|
,,ბორჯომი~. ეს ღვთაებრივი და მაგიური სიტყვები ქალისათვის ყველაზე სანუკვარი და სასიამოვნო მოსასმენია. ეს ხომ ახალი სიცოცხლის დაბადების, ახალი ძალის, სიხარულის და სტიმულის მომცემია დედისათვის და დედასთან ერთად ყველასთვის. ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი სიხარული გაუზიარებია წლების მანძილზე ბორჯომის სამშობიარო სახლის კვალიფიციურ პერსონალს და დედის დღისა და რვა მარტის სადღესასწაულო დღის აღსანიშნავი წერილისათვის სად უნდა მივსულიყავით, თუ არა ასეთ დაწესებულებაში, სადაც ახალი სიცოცხლე იბადება, სადაც პირველად განიცდიან დედობის ენით ამოუთქმელ სიხარულს, სიკეთეს, სიყვარულს, რაც ჩვილის დაბადებისთანავე ჩნდება დედის გულში...
სამშობიარო სახლში შესვლისას, კარგი შთაბეჭდილება დერეფნიდანვე გექმნებათ. ერთ კუთხეში ხატები დაუბრძანებიათ, იქვე სანთლები აწყვია... დირექტორის კაბინეტშიც პირველად ხატებმა შემომანათა. ქალბატონი ჟენარი გრიგალაშვილი მეტად მოუცლელია, ხან რაღაც გადაუდებელ საქმეზე ურეკავენ, ხან მშობიარეს ახლობლები რჩევას ეკითხებიან, უფრო ხშირად ექიმები შემოდიან კონსულტაციისათვის, ამა თუ იმ საკითხზე რჩევისათვის.
აქ ძირითადად ქალთა კოლექტივია. შვიდი მეანგინეკოლოგი და ოცამდე ბებიაექთAანი მაღალკვალიფიციურად ასრულებენ ახალი სიცოცხლის დაბადების კეთილშობილურ მისიას. დილით, ჩვენი სტუმრობისას, სურათზე აღბეჭდილი ეს ქალბატონები _ დირექტორი ჟენარი გრიგალაშვილი, მეანგინეკოლოგები ნელი მარგველაშვილი, უფროსი ექთანი ქეთინო მაჩაიძე, ღამენათევი, ნამორიგევი მეანგინეკოლოგი ტატა კალანდაძე დაგვხვდნენ ჩვილებთან და ახალბედა დედებთან მოფუსფუსე. სამშობიარო სახლში სიმშვიდე იყო, ჩვილები დედებთან ნებივრობდნენ. ამ დაწესებულების კვალიფიციური და გამოცდილი მეანექიმები არიან, აგრეთვე, ირინა საბაშვილი, ნატაშა წერეთელი, ზეინაბ ლეკვეიშვილი, ყველაზე ახალგაზრდა ელენე (ალიონა) საბაშვილი და კონსულტანტი, ასევე სტაჟიანი ექიმი დიანა მოსიძე... ყველა მათგანს იმ დღეს ვერ შევხვდით, მაგრამ ყველანი რომ კვალიფიციური, თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებულები არიან, ეს კარგად იცის ბორჯომის საზოგადოებამ.
კოლექტივის ღირსეული და გამოცდილი წევრები არიან ბებიაექთნები ლია ჯამბაზიშვილი, სონია ბარამაშვილი, ნაზი ხაჩიძე, მერი ქიმაძე, მზაღო ზედგენიძე, ნანა აბოიანი, ნაზი რაზმაძე, სესილი გელაშვილი, ნელი ბიწაძე და სხვები.
ყველა მათგანს ერთმანეთთან შრომისა და ცხოვრების საუკეთესო წლები აკავშირებს. ქალბატონები ჟენარი, ნელი, ტატა, ქეთინო ახლა ღიმილით და სიამოვნებითაც იხსენებენ ახლო წარსულის მძიმე დღეებს _ ტრანსპორტი არ იყო, სამსახურში ფეხით ამოვდიოდით დარსა თუ წვიმაში, უშუქობის გამო, ბევრჯერ სანთლის შუქზე მიგვიღია მშობიარობა, ბევრჯერ მედიკამენტები საკუთარი ფულით გვიყიდია, 24 საათის განმავლობაში ხშირად არ გვქონდა წყალი და სხვა... ეს იყო წარსულში, დღEეს ამ სახლს ყველა სასოებით შეჰყურებს. შვიდი წელია, რაც სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა, ახლახან კოლექტივი თვითდაფინანსებაზე გადავიდა და მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. მართალია, დღევანდელი გაძვირებული ცხოვრების გამო, მშობიარობაც ძვირი ღირს _ 400 ლარი, საკეისრო კვეთა _ 700 ლარი, მაგრამ სამშობიარო სახლს ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული სადაზღვევო კომპანიებთან და ვინც დაზღვვეის პაკეტით მიდის, თავიანთი სადაზღვევო კომპანიები უნაზღაურებენ. მართალია, სიძვირეა, მაგრამ სამშობიარო სახლში მსობიარეთა რიცხვი არ კლებულობს, თუმცა 20-25 წლის წინანდელთან შედარებით შობადობის დონე მკვეთრად შემცირებულია...
აქაური სპეციალისტებისა და მომსახურების საუკეთესო პირობების გამო, ახლო-მახლო რაიონებიდანაც აქ მოჰყავთ მშობიარეები. დედათა და ბავშვთა კვალიფიციური მომსახურებისათვის ბევრი რამ კეთდება, აქვთ ყველა საჭირო კაბინეტი და ლაბორატორია, სამშობიარო სახლის კეთილმოწყობისათვის საკუთარი ძალითაც ბევრს აკეთებენ. სუფთა, თბილ, კეთილმოწყობილ პალატებში პატარა ბორჯომელები _ სამი დღის ელენე, ლაშა, გიგი, მარიამი და მათი ბედნიერი დედებიც გავიცანით. მათთან შესვლისას ისეთი განცდა გეუფლებათ, ეკლესიაში შესვლისას რომ გიპყრობთ ხოლმე.
_ ყველა ახალი სიცოცხლის დაბადებას ახალი სიხარული მოაქვს, ბავშვი ტირის და დედა იღიმება, ამაზე კარგი სანახავი არაფერია... ამ გრძნობის აღწერა ენით შეუძლებელიაო _ გვითხრეს თეთრხალათიანებმა და ასე ახალ-ახალი სიხარულის შეგრძნებაში, არც თუ იოლ შრომაში, მიდის ამ ყველაზე სათნო, კეთილშობილური, ერის გამრავლების სამსახურში ჩაყენებული სამშობიარო სახლის ქალთა კოლექტივის დღეები.
ერთმანეთი არ ბეზრდებათ, გამუდმებულ ფუსფუსში, დასვენების დრო არ აქვთ, მაგრამ როცა გამონახავენ, ყავას მიირთმევენ, საუბრობენ, ერთმანეთის გულისტკივილს და სიხარულს იზიარებენ. შინ დაბრუნებულებს კი დედის, ბებიის, ჩვეულებრივი დიასახლისის როლის შAესრულება უხდებათ, რომელსაც ასევე ერთგულად ასრულებენ.
მრავალ დედის დღეს, 8 მარტს დასწრებოდნენ ამ შესანიშნავი კოლექტივის ქალები, მათი პაციენტები _ მომავალი და ახალბედა დედები, ემრავლოს ერის სიძლიერეს და სიმტკიცეს.
იზა სანიკიძე
04.03.2010 |