|
შემიკლა ჩემმა ოჯახობამ ხელში: კაცო, ქაიხოსრო, ნუ ტოვებ ანთებულ შუქს შემოსასვლელში, სტუმრები რო მოვლიან, მაშინ ავანთოთო. არც მაცივარს მართვევიებს - ჯერემ ადრეა მაინც და, პატარა, შუქის ეკონომიას ქე გაგვიკეთებსო. მოკლეთ რო მოგახსენოთ, ვართ ამ ერთი ტელევიზორის და ერთი ნათურის ანაბარა მთელი ოჯახი, ხანდისხან ჩემი შვილიშვილი თუ გავა ზალაში და იქანე მეცადინეობს პატარა ხანს, თვარა, ვართ ჭიანჭველის ოჯახივით შებუჩქულები ლოჯიაში. სამაგიეროდ, 100 კილოვატსაათი ჯერემ არ უჩვენებია ჩვენ მრიცხველს, შეღავათი გვაქვს გადასახადში. აგერ, იანვრის თვეში, 98 კილოვატსაათი დავხარჯეთ და 12 ლარი და 72 თეთრი გადავიხადეთ. თითქმის ასე იყო, ბატონო, თებერვლის თვეშიც - ეკონომიურად ვხარჯეთ დენი და პურის ფული გადევირჩინეთ გვეგონა, მარა...
არ ამოგვიწერა დენის კაცმა 99 კილოვატსაათზე 16 ლარი და 35 თეთრი?
მივარდა ჩემი ცოლი, გამწარებული, ქელასის განყოფილებაში, გამარჯვების მოედანზე როა. ძლივას გოუღწევია იმხელა რიგში, ძირს დაყრილ ქაღალდებში და ნაგავში (დამლაგებელი არ ყავენ, ნეტავი? სულ ასთე მოფარჩიკებული რავა აქვთ იქოურობა!), და უკივლია: რა არის ეს, 3 ლარით და 48 თეთრით მეტი რატო ამომიწერეთო! იქანე რო ქალები და კაცებიც იდგნენ რიგში, ვისაც 100-ს ქვემოთ ქონდა დახარჯული დენი, სუყველა ჩემი ცოლისნაირად ყოფილა გაგიჟებული: თქვენ არითმეტიკა დაგავიწყდათ, თუ ის არ იცით, რიცხვი 13-ზე რაფერ მრავლდებაო.
რა უპასუხია იმ მოლარე გოგოს, იცით? არითმეტიკა ქე ვიცით, მარა, თებერვალი ნამეტანი მოკლე თვე იყო და კომპიუტერმა იმიტო დაგიმრგვალათ და მოგიმატათ გადასახადებიო!
ყავს ამ ქვეყანას პატრონი და ამბის გამკითხავი?
ა, ბატონო, ნახეთ ქვითარი!
ქაიხოსრო იმერეტინსკი
25.03.2009 |