|
გასული საუკუნის 30-ანი წლების საბჭოთა კინოში დავით რონდელმა ფილმი "დაკარგული სამოთხე" გადაიღო. სტალინური ეპოქის ჯოჯოხეთში არც მეტი, არც ნაკლები, სამოთხეზე გაჩნდა ნოსტალგია. "სამოთხეს", რომელსაც სტალინი და საბჭოთა რეჟიმი თავაზობდა საბჭოთა ხალხს, რონდელმა მისი ფილმი დაუპირისპირა და ცხადად გადმოსცა, რომ სამოთხე სადღაც სხვაგან არის და სხვა რამეშია. ალბათ ამიტომაც დაუჭრეს და გაუნახევრეს ფილმი.
თუმცა რონდელისეული მონატრება მაინც ძალაში დარჩა, წლების განმავლობაში კვებავდა ქართულ კინოფანტაზიას და მიყვებოდა ლაიტმოტივად. უცხო სამოთხეები ჩნდებოდნენ ქართულ კინოში მაგდანას ლურჯას, ჯარისკაცის მამის საამაყო გოდერძის, შერეკილების ცადმფრენის, ცისფერი მთების, პოროსის მარმარილოს, დიდი მწვანე ველის, "მგალობელ შაშვში" ბახის მელოდიის და სხვათა სახით. ქართული კინოც ღრმად შედიოდა ამ სივრცეში და ზოგჯერ წყდებოდა რეალობას, აბსტრაქტულ განზოგადებულ ხატებს ქმნიდა, აჩრდილების სამყაროში იჭრებოდა, თანდათან უფრო შორდებოდა მიწას და თქვენ წარმოიდგინეთ, სამოთხესაც. მანამ, სანამ სრულ კინოუტოპიაში არ გადავარდა და თავიც არ გაიტეხა (ამჯერად სახელის გატეხვას გადარჩა). მერე ქართულ კინოს ჰქონდა გამოფხიზლების ხანა. სიფხიზლე, მძიმე რეალობის შავ-ბნელ, არაესთეტიკური სახით ასახვაში გამოიხატა. მან ქართული კონო თავის საუკეთესო ტრადიციებს დააცილა, თუმცა არც ისე შორს, უკან დასაბრუნებელი გზა რომ ვერ ეპოვნა. ქართული კინო "მამის წიაღში" დაბრუნდა. შესაბამისად, თავისი ადგილი დაიკავა სამოთხის მონატრებამ, მასთან შეხებამ და ზიარებამ. თუმცა სამოთხემ კონკრეტული სახე მიიღო, სამოთხეზე საერთო წარმოდგენა ერთზე შეჯერდა და დაკარგულ ტერიტორიებად მოგვევლინა.
ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანმა ფილმებმა ამ თემაზე ააწყვეს მათი კინოესთეტიკა. საკითხის მტკივნეულობას და სერიოზულობას შეეძლო ისევ "ჩერნუხას" რეჟიმში დაებრუნებინა ქართული კინო, მაგრამ სამოთხემ და (შეიძლება ლიტერატურულმა პირველწყაროებმაც) სხვაგვარად განმსჭვალა და განსაზღვრა ამ ფილმების ესთეტიკა. სასტიკი რეალობა მხატვრული რეალობა გახდა. საკუთარს თუ არა, სხვის დაკარგულ ტერიტორიაზე და შესაბამისად, სამოთხეში ხვდებიან "სამოთხის დამამკვიდრებელი" კინოს ერთ-ერთი პირველი წარმომადგენლები, "გასეირნება ყარაბაღში" და "გასეირნება ყარაბაღში-2", მთავარი გმირები. ეს მოგზაურობა მათ ცხოვრებას ცვლის, სულიერ მეტამორფოზებს და იქამდე, კათარზისს ახდენს მათ ცხოვრებაში. იგი გარკვეული გავლენის ქვეშ აქცევს ქართველ მაყურებელსაც, სხვა მოლოდინებს აჩენს, სხვა მოდას ამკვიდრებს ქართულ კინოში. მოდას - სამოთხის ძიებაზე რეალობიდან გაუსვლელად, რეალობასთან მჭიდრო კონტაქტით. ეს თანამშრომლობა "ცას" და "მიწას" შორის პრინციპში შედგა.
გრძელ გზას გადის თედო ("გაღმა ნაპირი", რეჟისორი გიორგი ოვაშვილი) თავისი ელდორადოს საპოვნელად. გაღმა ნაპირი - მამასთან, სახლში, ღმერთთან დაბრუნებაა. გმირი საძიებელ ობიექტს ორი სამყაროს გადაკვეთის ადგილას პოულობს. როცა "გაღმას" და "გამოღმას" მთავარი გმირის განვლილი გზა აერთიანებს. გზა, რომელიც შიშზე, სასოწარკვეთაზე, უსამართლობასა და კეთილშობილებზე გადის. როცა ფიალა ბოლომდე იცლება, მაშინ მოდის დიდი, უსასრულო, სამყაროსმომცველი მონატრება სამოთხის და ისიც არ აყოვნებს, ჩნდება გმირის თვალწინ. "გაღმა ნაპირი" რელიგიური ფილმია მიუხედავად იმისა, თუ სწორედ იმიტომ, რომ აქ არ ქადაგებენ რელიგიურობას, უბრალოდ გზას გადიან, გზას ადგებიან, ეძებენ, მოქმედებენ, ჯერათ და ალბათ სწორედ ამიტომ ნათდება ბნელში და ოაზისი ჩნდება თავისი ზღაპრული ჟირაფებით და ზებრებით.
ჩაპლინი ამბობდა, ფილმი ყოველთვის იგებს, როცა იქ ბავშვი თამაშობსო. კინო ყველაზე მეტად არ პატიობს სიყალბეს. ამ კატეგორიულ მოთხოვნას კი ყველაზე უკეთ ბავშვები უმკლავდებიან. თედო ცენტრალური ღერძია, რომელზეც ბრუნავს "გაღმა ნაპირის" მთელი დრამატურგია, ესთეტიკა, სათქმელი. მას ანდობენ მნიშვნელოვანი თვალსაზრისის მაყურებლისთვის გაზიარებას. ეს ადრეც მომხდარა, თუმცა კონტაქტი არ შემდგარა, თედოს სამოთხის კი ყველამ დაიჯერა.
სამოთხე უკვე სათაურშიც გამოდის, თავს ახსენებს და ამზადებს მაყურებელს გიორგი სიხარულიძის ფილმში "ბამბაზიის სამოთხე" (ამავე სახელწოდების სპექტაკლის ეკრანიზაცია). აქაც სამოთხის მონატრებაა, აქაც გზას ადგებიან, აქაც ერთიანდება გაღმა და გამოღმა ორი სამყარო, ორი დაღუპული მეომრის და ორი დედის გარშემო იკვრება. ძიება აქაც პოვნით სრულდება. მარიკა სამანიშვილის გმირი პოულობს მის სამოთხეს, რომელსაც ადრე შვილის სახე ჰქონდა. ფილმის ფინალში კი, თბილისიდან აფხაზეთის ერთ-ერთ სოფელში მოხვედრილისთვის, ის მიწა აღმოჩნდება, სადაც ქართველი მეომარი მის მიერ მოკლულ აფხაზთან ერთად არის დაკრძალული. მიწა, რომელიც თავის საწყისში აბრუნებს ადამიანს, ადრინდელ "სახეს" აძლევს და ყველას თანასწორს ხდის. თანასწორს, ერთიანს, ყველანაირ ზღვარს შლის ეს "მიწისმიერი ერთიანობა". გადმოდის დედებზეც. შვილები თავიანთ წიაღში დაბრუნდნენ, დედისეული წიაღში, ანუ სამოთხეში. ქართველ დედასაც აღარ სურს შვილის გადმოსვენება, იგი მას თავის აღმოჩენილ სამოთხეში ტოვებს.
თავისი სამოთხე აქვს დავით ჯანელიძის ფილმის გმირებსაც - თეიმურაზს, მარგოს და ჯაყოს ფილმში "ჯაყოს ხიზნები" (მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მოტივების მიხედვით). ისინი ბინოკლით მუდმივად რაღაცას უჭვრეტენ. თითქოს ამ სამყროს ემიჯნებიან, სამოთხეს უჭვრეტენ. ეს დროდადრო ორისთვის რეალობის მიღმა სივრცეშია. მხოლოდ მესამე, ანუ ჯაყო იღებს რეალობას, თავის სამოთხეს ამკვიდრებს და მარგოსაც იქ ითრევს. თეიმურაზი "სხვა სამყაროს" ერთგული რჩება. მის სამოთხეს, ამ რეალობასთან ვერ ათავსებს, ამიტომაც მარცხდება. ეს არის ფილმი დანაკარგსა და შენაძენზე, მოქმედებასა და უმოქმედობაზე, ძალადობასა და უძლურებაზე. იქ, სადაც გარშემო სამოთხეა თავისი მშვენეირი ბუნებით (მშვენიერი ოპერატორული ნამუშევრით), ადამიანების სულში კი - ჯოჯოხეთი. ამ ჯოჯოხეთის დატოვება მხოლოდ ბინოკლში ჭვრეტით თუ ხერხდება დროდადრო.
კინოც ბინოკლში ჭვრეტაა და უცხო სამოთხეეების აღმოჩენა. მხოლოდ სამოთხეეების, რომელიც ამ რეალობაში ჩნდებიან, მიწასთან კონტაქტს არ წყვეტენ, სიყალბე არ ეპარებათ და ბავშვის სიმართლე გააჩნიათ. კინოში მხოლოდ ასეთი სამოთხის ჯერათ.
ეკა კუხალაშვილი
22.02.2010 |