მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
მხარეები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ

მხარეები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ

13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს პოლიციის თანამშრომელს მურმან ედიშერაშვილს ვახტანგ კორკოტაშვილის მკვლელობის გამო. ინციდენტი 2009 წლის 19 აპრილს კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მოხდა.
როგორც საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მურმან ედიშერაშვილმა სამსახურებრივი ტაბელური იარაღით განზრახ მკვლელობის მიზნით ვახტანგ კორკოტაშვილს ქვედა ყბის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ამის შემდეგ ედიშერაშვილმა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით თავისივე იარაღით მარჯვენა ხელის მტევანი დაიზიანა, კორკოტაშვილის მკვლელობამდე კი დიმიტრი ოდოშაშვილს იარაღის ტარის თავში ჩარტყმით მიაყენა ტვინის შერყევა.
მოწმეების ჩვენების თანახმად, მკვლელობა მოხდა მას შემდეგ, რაც მურმან ედიშერაშვილის შვილმა რობიზონ ედიშერაშვილმა და დის შვილმა ზურაბ ირემაშვილმა საქმის გარჩევის მიზნით სოფლის განაპირას გაიყვანეს ზვიად ოდოშაშვილი და ბექა ბოგველი, სწორედ მაშინ, ვითომ საქმის გასარკვევად მისულმა მურმან ედიშერაშვილმა მოკლა ვახტანგ კორკოტაშვილი.
ზვიად ოდოშაშვილი, მოწმე: `19 აპრილს მეგობრის დაბადების დღეზე ვიმყოფებოდი. მოგვიანებით მე და ჩემმა მეგობარმა ბექამ გოგონები გავაცილეთ. სოფლის ცენტრში საკრებულოს რომ მივუახლოვდით, უკან მოვიხედე და ბექა ვეღარ შევნიშნე. გოგონებმა მითხრეს, შესახვევისკენ წავიდაო და მეც იქით გავემართე. შესახვევში აუდის მარკის მანქანა იდგა, ბექას ვკითხე თუ რაში იყო საქმე. მიპასუხა: `მანქანის ფარები აგვინთეს და დავინტერესდი ჩვენთან ხომ არ ჰქონდათ საქმეო.~ როდესაც მანქანაში მჯდომებს ვკითხეთ, ხომ არაფერი სჭირდებოდათ, საჭესთან მჯდომმა პიროვნებამ, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი უჯდა კალთაში, გვითხრა: `ფარებს ბავშვი აწვალებდაო.~ ბოდიში მოვუხადეთ და გოგონებს დავეწიეთ. მოულოდნელად დაგვეწივნენ და გვკითხეს: `წეღან რომელი იყავით მოსული, ჩაჯექით, გავისაუბროთო.~ ბექა მძღოლის გვერდით დაჯდა, მე უკან მჯდომს მივუჯექი გვერდით. მძღოლმა კითხვა ისევ გაგვიმეორა და შეიგინა, რაზეც ბექამ საპასუხო გინება მიაყოლა და შეკამათდნენ. მძღოლმა მანქანა დაძრა, მეტეხის ხიდს გავცდით და დაუსახლებელ ტერიტორიაზე აღმოვჩნდით. მძღოლი კი მანქანის გაჩერებას არც ფიქრობდა. როდესაც ვუთხარით, ბავშვი სადღა მოგყავს, მანქანა გააჩერეო, უკმეხად გვიპასუხა, `ბავშვი ჩემია და სადაც მინდა იქ წავიყვანო.~ ამის შემდეგ ბექამ საჭეზე ხელი აუკრა, მანქანა ძალით გააჩერებინა და გადმოვედით. საჭესთან მჯდომმა მუქარით გვითხრა `სიმონთან დაგაჩოქებთო,~ ამ სიტყვებზე ჩემს გვერდით მჯდომმა დამარტყა, დავიწყეთ ჩხუბი. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემი ძმა, დიმიტრი ოდოშაშვილი, რეზო შალიბაშვილი და ვახტანგ კორკოტაძე მოვიდნენ მანქანით და გაშველება დაგვიწყეს. მათ დანახვაზე ჩვენი მოწინააღმდეგეები, როგორც შემდგომში გავიგეთ, რობიზონ ედიშერაშვილი და ზურაბ ირემაშვილი გაიქცნენ, ხოლო ატირებული ბავშვი იქვე დატოვეს. ჩვენ გაქცეულებს გამოვეკიდეთ, ვახტანგი კი ბავშვთან დარჩა. ზურაბ ირემაშვილი ვერ დავინახეთ საით წავიდა, ხოლო რობიზონ ედიშერაშვილს ერთი-ორი კიდევ დავარტყით და უკან გამოვბრუნდით. ამ დროს მიკროავტობუსით მოვიდა რამდენიმე პიროვნება, მათ ჯერ ჰაერში გაისროლეს იარაღიდან, ერთ-ერთი გინებით გადმოხტა და ჩემსკენ გამოქანდა, შემდეგ ჩემი ძმისკენ წავიდა და იარაღის ტარი გამეტებით ჩაარტყა თავში, დიმიტრი უგონოდ დაეცა ძირს, ამის მერე ვახტანგს მივარდა და გასროლის ხმაც გაისმა, როდესაც მივიხედე, ვახტანგი მიწაზე უგონოდ ეგდო. სიბნელე იყო და რომ გამერკვია, რა მოხდა. ტელეფონი გავანათე, ვახტანგის სახე სისხლით ჰქონდა მოსვრილი. ამასობაში დიმიტრიც მოვიდა გონებაზე. გვინდოდა დაჭრილი კასპში, საავადმყოფოში გადაგვეყვანა, მაგრამ ისინი საშუალებას არ გვაძლევდნენ, ისევ გამეტებით გვირტყამდნენ. ვახტანგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ვახტანგი მურმან ედიშერაშვილმა მოკლა.~
ბექა ბოგველი, მოწმე: `19 აპრილს თანაკლასელის დაბადების დღეზე ვიყავი მიწვეული, უკვე შეღამებული იყო, როდესაც მე და ჩემმა მეგობარმა ზვიად ოდოშაშვილმა გოგონები გამოვაცილეთ. სოფლის ცენტრს რომ მივუახლოვდით, იქვე შესახვევში მდგარი მანქანის ფარები აინთო და ჩაქრა. ვიფიქრე, ვინმე ხომ არ მეძახდა და მანქანასთან მივედი. ჩემს კითხვაზე, ხომ არაფერი სჭირდებოდათ, საჭესთან მჯდარმა პიროვნებამ, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი უჯდა კალთაში, მიპასუხა, რომ ფარებს ბავშვი აწვალებდა, ბოდიში მოვუხადე და გამოვბრუნდი. გოგონებს რომ დავეწიეთ, მანქანაც წამოგვეწია. მძღოლმა მე და ზვიადს დაგვიძახა: `რომელი იყავით მოსული, ჩასხედით, გავისაუბროთო~ და ჩვენც ჩავსხედით მანქანაში. მძღოლმა მანქანა დაძრა და დიდი სიჩქარით წავედით. სოფელს რომ გავცდით, ვთხოვე გაეჩერებინა, მაგრამ გაჩერებას არ აპირებდა. მე საჭეზე ხელი ავუკარი და ვაიძულე, გაეჩერებინა. გადმოვედით მანქანიდან და დავიწყეთ ჩხუბი. ცოტა ხანში რეზო, დიმიტრი და ვახტანგიც გამოჩნდნენ, რომლებსაც ჩვენმა თანმხლებმა გოგონებმა შეატყობინეს ჩვენი ამბავი და ისინი ჩვენს საძებნელად წამოვიდნენ. ჩხუბისას მძღოლი და მასთან მყოფი პიროვნება გაიქცნენ, ჩვენ მათ გამოვეკიდეთ, გვაინტერესებდა ვინ იყვნენ. გაქცეულებს ბავშვი მანქანაში დარჩათ და ატირებულს ვახტანგი ეფერებოდა. ჩვენ ერთ-ერთ გაქცეულს დავეწიეთ და კიდევ დავარტყით, ამის შემდეგ უკან გამოვბრუნდით, რადგან ჩხუბისას რეზომ ჯვარი დაკარგა და მისი მოძებნა გვინდოდა, ამ დროს მიკროავტობუსი გამოჩნდა, რამდენიმე პიროვნება გადმოხტა და ჰაერში გაისროლეს. ჩვენს შორის ჩხუბი კვლავ განახლდა. ვახტანგი ჩხუბში არ ჩარეულა, ცდილობდა გავეშველებინეთ, უეცრად ჭაღარათმიანი კაცი მივარდა _ `შენ უნდა მოგკლაო~ _ უყვირა ვახტანგს და სროლის ხმაც გაისმა. `ვახტანგი დაიჭრაო~ _ იყვირა რეზომ. ყველანი ვახტანგს მივცვივდით, მას სახე სისხლით ჰქონდა მოსვრილი; ვცდილობდით, დაჭრილი მანქანაში ჩაგვესვა, რათა საავადმყოფოში წაგვეყვანა, მაგრამ არ გვანებებდნენ და გვცემდნენ. როგორც იქნა, დაჭრილი ვახტანგი ჩავსვით მანქანაში, მაგრამ იგი ხელებში ჩაგვაკვდა.~
დიმიტრი ოდოშაშვილი, მოწმე: `საღამოს 21 საათი იქნებოდა. ჩემს ძმას, ზვიადს წასაყვანად მივაკითხე მანქანით. ის თავისი მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, ჯერ კიდევ ქეიფობდნენ. ამიტომ მე და ჩემი მეგობარი რეზო იქვე ახლოს გავჩერდით. ცოტა ხანში ვახტანგიც მოვიდა და მანქანაში ჩაგვიჯდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემი ძმის მეგობარმა გოგონებმა გამოიარეს, ზვიადი რომ მათ გვერდით ვერ დავინახე, ვკითხე რაში იყო საქმე. მომხდარის შესახებ მათ მიამბეს. ზვიადს მაშინვე დავუკავშირდი ტელეფონით და გავარკვიე სადაც იმყოფებოდნენ. უკვე ყველაფერი დასრულებული იყო, მე და ბექა მანქანაში ვისხედით, ხოლო ზვიადი და რეზო ჯვარს ეძებდნენ. სწორედ ამ დროს მიკროავტობუსი მოგვადგა და ჰაერში გაისროლეს. მე მანქანიდან გადმოვედი და მიკროავტობუსიდან გადმოსული ერთ-ერთი პიროვნება მომვარდა და შუბლზე იარაღი მომადო. თან მაგინებდა და მეუბნებოდა, მოგკლავო. მოვახერხე იარაღიანი ხელი გავაწევინე და სახეში მუშტი დავარტყი, მან კი იარაღის ტარი გამეტებით ჩამარტყა თავში, რის შემდეგაც ტვინის შერყევა მივიღე. გონება არ დამიკარგავს დავინახე მიკროავტობუსიდან როგორ გადმოხტა რამდენიმე პიროვნება, მათ შორის იყო ჩვენივე თანასოფლელი სიმონ მალაციძე. მურმან ედიშერაშვილი იგინებოდა და ყვიროდა `სად არის თქვენი საბლატაო, დაგხოცავთ, თქვენი დედაო,~ იგი მივარდა ვახოს ნიკაპზე მიადო იარაღი, მოგკლავო იყვირა და გაისროლა. ვახტანგი ძირს დაეცა.~
საპირისპირო ჩვენებები მისცეს სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას ზურაბ ირემაშვილმა და რობიზონ ედიშერაშვილმა.
რობიზონ ედიშერაშვილი: `სოფელ მეტეხში სტუმრად ვიმყოფებოდით მამაჩემის დეიდაშვილის, სიმონ მალაციძის ოჯახში მე, მამაჩემი და ჩემი მამიდაშვილები ზურაბ ირემაშვილი თავისი მცირეწლოვანი შვილით და ჯონი ჩომახაშვილი. მე ძილი მომერია, გარეთ გამოვედი და მანქანაში ჩავჯექი, ცოტა ხანში ზურაც გამომყვა ბავშვთან ერთად. მინდოდა სახლში მალე დავბრუნებულიყავით და მამას ვუსიგნალებდი. რომ აღარ გამოვიდნენ, ლოდინში ჩამთვლიმა. რამდენიმე წუთის შემდეგ დავინახე ორმა ბიჭმა მანქანას წრე დაარტყა, კარები გამოაღეს და ზურას უთხრეს: `ხომ ხედავ გოგონებთან ვარ და რატომ გვისიგნალებო.~ ზურამ ბოდიში მოუხადა, მეძინა და ალბათ ბავშვი აწვალებდაო. ისინი წავიდნენ. ზურამ დაიჟინა უნდა გავიგო ვინ არიან და რა უნდათო, გავყევით უკან. ზურამ ჰკითხა თუ რომელი იყო მანქანასთან მოსული, ამ სიტყვებზე ორი ბიჭი მოვიდა, ერთი წინ ჩაჯდა, ხოლო მეორე მე მომიჯდა. ჩვენ შევლაპარაკდით, ბოლოს გადავწყვიტეთ, სოფელს გავცილებოდით. ჩემს გვერდით მჯდომმა მობილურით ვიღაცას დაურეკა და მოგვხედეთო უთხრა. მეტეხის ხიდს რომ გავცდით, ზურამ მანქანის მოტრიალება სცადა, მაგრამ გვერდით მჯდომმა სახეშე გაარტყა. ზურამ მანქანა გააჩერა და ორივე გადავიდა მანქანიდან. მას ჩემს გვერდში მჯდომიც გადაჰყვა. მეც გადავედი მანქანიდან. ერთი ჩემსკენ წამოვიდა. დავარტყი და წავაქციე. ამ მომენტში მანქანაც მოგვადგა, საიდანაც ოთხნი გადმოვიდნენ, ერთმა საყელოში მტაცა ხელი. გაქცევა დავაპირე, მაგრამ წავიქეცი, ისინი კი წაქცეულს მირტყამდნენ. მე მათ რამდენჯერმე დავუსხლტი ხელიდან, ბოლოს ხიდისკენ გავიქეცი, მაგრამ დამეწივნენ და ისევ მცემეს. როგორღაც მოვახერხე მათგან თავის დაღწევა. ამ დროს მამაჩემიც გამოჩნდა მიკროავტობუსით. რადგან ზურა არ ვიცოდი სად იყო, უკან მივბრუნდით. მისულები რომ დაგვინახეს, დაიყვირეს: `ისევ მოვიდნენ და სხვებიც მოიყოლესო.~ ჩხუბი კვლავ განახლდა. მე მანქანაში დავრჩი, რადგან ცუდად ვიყავი, ამიტომ ბევრი არაფერი მახსოვს. რაც მახსენდება ისაა, რომ მამაჩემი ყვიროდა ხელი მტკივაო. მას ხელიდან სისხლი სდიოდა. ამბობდა, იარაღი გამივარდა, ხელზე მომიხვდა და მგონი კაციც მოვკალიო.~
ზურაბ ირემაშვილი: `მე და რობიზონი ჩემს შვილთან ერთად მანქანაში ვისხედით. რადგან აკუმულატორი სუსტი იყო, მანქანა დავაგორე და ისე დავქოქე, ფარები თავისით ინთებოდა, ამ დროს ორი პიროვნება მოვიდა და მკითხა, რატომ მოგვინათეო. ნამძინარევი ვიყავი და არცკი მახსოვს რა ვუპასუხე. ცოტა ხანში გონზე მოვედი და რობიზონს ვკითხე რაში იყო საქმე. მანქანა დავქოქე და წამოვეწიე, ვკითხე რომელი იყო ჩემთან მოსული. ერთი წინ ჩამიჯდა, მეორე უკანა სავარძელზე რობიზონს მიუჯდა გვერდით. შევთავაზე სადმე გავსულიყავით სასაუბროდ და მეტეხის ხიდისკენ წავედით. ხიდზე რომ გადავედით, ჩემს გვერდით მჯდომმა ჯერ თვალში ჩამარტყა და შემდეგ საჭეზე ამიკრა ხელი. მანქანა გავაჩერე, გადმოვედით და ჩხუბი დავიწყეთ. ამ დროს `ოპელის~ მარკის მანქანით მოვიდა რამდენიმე პიროვნება. თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და გაქცევა დავაპირე, მაგრამ წავიქეცი, წაქცეულს რამდენიმე ერთად მირტყამდა.
შემდეგ მანქანის დაქოქვის ხმაც გავიგონე, რომ მოვიხედე მანქანა მიდიოდა, წამოვხტი და გავიქეცი, რობიზონს თვალი რომ ვერ მოვკარი, გზა გავაგრძელე, ხიდთან მივედი და სიბნელეს შევეფარე. უცებ სადღაც ჩავვარდი და ძლივს მოვახერხე ამოსვლა. სახლში რომ მივედი, ტალახში ერთიანად ამოსვრილი ვიყავი. გაქცევისას ჩემი შვილი მანქანაში დამრჩა. ბიძაჩემს მომხდარის შესახებ მოვუყევი. იქ მომხდარის შესახებ მოგვიანებით შევიტყვე.~
ექსპერტიზის დასკვნით გარდაცვლილ ვახტანგ კორკოტაშვილს აღენიშნება ტვინის უხეში დაზიანება.
`სროლა ნაწარმოებია ქვედა ყბის არეში ქვემოდან ზემოთ, რამაც გამოიწვია როგორც ცხვრის ისე თვალის დაზიანება. შუბლის არეში ამომწვარის ნაკვალევი შეინიშნება. ტყვია სავარაუდოდ გაჩერებულია თავის ტვინში.~ _ ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ხათუნა ბაბლიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ სროლა ნაწარმოები იყო ახლო მანძილიდან. თუმცა გარდაცვლილის შუბლის არეშე ამომწვარი ნაკვალევი, რაც სავარაუდოდ იყო ჭვარტლის მოქმედების ზონა რატომღაც მხედველობიდან გამორჩა.
`გარდაცვლილს ექსპერტიზა მე ჩავუტარე, მაგრამ შუბლის არეში მიყენებული დაზიანება ვერ შევნიშნე. თუმცა სავარაუდოდ ეს ნაკვალევი შესაძლოა იყოს ჭვარტლის მოქმედების ზონა.~ _ აღნიშნა ხათუნა ბაბლიძემ.
ამონარიდი განსასჯელ მურმან ედიშერაშვილის ჩვენებიდან: `19 აპრილს მე, ჩემი მეუღლე, დედაჩემი, ჩემი შვილი და დისშვილები სოფელ ხოვლეში მამაჩემის საფლავზე ვიყავით გასულები, რადგან მეორე დღეს სამსახურში ვიყავი წასასვლელი, სასმელს ცოტას ვსვამდი. ჩემმა დისშვილმა ზურაბ ირემაშვილმა მთხოვა სოფელ მეტეხში წავსულიყავით მისი ბიძის საფლავზე. სასაფლაოდან ჩემს მამიდაშვილს სიმონ მალაციძეს ვესტუმრეთ აღდგომის დღესასწაული იყო და რა თქმა უნდა, ყველა ქეიფობდა. უკვე წამოსვლას ვაპირებდით, ჩემი შვილი, რობიზონი და ზურა თავისი მცირეწლოვანი შვილით გარეთ გამოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ. გარეთ რომ გამოვედი და მანქანა აღარ დამხვდა, ჩემს დისშვილს დავურეკე მობილურით, მიპასუხა _ მალე მოვალთო, მაგრამ რომ აღარ გამოჩნდნენ, ჩემს შვილს დავურეკე, სად იმყოფებოდნენ, მითხრა _ `ჩხუბიაო~ და ტელეფონი გათიშა. ჩემს მამიდაშვილს ვთხოვე მანქანა გამოეყვანა და მოსაძებნად წავედით მე, სიმონ მალაციძე, მისი შვილი ლაშა და ჩემი დისშვილი ჯონი ჩომახაშვილი. მეტეხის ხიდს რომ მივადექით, ჩემი შვილი დავინახე, წელს ზევით შიშველი იყო და სახე სისხლიანი ჰქონდა. გამოვკითხე, რაში იყო საქმე და ზურა და თავისი შვილი მოვიკითხე. მან კი არ იცოდა, ზურა სად იყო, ბავშვი კი მანქანაში დარჩათ, ჩვენ მათ მოსაძებნად წავედით. ხიდზე რომ გადავედით, ზურას მანქანა დავინახე, მეორე მხარეს კი სხვა მანქანაც იდგა. მანქანიდან გადასვლისას ხმა მომესმა: `ისევ მოვიდნენო~ და ჩემს შვილსა და ერთ-ერთი მათგანს შორის ისევ განახლდა ჩხუბი. მე დავუყვირე, რა გაჩხუბებთ-მეთქი და შევაგინე. რომ ვერ გავაჩერე, ერთს ზურგზე ხელი დავარტყი, შემდეგ კი იარაღის ტარი ჩავარტყი თავში და საყელოში მოვქაჩე. იგი წაიქცა, რომ მოვტრიალდი, ვიღაცას დავეჯახე. ხელით მივაწექი და რამდენიმე ნაბიჯით დავახევინე უკან მინდოდა იარაღი ჯიბეში ჩამედო, მაგრამ საშუალებას არ მაძლევდა. იარაღი მარცხენა ხელში მეჭირა, მარჯვენა ხელი კი ყელზე მქონდა მიბჯენილი, რომ ვერ მოვიშორე იარაღიანი ხელიც ვკარი, სწორედ ამ დროს გავარდა და ის წაიქცა. უცებ ვიღაც მოვარდა, ტელეფონი გაანათა და დაიყვირა _ `ვახტანგი დაიჭრაო.~ მე ჩემს თანმხლებლებთან მივედი და ვუთხარი იქაურობას გავცლოდით, რადგან კაცი დავჭერი. იმ წუთში ვერც კი მივხვდი, რომ იარაღის გავარდნის მომენტში მეც ხელში დავიჭერი. სახლში რომ მივედით, პოლიციელებიც გამოჩნდნენ. მათ მომხდარის შესახებ ვუთხარი, რადგან ხელი დაზიანებული მქონდა. კასპში საავადმყოფოში გადამიყვანეს და ჭრილობა დამიმუშავეს. პოლიციაში დაბრუნებისას შევიტყვე, რომ ჩემს მიერ ნასროლი ტყვიით ვახტანგ კორკოტაშვილი დაიღუპა.
სასამართლო პროცესზე მხარეთა კამათის დროს სახელმწიფო ბრალმდებელმა ჩუბინიძემ ჩამოაყალიბა განსასჯელის ბრალეულობა და საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დააკვალიფიცირა. დაზარალებული მხარის ადვოკატმა, გულიკო გეჯაძემ კი სასამართლოს მურმან ედიშერაშვილის ბრალეულობის მტკიცებულებათა ერთობლიობა წარუდგინა და საქმის გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით მოითხოვა, რასაც განსასჯელის ადვოკატის, ლელა მარიტაშვილის პროტესტი მოჰყვა.
`მხარეთა კამათზე დაზარალებულის ადვოკატს, გულიკო გეჯაძეს არ ჰქონდა უფლება ს.ს.კ. 109 მუხლზე ემსჯელა, პროკურორის მხრიდან კი უსუსურ და აბსურდულ ბრალდებას ჰქონდა ადგილი, მან კი წარადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომელიც საფუძვლად დაედებოდა საქმეს,~ _ განაცხადა ლელა მარიტაშვილმა და ს.ს.კ. 116 მუხლით (სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა) შეცვლა მოითხოვა, რასაც განსასჯელიც დაეთანხმა.
`მე დამნაშავე ვარ და ამიტომ ვზივარ აქ. მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო საქართველოდან წავსულიყავი, ასე არ მოვიქეცი, რადგან ჩემს დანაშაულს არ გავქცევივარ და თავად მივედი პოლიციაში. დანაშაულს ნაწილობრივ ვაღიარებ, გთხოვთ ს.ს.კ. 116 მუხლის თანახმად შემიფარდოთ სასჯელი.~ _ ითხოვა სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით გამოსვლისას მურმან ედიშერაშვილმა.
მოსამართლე მალხაზ ენუქიძემ ადგილზე თათბირით დაადგინა და მურმან ედიშერაშვილს ს.ს.კ. 108 მუხლის თანახმად 13 წლით შეუფარდა პატიმრობა, ამასთან სამოქალაქო სარჩელით დაზარალებულის ოჯახის სასარგებლოდ 20 000 ლარი დააკისრა.
გულიკო გეჯაძე, დაზარალებული მხარის ადვოკატი: `მოსამართლე ვერც ბრალს გასცდებოდა და ვერც პროკურორის მიერ მოთხოვნილ სასჯელს, თუმცა აუცილებლად უნდა დამოკვეთილიყო ს.ს.კ. 109 მუხლით წარდგენილი ბრალის საფუძველი. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში და მოვითხოვთ მურმან ედიშერაშვილს დამამძიმებელი მოტივით მიესაჯოს მკაცრი სასჯელი ს.ს.კ. 109 მუხლის თანახმად.~
ლელა მარიტაშვილი, ბრალდებულის ადვოკატი: `გამოტანილი განაჩენი არაობიექტურია, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში. საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მურმან ედიშერაშვილის მიერ ვახტანგ კორკოტაშვილის განზრახ მოკვლის ფაქტს. მოწმეების ზვიად და დიმიტრი ოდოშაშვილებისა და ბექა ბოგველის ჩვენებები რადიკალურად შეცვლილია, პირველ ჩვენებაში აღნიშნავდნენ, რომ სიბნელე იყო და გასროლის მომენტი არ დაუნახავთ, შემდეგ კი დეტალურად აღწერეს, როგორ მიადო ვახტანგ კორკოტაშვილს იარაღი და ესროლა. ვინაიდან პროკურორს არ გააჩნია მტკიცებულება ედიშერაშვილის საწინააღმდეგოდ, ამიტომაც გაიზიარეს მოწმეთა რადიკალურად შეცვლილი ჩვენებები. ექსპერტებმა ცალსახად განმარტეს, რომ სროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან და არა მიბჯენით. სწორედ ამიტომ არ შეიძლება გაზიარებული იყოს და საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ ბრალდებას, თითქოს ედიშერაშვილმა კორკოტაშვილის მოკვლის შემდეგ შეგნებულად მიიყენა ხელზე დაზიანება, მაშინ, როდესაც ამისი დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება, ეს არის მხოლოდ ვარაუდი, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. მოსამართლის მიერ დაყენებული განაჩენი არაობიექტური და მკაცრია, უნდა ითქვას, რომ დაუსაბუთებლად არის დაკმაყოფილებული სამოქალაქო სარჩელიც.~
თამუნა მოსიაშვილი


თამუნა მოსიაშვილი
13.01.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Very nice site!
: Hello! ackkcaf interesting ackkcaf site!
: Very nice site!
: Hello! aedbdek interesting aedbdek site!
: Very nice site!
: Hello! cgcceab interesting cgcceab site!
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.