოფა ადამიანს საკვებად?

მერაბ ჯავახიშვილი (ფლავისმანი): წელს გარგარი გავყიდე კარგ ფასად. ვედროს საშუალოდ 21 ლარად ვყიდდი, მაგრამ ატამმა არ გაამართლა. რაო, რა თქვი? ვაშლის ნაქარი შესაძლოა 3,5 თეთრი ღირდესო? კი მაგრამ ვინ ჩააბარებს ამ ფასად? რომც გადაწყვიტოს ვინმემ ჩაბარება, ტრანსპორტირება ხომ უნდა? ნაქარი რომ გორამდე ჩამოიტანოს და ჩააბაროს, საწვავის ფასსაც ვერ აიღებს. ბარემ გვითხრან ვაშლი ხეზე დაალპეთ ან გადაყარეთო!"

მანანა მიხანაშვილი (ატენი): წელს ატმის ფასი ისეთი დაბალია, რომ გასაყიდად დამენანა და ვყარე და ვყარე ქილებში, მაგრამ იმდენი კომპოტი გავაკეთე უკვე, რომ აღარც ვიცი დახუფული ქილები სად უნდა წავიღო. ღმერთმა ქნას, რომ ვაშლის ფასი მაინც იყოს მაღალი, თორემ წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება ჩვენს მხარეში.

ასეთია გორის რაიონის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის აზრი.

მეხილე ფერმერებისა და ხილის გადამამუშავებელი ქარხნების სტიმულირების მიზნით, უნდა დაისვას საკითხი საქართველოს მთავრობის წინაშე, რომ როგორც კახელ მევენახეებს ეძლევათ ჩაბარებულ ყურძენზე კომპენსაცია, ასევე მიეცეთ გორელ მეხილეებს, გადამამუშავებელ ქარხნებს კი - შეღავათიანი გრძელვადიანი კრედიტები. ეს საკითხი გორის მუნიციპალიტეტში დღის წესრიგში უკვე დგას, მაგრამ რამდენად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმევა ამ პრობლემის გადასაჭრელად, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ თუ არსებული სიტუაცია არ შეიცვალა, რამდენიმე ათასი ტონა ხილი ბაღებიდან გამოსატანი დარჩება.

 


ლედი ოქროპირიძე
26.09.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 32 °C
ღამით + 21 °C + 20 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.