|
ახალგაზრდა "პატრიოტების" დაღუპვის გამო ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა. უბედურ შემთხვევას მაშინვე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც დაზარალებულები ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში მოინახულა, ხოლო სამართალდამცავებს საქმის საფუძვლიანად გამოძიება დაავალა.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" #3 ავტობაზის მძღოლ მაიზერ მიქაძეს დაევალა ქალაქ თბილისში აღმაშენებლის გამზირიდან "პატრიოტების" ტრანსპორტირება ამბროლაურის რაიონის "შაორის პატრიოტთა ბანაკში". 2009 წლის 13 ივლისს იგი "ისუზუ-ბოგდან-092" მარკის "გშგ-562” სახელმწიფო ნომრის სამგზავრო ავტობუსით, რომელშიც ისხდნენ "შაორის პატრიოტთა ბანაკის" დამსვენებელი ახალგაზრდები, გაემგზავრა ამბროლაურის მიმართულებით. ავტობუსში 26 "პატრიოტი" იმყოფებოდა.
მაიზერ მიქაძემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ ეს გზა მისთვის ძალიან ნაცნობი იყო: ავარიამდე ერთი კვირით ადრე სწორედ ამ გზის გავლით შოვის პატრიოტთა ბანაკიდან წამოიყვანა ბავშვები. მძღოლისა და ავტობუსის მგზავრთა მონათხრობიდან ირკვევა, რომ თბილისიდან ამბროლაურის მიმართულებით ახალგაზრდები ორი ავტობუსით გაემგზავრნენ. "დაახლოებით 1500 საათზე, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მოძრაობდა რა ამბროლაურის მიმართულებით 15-20 კმ/სთ სიჩქარით, მაიზერ მიქაძემ უგულვებელყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 29.1 მუხლის მოთხოვნები და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 42-ე კილომეტრზე ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მოძრაობა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან უკიდურეს მარჯვენა მხარეს, შეეჯახა გზის კიდეზე არსებულ რკინაბეტონის კონსტრუქციის დამცავ ჯებირს და გადავარდა 34.5 მეტრის სიღრმის ხევში," - ნათქვამია გამოძიების მასალებში.
ავტოავარიის დღეს უბედური შემთხვევის დეტალებს ასე იხსენებდნენ ავტობუსის მგზავრები: "მახსოვს, ვიღაცამ დაიყვირა - ვვარდებითო. უცებ ყველაფერი აირია ერთმანეთში და მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ თავით ვეხეთქებოდი იქით-აქეთ. 40 მეტრის სიღრმის ხრამში გადავიჩეხეთ. დაახლოებით 6-ჯერ გადაბრუნდა ჰაერში ავტობუსი. ყოველ გადაბრუნებაზე იმას ვფიქრობდი, რომ ან ახლა გაჩერდებოდა და ან - ახლა, მაგრამ რომ არ ჩერდებოდა, ყოველ ჯერზე ვფიქრობდი, რომ მოვკვდებოდი. ზოგიერთები ფანჯრიდან გადაცვივდნენ და ძირითადად, სწორედ ისინი დაიღუპნენ," - აღნიშნა ეთო ქავთარაძემ ჩვენთან საუბარში.
18 წლის ქეთი ჯიბლაძის თქმით, ავარია იმ დროს მოხდა, როცა დანიშნულების ადგილამდე 10 წუთის სავალი გზა იყო დარჩენილი: "მძღოლი ამბობდა, რომ გზა ჩაინგრა და ავტობუსიც ჩაყვაო. არ ვიცი, რა მოხდა, მძღოლი არც მთვრალი ყოფილა და არც ჩქარა მიდიოდა," - ამბობს ქეთი ჯიბლაძე.
სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მძღოლმა მაიზერ მიქაძემ ავტოავარიის გამომწვევ რამდენიმე გარემოებაზე მიუთითა. კერძოდ, მან განმარტა, რომ შემთხვევის ადგილთან გზა ვიწროვდებოდა. ჯებირი კი ირიბად იდო გზის პირას. შემთხვევის ადგილთან გზის შევიწროების საგზაო ნიშანი არ იყო გაკეთებული. შემთხვევის ადგილთან მიახლოებისას დაინახა, რომ ზემოდან მოდიოდა მანქანა, რომელიც მას მოსახვევში შეხვდა, სწორედ იქ, სადაც გზის შევიწროება იწყებოდა. მანქანის დაჯახების თავიდან აცილების მიზნით, მან რაც შეიძლებოდა მისწია ავტობუსი მარჯვენა მხარეს. მართალია, აღნიშნულმა მანქანამ გვერდი აუარა, მაგრამ მის ავტობუსს წინა მარჯვენა საბურავი ჩაუვარდა გზის კიდეზე, ავტობუსი შეეჯახა გზის პირას არსებულ რკინაბეტონის კონსტრუქციის დამცავ ჯებირს, ასფალტს ეტყობოდა მიწა ჰქონდა გამოცლილი, ჩაიქცა, ავტობუსმა დაკარგა კონცენტრირება და დაიწყო ხევში გადავარდნა.
სასამართლოზე მოწმეების სახით დაკითხულმა მგზავრებმა და თვითმხილველებმა არ დაადასტურეს მაიზერ მიქაძის ჩვენება შემხვედრი ავტომანქანის გამოჩენის თაობაზე, ხოლო რაც შეეხება ავარიის მიზეზებს, ამის დასადგენად, შემთხვევის ადგილზე ჩატარებული იქნა კომპლექსური სასამართლო ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, მძღოლმა მაიზერ მიქაძემ არ გაითვალისწინა არსებული რთული საგზაო პირობები, კერძოდ, "მოცემული მონაკვეთი არის აღმართი და გზის სავალი ნაწილი არის შევიწროებული, რის გამოც სავალ ნაწილზე იდგა რკინა ბეტონის კონსტრუქციის ჯებირები. ნაცვლად იმისა, რომ მძღოლს გვერდი აევლო ამ ჯებირებისთვის, იგი დაეჯახა მათ და სწორედ რკინაბეტონზე შეჯახება და შემდეგ მოძრაობის გაგრძელება გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მძღოლმა ვერ გაითვალისწინა ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით."
საბოლოო ჯამში, სასამართლომ დადასტურებულად ცნო მაიზერ მიქაძის მიმართ წაყენებული ბრალდება და იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გაასამართლა: 1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და 2. სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხი-ლებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მაიზერ მიქაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 5 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ერთი თვის ვადაში გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
მაია მეცხვარიშვილი
10.03.2010 |