მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ბავშვობაში ერთი ჩვეულებრივი ბიჭი...

ბორჯომი. ვახტანგ თხელიძე ბორჯომელთა უფროსი თაობის ღირსეული  წევრია. 80 წელი შარშან შეუსრულდა, მაგრამ კვლავ მხნედ გამოიყურება, ასაკს არ ემორჩილება, ისევ ხალისიანი და იუმორით სავსეა, როგორც ახალგაზრდობაში. ქვაბისხევში ალექსანდრე ხაჭაპურაძის ოჯახში გაიზარდა, ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა, სამხედრო სავალდებულო სამსახური 1953 წელს დაასრულა და 1954 წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. დამთავრებისთანავე ქ. დონეცკში გაანაწილეს. 1960 წელს დაოჯახდა. ჰყავს კეთილშობილი მეუღლე მერი გაბუნია. ქალიშვილი _ ნანა, მუშაობს ქალაქის პროკურატურაში, ხარობს ორი შვილით _ ნინო იურისტია, ნიკუშა კი სკოლის მოსწავლე.
...ბატონი ვახტანგისთვის მტკივნეულია თავისი ვაჟკაცის, ნიკუშას გახსენება. ლაპარაკი უჭირს... ის 1993 წლის 23 სექტემბერს აფხაზეთის უაზრო ომში დაიღუპა.
მამა მკვდარ შვილს დიდხანს ეძებდა, რვა წლის შემდეგ, როგორც იქნა, იპოვნა. ,,შვილი ვიპოვე!~ _ ასე ატყობინებდა მამა ნაცნობ-მეგობრებს. იმ წუთში ისეთი გახარებული იყო, თითქოს ცოცხალი ეპოვნა თავისი ნიკუშა.
_ ბატონო ვახტანგ, ნიკუშას არაჩვეულებრივი ცოლშვილი დარჩა. ქალბატონი თეონა ყველაფერს აკეთებს, რათა ერთადერთი ქალიშვილი სასახელო გაიზარდოს და ასეც არის! თქვენს მარიკას საქართველოში კი არა, უკვე საზღვარგარეთაც იცნობენ. მარიკა, როგორც თქვენ ბრძანეთ, ინგლისში, ქ. ნოტინგემის უნივერსიტეტში მენეჯმენტის პროფესიას ეუფლება.
(მინდა მკითხველმა იცოდეს, რომ მარიკა თხელიძე ის პირველი ქართველია, რომელმაც ჰოლივუდში ქართული სიმღერის შესრულებისათვის ,,გრან-პრი~ დაიმსახურა, სწორედ ამ წარმატებული გამოსვლისათვის ქ. ბორჯომის გამგეობამ იგი საპატიო მოქალაქედ აირჩია).
ბატონო ვახტანგ, გთხოვთ ბორჯომში ცხოვრების წლები გაიხსენოთ...
_ (ფიქრობს), სკოლის პერიოდში, მეათე კლასიდან ბორჯომის ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელი ვიყავი. ეს იყო 1947-48 წლებში. მაშინდელი ნაკრების წევრები იყვნენ: ვასია კოვალენკო, ,,ისმაილა~, ვახო ლაშხი, ,,მურწა~, პეტია ტიტოვი, კაკო მანჯგალაძე, ,,პიკილა~, ,,ჩულა~, კოლა ხმალაძე; მეკარეები: ტარიელ გელაშვილი და კიმა ივლევი, ახალგაზრდები ნოდარ სარჯველაძე, ჯემალ ზეინკლიშვილი, გაიოზ შერგელაშვილი...
ფოთის ,,კოლხეთს~ ვეთამაშებოდით საქართველოს პირველობაზე, ვაგებდით 2:1, თამაშის დამთავრებას წუთები აკლდა. მაშინ გუნდი წაგებას გადავარჩინე, ბურთი გავიტანე. იმ წუთებში ბედნიერი ვიყავი (იცინის).
1956 წლის 14 მარტი. თბილისის ,,დინამო~. მოსკოვის ,,ლოკომოტივს~ ეთამაშებოდა. მსაჯს მსაჯობა დავუწუნე და მინდორზე გადავხტი პროტესტის ნიშნად! სახლში რომ მივედი, დამიჭირეს! მაგრამ კარგი ხალხის წყალობით გამათავისუფლეს, თუმცა, კომკავშირიდან გამრიცხეს...
სკოლაში კარგი კლასელები და მასწავლებლები მყავდა, მაგრამ ყველაზე ძალიან ქალბატონი თამრიკო ყავრელიშვილი მიყვარდა, კარგი პედაგოგი იყო. მიხარია, რომ კარგად არის, ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. სკოლის პერიოდში უამრავი კურიოზების მომსწრე და მონაწილე ვარ. ზოგიერთს ახლაც გავიხსენებ.
...მახსოვს, გაკვეთილების შემდეგ, როცა ფული გვქონდა, #2 მაღაზიასთან (მაშინ ასე ერქვა) ღვინის სარდაფში მივდიოდით ხოლმე დასალევად. ერთხელაც, ჩავედით და იქ ჩვენი მათემატიკის მასწავლებელი ხორენ ისაკიჩი დაგვხვდა! ისიც სვამდა ძმაკაცებში. ძალიან დავიბენით, მაგრამ თვითონ გამოგვიყვანა მდგომარეობიდან, ორი ბოთლი ღვინოც გამოგვიგზავნა. მეორე დღეს, სკოლაში ბატონმა ხორენმა სია ამოიკითხა და სარდაფში ნამყოფ ბიჭებს, ყველას, ,,ერთიანები~ დაგვიწერა, თან დააყოლა: _ მე მოვედი მოუმზადებული და თქვენ რას იზამდითო~ (იცინის).
ჩემი კლასელები იყვნენ გივი ანდღულაძე, სოსო კარკალაია, ტარიელ ზუმბაძე, შოთა თოფურია, გოგი კაკაბაძე, ოთარ სტაჟაძე, ამირან მახარაძე, ანდრო კალმახელიძე, ნოდარ ხვედელიანი, ნოდარ გორგოძე... ეჰ, ძალიან კარგი იყო ის პერიოდი...
1959 წელს გივი ანდღულაძემ ცოლი მოიყვანა, ჯერ ნანახიც არ მყავდა, ქუჩაში შემხვდნენ და გივიმ გაგვაცნო. ეს ჩემი მეუღლეა, ეს კი (ჩემზე) ბიძაჩემია(!). მელოტი ვიყავი უკვე და...
_ შეყვარებული იყავით?
_ რა თქმა უნდა! ტუსიკო გელაშვილი მიყვარდა. იმას ვუყვარდი თუ არა, ეგ არ ვიცოდი. მოკლედ, ერთი ცელქი, მოუსვენარი, ჩვეულებრივი ბიჭის ცხოვრებით ვცხოვრობდი...
ახლა, მე და გივი ანდღულაძე შეძლებისდაგვარად, ერთად ვართ. ვცდილობთ, დარჩენილი წლები როგორღაც მშვიდად გავატაროთ. მუხრან მაჭავარიანის ერთი ლექსის პრინციპით ვცხოვრობთ: ,,ვიდრე ღმერთი სიკვდილს გაიმეტებს, უნდა შეიქციო თავი რაიმეთი~... (ეღიმება).
ეს ჩვეულებრივი ბიჭი, როგორც თვითონ ბრძანა ბატონმა გახტანგმა, საქართველოს დამსახურებული ინჟინერია, ღირსების ორდენის კავალერი. უყვარს მეგობრები და მათთან დროსტარება, რაზეც ეს ფოტოც მეტყველებს.
_ ბატონო ვახტანგ, რას უსურვებთ ბორჯომელებს?
_ ის ტრადიციები, რაც ბორჯომელებს გაქვთ, არ დაგეკარგოთ! თქვენი სტუმარ-მასპინძლობა საყოველთაოდაა ცნობილი და მეამაყება, მინდა ბორჯომის საფეხბურთო გუნდს წარმატებები ვუსურვო. სიცოცხლეს და ბედნიერებას გისურვებთ ყველას!    
    
    
სურათზე: ბავშვობის მეგობრები გივი ანდღულაძე და ვახტანგ თხელიძე.


ივეტა კუპრაძე
22.01.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.