|
ცნობილია, რომ თვითმმართელობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს "ლეიბორისტული პარტია", თუმცა ქართველი "მშრომელები" საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. ქუთაისელი "ლეიბორისტები" ამტკიცებენ, რომ ამომრჩეველთა სიებში ბევრი ადამიანია ჩამატებული და თუ არ მოხდა მათი ამოღება სიიდან, ადვილი შესაძლებელია ოპოზიციურმა პარტიებმა საერთოდ უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე.
"2008 წელს არჩევნები რომ ჩატარდა, იმ სიებთან შედარებით, წელს ამომრჩეველი გაცილებით მეტია. ეს მაშინ, როცა ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან. ჩვენ მონაწილეობაც რომ მიგვეღო და შეგვეტანა სარჩელი სასამართლოში, შედეგი მაინც არაფერი იქნებოდა, სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა არჩევნების დასრულების შემდეგ, ისიც მოთხოვნების 5% შეიძლება დაეკმაყოფილებინა. საარჩევნო სიებში არის კორპუსები დამატებული. თურმე, ქუთაისში აღმშენებლობითი პროცესია და ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ამ პირობებში რა აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას?" - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, ოლქის კოორდინატორი ჯიმშერ რუხაძე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი სიით აპირებს მონაწილეობას "ალიანსი საქართველოსთვის", რომელიც აერთიანებს სამ პარტიას - "ახალ მემარჯვენეებს", "რესპუბლიკელებს" და ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გაერთიანებას. ჯერ-ჯერობით უცნობია იმ სიის შემადგენლობა, რომლითაც ეს გუნდი წარსდგება ქუთაისელი ამომრჩევლის წინაშე, რადგან ალასანიას პარტიის ადგილობრივი ორგანიზაცია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. "ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერი მამუკა მღვდელაძე არ მალავს, რომ ის საარჩევნო სიაშიც იქნება წარმოდგენილი და მაჟორიტარ კანდიდატადაც მიიღებს მონაწილეობას. ანალოგიურად, "ალიანსის" სიაში იქნებიან წარმოდგენილები "რესპუბლიკური პარტიის" იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიკა ნაკაშიძე და ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე. "შეჯერებული ვართ კიდევ 10 პიროვნებაზე, მაგრამ დასახელებისგან ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებ," - ამბობს მამუკა მღვდელაძე.
რაც შეეხება სიების გადამოწმებას, "რესპუბლიკელები" და "ახლები" ერთხმად ამბობენ, რომ მათ ამ პროცესის ჩატარების სათანადო ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ. "ჩვენ არა, მაგრამ ვიცი, რომ ნოღაიდელის პარტიის წარმომადგენლები სიებთან დაკავშირებით მუშაობენ, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მიუხედავად დაფინანსებისა, ჩვენ არავის არ დავუთმობთ ასპარეზს. რომ გითხრათ უმრავლესობით მოვალთ საკრებულოში, ეს იქნება არარეალური, მაგრამ ჩვენ მოვალთ იმ გუნდით, რომ შევქმნათ ფრაქცია და გავატაროთ ჩვენი პოლიტიკა. დანამდვილებით გეტყვით, რომ ნოღაიდელის პარტიას, რა ფულადი რესურსიც არ უნდა დახარჯონ, ჩვენ დავამარცხებთ პირწმინდად,"- აცხადებს მამუკა მღვდელაძე.
"რესპუბლიკელების" და "ახლების" განაწყენება სულ რამდენიმე თვის წინ ამ პარტიებიდან საკუთარი წევრების ნოღაიდელის "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" გადასვლას უკავშირდება. "რესპუბლიკელი" ნატო ქათამაძე ამბობს, რომ მისი პარტიიდან გადაბირებული ხალხის ლუსტრაცია ძალიან კარგი საქმეა მათი პარტიისთვისს.
"25 დეკემბერს გავუშვი ჩემი პარტიიდან კობა სოხაძე და 1^ იანვარს გააკეთა განცხადება, რომ ნოღაიდელთან გადავიდა. ფაქტია, რომ ფინანსური დაინტერესებიდან გამომდინარე, ეს ადამიანები ყველაფერს კადრულობენ, ასეთ ადამიანები ან იმ ნოღაიდელს რაში ჭირდება, ვერ ვხვდები, მათ ხომ ნდობის მანდატი აღარ აქვთ საზოგადოებაში?!" - ამბობს ნატო ქათამაძე.
"ნოღაიდელის პარტია გვეხმარება ასეთი ადამიანების გაშიფვრაში, ასეთ კარგ სამსახურს "ნაციონალური მოძრაობა" არასოდეს გაგვიწევდა," - აცხადებს მამუკა მღვდელაძე.
აღსანიშნავია, რომ "რესპუბლიკელებიცა" და "ახლებიც" ერთხმად თანხმდებიან, რომ ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათი კონკურენტი მმართველი პარტია არ იქნება. "ადრე ვამბობდით, ოღონდ შევარდნაძე არა და ვინც გინდა, მოვიდეს. ახლა ჩვენ არ ვამბობთ, "ოღონდ მიშა არა", რადგან ამ დამოკიდებულებამ სულ სხვა შედეგი მოგვცა. "მიშა - არა და გრიშა - კი" - ეს უკვე დამთავრდა. ჩვენ ჩვენი პროგრამით წარვსდგებით და მერე ხალხმა გადაწყვიტოს, საკუთარი არჩევანი როგორ გააკეთოს. მაგრამ აქაც არის ერთი პრობლემა: ჩვენ არ გვაქვს სათანადო ფინანსური ბერკეტი, რომ ყველა ოჯახში მივიდეთ და გავაცნოთ ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც, ძირითადად, ქუთაისის პრობლემებს ეხება. ამისთვის არსებობს მედია-საშუალებები, ადგილობრივი ტელევიზია, სადაც ბოლოს განცხადება გავაკეთე არჩაიას სიმამრის ფინანსურ მაქინაციებზე, ამის შედმეგ ტვ "რიონს", როგორც ჩანს, ეკრძალება ჩემი მიწვევა. ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული, განცხადებაც რომ გამოაქვეყნო გაზეთში, ესეც თანხა ღირს, ამის საშუალება ჩვენ არ გვაქვს და ამიტომ ეს პროგრამა ამომრჩევლამდე შესაძლოა ისევ ვერ მივიდეს სრულად," - ამბობს ნატო ქათამაძე.
ქათამაძისგან განსხვავებით, მამუკა მღვდელაძე ამბობს, რომ მათი პარტია კვლევებსაც ატარებს ქალაქის პრიორიტეტულ პრობლემებთან დაკავშირებით. "ჩვენ ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციასთან. აქედან გამომდინარე, გვაქვს პროგრამა, რომელიც 7 პრიორიტეტული პუნქტისგან შედგება და გვინდა ეს ამომრჩევლამდე თავად მივიტანოთ, რადგან ადგილობრივი ტელევიზია ჩვენ არ გვითმობს ეთერს. ბოლოს როდის ვიყავი იმ ტელევიზიაში მიწვეული არც კი მახსოვს. არადა, დებატები აუცილებელია," - ამბობს მამუკა მღვდელაძე.
აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს ტელეკომპანია "რიონის" გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე და აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს პრობლემა არ ექმნებათ მათ ეთერში თავიანთი პოზიციის წარმოჩენის კუთხით: "გუშინაც ისხდნენ ეთერში ასოციაცია "საჩინოს" წარმომადგენლებთან ერთად. ხოლო რაც შეეხება მათ სარეკლამო კამპანიას, გადაიხადონ თანხა და პრობლემა არ ექნებათ," - ამბობს ღვინიანიძე.
"ალიანსის" გუნდისგან განსხვავებით, ახლადშექმნილი "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" იმერეთის წარმომადგენლობა, რომელსაც ზურაბ ნოღაიდელი უდგას სათავეში, მთავარ კონკურენტად მხოლოდ ერთ პარტიას - სააკაშვილის გუნდს მიიჩნევს.
"`ოპოზიციურმა პარტიებმა კონკურენცია არ უნდა გაუწიონ ერთმანეთს. თუ ეს ასე გამოვა, მაშინ ოპოზიცია ვიქნებით წაგებული. ჩვენი კონკურენტი პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებაა, რომლის შეცვლა მხოლოდ კონსოლიდაციით არის შესაძლებელი. იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდა პარტია ვართ, ხელისუფლებისთვის და ოპოზიციური სპექტრისთვის სერიოზულ კონკურენტ ძალას წარმოვადგენთ. ჩვენ არ ვიბრძვით იმისთვის, რომ საკრებულოში მხოლოდ ოპოზიციური ფრაქცია შევქმნათ. ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ უმრავლესობით ქუთაისის საკრებულოში მოსვლისთვის, ეს საზოგადოების დაკვეთაა და ჩვენს გამარჯვებაში 100%-ით ვარ დარწმუნებული," - აცხადებს "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ქუთაისში, შოთა ბურჯანაძე.
რაც შეეხება სხვა პარტიებიდან ხალხის გადაბირების თემას, ბურჯანაძე ამბობს, რომ პარტიებს შორის პარტიული იდეოლოგიის თვალსაზრისით მიგრაცია ნორმალური პროცესია და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ახლადშექმნილ პარტიაში ჯერ საარჩევნო სია არ დადებულა. რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, შოთა ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ ქუთაისელების მთავარი პრობლემა - დასაქმება - ამ პროგრამით გადაწყვეტილია.
"დასაქმების გარდა, ჩვენს ლიდერს, ზურაბ ნოღაიდელს, პროგრამაში მთავარ ასპექტად უდევს ხალხისთვის ანაბრების დაბრუნების თემა, რაც ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი პუნქტიცაა. კარდაკარ ვივლით, ყველა ოჯახს გავაცნობთ ამ პროგრამას - ჩვენ ამის რესურსი გაგვაჩნია," - ამბობს შოთა ბურჯანაძე.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორი შემადგენლობით გამოვლენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "კონსერვატორები" (ამ პარტიის ყოფილი ძირითადი ქუთაისური ბირთვი ამ დროისთვის ნოღაიდელის მოძრაობაშია გადაბარგებული), "ქრისტიან-დემოკატები", "ეროვნულ-დემოკრატები". ეს პარტიები ამ ეტაპზე ქუთაისში პასიურ როლში არიან. რაც შეეხება მმართველ პარტიას, როგორც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე ამბობს, საარჩევნო სიაზე პარტიაში საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის. არც კონკრეტული წინასაარჩევნო პროგრამაა ჯერ მზად. როგორც ნემსიწვერიძე ამბობს, მმართველ პარტიაში პროგრამის აქტიურად გაჟღერებას და წინასაარჩევნო კამპანიას აპრილის თვიდან გეგმავენ. რაც შეეხება ჩვენს შეკითხვას, იყენებს თუ არა წინასაარჩევნოდ მმართველი ძალა ადმინისტრაციულ რესურსს, კახა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ ეს რესურსი ამ პარტიის მხარდამჭერია და ადმინისტრაციულ რესურსს ამომრჩევლები ქმნიან. "რა თქმა უნდა, ძირითადად, საჯარო სამსახურებში პრეზიდენტის კურსის მხარდამჭერები არიან და ეს ხალხი ჩვენი ამომრჩეველია, მხოლოდ ამ დონეზე შესაძლოა გამოვიყენოთ ეს რესურსი," - ამბობს კახა ნემსიწვერიძე. როგორც ყოველთვის, მმართველი პარტია უკონკურენტოდ თვლის თავს და ახალ საკრებულოშიც უმრავლესობით მოსვლას გეგმავს.
სოფიკო ყანჩაველი
10.03.2010 |