|
სუპერ ლიგის ფავორიტმა `ენერჯი_ინვესტის” კალათბურთელებმა 19 თებერვალს მეორე წრის მორიგი შეხვედრა გამართეს, სადაც პრინციპულ მეტოქეს “თსუ”-ს სპორტსმენებს დაუპირისპირდნენ. თამაშს რუსთავის ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსი მასპინძლობდა. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბულად წარიმართა. მოგეხსენებათ, რომ დაუმარცხებელმა ქვემო ქართლურმა გუნდმა მიმდინარე სეზონში ერთადერთი წაგება საქართველოს თასის გათამაშებისას “თსუ”-სთან იგემა. სწორედ ამიტომ ეს შეხვედრა გულშემატკივრებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მასპინძლებისთვის ერთადერთი კრიტიკული პერიოდი მხოლოდ სადებიუტო წუთები იყო. მეორე მეოთხედში დაწინაურებულმა რუსთაველებმა სტუდენტებს დამაჯერებელი რევანში აუღეს და 28 ქულიანი უპირატესობითაც სძლიეს (91: 63).
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე “ენერჯი-ინვესტის” კალათბურთელი ზვიად ბაბიაშვილი გახდა, რომელმაც 21 ქულა მიიწერა საკუთარ ანგარიშზე, ხოლო სტუმრებიდან 10 ქულით საუკეთესო მიხეილ ფანჩულიძე იყო.
დავით ბარბაქაძე (“თსუ”-ს კალათბურთელი):
_ შეხვედრა საკმაოდ კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში დაშვებული შეცდომების გამო მოგება ვეღარ შევძელით. “ენერჯის” ვულოცავ გამარჯვებას და ვიმედოვნებ, რომ რევანშის აღებას ამჯერად უკვე ჩვენ შევძლებთ.
მიხეილ ბერუაშვილი (“ენერჯი-ინვესტის” მწვრთნელი):
_ დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით იმ დიდი მიზნისკენ, რასაც ჩემპიონობა ჰქვია. რუსთაველმა კალათბურთელებმა მაქსიმუმი გააკეთეს და პრინციპულ მეტოქეს სძლიეს. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას. შემდეგი შეხვედრა აუტსაიდერთან გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქომაგებს მაინც ლამაზ თამაშს ვპირდებით.
ანატოლი ბოისა (“ენერჯი-ინვესტის” კალათბურთელი):
_ ძალიან კარგი მატჩი იყო. წინა შეხვედრაში დაშვებული შეცდომები გამოვასწორეთ და შედეგიც სახეზეა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს და რაღა თქმა უნდა ერთგულ გულშემატკივრებს, რომელთა გვერდში დგომაც ყოველთვის დიდი სტიმულია თითოეული მოთამაშისთვის.
პ.ს. სუპერ ლიგის მორიგ შეხვედრას “ენერჯი- ინვესტი” 26 თებერვალს დებიუტანტ “სოხუმთან” გამართავს. რომელსაც კვლავ აზოტის სპორტული კომპლექსი უმასპინძლებს..
ნათია ჯიოშვილი
01.03.2010 |