|
,,ბორჯომი~. ყველა პროფესია დასაფასებელია. თუკი იგი კარგად იცი, ამაზე კარგი ჯილდო ცხოვრებაში არაფერია. მით უმეტეს, თუ შენი სპეციალობა ქალის იერ-სახის გალამაზება-გამშვენიერებასთანაა დაკავშირებული.
ყველა ქალის სურვილია ლამაზად გამოიყურებოდეს და ყოველთვის ცდილობს ფორმაში იყოს. თმის ვარცხნილობა, ფრჩხილები, სახის კანი, ტანსაცმელ-ფეხსაცმელი ყოველთვის მოწესრიგებული ჰქონდეს. სამწუხაროდ, ბორჯომში მაღალი დონის სილამაზის სალონებით ვერ მოვიწონებთ თავს, მაგრამ რაც არის, ყველგან დასაქმებული ოსტატები მაქსიმალურად ცდილობენ თავისი საქმის მაღალ დონეზე შესრულებას. ყველას თავისი კლიენტი ჰყავს და არც საწუწუნო აქვთ.
ამ 20 წლის წინათ ქალაქში გამოჩნდა ერთადერთი პარიკმახერი ანუ სტილისტი, რომელიც თანამედროვე დონეზე ჭრიდა თმებს ქალებს, მას მას უამრავი კლიენტი ყავდა.
აღიარებულ სტილისტს გიორგი (მერაბ) ღონღაძეს ყველა კარგად იცნობს ბორჯომში. ზოგიერთი მხოლოდ თმის შესაჭრელად კი არა, რჩევის საკითხავადაც კი მიდის, თუ როგორ შეიძლება თმა შეიჭრას ან შეიღებოს.
როგორც ჩვენთან საუბარში გაირკვა, მერაბს არც უფიქრია მაინცდამაინც, რომ იგი ქალების პარიკმახერი გახდებოდა. ეს შემთხვევით მოხდა. საბჭოთა ჯარში სამსახურის შემდეგ იგი რამდენიმე წლით იქ დარჩა და პარიკმახერის პროფესიას დაეუფლა. სპეციალური სასწავლებელი დაამთავრა.
_ სასწავლებელში კაცისა და ქალის თმის შეჭრას დავეუფლე. იქაც კი არ მიფიქრია, მაინცდამაინც ქალებისთვის შემეჭრა თმები (მის ჯგუფში 30 გოგო იყო და ერთადერთი ბიჭი). მირჩიეს ქალების თმების შეჭრით დამეწყო მუშაობა, თუ არ მომეწონებოდა, მამაკაცების თმის შეჭრაზე მერე გადავსულიყავი. პირველი პრაქტიკაც იქ გავიარე, დამთავრების შემდეგ ერთი წელი ვიმუშავე და მერე დავბრუნდი საქართველOოში.
მუშაობა წაღვერში დაიწყო, რადგან საპარიკმახეროები სახელმწიფო დაწესებულებად ითვლებოდა და სადაც გაანაწილებდნენ, იქ უნდა წასულიყო. იმ პერიოდისათვის ქალაქის ყველა საპარიკმახერო დაკავებული ყოფილა. წაღვერში მუშაობას ზაფხულიც დაემთხვა და მერაბს მოცლა არ ჰქონდა. მისი შეჭრილი თმის ხარისხი და სტილი ყველას მოსწონდა.
მალე მერაბი ბორჯომში გადმოვიდა სამუშაოდ.
_ ყველას ეგონა, რომ მე ქალების პარიკმახერი ვიყავი, არადა კაცებსაც საფუძვლიანად ,,ვალამაზებდი~. ძირითადად პატარა ბიჭები მოყავდათ თმის გასაკრეჭად. ასე, თანდათანობით, გაიზარდა მამაკაცი კლიენტების რიცხვიც.
ალბათ, რუსეთში რომ დაეუფლეთ სტილისტის პროფესიას, იმიტომ ხარ პოპულარული, _ ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან იქ და აქ ნასწავლი პარიკმახერები. იქ მაღალპროფესიული სპეციალისტების მეთვალყურეობით ვსწავლობდი. სასწავლო ბაზა ძალიან კარგი და მდიდარი ჰქონდათ. აქ კი იმ დროისათვის, სკოლაც კი არ არსებობდა. იქაური სწავლის დონე ნამდვილად მაღალი იყო.
აბა, აქ როგორ ხდებოდა სტილისტების პროფესიის დაუფლება? _ ისე როგორც ჩემს შემთხვევაში იყო, მოვიდა შეგრიდი, დადგა ჩემს გვერდით და დაკვირვებით ისწავლა, ახალი და ნოვატორული ჩვენს საქმიანობაში არაფერი მომხდარა.
მე რომ პირველად დამინახეს, თმას ბრიტვით როგორ ვჭრიდი, ყველას ძალიან გაუკვირდა, მე კი მის სწავლაში სპეციალური გამოცდა მაქვს ჩაბარებული.
სწორედ ეს იყო ის ნოვატორული სტილი, რაც მერაბმა იმ პერიოდისათვის ერთფეროვნულ ცხოვრებაში შემოიტანა. მისგანაც ისწავლეს ეს ხელობა მოსწავლეებმა, რომელთა ნაწილი დღესაც აგრძელებს ამ საქმეს.
დღეს ამ პროფესიის ხალხს სტილისტები ჰქვიათ. თვითონ არ არის ამ სახელწოდების წინააღმდეგი, მაგრამ მაინც თვლის, რომ არის პარიკმახერი და აკეთებს თავის საქმეს. თუმცა სტილისტიც არის, ურჩევს კლიენტს როგორი ვარცხნილობა მოუხდება. სხვათა შორის თვით ქალებსაც მიუციათ მისთვის სტილის არჩევის თავისუფლება.
მერაბის მეუღლეც მისი პროფესიისაა. ესეც მერაბის სკოლაა. აღსანიშნავია ის, რომ მათი შეხვედრა მერაბის სალონში მოხდა და აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა და ექვს თვეში ქორწინებით დაგვირგვინდა. ახლა კი სამი ვაჟის მშობლები არიან. ხომ შეიძლება რომელიმემ მამის პროფესია აირჩიოს? ამის წინააღმდეგიც არ იქნება მერაბი, მაგრამ აღნიშნავს, რომ მათი პროფესიის არჩევაში არ ჩაერევა, პირადად გადაწყვიტონ თავიანთი ცხოვრების მომავალი. მთავარია, რომელ პროფესიასაც აირჩევენ, მისი ოსტატები იყვნენ.
_ ხომ არ გიფიქრია პროფესიის გამოცვლა? _ ვკითხე მერაბს, _ არა, არა, ნამდვილად არ მინდა. ჩემი პროფესიით უამრავი ხალხი გავიცანი. მე ხალხთან ურთიერთობა მიყვარს, მით უმეტეს, რომ სითბოს მათგანაც ვგრძნობ. ყოველდღე ჩემს სალონში ვარ, საწუწუნო მართლაც არაფერი მაქვს. თავიდან პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვსწავლობდი და გარკვეული მიზეზების გამო, მივატოვე. დღეს რომ უმაღლესი მქონდეს დამთავრებული, ვიცი, კიდევ ერთი დიპლომიანი უმუშევარი ვიქნებოდი.
მარი ზაქაშვილი
04.03.2010 |