|
მიკროკრედიტების გაცემის პროგრამა ეფექტურად მუშაობს
ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტი `მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის~, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს ომის შემდგომ პერიოდში ფაქტობრივად მხსნელად მოევლინა ადამიანებს, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოს ომმა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენა.
მიკროსაფინანსო კომპანია `ფინაგროს~ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში გაცემულია მიზნობრივი კრედიტები შემდეგ კატეგორიებზე: აგროსექტორში, ფერმერებზე გაცემულია 107 კრედიტი (73%) საერთო თანხით 193552,80 ლარი, კრედიტორების საერთო რაოდენობის 50%-ს წარმოადგენენ ქალები, მათზე გაცმულია 76 კრედიტი თანხით 132450,26 ლარი, ახალი ბიზნესის დასაწყებად გაცემულია 10 კრედიტი _ 21800 ლარი, დევნილებზე 2 კრედიტი _ 3450 ლარი, სოფლად, სამეწარმეო საქმიანობისთვის 114 კრედიტი (77%) თანხით 206302,80 ლარი.
როგორც ზემოთ მოყვანილი ინფორმაციიდან ირკვევა, მიკროკრედიტების გაცემის პროგრამა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ სიკეთით. `ხალხის გაზეთის~ რესპონდენტი ამჯერად ირმა მურადაშვილია.
_ 6 წელია, ჩემი ბიზნესი მაქვს, მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გავხსენი. 2008 წლის აგვისტოს ომამდე სხვადასხვა ბანკიდან მაქვს კრედიტები აღებული. ომის შემდეგ კი ძალიან გამიჭირდა კრედიტის აღება. ბანკებმა ფაქტობრივად შეწყვიტეს კრედიტების გაცემა, ალბათ იმ გაუგებრობების გამო, რაც საერთოდ საქართველოში სუფევდა ომის შემდგომ პერიოდში. სესხის გარეშე კი ჩემი საქმიანობა წარმოუდგენელია და ამიტომაც, 6 წლის მანძილზე ყოველთვის კრედიტებით ვმუშაობდი ბიზნესის გასაფართოებლად.
_ რა თანხა გჭირდებათ ბიზნესის საწარმოებლად?
_ დაახლოებით ათასლარიანი კრედიტი ჩემთვის საკმარისია. საქმისთვის მეტი არ მჭირდება და ბანკებსაც უადვილდებათ მცირე თანხების გაცემა _ რისკი ნაკლებია.
_ ამჯერად ვინ გაგიმართათ ხელი?
_ თქვენი, `ხალხის გაზეთის~ საშუალებით გავიგე პროექტის შესახებ და მიკროსაფინანსო კომპანია `ფინაგროს~ მივაკითხე.
_ გაგიჭირდათ კრედიტის აღება? რამდენად რთული იყო საბანკო პროცედურები?
_ ნამდვილად არ გამჭირვებია, 3-4 დღეში ყველა პროცედურა დასრულდა და თანხაც მივიღე.
_ საპროცენტო განაკვეთი გაკმაყოფილებთ?
_ ერთწლიანი კრედიტი ავიღე _ 1000 ლარი, დაახლოებით 100 ლარით მეტის გადახდა მომიწევს. ნორმალურია, მე კმაყოფილი ვარ. როცა სხვა ბანკებიდან ვიღებდი კრედიტს, რამდენადაც მახსოვს, ცოტა მეტის გადახდა მიწევდა. რამდენიმე მეგობარს, რომლებსაც კრედიტის აღება უნდათ, ვურჩიე კიდეც, `ფინაგროს~ მიმართონ.
_ როდესაც კრედიტს დაფარავთ, კიდევ აპირებთ სესხის აღებას?
_ კი, სხვანაირად ვერ ვიმუშავებ, თანაც ბევრი გადასახადები მაქვს, გორის რაიონიდან ვარ, გორში ბინა მაქვს დაქირავებული, ქირას ვიხდი, ბავშვები გორში სწავლობენ, სტუდენტები არიან, მათი გადასახდელებიც მე მაკისრია. 5-6 თვეში სესხს დავფარავ და ისევ ავიღებ კრედიტს. არა მგონია, `ფინაგროში~ უარი მითხრან, მე ხომ `წესიერი გადამხდელი~ ვარ _ არასოდეს ვაგვიანებ, ყოველთვიურად შემაქვს ბანკში შესატანი თანხა. თანაც რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სერიოზულ გირაოს არ მთხოვენ, მაღაზიაში რა საქონელიც მაქვს, ის მყოფნის სესხის გარანტიად. 2 თვის გადასახადი რომ დამრჩება შესატანი, ალბათ ისევ ავიღებ კრედიტს რათა ჩემმა ბიზნესმა წყვეტა არ განიცადოს. ჩემი პრობლემა მხოლოდ ნისიად გატანებული საქონელია. ომის შემდეგ ძალიან გაჭირდა რეალიზაცია და იძულებული ვარ, ხალხს ანგარიში გავუწიო.
პროექტის `მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის" მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მიკროდაფინანსება საქართველოს სამ რეგიონში მცხოვრები მცირე მეწარმეებისთვის, ქალებისთვის და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და უზრუნველყოს ისინი ბიზნეს ტრენინგებითა და კონსულტაციებით, რათა მათ შეძლონ არსებული ბიზნესების უკეთ მართვა, სესხის აღება ან ახალი საქმიანობის წამოწყება.
მიკრო სესხების გაცემას შიდა ქართლში უზრუნველყოფენ ტენდერში გამარჯვებული მიკრო საფინანსო ორგანიზაციები `კონსტანტა" და `ფინაგრო", ხოლო ბიზნეს ტრენინგებს და კონსულტაციებს შიდა ქართლში წარმართავს ტენდერის შედეგად შერჩეული ორგნიზაცია "საქართველოს სოფლის განვითარების ფონდი". პროექტის საკომუნიკაციო მენეჯმენტს ახორციელებს `ფაბლისითი ჯგუფი".
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე გია ჭონიშვილი: `ჩვენი ორგანიზაცია ფაქტობრივად არასამთავრობო ორგანიზაციაა, ფონდი. ჩვენი ფონდი ორი მიმართულებით მუშაობს. ერთი მიმართულებაა სესხების, კრედიტების გაცემა, მეორე კი ფერმერებისათვის უფასო ტექნიკური დახმარება, კონსულტაციები, ტრენინგ-სემინარები და ა.შ. ჩვენმა ფონდმა 100 %-იანი წილით შექმნა სააქციო საზოგადოება `ფინაგრო~ და საკრედიტო კომპონენტი მთლიანად მას გადასცა, თვითონ კი დაიტოვა მხოლოდ ტექნიკური დახმარება. აღნიშნულ პროექტში შემდეგნაირად მოვხვდით: თვითონ შეარჩიეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ტენდერის გამოცხადების გარეშე. ასეთი 7 ორგანიზაცია აღმოჩნდა, ყველას თანაბრად გაუნაწილეს პროექტით გათვალისწინებული რესურსი. შიდა ქართლში `ფინაგრო~ ახორციელებს კრედიტების გაცემას. პირობები პროექტით ასეთია: სესხები უნდა გაიცეს სამი მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, მომსახურება, ვაჭრობა. მეორე პირობაა _ სესხის მიმღებთა 75% უნდა იყოს სოფლად მცხოვრები. სესხების 50% უნდა იყოს სოფლის მეურნეობაზე. მსესხებელთა 45% უნდა იყვნენ ქალები. სესხების 75% არ უნდა აღემატებოდეს 1500 დოლარს. 25% კი შეიძლება იყოს 3000 დოლარამდე. ესეც რა თქმა უნდა არის ოპტიმალური გადაწყვეტილება. იმ სექტორს, რომელზეც სესხი უნდა გაიცეს, მეტი მოთხოვნა არა აქვს. 2-3 ჰა-ზე, თუნდაც 10-ზე მიწის დამუშავებასა და სხვა სამუშაოებს მეტი არ სჭირდება. ერთი მნიშვნელოვანი პირობაცაა _ 10 სესხი მაინც უნდა გაიცეს დამწყებ ბიზნესმენზე, ფერმერზე, ესეც ამ პროექტის დადებითი მხარეა.
სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია `ფინაგროს~ გენერალური დირექტორი ვანო არდემანაშვილი: `აღნიშნული პროგრამა დაიწყო გასული წლის ივლისში. სესხები გაცემულია ძირითადად ერთი წლის ვადით, 12 თვემდე, პროექტის კრიტერიუმებისა და პარამეტრების შეაბამისად. არა უზრუნველყოფილი სესხები ფაქტობრივად არ არსებობს. უზრუნველყოფა შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის და სახის. სესხი შეიძლება გაიცეს საგარანტიო რესურსის საფუძველზე, შესაძლოა თავდებობითაც, მოძრავი ან უძრავი ქონების მყარი გარანტიით. არსებულ შემთხვევებში ძირითადად თავდებობითაა გაცემული. პატარა თანხებია და კრედიტორები ახერხებენ უზრუნველყოფის კომპონენტებიც მოიძიონ. ფაქტობრივად არ გვქონია შემთხვევა, რომ ვინმეს პრობლემა შექმნოდეს ამ კუთხით. კრედიტზე განაცხადის შემოსვლის შემდეგ ტარდება მონიტორინგი და გადაწყვეტილებასაც შესაბამისად ვიღებთ.
რეზო ოქრუაშვილი
რეზო ოქრუაშვილი
06.03.2010 |