|
- ტელევიზიაში შემთხვევით მოვხვდი. ჩემი სიძე კინოსტუდიაში მუშაობდა. ერთხელ მას ვუთხარი, რა ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ტელევიზიაში მუშაობს მეთქი. გინდა იქ მუშაობა დაგაწყებინოო? - მკითხა და მართლაც, მისი დახმარებით, აღმოვჩნდი ტელევიზიაში. 8 წელი გამნათებლად ვმუშაობდი. პარალელურად, კამერაზეც მიწევდა მუშაობა. იქ ბევრი ჩემზე გამოცდილი ოპერატორი იყო, რომლებმაც ბევრი რამ მასწავლეს. 1971 წლის 1 თებერვალს მივედი პირველად სამსახურში და მას მერე უკვე 40 წელი გავიდა. რამდენიმე წელი თბილისში გავატარე და როცა ქუთაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონალური განყოფილება შეიქმნა - 1978 წელს მე, როგორც იმერელ კაცს, აქ გადმოსვლა შემომთავაზეს და ოროთახიანი ბინა მომცეს. შეიქმნა 12-კაციანი განყოფილება, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს ემსახურებოდა, აჭარისა და აფხაზეთის გარდა. მას მერე ვცხოვრობ აქ და კარგად თუ ცუდად, თავს ვართმევ ჩემს საქმეს.
- გახსოვთ დავალება, რომლის შესრულებაც პირველად დამოუკიდებლად მოგიწიათ?
- ძალიან ვღელავდი, როცა პირველად გამიშვეს გადაღებაზე. დიღომში ტრამვაის ხაზი გაჰყავდათ და მე დამევალა მისი გადაღება, რაღაც გამომივიდა. მაშინ კინოფირზე ვმუშაობდით და როცა გადაღებიდან ვბრუნდებოდით, ლაბორატორიაში ვაბარებდით მასალებს, ჩვენც იქვე ვიყავით, თავზე ვადექით, რომ გვენახა, როგორი გამოვიდოდა ჩვენი ნამუშევარი. ბევრი შეცდომაც იყო, ბევრი კარგიც. ეს ისეთი პროფესიაა, 200 წლისაც რომ გახდე, ბოლომდე მაინც ვერ ამოწურავ, ვერ ისწავლი. ხანდახან ვამბობ ხოლმე - დავბერდი კაცი და გადაღება მაინც ვერ ვისწავლე-მეთქი, სხვები კი მეუბნებიან: შენ თუ ვერ ისწავლე, ჩვენ რაღა ვთქვათო? ამას ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ.
- საკმაოდ დინამიური, რთული პროფესია გაქვთ, მას დიდი ენერგია და განსაკუთრებული ხედვა სჭირდება.
- თუ კამერა, შენი საქმე არ გიყვარს, მას ხელი არ უნდა მოჰკიდო. რთულია. ჩვენთვის დღესასწაული არ არის, შაბათ-კვირა არ არსებობს, არც დილა, ღამე, შუაღამეა, ნებისმიერ დროს შეიძლება მოგიწიოს გადაღებაზე წასვლა. თუკი ამ რეჟიმს მიჩვეული არ ხარ, ძალიან ძნელია. მე ამ კალაპოტში ვზივარ ყოველთვის. რაც შეეხება ხედვას, რა თქმა უნდა, ის აუცილებელია. ოპერატორს მოეთხოვება ნებისყოფა, დიდი დისციპლინა და პუნქტუალობა.
- თქვენ უამრავი კადრი გაქვთ გადაღებული, ალბათ, მათზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო.
- მინდა გავიხსენო 1996 წელს ქუთაისის დელეგაციის სტუმრობა იუნესკოში. მე როგორც ოპერატორს მომიწია იქ გამგზავრება. აღფრთოვანებული დავრჩი პარიზით. ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სენატში სტუმრობა იყო, როცა იმ ოთახში შევედით, სადაც ნაპოლეონ ბონაპარტე იჯდა, აღარ ვიცოდი საიდან დამეწყო გადაღება, იმდენად საინტერესო, მოქარგულ- მოხატული კედლები დამხვდა, ძალიან კარგი მასალა ჩამოვიტანეთ. ბევრი გადაცემა გვაქვს მომზადებული, რომლებიც მიყვარს: მაგალითად, რეგიონებზე - სერიალები მაქვს სვანეთზე, იმერეთზე, სამეგრელოზე.
- როგორც ვიცი, თქვენ აფხაზეთის ომის დროს ბევრი მასალა გაქვთ გადაღებული.
- აფხაზეთი სულ ფეხით მაქვს შემოვლილი. მე და ჟურნალისტი დიანა ციბაძე ვმუშაობდით ერთად. ხშირად ვყოფილვართ გაურკვეველ მდგომარეობაში, რამდენჯერ ჩაგვიხედავს სიკვდილისთვის თვალებში! უღელტეხილი გადავიარეთ და გადმოვიარეთ, გზაში უამრავ გაყინულ ადამიანს ვხედავდით, ძნელია გაიხსენო ყოველივე ეს. რამდენჯერ აღმოვჩენილვართ დანაღმულ ტერიტორიაზე, გვაფრთხილებდნენ გზიდან არ გადახვიდეთო, მაგრამ მიუხედავათ ამისა, მე მაინც უნდა გადამეღო კადრები. ერთხელ დიანამ მითხრა, შენ ისე დარბიხარ, მგონი გეშინიაო, ამ ნათქვამმა მაშინ გამაბრაზა, მაგრამ მეორე დღეს დიანას გამოვუტყდი, რომ იმ დღეს მართლაც შემეშინდა. ბევრი კადრი მაქვს მომზადებული სამეგრელოში, მიტინგებს ვიღებდი. როცა ვერავინ შედიოდა, ჩვენ შევდიოდით, გვეშინოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ვასრულებდით ჩვენს მოვალეობას. პროფესიული თვალსაზრისით აფხაზეთში მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, ბევრი რამ გვასწავლა და დაგვანახა, ხშირად მე და დიანას აეროპორტში ფილებზე გვეძინა. უამრავი ადამიანი გავიცანით. განსაკუთრებით მტკივნეული იყო, როცა ერთ დღეს ჯარისკაცს გავიცნობდით, მეორე დღეს კი გვეტყოდნენ, იგი დაიღუპაო. ჩვენს პროფესიას ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია, თუ შენ მომართული ხარ შენი ერისთვის, ქვეყნისთვის სიკეთე აკეთო, ამაზე უკეთეს პროფესიას ნამდვილად ვერ ნახავ.
- მაგრამ საკმაოდ სახიფათოა ეს პროფესია.
- დიახ. როცა გაგრა დაიკარგა ჩვენ იქ ვიყავით, შტაბში, კომისარიატის შენობაში. 1 ოქტომბერს დაახლოებით 4-ის ნახევარზე შემოტევა დაიწყეს. არ ვიცოდით, სად წავსულიყავით. ეს საშინელება იყო. ფსოუზე წაგვიყვანეს, იქ შემთხვევით აღმოჩნდა ვერტმფრენი და ასე წამოვედით. დავინახეთ, როგორ იწვოდა ცეცხლის ალში გაგრა. მე და დიანამ გადავწყვიტეთ ამის შემდეგ შეგვეწყვიტა აფხაზეთში სიარული, მაგრამ მესამე დღეს სოხუმში გავფრინდით. არასოდეს მიფიქრია, რომ დავიღუპებოდით. შიშით კი, მეშინოდა, როგორ შეიძლება არ შეგეშინდეს?! ჩვენ ღმერთმა დაგვიფარა. სამოქალაქო ომის დროს 1991 წელს მძევლადაც აღმოვჩნდი. ზუგდიდში მიტინგი გადავიღეთ. ჩვენ ულტიმატუმი წაგვიყენეს, თუკი ამ კადრებს ტელევიზიაში გაუშვებდნენ, მე იმ შემთხვევაში გამათავისუფლებდნენ. ბოლოს, რა თქმა უნდა, გამომიშვეს. შეურაცხყოფაც ბევრჯერ მოუყენებიათ, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვპატრონობდნენ.
- ჟურნალისტი და ოპერატორი... ყოველთვის არის აზრთა თანხვედრა თქვენს შორის?
- ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ სანამ ჟურნალისტი რაღაცას იტყვის, მე უკვე წინასწარ ვიცი და გაკეთებული მაქვს. ამით არ ვამბობ, რომ ჟურნალისტებზე მეტი ვიცი. მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარრე ვიცი - რა, როგორ უნდა გავაკეთო. ეს ყველაფერი გამოცდილებამ, სტაჟმა და დრომ მოიტანა. ვისთანაც მიმუშავია, ყველა ძალიან ძლიერი და ნიჭიერი ჟურნალისტი იყო.
- ოპერატორები, ძირითადად, მამაკაცები არიან, როგორ ფიქრობთ ეს მხოლოდ მამაკაცის საქმეა?
- ადრე ტელევიზიაში რამდენიმე ქალი ოპერატორი იყო, ახლა ნაკლებად ვხედავ. ქალებიც შეძლებენ ოპერატორობას, მაგრამ ეს მძიმე სამუშაოა. კამერა 6 კგ-ია, შტატივი - 12 კგ. წარმოიდგინეთ, რამდენჯერ უნდა გადაადგილდე ამ წონით ხელში ერთი ობიექტის გადაღებისას. ეს ქალისთვის ძალიან რთული იქნება.
- გადაღების დროს, ალბათ, ბევრი კურიოზიც გადაგხდენიათ...
- რა თქმა უნდა, ერთ შემთხვევას გავიხსენებ. თბილისში მუშაობის დროს საკავშირო ცეკა-ს ადმინისტრაციული განყოფილების გამგე სავინკინი ჩამოვიდა თბილისში. მე მისი აეროპორტში ჩამოსვლა უნდა გადამეღო, მას შევარდნაძე და მთელი პოლიტბიურო დახვდა. შემთხვევით, პავილიონში გადასაღები ფირი წამიღია, გარეთ გადასაღები ფირის ნაცვლად. როცა მასალა გავამჟღავნე, მთლიანად თეთრი აღმოჩნდა, კომიტეტის თავმჯდომარე კი სასწრაფოდ ითხოვდა გამჟღავნებული მასალის ნახვას. მაშინ "მოამბის" მთავარი რედაქტორი თამაზ ხომერიკი იყო, უაღრესად კეთილი ადამიანი, რომელმაც დიდი როლი იქონია ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში. მან მითხრა, სანამ სამსახურიდან მოგხსნიდე, წადი და რომელიმე ფოტოკორესპონდენტის მიერ გადაღებული ფოტოები დაბეჭდე და მოიტანეო. მეც მოვახერხე მათი შოვნა, ასე გადავრჩი სამსახურიდან მოხსნას. ერთხელ ისიც მომივიდა გადაღებულ ფირზე, ხელახლა გადავიღე. ხანდახან გადაღებაზე წავსულვარ და კამერა და "აკუმულატორი" კი დამრჩენია, ხდება ხოლმე ასეც.
- უკვე ათი წელია ამ საქმეს ერთგულად ემსახურებით. არასდროს გაგჩენიათ სურვილი, სხვა სფეროშიც გემუშავათ?
- ადრე არა, ახლა კი, უკვე ვფიქრობ. წლები მემატება, 58 წლის გავხდი. ამ პროფესიას დიდი ენერგია მიაქვს, მაგრამ მაინც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი კამერის გარეშე, არ ვიცი სხვაგვარად როგორ უნდა ვიცხოვრო. ისე, ჩვენი პროფესია დაუფასებელია, განსაკუთრებით - საქართველოში. წლების მანძილზე ხელფასი 56 ლარი მქონდა. ამიტომ ხშირად ქორწილებში დავდიოდი ჩემი კამერით გადაღებაზე, ოჯახი ხომ უნდა მერჩინა?! ნაცნობს რომ დავინახავდი, ერთ სიკვდილს ვათავებდი, მაგრამ რა მექნა?! დღეს უკვე აღარ მჭირდება, თუმცა დიდი ხელფასი მაინც არ მაქვს, მაგრამ ჩემმა პროფესიამ ბევრი რამ მომცა - უამრავი ახლობელი და მეგობარი შემძინა.
მარი მუშკუდიანი
01.02.2010 |