|
ზაზა გიგაური: `მკვდარს `ვენოკი~ სჭირდება, ჩვენ `ვენოკებიც~ აღარ ვართ...~
`საქართველოს ადვოკატთა შესახებ~ კანონის შესაბამისად ადვოკატები თავისუფალი პროფესიის პირები არიან, რომლებიც პროფესიული ეთიკის ნორმებს ემორჩილებიან, თუმცა დღეს ადვოკატების განცხადებით, სისხლის სამართლის პოლიტიკის ფონზე ადვოკატს რეალური ფუნქცია და როლი დაკარგული აქვს, ის არ აღიქმება სახელმწიფო ბრალმდებლის ტოლფას მხარედ, რაც სისხლის სამართლის პროცესებზე აშკარად იკვეთება. ადვოკატის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს ყურადღების მიღმა რჩება, სამაგიეროდ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი არგუმენტი საკმარისი ხდება იმისათვის, რომ მოსამართლემ განსასჯელს შეუფარდოს სასჯელი. არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით არაერთი ადვოკატი საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს მათი როლი მინიმუმამდეა დასული.
რევაზ რევაზიშვილი, `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის~ ადვოკატი: `სისხლის სამართალში ადვოკატის როლი მინიმუმამდეა დასული, ამის ინდიკატორი კი ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა. ადვოკატის მიერ წარმოდგენლ დოკუმენტებს და მტკიცებულებებს სასამართლო არ იზიარებს, უფრო მეტიც, ყურადღებასაც არ აქცევს, თუმცა რას ვიზამთ, პრაქტიკაა ასეთი, რადგან პროკურატურა წყვეტს ყველაფერს. არავისთვის არ არის დასამალი, რომ სასამართლო პროცესებზე დამცველ მხარესა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის შეჯიბრებითობის პრინციპი დარღვეულია. ასეთია ტენდენცია, მხოლოდ პროკურორებს ენდობიან. ყველას კარგად ახსოვს თამაზ ტლაშაძისა და დავით (ზაალ) გუდაძის გახმაურებული სასამართლო პროცესები. ყველა მტკიცებულება დაიდო მათი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, აქტიურად იყო ჩართული არაერთი პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ ყველამ დაინახა, როგორ დასრულდა სასამართლო პროცესი _ გატარდა პროკურატურის ინტერესები.~
ზაზა გიგაური, ადვოკატი: `ყველასათვის ნათელია, რომ ადვოკატსა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის შეჯიბრებითობის პრინციპი უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს. იყო ასეთი გამოთქმა _ `ადვოკატი მკვდარზე `ვენოკიაო~, `ვენოკი~ მკვდარს მაინც სჭირდება, ჩვენ `ვენოკებიც~ აღარ ვართ. როგორც წესი, მოსამართლის წინ უნდა დაიდოს ორი სახის მტკიცებულება, ბრალდების მიერ მოპოვებული და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული, რომელთა შეფასებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, არის თუ არა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ხომ არ არის რაიმე ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორები, მაგრამ დღეს როგორ პასუხობს სასამართლო ამ ყველაფერს, კარგად ვხედავთ. მიზეზი მარტივია, პროკურატურა `მუშტის ქნევით~ პირდაპირ უთითებს, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომელმა მოსამართლემაც სცადა პატარა დამოუკიდებლობა მოეპოვებინა, ყველა რაღაც `საქმეს~ შეეწირა. ვიდრე სასამართლო თავის ადგილზე არ დადგება, ადვოკატს პრობლემები არ მოეხსნება. დღეს რომ მოსამართლე ადვოკატებს შუამდგომლობას არ უკმაყოფილებს, ეს ვისგან მოდის? პროკურორისგან, ანუ სახელმწიფოსგან. გასაგებია ის, რომ პროკურატურა სახელმწიფოს წარმომადგენელია და რა თქმა უნდა სახელმწიფო ინტერესების მატარებელია, მაგრამ სასამართლოსთვის პროკურატურის ინტერესები კანონად არ უნდა იქცეს, თუმცა დღეს არა თუ ადვოკატი, თავად მოსამართლეა სახელმწიფოსგან ნულოვანი ტოლერანტი. სასამართლო პროცესზე ყველა ცდილობს, ადვოკატი დაჩაგროს, არა და სისხლის სამართლოს კოდექსში არის ისეთი მუხლი, რომელსაც შენიშვნის მუხლი ჰქვია, მაგრამ ადვოკატები არ იყენებენ. კრიტიკულ მომენტში ყოველთვის ვიყენებ, ეს ერთადერთი მუხლია, რითაც ადვოკატმა შეიძლება თავი დაიცვას. მინდა გითხრათ, ერთხელ ამის გამო კინაღამ დამაჯარიმეს კიდეც.~
როგორც თავად ადვოკატები აცხადებენ, ვინაიდან შეჯიბრებითობის პრონციპი არ არსებობს, ადვოკატს პროკურატურასა და განსასჯელს შორის მხოლოდ მომრიგებლის როლი აკისრია. სწორედ ამიტომ ადვოკატების გარკვეული ნაწილი პროკურატურის ინტერესებისთვის მუშაობს. დღეს კი სწორედ ისეთი ადვოკატები ფასობენ, რომლებიც პროკურატურასთან დაახლოვებულები არიან და საპროცესო შეთანხმების `წყალობით~ მოიპოვებენ თავისუფლებას.
რევაზ რევაზიშვილი: `საქართველოში დღესდღეობით 4000-ზე მეტი ადვოკატია, თუმცა ნახევარზე მეტი უსაქმოდ ზის, შეიძლება ითქვას, საქმეში მხოლოდ 700 ადვოკატია ჩართული, დანარჩენები კი სუფთა მოლაპარაკებაზე არიან დამოკიდებულნი, თუმცა ყველა მაინც ვერ ახერხებს. ესეც პროკურატურის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და როდესაც ადვოკატი ამ დონემდეა დასული, რომელი შეჯიბრებითობაზეა ლაპარაკი?! არა და დღეს ისეთი ადვოკატი ფასობს, რომელსაც გენერეალურ პროკურატურაში აქვს გავლენა. ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი დაიკარგა. ჩვენს ქვეყანაში ადვოკატებს ძალიან უჭირთ მუშაობა და მით უმეტეს სიმართლის დამტკიცება. თუ ქვეყანაში სამართლიანობის განცდა არ იქნება, წარმატება და დემოკრატია ხარისხს ვერ მიაღწევს.~
ზაზა გიგაური: `ადვოკატთა კორპუსში ძალიან დიდი პროცენტია ადვოკატებისა, რომლებიც პროკურატურის აგენტები არიან და პირდაპირ მუშაობენ მათთვის. დღეს საკითხი ისე დგას, რომ სისხლის სამართლის პროცესების დიდი ნაწილი საპროცესო შეთანხმებით სრულდება. ადვოკატები ამაყობენ იმით, რომ პროკურატურასთან საპროცესო გარიგებას დებენ, თუმცა საკითხი მაინც იმაზე დგას, თუ რა კრიტერიუმით აფორმებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას. ძალიან ხშირად, გაგეცინებათ, სასჯელის როგორ ზომაზე მიდის საპროცესო გარიგებაზე პროკურატურა. მე პირადად საპროცესო შეთანხმებაზე არ ვმუშაობ, თუმცა ხანდახან მაინც მიწევს წასვლა. მაგალითად, ერთ-ერთ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს 23 წლიანი პატიმრობა ელოდა. 23 წლიან პატიმრობას რა თქმა უნდა ისევ საპროცესო გარიგება სჯობდა და ამიტომ `ვიყიდეთ თავისუფლება.~ ერთ მაგალითს მოგიყვანთ კიდევ _ ერთ-ერთ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად ედებოდა 72 წლის ქალბატონის გაუპატიურება. ძალიან დიდი ბრძოლა დამჭირდა იმისათვის, რომ თავად პროკურატურისთვის დამენახვებინა მისი უდანაშაულობა. მას ის ქალბატონი არ გაუუპატიურებია, მაგრამ პროკურატურამ ახალი არგუმენტი მოიყვანა _ თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა კასრი მოიპარა და ამის გამო მიუსაჯეს პატიმრობა. ფაქტობრივად მე გავიმარჯვე, რადგან ყველას დავანახვე, რომ რაზეც ბრალი ედებოდა, იმაში მართალი იყო, მაგრამ ეს არ არის ის გამარჯვება, რასაც გამართლება ჰქვია. ასეთი საქმეები ბევრი მაქვს. ვცდილობ სიმართლისთვის ვიბრძოლო. ადვოკატების იმ საქმეებს, რომლებიც მხოლოდ საპროცესო გარიგებით გვარდება, დამიჯერეთ ხვალ-ზეგ გადაეხედება, რატომ და რის საფუძველზე დაიდო საპროცესო შეთანხმება და რატომ გადაიხადა უდანაშაულო ადამიანმა უამრავი ფული თავისი უდანაშაულობის `საყიდლად.~ ეს აბსოლუტურად მოეკითხება ყველას.~
რევაზ რევაზიშვილი: `საქართველოში და კერძოდ ჩვენს ქალაქში ადვოკატების დაპატიმრების ძალიან ბევრი ფაქტია დაფიქსირებული, რომლებსაც ყველას ერთნაირად თაღლითობის მუხლი შეეფარდათ. შავით თეთრზე ჩანს, რომ ამა თუ იმ პიროვნებას იარაღი ან ნარკოტიკი ნამდვილად ჩაუდეს ჯიბეში, ან მის საცხოვრებელ ბინაში და როდესაც ადვოკატი ცდილობს, გამონახოს გზა სიმართლის დასამტკიცებლად, პროკურატურა პირდაპირ ახორციელებს ზეწოლას. ბოლოს კი ბრალს სდებს, მოწმე ჩვენების შეცვლაზე დაიყოლიეო. პოლიტიკაა ასეთი _ მებრძოლ ადვოკატებს ერთს დაიჭერენ, მეორეს, რათა დანარჩენები გააჩუმონ. სწორედ ამიტომ უფრო მეტი ბრძოლაა საჭირო, რომ ბოლოს და ბოლოს ადვოკატმა შეძლოს თავისი ადგილის დამკვიდრება.~
ზაზა გიგაური: `თაღლითობაზე პროკურატურას სხვა წარმოდგენა აქვს, რამდენიმე საქმიდან ერთ-ერთი თქვენც იცით, როგორ დააპატიმრეს თაღლითობისთვის ადვოკატი მარი იველაშვილი. თაღლითობა არის წინასწარი განზრახვით ადამიანის მოტყუება. მაგალითად იველაშვილი რომ არ ყოფილიყო ადვოკატი და ეთქვა პიროვნებისთვის საქმეს ჩაგიწყობთო, სწორედ ეს იქნებოდა თაღლითობა, მაგრამ იველაშვილი ასე არ მოქცეულა, მან თავისი მომსახურებისთვის აიღო თანხა. თავის დროზე იველაშვილი გამართლდება, ისევე როგორც პატიმრობაში მყოფი სხვა მრავალი ადვოკატი.~
დღეს სასამართლო პრაქტიკაში დანერგილია პოლიციის თანამშრომლების მოწმის სახით დაკითხვის ტენდენცია, რომელთა მეშვეობით სახელმწიფო ბრალმდებელი კარგად ამყარებს განსასჯელის ბრალეულობის მტკიცებულებას. ჰაიდ ლაინი (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინადადებათა და რეკომენდაციათა პაკეტი) კი სასამართლოს კარგად `ეხმარება~ სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლის თანახმად შეუფარდეს განსასჯელს სასჯელის ზომა.
რევაზ რევაზიშვილი: `ესეც პოლიტიკაა, თუნდაც ის, რომ გაუქმდა პიროვნების ან ბინის ჩხრეკის დროს დამსწრის ინსტიტუტი, რისი წყალობითაც საბოლოოდ გაეხსნა ხელ-ფეხი პოლიციას და განსაკუთრებით პროკურატურას. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხება პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებსაც გაზეპირებული აქვთ, რომ პიროვნებას პირადი ან საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას აღმოაჩნდა აკრძალული ნივთი, ეჭვმიტანილმა ხელი არ მოაწერა ოქმზე, დამსწრეზე უარი თქვა და ა.შ. ისეთ კითხვებზე კი სად და როდის შედგა ოქმი, ან რა სტატუსით დაიკითხა ეჭვმიტანილი, პასუხი არ აქვთ, არაფერი `ახსოვთ.~ ასეთი მახინჯი პრაქტიკის წყალობით სასამართლომ დაკარგა დამოუკიდებლობა, ეყრდნობა ისეთი მოწმეების ჩვენებებს, რომლებსაც პროკურატურა ირჩევს.
რამდენიმე ხნის წინ ჩამოსული იყო ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი და გაკვირვებული დარჩა იმის გამო, რომ საქმის 100%-დან 99,9% პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დასრულდა. ჰაიდ ლაინების (იუსტიციის საბჭოს წინადადებათა და რეკომენდაციათა პაკეტი) დანერგვამ სასამართლო პრაქტიკაში მოსამართლეს მართლმსაჯულების აღსრულების ყოველგვარი გასაქანი წაართვა და მისი როლიც ნულის დონეზე დაიყვანა. მოსამართლემ დაკარგა უფლება. განსასჯელს გამოუტანოს პირობითი სასჯელი. ჰაიდ ლაინში პირდაპირ აქვს მითითებული თუ სასჯელის რა ზომა შეუფარდოს განსასჯელს. აღსანიშნავია, რომ ეს ფორმა ზოგიერთი ადვოკატისთვის პოზიტივის მატარებელია, მისთვის ადვილი ხდება განსაზღვროს თავისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელის რა ზომა ელის, რასაც პირდაპირ ეუბნება კიდეც.~
ზაზა გიგაური: `ერთი შეხედვით, ჰაიდ ლაინის შემოღებით თითქოს მარტივდება საქმე, მაგრამ უდანაშაულო ადამიანზე არ უნდა ვრცელდებოდეს. პიროვნებას რომ `ლიმონკას~ ჩაუდებენ და შემდეგ მოწმედ პოლიციის თანამშრომელს მიიყვანენ, ჰაიდ ლაინის `დადგენილებით~ არ უნდა გამოიტანონ განაჩენი. სამწუხაროა, რომ მართლმსაჯულებაში ასეთი მახინჯი პოლიტიკაა დანერგილი ჩვენს ქვეყანაში.~
სულ ცოტა ხნის წინ ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე დაინიშნა, რომელიც ადვოკატებს პროფესიულ საქმიანობაში სრულ თავისუფლებას ჰპირდება, ამან ადვოკატებს გარკვეულწილად იმედებიც ჩაუსახა.
არსებულ საკითხებთან დაკავშირებით ადვოკატი ბაკურ ზურაბიშვილი საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს.
ბაკურ ზურაბიშვილი: `ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულმა სასამართლო რეფორმის აუცილებლობამ დღის წესრიგში დააყენა საკანონმდებლო ბაზის ცვლილება. დღეს მოქმედი პოზიციური სამართლით დაიკარგა სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ახლებურმა მიდგომებმა, კერძოდ სისხლის სამართლის ახალმა პოლიტიკამ და ნულოვანმა ტოლერანტიზმმა შებღალა მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. პროკურატურის პოზიცია და მის მიერ ბრალდებულთან თუ განსასჯელთან დადებული საპროცესო შეთანხმებები ითავსებს მართლმსაჯულების ფუნქციას და მოსამართლე ამ შეთანხმებით განპირობებული საბოლოო შედეგის დამმოწმებელ ბიუროდ გვევლინება. მოსამართლე მოკლებულია შესაძლებლობას შინაგანი რწმენით განსაზღვროს სასჯელის სახე და ზომა. ეს ყველაფერი კი განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინადადებათა და რეკომენდაციათა პაკეტით, ანუ ჰაიდ ლაინით, რითაც მოსამართლის როლი და ფუნქცია ნივილირებულია (განსხვავების მოსპობა). დღეს მოქმედი პოზიტიური სამართალი არ არის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონი. გარდა პოზიციური სამართლისა, არსებობს ბუნებრივი სამართალი, რომელიც თავად ადამიანშია კოდირებული, მით უფრო კოდირებულია ადვოკატთა კორპუსში. მოსამართლის მიერ კანონის ზედმიწევნით დაცვით მიღებული გადაწყვეტილებები ნებისმიერ ადამიანში უსამართლობის განცდას იწვევს იმ მარტივი მიზეზებიდან გამომდინარე, რომ თვითონ კანონია უსამართლო. ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის მოქალაქეობრივი და პროფესიული ვალია, ასოციაციის წევრი ადვოკატების აქტიურობით საკანონმდებლო ორგანოს შეუქმნას იმგვარი კანონი, რომ კანონმდებელი მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ დღეს მოქმედი პოზიციური სამართლის ცალკეული ნორმები ვერ (არ) მუშაობს და დროა ის ბუნებრივი სამართლის ნორმებით შეივსოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე უსახური ხელმძღვანელი იყო, იგი მხოლოდ საკუთარ ამბიციებს და პირად კომფორტს ემსახურებოდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, როდესაც მრავალი ადვოკატის მიმართ ხორციელდებოდა უსამართლო დაპატიმრება და დაშანტაჟება, იგი დუმილით ხვდებოდა. ადვოკატთა ასოციაციის ახლად დანიშნული თავმჯდომარე, ბატონი ხატიაშვილი წინასაარჩევნოდ წარუდგა ადვოკატებს, მისი დაპირებები ემსახურება ადვოკატთა ინტერესებს, კერძოდ, მიზნად ისახავს ასოციაციის აქტიურ თანამშრომლობას საკანონმდებლო ორგანოსთან რათა ადვოკატთა უფლებები გაუთანაბრდეს სახელმწიფო ბრალდების მხარის უფლებებს. ასევე ადვოკატთა უფლებების ყოველგვარი დისკრიმინაციის დასაცავად იბრძოლებს, თუმცა ვფიქრობ, ადვოკატებს მეტი აქტივობა და ბრძოლა გვმართებს სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობისათვის, რადგან სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ვხედავ ადვოკატების დამოუკიდებლობას.~
`ხალხის გაზეთი~ შეეცადა დაკავშირებოდა პროკურატურას და მოესმინა განმარტება, ნამდვილად არიან თუ არა გორში ისეთი ადვოკატები, რომლებიც პროკურატურის აგენტებად მოიაზრებიან. პროკურატურაში მისულებმა დაცვის სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს ვთხოვეთ, გაეწია შუამავლობა პროკურორთან ან პროკურორის მოადგილესთან. ლოდინის შემდეგ დაცვის თანამშრომელმა `არაფერი გამოგივათ, პროკურორის მოადგილემ უარი განაცხადაო,~ _ გვითხრა და სარკმელი მოგვიხურა.
თამუნა მოსიაშვილი
თამუნა მოსიაშვილი
11.02.2010 |