 |
 |
 |
 |
 |
|
ბორჯომი ჩემი ცხოვრების ნაწილია |
,,ბორჯომი~. ძირძველ ბორჯომელს, ბატონ გივი ანდღულაძეს ოჯახში შევხვდი. მას სტუმრად ბავშვობის მეგობარი ვახტანგ თხელიძე ყავდა. ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ. ახლა მათ მოსაგონარიც ბევრი აქვთ. სუფრას შემოვუსხედით და სადღეგრძელოების ფონზე ინტერვიუც შედგა.
_ ბატონო გივი, გთხოვთ თქვენი განვლილი ცხოვრების შესახებ გვიამბოთ.
_ დავიბადე 1930 წლის 16 ივნისს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაზალეთში. მალე მამა ბორჯომის შუშის ქარხანაში გადმოვიდა სამუშაოდ და ოჯახიც წამოიყვანა. სკოლა ოქროს მედალზე, ხოლო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და სამუშაოდ, ჩემი სურვილით, ბორჯომში წამოვედი. ჯერ ქალაქის საბჭოში ვმუშაობდი ინჟინრად, შემდეგ სამუშაოთა მწარმოებლად. მშენებლის თითქმის ყველა საფეხური განვლილი მაქვს ოსტატიდან ტრესტის მმართველამდე. ბორჯომში ძალიან ბევრ მშენებლობაში მიმიღია მონაწილეობა. მიხარია და მეამაყება, როდესაც ჩემს აშენებულ ობიექტებს ვხედავ. შემიძლია დაგისახელოთ ზოგიერთი მათგანი: #2 ჩამომსხმელი ქარხანა, კომპოზიტორთა სახლი, საცხოვრებელი ბინები, სასტუმრო ,,თბილისი~, 3 კმ-მდე მტკვრის ნაპირსამაგრი კედელი, კავშირგაბმულობის სახლი, რაიონის საავადმყოფო, ბაკურიანში _ ტრამპლინები, ტურისტული ბაზა, სასტუმრო, სანატორიუმი ,,მზიური~... ჩვენს ტრესტს თითქმის მთელს რეგიონში ჰქონდა სხვადასხვა სახის ასაშენებელი ობიექტები.
მოხდა ისე, რომ ოჯახთან ერთად 1971 წელს გადმოვედი თბილისში და მინისტრთა საბჭოს დადგენილებით დამნიშნეს მე-18 ტრესტის მმართველის მოადგილედ, აქაც ძალიან ბევრი ობიექტის მშენებლობა ჩემი მეთვალყურეობით განხორციელდა. გაგრაში რესტორან ,,გაგრიფშის~ რეკონსტრუქციაზე ვმუშაობდით, რომელიც პრინც ოლდერბურგის აშენებული ყოფილა, პირვანდელი სახით აღვადგინეთ და არქიტექტორების პირველ საერთაშორისო ბიენალეზე გავიმარჯვეთ, რაც ძალიან მეამაყება. ყველაფრის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს... ერთ კი არის, რომ ყველა ობიექტის მშენებლობაში ჩემი სიცოცხლის ნაწილია ჩადებული.
...ბატონი გივისათვის ტკივილიანია მეუღლის _ დალის გახსენება, რომელმაც ერთად ცხოვრების მანძილზე საუკეთესო მეუღლისა და მეგობრის სახელი დაიმკვიდრა. იგი ბორჯომის სამუსიკო სკოლის პედკოლექტივსაც დააკლდა.
_ ბატონო გივი, თქვენი შვილები რას საქმიანობენ?
_ ჩემი თამრიკო უკვე 47 წლისაა, ექიმია, ჰყავს ოთხი შვილი, სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. შვილთაშვილიც გვყავს! ვაჟი _ დათო მშენებელია, მუშაობს საპროექტო ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ, სამი შვილი ჰყავს. უფროსი სამხატვრო აკადემიის სტუდენტია, პატარები ჯერ სკოლაში სწავლობენ.
_ ბატონო გივი, ნოსტალგია ხომ არ მოგეძალათ ბორჯომისა და ბორჯომელი მეგობრებისადმი?
_ (ჩაფიქრდა), ყველაფერს განსაკუთრებული სიყვარულით ვიგონებ, უპირველესად კი სკოლის პერიოდს. მაშინ სულ სხვა იყო, სწავლის ფასიც ვიცოდით, ცელქობასაც ვახერხებდით, ,,შატალოც~ ბევრჯერ გვქონია, მაგრამ ყველაფერს ურთიერთსიყვარული ახლდა თან. ჩემი კლასელები ბევრი უკვე წავიდა ამ ქვეყნიდან. ახლა, სიბერეში, მე და ვახტანგ თხელიძე უფრო ხშირად ვახერხებთ შეხვედრას, ვცდილობთ, ერთად გავატაროთ დარჩენილი ცხოვრება...
...მახსოვს, ბიჭები ცოტა ფულს თუ შევაგროვებდით, ღვინის სარდაფში მივდიოდით დასალევად(!). ერთხელ მეღვინემ კასრთან გაგვიშალა სუფრა. ბიჭებმა იეშმაკეს და კასრიდან შლანგით იპარავდნენ ღვინოს!.. როდესაც გამოვედით იქიდან, გატიალებული მთვრალები ვიყავით! (იცინის). მეღვინესაც გაეცინა ჩვენს დანახვაზე და ,,შეგერგოთ~-ო, მოგვაძახა!
...მახსოვს, ულამაზესი გოგო _ ლია ავალიშვილი, იმდენად სათნო იყო, რომ ვერ გავუბედე სათქმელი...
...მინდა გავიხსენო თენგიზ ზეინკლიშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანი და დიდებული ხმის პატრონი. მახსოვს, ზურაბ ანჯაფარიძის პირველი გასტროლი იყო თბილისში (მაშინ იგი მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი იყო). მე და დალი წავედით სპექტაკლზე. თენგიზს ,,აბესალომ და ეთერში~ მურმანის პარტიის დებიუტი ჰქონდა. თენგიზი უმაღლესი ,,მურმანი~ იყო! იმ წუთში, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი, მეგონა, რომ ყველამ იცოდა, მე და თენგიზი ბავშვობის მეგობრები რომ ვიყავით...
...საუბრის დროს, ბატონმა გივიმ შამპანიურით სავსე ბოკალი ასწია და წასული მეგობრების სადღეგრძელო წარმოსთქვა: _ ჩემი ბორჯომი მეგობრობის სახლია, ყველა ერთმანეთს რომ იცნობს, ეს უფრო გვაახლოვებს, ძალიან მწყდება გული ჩემს ძმაკაცებზე. თითქმის ყველა ,,იქით~ არის წასული: კუკური _ ,,ჩიჩქე~, თენგიზ არუცევი, თენგიზ ზეინკლიშვილი, რეზო, გედი, ,,ჯიგარო~, რეზო კვინიკაძე, საშურა, ,,ჩულა~, ჟორა ქურციკიძე, კოტიკო ლორთქიფანიძე, კაკო ვეფხვაძე, სევა ყიფიანი... ჯერ წელი არ შესრულებია ბატონ ვიქტორ ლომიძეს, შესანიშნავ მასპინძელს და თამადას...
რომ გავაგრძელო, ძალიან დიდი სია გამომივა და გული მტკივა... (პაუზა). ჩემს ძმისშვილს იცით რა ვუთხარი? როცა მოვკვდები ჩემი ძმაკაცების საფლავებიდან მიწა შემიგროვეთ და გულზე დამაყარეთ-მეთქი. ვიცი, რომ ამ დაპირებას აუცილებლად შემისრულებს.
ბატონი გივი ბორჯომის საპატიო მოქალაქეა, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, ასევე მას იცნობენ, როგორც სწორუპოვარ თამადას, შესანიშნავ მომღერალს.
_ ბორჯომი ჩემი ცხოვრების ნაწილია, აქაური ვარ, აქ დავვაჟკაცდი, ოჯახი შევქმენი, სპეციალობაც ისეთი მქონდა, მიხარია, რომ ჩემი აშენებული შენობები ალამაზებენ ჩვენს ქალაქს.
ჩემო საყვარელო ბორჯომელებო, გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერება დაგბედებოდეთ, იმედი არ დაკარგოთ! ყველას გეფერებით! გაიხარეთ ამ დალოცვილ მიწაზე!
ივეტა კუპრაძე
01.01.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|