|
კამერუნელი ლეგიონერი ჟოლივეტ ტუჯანი-ტალბა რუსთავის საკალათბურთო გუნდს დაუბრუნდა.
როგორც ცნობილია, იგი “შსს” რიგებში ირიცხებოდა, თუმცა 21-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლომდე მიხეილ ბერუაშვილის შეგირდების გვერდით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ ჟოლივეტი უკვე 10 წელია, რაც საქართველოში თამაშობს და არაერთი ტურნირის გამარჯვებულია. მან ქვემოქართლელთა სახელით ზედიზედ რამდენჯერმე ეროვნული პირველობაც მოიგო.
ჟოლივეტის დაბრუნებას “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი დადებითად აფასებს. მიხეილ ბერუაშვილის თქმით, გამოცდილი ფორვარდი ახალგაზრდა მოთამაშეებს დაეხმარება და უკეთეს კალათბურთს ითამაშებენ.
_ ძალიან მენატრებოდა რუსთავში თამაში და მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი. იმედია, ჩემი გამოცდილება ამ კლუბს კიდევ ერთხელ დაეხმარება და უკეთეს შედეგსაც ვაჩვენებთ. _აღნიშნა ჟოლივეტმა.
_ `შსს” უფრო ძლიერდება და რადგან ჟულივეტს ფაქტიურად აღარ მოუწევდა თამაში, გადავწყვიტეთ ისეთ კლუბს დახმარებოდა, რომელიც მისთვისაც მნიშვნელოვანია. Mთუმცა ის კვლავ ჩვენი გუნდის წევრად რჩება და ზაფხულში დაგვიბრუნდება. რაც შეეხება რუსთავს, როგორც ჩანს მომავალი ჩემპიონები კვლავ იზრდებიან ამ ქალაქში. თუ კი ამ შემადგენლობის შენარჩუნება მოხდება, სულ მალე მაღალი დონის გუნდი ჩამოყალიბდება. _ განაცხადა “შსს” სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ.
ნათია ჯიოშვილი
01.02.2012 |