|
გასულ კვირას ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ორი საკითხი განიხილა, რომლებიც ბიუჯეტში ცვლილებებს ეხებოდა. სხდომის შედეგად, საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მერიის აპარატს კაპიტალური ხარჯებისთვის 38 000 ლარი დაემატა. იმავე სხდომაზე საკრებულოს წინაშე ქუთაისის მერი გია თევდორაძე კიდევ ერთი ინიციატივით წარსდგა: კერძოდ, საუბარია ბიუჯეტიდან 715 000 ლარის გამოყოფაზე, რომელიც გიორგი ბრწყინვალის ქუჩის რეაბილიტაციას და ქალაქის სასაფლაოებთან მისასვლელი გზების სარემონტო სამუშაოებს უნდა მოხმარდეს.
გია თევდორაძემ საკრებულოს თხოვნით მიმართა, მხარი დაეჭირათ არა მხოლოდ აღნიშნული ცვლილებისთვის, არამედ ნება დაერთო, რომ ეს თანხა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შერჩეულ ფირმას დაეხარჯა. "ეს სამუშაოები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე გვინდა დავასრულოთ. თანაც, სულ მალე ქუთაისობის დღესასწაულიც მოვა და გვინდა, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის რეაბილიტაციაც ამ ვადებში დავასრულოთ. ამიტომ, ვთხოვ საკრებულოს ჩვენი ინიციატივა მოიწონოს, რათა მოგვეცეს საშუალება, ეს თანხა ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე, რაც შეიძლება მალე ავითვისოთ. როგორც ვიცი, ახალი ცვლილებების შესაბამისად, საკრებულოს ეს უფლებამოსილება გააჩნია," - განაცხადა ქუთაისის მერმა.
გია თევდორაძეს საკრებულოს სხდომაზე არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ფირმასთან აპირებს ხელშეკრულების გაფორმებას ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ტიპის ცვლილების განხორცილება არსებული კანონმდებლობით შეუძლებელია: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი თამარ გურჩიანი განმარტავს, რომ "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი ასეთი პუნქტს - რომ საკრებულოს ჰქონდეს უფლებამოსილება 100 000 ლარზე მეტი სამუშაოების ჩატარება ერთ პირთან მოლაპარაკებით იყოს შესაძლებელი - არ იცნობს. "ეს არის მთავრობის და პრეზიდენტის გადასაწყვეტი საკითხი. ამგვარი რამ შესაძლოა მოხდეს მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში,"- ამბობს თამარ გურჩიანი.
ქუთაისის მერის მიერ გაჟღერებული ცვლილებების შესახებ არც საკრებულოს იურისტს, მაია სვინტრაძეს აღმოაჩნდა ინფორმაცია. შესაბამისად, საკითხი - 715 000 ლარის ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დახარჯვის თაობაზე - სხდომაზე აღარ განიხილეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა განაცხადა, ეს საკითხი მომავალ სხდომაზე იქნება დღის წესრიგში შეტანილი.
სოფიკო ყანჩაველი
10.03.2010 |