მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"თეატრმა ყველაფერი მომცა"

 - რამდენიმე დღის წინ თქვენი ვარსკვლავი გაიხსნა ლადო მესხიშვილის თეატრის წინ. როგორია თქვენი განცდა, ემოცია?

- სიმართლე გითხრათ, ჯერ-ჯერობით დაბნეული ვარ, ბურანში ვარ. რა თქმა უნდა, სასიამოვნო განცდა მაქვს. ეს უბრალო რამე არ არის. ეს ჩემთვის ყველაფერია. მე ბევრი რამ გავაკეთე 56 წლის მანძილზე. ნახევარი საუკუნეა თეატრში ვმოღვაწეობ. ბედნიერი ვარ, რომ გვირგვინივით თავზე დამედგა ეს ვარსკვლავი. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს მსახიობისთვის?! რამდენიმე წლის წინ საქართველოში ეს ტრადიცია არ არსებობდა. ღმერთის წყალობით, ახლა დაიწყეს: ჯერ თბილისში, ახლა კი რეგიონებშიც. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ამისთვის იზრუნა. მიმაჩნია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს ვარსკვლავი, ყველას, ვისაც რაიმე კარგი შეუქმნია და გაუკეთებია.

- ნახევარი საუკუნეა თქვენ თეატრში მოღვაწეობთ, უამრავი როლი შეგიქმნიათ, არ არის რთული ამდენი ადამიანის ცხოვრებით იცხოვრო?

- 218 როლი ვითამაშე ამ თეატრში. წარმოიდგინეთ, 218 ადამიანის სულში და სხეულში შეხვიდე, გარდაისახო. რა თქმა უნდა, ეს იოლი არ არის, ყველაფერი ჰაერზე არ მოსულა. მინდა აღვნიშნო, რომ არსებობდნენ ჩემზე უკეთესი მსახიობები, რომლებიც ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, მხოლოდ რამოდენიმე როლი შეასრულეს. ალბათ, იღბალიც განსაზღვრავს ბევრ რამეს. თეატრი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, რაც კი მე ამ ქვეყანაზე გამაჩნია. როცა ქალაქში გამოვდივარ, შემიძლია ამაყად თავაწეულმა ვიარო, მხვდებიან ახლობლები, მეგობრები, უცნობებიც კი მესალმებიან. როცა უკან მოხედვის არ მრცხვენია, არ მეშინია, ეს თეატრიდან მოდის, თეატრმა მომცა. მე ჩემი სურვილით მოვედი ამ თეატრში და ჩემივე სურვილით წავალ. ყოველთვის მადლობელი ვიქნები ამ თეატრის, რომელიც ჩემთვის პირველ ადგილზეა. თეატრმა მე ყველაფერი მომცა. მადლობა მის უდიდებულესობა თეატრს.

- მაგრამ როგორც ვიცი, თავდაპირველად თქვენს არჩევანს - მსახიობი გამხდარიყავით - ოჯახში წინააღმდეგობა შეხვდა.

- მართალია. როცა თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მამას არ გავუმხილე: ვიცოდი, წინააღმდეგი იყო, არ უნდოდა მსახიობი გავმხდარიყავი, მას ჩემი იურისტობა უნდოდა, მაგრამ არ იჯდა ჩემში იურისტი და რა უნდა მექნა?! თეატრი მომწონდა და თეატრში წამოვედი. როცა არდადეგებზე ქუთაისში ჩამოვდიოდი, სახლში იმ დროს შევდიოდი, როცა მამა შინ არ იყო, დედას, დას მოვეფერებოდი და სოფელში გავრბოდი, მამას რომ არ ვენახე. არდადეგების დამთავრების შემდეგ კი, სოფლიდან თბილისში ვბრუნდებოდი. როცა პირველი როლი შევასრულე ქუთაისის თეატრში, გიგა ლორთქიფანიძის სპექტაკლში - "მე ვხედავ მზეს". ეს ჩემი დებიუტი იყო, მე სოსოიას როლს ვთამაშობდი. დარბაზში მამაჩემი დავინახე, ტაშს უკრავდა და იღიმებოდა. მაშინ მივხვდი - მე გავიმარჯვე. მას შემდეგ მამას ჩემი არც ერთი სპექტაკლი არ გამოუტოვებია. თუმცა ოცნება მაინც ავუსრულე. მართალია, მე არ გავხდი იურისტი, მაგრამ ჩემი შვილი და რძალი, ორივენი იურისტები არიან.

- როცა სპექტაკლი მთავრდება, თეატრის კედლებს ტოვებთ, ემოციები იქ მთავრდება, თუ სახლამდე მიგყვებათ?

- არა, ემოცია არასოდეს მიმყვება. იმდენად იღლები, იხარჯები მსახიობი სცენაზე, როცა მაყურებელი ტაშს დაგიკრავს და ფარდა დაეშვება, შემდეგ შეხვალ საგრიმიორო ოთახში, გრიმს მოიხსნი, ტანსაცმელს გამოიცვლი და ემოციასაც იქვე ტოვებ. რა თქმა უნდა, გარეთ გამოსულს არასოდეს უნდა გეტყობოდეს - "მე ვარ და ჩემი ნაბადიო".

- არასოდეს დაგწყვეტიათ გული რომელიმე როლზე? თვლიდით, რომ ის თქვენ გეკუთვნოდათ და რეჟისორმა სხვას მისცა?

- ასეთი შემთხვევა არასოდეს მქონია, მაგრამ მქონდა ერთი საოცნებო როლი, რომლის შესრულება ძალიან მინდოდა, მაგრამ არასოდეს არაფერი მითქვამს ამ როლის შესახებ. ფრანგებს აქვთ ერთი ანდაზა: "ის რა ჯარისკაცია, ვინც გენერლობაზე არ ფიქრობსო", მე კი ერთი ჩემებური ანდაზა მაქვს: "მე იმ ჯარისკაცს რა ვუთხრა, გენერალს რომ ეტყვის გენერლობა მინდაო". ამიტომ აღარ ვამხელ. ის როლი, რომელიც ჩემი საოცნებო იყო, თეატრში არ დადგმულა, ალბათ, რეჟისორს არ მოსწონდა და არ დადგა. მე კი უკვე აღარ ვფიქრობ მასზე, ის ასაკი წავიდა, ჩაიარა, ვეღარ დაეწევი, ეს როლი ჩემში აუხდენელ ოცნებად დარჩა.

- როგორ მიგაჩნიათ, შესაძლებელია თუ არა ერთმა მსახიობმა სხვადასხვა ამპლუაში წარმატებით შექმნას გმირის სახე?

- დიახ. მე ხან კომედიას ვთამაშობ, ხან - ტრაგედიას, ხან - დრამას. მსახიობი თუ არ გაიზარდე, თუ მხოლოდ ერთფეროვანი სახეები შექმენი, თეატრალურ ენაზე რომ ვთქვათ, დაიშტამპები და ერთფეროვანი გახდები, მაგრამ ეს მარტო მსახიობზეც არ არის დამოკიდებული. რეჟისორმა უნდა დაინახოს შენში უნარი, შეასრულო კომედია, ტრაგედია, დრამა. კარგი რეჟისორი ყოველთვის ამჩნევს ამას და მასთან გზა გახსნილი გაქვს. მერე შენზეა დამოკიდებული, როგორ იმუშავებ. მე ისეთ პედაგოგებთან და რეჟისორებთან მომიწია მუშაობა, როგორებიც იყვნენ სერგო ზაქარიაძე, გიგა ლორთქიფანიძე, იურა კაკულია, გოგი ქავთარაძე, ედგარ ეგაძე. აქაც იღბალია საჭირო - როცა თეატრში ხარ, როგორი რეჟისორი შეგხვდება, დიდია აგრეთვე პარტნიორის როლიც. მარტო ხომ არ ხარ სცენაზე?! რამდენადაც ძლიერია პარტნიორი, მით უკეთესი შენთვის. აქაც გამიმართლა, შემხვდა ისეთი პარტნიორები, როგორებიც არიან ერემო სვანაძე, ევა ხუტუნაშვილი. 56 წელია ერთმანეთის პარტნიორები ვართ, ხან ერთმანეთის შეყვარებულები, ხან - მტრები, დედა-შვილი. თქვენ წარმოიდგინეთ, ევა ბებიაც კი ყოფილა ჩემი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს პარტნიორს, ვისთანაც კი თუნდაც ერთი სპექტაკლი მითამაშია, ყველასგან ცოტ-ცოტა რაღაც ვისწავლე.

- თქვენ რამდენიმე როლი კინოშიც გაქვთ შესრულებული, მაგრამ უპირატესობა თეატრს მიანიჭეთ. რატომ?

- კინოში 4 როლი შევასრულე, უპირატესობა თეატრს მივანიჭე. რაც შეეხება კინოს, ის აუცილებელია მსახიობისთვის, ყველას ოცნებაა. მსახიობის სახე ეკრანზე რჩება, ისტორიას რჩება. თეატრში ხომ ამის საშუალება არ არსებობს, მაგრამ შემოქმედებითი თვალსაზრისით, შემოქმედება უფრო თეატრშია, ვიდრე - კინოში. იქ უფრო ტექნიკური შემოქმედებაა: ხან თავში გადაგიღებენ, ხან - ბოლოში, შემდეგ ამას აკინძავენ, თუ რამე არ გამოვა, ხელახლა გადაგიღებენ, მერე დაამონტაჟებენ. თეატრში კი ამის საშუალება არ არის: სცენაზე თუ რამე შეგეშალა, დამთავრდა, ვეღარ დაეწევი. დავუშვათ, ვთამაშობ მეფე გიორგის, მე ისე ვთამაშობ სცენაზე, როგორც დაიწყო მისი ცხოვრება, მივყვები განვითარებას, შემდეგ კულმინაცია, ფინალი. ფინალში თუ ზუსტად არ მიდი, ვერ დაამთავრებ. თანმიმდევრობა აწყობილი მაქვს სცენაზე ისე, როგორც ცხოვრებაში ხდებოდა. მე ხომ მასში ვარ გარდასახული. სწორედ ამიტომაა თეატრში უფრო მეტი შემოქმედება და რაც მთავარია, ცოცხალი მაყურებლის წინაშე გიხდება თამაში. მთელ საქართველოში ქუთაისის მსგავსი მაყურებელი არსად არ არსებობს. იგი გამგები და კარგი შემფასებელია, ყველაფერზე კარგად რეაგირებს. გასტროლებზე ჩამოსული ჩემი კოლეგები აღფრთოვანებულები რჩებოდნენ ყოველთვის ჩვენი მაყურებლით.

- როგორია დღევანდელი მაყურებელი?

- დღეს, სამწუხაროდ, მაყურებელში შემოერია შემთხვევით შემოსული ხალხი, ესეც დრომ მოიტანა. ახლა ადამიანი დაინტერესდა კომპიუტერით, ტელევიზორით, თეატრი მეორე პლანზე გადავიდა, მაგრამ ვიცი, ეს ყველაფერი გამოსწორდება. ჩემი ერთ-ერთი პედაგოგი ხშირად იმეორებდა: "თეატრი ისეთი ავადმყოფია, რომელიც არასოდეს არ მოკვდება, მაგრამ ავადმყოფი სულ იქნებაო". დიახ, თეატრი არ შეიძლება მოკვდეს, დრო ისევ მობრუნდება, წამოვა სხვა თაობა, რომელიც თეატრით დაინტერესდება, მობეზრდებათ ეს კომპიუტერი, ბოლოს და ბოლოს. კარგი იქნება ახალგაზრდები "ადნაკლასნიკების" ნაცვლად, ეძებდნენ ისეთ საიტებს, სადაც კარგ სპექტაკლებს ნახავენ.

- თქვენ წარმატებული, პოპულარული, მრავალი ტიტულის მფლობელი მსახიობი ბრძანდებით, თქვენი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. თვლით, რომ იღბლიანი ადამიანი ხართ?

- დიახ, მე ჩემს თავს იღბლიან ადამიანს ვუწოდებ. რამდენიც გინდათ, იმდენი იყო ჩემზე უკეთესი მსახიობი, მაგრამ ბევრმა ვერ გამოავლინა მთელი თავისი შესაძლებლობები. ზოგს შესაძლოა რეჟისორი არ შეხვდა, ზოგმა კიდევ თავად ვერ გამოავლინა ნიჭი. მე ამ მხრივ მართლაც იღბლიანი ვარ. ერთხელ ლადო მესხიშვილმა თქვა: მხოლოდ დაუღალავ შრომას შეუძლია შექმნას არტისტი, ხელოვანი, ესაა მთელი შინაარსი, მხოლოდ დაუღალავი შრომა და კიდევ შრომა. აქ, რა თქმა უნდა, ჩემს თაობას არ ვგულისხმობ, ახალ თაობაზე მაქვს საუბარი. წიგნი უნდა უყვარდეთ, წიგნის გარეშე ვერ ითამაშებ. ვთქვათ, თამაშობ ნერონს, ძველ ანტიკურ გმირს, თუ შენ ამ როლის მომზადების დროს მთელი რომის ისტორია არ წაიკითხე, არ გაიგე, რა ცხოვრება იყო მაშინ, როლი არ გამოგივა. ყველა წარმატების დასაწყისი წიგნია. ჩემი დიდი სურვილია, ახალგაზრდობა წიგნს მიუბრუნდეს.

- რით არის განსაკუთრებით ამაყი ანზორ ხერხაძე?

- ამაყი რით ვარ იცით? აღვნიშნე კიდეც: ამაყი ვარ, როცა არ მრცხვენია, არ მეშინია ჩემი ხალხის, ჩემი მაყურებლის შეხვედრისას, ამაყი ვარ - 218 როლი ვითამაშე, ეს ხომ პატარა არ არის?! ამაყი ვარ, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ გაყოყოჩებული ადამიანი ვარ. მე სწორად ვიარე ჩემი ცხოვრების გზაზე და სწორად შემაფასეს.


მარი მუშკუდიანი
05.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: „ახალი გაზეთი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: BS low - rationality high! Really good aenwsr!
: You saved me a lot of hslase just now.
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
18-01-2018
2.5463   0.0012
3.1154   0.0096
3.5134   0.0154
4.4951   -0.0118
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 5 °C + 9 °C
ღამით -2 °C + 1 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.