|
`ათხარეს, დათხარეს წყალი მაინც არა გვაქვს~
გასულ წელს გორში, კომბინატის დასახლებაში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. კომბინატის დასახლებაში თითქმის ყველა უბანში მიმდინარეობდა გათხრითი სამუშაოები, სადაც ხდებოდა წყლის გამავალი მილების ჩაყრა. მდინარე ლიახვის სანაპიროზე მაგისტრალურ ქსელზე აშენდა საქლორატორო სადგური. მოსახლეობაში გაჩნდა აზრი, რომ მაღალსართულიან კორპუსებში მოხდებოდა წყლის თვითდინებით მიწოდება და მოთმინებით იტანდნენ კვირაში რამდენიმე დღით უწყლოდ ყოფნას. აღსანიშნავია, რომ წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წყლის მიწოდება კვირაში სამი დღით წყდებოდა,.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, მაგრამ წყლის თვითდინებით მიწოდების საკითხი, მოუგვარებელი დარჩა, სამაგიეროდ კი მოსახლეობას ათხრილ-დათხრილი ეზოები შერჩათ.
`ხალხის გაზეთი~ კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.
ელისო კურტანიძე: `ახლახანს შევიძინეთ ბინა ცხრასართულიან კორპუსში, აქამდე ხუთსართულიან კორპუსში მეოთხე სართულზე ვცხოვრობდი, თუმცა არც მეოთხე სართულამდე აღწევდა წყალი თვითდინებით, წყალს საქაჩი ძრავის საშუალებით ვიღებდი. როდესაც გათხრითი სამუშაოები დაიწყო, გამეხარდა, ვიფიქრე, გვეშველებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, შევცდი.~
ნაირა გოგიჩაშვილი: `მეხუთე სართულზე ვცხოვრობ. წყალს საქაჩი ძრავის საშუალებით ვიღებ. წარმოიდგინეთ, ორმაგი ხარჯი მაქვს, წყალს ელექტროენერგიის ხარჯზე ვიღებ. ისედაც ხომ ვიხდი შუქის გადასახადს. მიხაროდა, რომ წყალი თვითდინებით ამოვიდოდა მეხუთემდე, მაგრამ როგოროც ამბობენ `გრამაფონში~ დარჩა.~
ნათელა მეტრეველი: `წყლის საქაჩი ძრავი არ მიდგია, წყალს მეზობლისგან ვეზიდები, რადგან საკმაოდ მოხუცი ვარ იმისათვის, წყალი ეზოდან ამოვიტანო. როდესაც გავიგე წყალი თვითდინებით ამოვაო, გამეხარდა, მაგრამ ეს მთავრობა მართალს რას გვეუბნება?!~
ლელა მარგიევი: `მეცხრე სართულზე ვცხოვრობ, წყალი რა თქმა უნდა ისე არ მექნება თუ წყლის საქაჩი ძრავი არ ჩავრთე, რასაც დიდი რაოდენობით მიაქვს ელექტროენერგია. ამ სამუშაოების გამო კვირაში სამი დღე გვიწყდებოდა წყალი. სამუშაო საათების შემდეგ რომ გამოუშვებდნენ, ჩემს ძრავს უჭირდა მეცხრე სართულამდე ამოქაჩვა და იძულებული ვიყავი, დაბლა სართულებიდან, ან სულაც ეზოდან ამომეზიდა. ვფიქრობდი, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ წყლის პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა როგორც ხედავთ, პრობლემა ისევ გვაქვს.~
`ხალხის გაზეთთან~ კორპუსის დაბალ სართულებზე მცხოვრებლებმაც გამოთქვეს უკმაყოფილება. მათი განცხადებით, ხშირია შემთხვევა, როდესაც წყალი მეორე სართულამდეც არ აღწევს. პრობლემას ისიც ქმნის, რომ ეზოში დაყენებული ონკანი მოშლილია და წყალი სისტემატიურად დის, ეს კი ეზოს ატალახებასაც იწვევს. გარდა ამისა, სარდაფებში გამავალი წყლის მილები მოძველებულია, მწყობრიდან არის გამოსული და წყალი იღვრება. მოსახლეობა კი პრობლემის მოგვარებას წყალ-კანალის სამსახურისგან ითხოვს.
`ხალხის გაზეთი~ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შ.პ.ს. `აღმოსავლეთის წყალი~ წყლის ხარისხისა და აქტივების მართვის სამსახურის უფროსს აკაკი ხუფენიას დაუკავშირდა.
აკაკი ხუფენია: `პროექტი `მსოფლიო ბანკის~ პროგრამით განხორციელდა, სადაც გაერთიანებული იყო ორი კომპანია თბილისიდან და ქუთაისიდან. პროექტი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი იყო წყლის ქსელის დაგოლვა, ანუ ერთ უბანზე გავიდა რამდენიმე ქსელი, რომ წყალი მოსახლეობაში თანაბრად გადანაწილებულიყო. პროექტის განხორციელება ძირითადად სოფელ თედოწმინდაში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით დაიწყო. სოფლის აღმართში წყლის მილები ხშირად ზიანდებოდა, რის შედეგადაც კომბინატის დასახლებაში ხშირად ხდებოდა სასმელი წყლის გადაკეტვა. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შევცვალეთ 330 მეტრის სიგრძის წყლის 400 მილის ქსელი. მიზანი ფაქტობრივად მიღწეულია. მდინარე ლიახვთან გამავალ მაგისტრალურ ქსელზე აშენდა საქლორატორო სადგური. დღეს უკვე მშვიდობის გამზირზე და ე.წ. ტაშკენტის ბინებში წყალი მეორე სართულამდე აღწევს. შინდისის გზატკეცილის #4 კორპუსში წყლის დონე ორ სადარბაზოში მეხუთე სართულამდე აღწევს. დანარჩენ ორ სადარბაზოში კი მეორე სართულამდეც ვერ ადის, რადგან პრობლემა თავად მოსახლეობისგან მოდის. ისინი არ უფრთხილდებიან წყალს. წყლის ონკანები ან დაზიანებული აქვთ, ან უბრალოდ სულ მოშვებული აქვთ. გარდა ამისა, ეზოში დაყენებული ონკანებიდან მუდმივად დის წყალი. ჩვენს სამსახურში შევთანხმდით საკითხზე, რომ თითოეულ უბანში გავაგზავნით უბანზე მიმაგრებულ წყლის ინკასატორს და თუ რომელიმე ოჯახში სანიტარული ტექნიკის საკითხი მოუგვარებელი იქნება, ან ისე, უბრალოდ, უდიერი მიდგომა ექნებათ წყლის მიმართ, სოლიდურ ჯარიმას დავაკისრებთ.
2010 წლის აპრილის თვიდან `მსოფლიო ბანკის~ დაკვეთით მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შემუშავდება პროგრამა და ყველა სადარბაზოში დაიდგმევა საერთო წყალმზომი. ამით ყველა მოსახლე ვალდებული იქნება, მოხმარებული წყლის საფასური გადაიხადოს. გეტყვით იმასაც, რომ თუ აქამდე წყლის გადასახადი 1 კუბურ მეტრზე 10 თეთრი იყო, რადგან მომწოდებლისგან ტონა ქლორი 700-800 დოლარი გვიჯდებოდა. დღედღეობით კი 1350-1400 დოლარი გვიჯდება, წყლის ფასიც ბუნებრივია გაიზრდება. თუმცა გადასახადს სახელმწიფო სამსახური დაარეგულირებს.~
თამუნა მოსიაშვილი
თამუნა მოსიაშვილი
06.03.2010 |