|
დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებით უზრუნველყოფისთვის საქართველოს მთავრობას სოლიდური დაფინანსება მსოფლიო ბანკმა, ევროკავშირმა, აშშ-ს განვითარების სააგენტომ, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა და სხვა დონორმა ორგანიზაციებმა გამოუყვეს. საქართველოს მასშტაბით, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებით უზრუნველყოფის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ზუგდიდში 54000-მდე დევნილი ცხოვრობს, აქედან 45% კომპაქტურად ჩასახლებულ ცენტრებშია განთავსებული. ოფიციალური მონაცემებით, ზუგდიდში გასულ წელს რეაბილიტაციის პროცესი 45 კომპაქტურ ცენტრში დაიწყო, რომელთაგან სამუშაოები 31-შია დასრულებული. თუმცა, დევნილები აცხადებენ, რომ ფასადებშეღებილი კორპუსები საცხოვრებლად თითქმის გამოუსადეგარია. მთავარი პრობლემა წყლის და საკანალიზაციო სისტემის არარსებობაა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მდებარე პროფესიული სასწავლებლის #1 და #2 კორპუსებში რეაბილიტაციის პროცესი ოფიციალურად დასრულებულად ითვლება. იქ მისულს პირველი, რაც თვალში მოგხვდება, ეზოში ერთად თავმოყრილი სამშენებლო მასალების ნარჩენებია. შენობის სარდაფიდან გამოსული ფეკალური მასების სუნი ეზოშიც აღწევს. შეღებილ, ოთხსართულიან კორპუსში 56 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა სამუშაოები შენობაში ბოლომდე მიყვანილი არ არის. "მშენებლობის დროს აქვე ვცხოვრობდით, რადგან ალტერნატიული ფართები არავინ შემოგვთავაზა. ცოტა ხნის წინ კი მუშებმა მიატოვეს ყველაფერი შუა გზაზე და მას შემდეგ აქ აღარავინ გამოჩენილა. კედლებს ბზარები უკვე გაუჩნდა და ცვივა. კანალიზაცია და წყალი საერთოდ არ არის შენობაში. უნიტაზი დაგვიდგეს. რად მინდა უნიტაზი, წყალი თუ არ მექნა?!" - ამბობს დევნილი ეთერი კონჯარია.
სოფელ ინგირში ზემოხსენებული ობიექტის რეაბილიტაცია შპს "ბლოკ ჯორჯიამ" განახორციელა. აღნიშნული კომპანია "მუნიციპალური განვითარების ფონდმა" გასულ წელს შეარჩია ტენდერის გზით. სატენდერო პირობების მიხედვით, რეაბილიტაციის ფაქტობრივი ღირებულება 989 547 ლარს შეადგენა, რაც 92 ბინის რეაბილიტაციისთვის იყო გათვლილი. საბოლოოდ, ფირმამ ობიექტის მშენებლობის ვალდებულება 965 ათას ლარად აიღო. სამუშაოები, კონტრაქტის მიხედვით, 2009 წლის 30 მარტს დაიწყო და 15 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ობიექტი მხოლოდ თვენახევრის წინ დატოვეს.
"საშინელი პირობები გვაქვს. სამუშაოები არ არის დასრულებული, არ არის წყალგაყვანილობა. საძირკველში ფეკალური მასებია ჩასული და ორ მეტრზეა დაგუბებული. გამკეთებელი არავინაა", - ამბობენ დევნილები.
სამშენებლო კომპანია "ბლოკ ჯორჯიას" წარმომადგენლის შახი ლატარიას თქმით, დევნილთა საცხოვრებელ კოლექტიურ ცენტრებში ძველი კედლები იყო, მშენებლობა კი ზამთრის პერიოდში მიმდინარეობდა და დევნილებმა კედლებს გაშრობა არ აცადეს. "როდესაც შენობაში ხალხი ცხოვრობს, პარალელურ რეჟიმში რთულია მუშაობა. ამან დამატებითი დრო მოითხოვა. თუმცა, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე თითქმის ბოლომდეა მიყვანილი. ზოგიერთ ობიექტზე ორ კვირაში, ზოგან კი ერთ თვეში დავასრულებთ ყველაფერს," - ამბობს შახი ლატარია.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ინგირში მცხოვრები დევნილთა კომპაქტური ცენტრი არ არის ერთადერთი ობიექტი, სადაც სარეაბილიტაციო ვადები დაირღვა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარა, სამეგრელო, ზემო სვანეთის სამმართველოს ხელმძღვანელი ლევან მიქავა ამბობს, რომ მშენებლებისთვის თავდაპირველად განსაზღვრული ვადები მოგვიანებით გადაიწია და ყველა კონტრაქტორს ხელშეკრულებაში ვადები გაუგრძელდათ.
თუმცა, "მუნიციპალური განვითარების ფონდის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მათ მიერ ჩატარებული ტენდერების საკონტრაქტო ვადებში ცვლილები არ არის შეტანილი. სამაგიეროდ, თითოეული კონტრაქტი მიმდინარე ტენდერების სიაში აქვთ გადმოტანილი. შესაბამისად, გასულ წელს ჩატარებულ და დასასრულებელ ტენდერებზე მითითებულია: მიმდინარე კონტრაქტებისა და ტენდერების სია, რომელიც 2010 წლის 23 თებერვლით არის დათარიღებული. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, სულ სამეგრელოში მიმდინარე კონტრაქტების რიცხვი 32-ია (თითეული მათგანი რამდენიმე კომპაქტურ ცენტრს აერთიანებს), აქედან 9 - ზუგდიდში მიმდინარე კონტრაქტია.
"მუნიციპალური განვითარების ფონდის" მიერ სულ ტენდერების შედეგად გამოყოფილი თანხა 7 მილიონ ლარზე მეტია. სატენდერო პირობების მიხედვით, ობიექტების რეაბილიტაციის ფაქტობრივი ღირებულება 8 მილიონზე მეტს შეადგენდა. ზუგდიდში ჩატარებული 9 ტენდერიდან 7 შპს "ბლოკ-ჯორჯიას" აქვს მოგებული. დანარჩენი ორი კი - შპს "ინდუსტრია 2"-სა და შპს "მონოლოთმშენს". სწორედ ეს უკანასკნელია ერთადერთი კონტრაქტორი, რომელსაც რეაბილიტაციის დასასრულებლად საკონტრაქტო ვადა ჯერ კიდევ აქვს. ფირმა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ შემდეგ კომპაქტურ ცენტრებში ახორციელებს: სოფელ ურულუში მდებარე მაღაზიაში "საქმიანი ეზო", სოფელ განმუხურში მდებარე საერთო საცხოვრებელში და სოფელ ახალაბასთუმანში მდებარე წყალსადენის სამმართველოს #1, #2 და #3 შენობებში, "ხორცკომბინატში" და რკინაბეტონის ქარხანაში განთავსებულ ბინებში. სამუშაოები კომპანიამ აღნიშნულ ობიექტებში მიმდინარე წლის 24 მარტამდე უნდა დაასრულოს, რომელთა რეაბილიტაცია გასული წლის 27 ივლისს დაიწყო. 132 ბინის რეაბილიტაციის ფაქტობრივი ღირებულება 1 465 428 ლარს შეადგენდა. "მონოლოთმშენი" კი მის მშენებლობას 790 000 ლარად ახორციელებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა სხვა კოლექტიურ ცენტრში კი რეაბილიტაციის ვადები გაურკვეველი დროით გადაიდო და დევნილები თითქმის ყველგან ერთიდაიგივე პრობლემებზე საუბრობენ. სოფელ რუხში იპოდრომის #2 და #3 შენობებში განთავსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ბინებში რეაბილიტაციის დასასრულებად შპს "ბლოკ ჯორჯიას" ხელშეკრულების მიხედვით, ვადა მიმდინარე წლის 25 იანვარს ამოეწურა. აღნიშნულ ბინებთან ერთად სატენდრო პირობები ზუგდიდში უსინათლოთა საზოგადოეაბის #1 და #2 სახლების მშენებლობას ითვალისწინებდა. სულ 79 ბინის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული ტენდერის აღნიშნულ ლოტში, რისთვისაც კომპანიამ "მუნიციპალური განვითრების ფონდიდან" 798 000 ლარი მიიღო.
"მშენებლობა 15 ივნისს დაიწყო და ჯერ არ არის დასრულებული. რაც გააკეთეს, იმითაც არ ვართ კმაყოფილი. წყალი საერთოდ არ არის შენობაში. გვითხრეს, ჭაბურღილს გავაკეთებთო. მაგრამ როდის იქნება, არ ვიცით. არადა, ასე დიდხანს ვეღარ გავჩერდებით. წყალი მაშინ მოდის ამ ტერიტორიაზე, როდესაც წვიმს და ისიც საშინლად მღვრიეა. რას ვსვამთ, ვინ იცის და ამასაც ვედრებით ვეზიდებით," - ამბობს სოფელ რუხში იპოდრომის დასახლებაში მცხოვრები დევნილი ნუნუ ხუწარია, სადაც მასთან ერთად 30-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
დევნილები ამბობენ, რომ ჭერიდან წყალი უკვე ჩამოდის. სამზარეულოსთვის კი მეტლახი მიუტანეს და იქვე დაუყარეს. "რად მინდა მასალა, თუ ვერ გავაკეთე. არანაირ დახმარებას ჩვენ არ ვიღებთ. შუქი შემოგვიყვანეს, მაგრამ ნათურა არ გვაქვს," - ამბობენ დევნილები.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ვალერი კოპალეიშვილი აცხადებს, რომ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში დევნილებმა გამოთქვეს სურვილი, რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებები შეტანილიყო, რამაც დამატებითი დრო მოითხოვა. რაც შეეხება, ოთახებში ბზარების გაჩენას და სხვა კოსმეტიკურ ხარვეზებს, კოპალეიშვილი ნაწილობრივ დევნილებს, ნაწილობრივ კი კლიმატს აბრალებს. "დასავლეთ საქართველო ნესტიანია. ამიტომ მოვლა ჭირდება. თუ არ მოუარე და ოთახები გამოკეტე, ისედაც გაფუჭდება ყველაფერი," - ამბობს კოპალეიშვილი.
"დევნილები ევრორემონტს მოითხოვენ, ამის თანხები ნამდვილად არ არის. ჩვენ მიერ ათვისებული თანხა საკმარისია ისეთი რემონტისათვის, რაც ნახეთ. დევნილთა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია ჩვენთვის მომგებიანი ნამდვილად არ ყოფილა. რემონტი უმადური საქმეა," - ამბობს "ბლოკ ჯორჯიას" წარმომადგენელი შახი ლატარია.
რაც შეეხება კომპაქტური ჩასახლების ცენტრებში წყლისა და კანალიზაციის სისტემის არარსებობას, სამინისტროს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ეს პროცესი ობიექტების რეაბილიტაციის დროს არ ყოფილა გათვალისწინებული და მათ მოსაწესრიგებლად ცალკე ტენდერი უკვე გამოცხადდა.
"შენობის რეაბილიტაცია ცალკე კონტრაქტია ყოველთვის, წყალმომარაგებას და კანალიზაციას კი სხვა კომპანიები აკეთებენ. შენობების რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დასრულებულია, დარჩენილია კოსმეტიკური სამუშაოები და ახლა უკვე დაიწყება წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება," - ამბობს ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ვალერი კოპალეიშვილი.
თუმცა, როდის დაიწყება დაპირებული წყალგაყვანილობის სამუშაოები, ამ დრომდე უცნობია. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე დასრულდა. "მაგრამ სატენდერო მასალებში რაც იყო აღნიშნული, ყველგან შესაცვლელია პროექტი. ამიტომ არის შეჩერებული. როგორც კი მივიღებთ შეცვლილ პროექტებს, სამუშაოებიც დაიწყება," - ამბობს ლევან მიქავა.
ვიდრე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში პროექტების მოლოდინში არიან, შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ზუგდიდში მცხოვრები რამდენიმე ათეული დევნილი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩეს. ყოფილ ყრუ მუნჯთა დასახლებაში (ობიექტი კერძო საკუთრებაშია) მცხოვრებ 33 დევნილ ოჯახს მესაკუთრე იქ ყოფნის ვადას 1 ივნისამდე აძლევს. სახელმწიფოსა და კერძო მფლობელს შორის არსებული დავის გამო დევნილთა სახლების რეაბილიტაციის პროცესი აღნიშნულ ობიექტს ამ დრომდე არ შეხებია.
დევნლები უყურადღებობაზე ჩივიან. ყოფილი ყრუ-მუნჯთა დასახლება ბოლო 4 წელია, შპს "საბითუმო ბაზად" გადაკეთდა და მისი ამჟამინდელი მფლობელი ზაურ კვიკვინიაა. აღნიშნული პიროვნება ბიზნესის სფეროში საკმაოდ ცნობილი ფიგურაა. კვიკვინია სათამაშო ბიზნესის "სამი ტუზის" მფობელია, რომლის საკუთრებაშია, ასევე, არაერთი ქონება სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის არის "ქუთაისის ტორპედოს" 100%-ის მესაკუთრე.
ზუგდიდში, ყოფილ ყრუ-მუნჯთა დასახლებაში კვიკვინიას საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე დევნილების საცხოვრებელი შენობის გარდა, სხვა კომერციული ფართებია განთავსებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე კვიკვინიას წარმომადგენელი მისი სიძე ლაშა ლაღიძეა. სწორედ მისი განცხადებით, 1 ივნისიდან დევნილებს შენობაში აღარ გააჩერებენ. "ადამიანური მომენტის გათვალისწინებით, ამ დრომდე ვაჩერებდით დევნილებს აქ. თან ყოველ წელიწადს გვეუბნედობენ, ეს არჩევნები გვაცადე და მერე გავიყვანთ ამ ხალხსო. ახლაც ვაცლი მაისამდე და მერე წასვლა მოუწევთ," - ამბობს ლაშა ლაღიძე.
ყოფილ ყრუ მუნჯთა დასახლებაში მდებარე სხვის ნანგრევებში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ იქ დიდხანს ისედაც ვეღარ გაჩერდებიან. ყურადღებას კი არავინ აქცევთ. "სად არ ვიყავით, რამდენი განცხადება არ დავწერეთ, ჩვენი პატრონი არავინაა. უკიდურეს მდგომარეობაში ვართ. ეპიდემია გვემუქრება. შენობაში სველი წერტილები, საერთოდ, არ არსებობს. არანაირი რეაბილიტაცია ჩვენ არ შეგვხებია. 5 სული 2 ოთახში ვართ გამოკეტილი," - ამბობს გალის რაიონიდან დევნილი მარი ჯაჯავა.
ლტოლვითა და განსახლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დევნილები აღნიშნული ობიექტიდან მას შემდეგ გავლენ, რაც სხვაგან შესახლების შესაძლებლობა იქნება. რაც შეეხება კომპაქტურ ცენტრებში უკვე შესახლებულ დევნილებს, სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფართების დაკანონების პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც რეაბილიტაცია საბოლოოდ დასრულებულ სახეს მიიღებს. "დაკანონება მოხდება მას შემდეგ, როდესაც დასრულდება რეაბილიტაცია. თავის მხრივ, პრივატიზაცია გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს. ჯერ დევნილებთან მიდის სამოქალაქო რეესტრი, ადგენს ოჯახის შემადგენლობას, შემდეგ ხდება აზომვითი სამუშაოები, რომლის პარალელურადაც ეკონომიკის სამინისტროსა და დევნილ ოჯახს შორის იდება ხელშეკრულება, რომელსაც აფორმებს საჯარო რეესტრი," - ამბობს ვალერი კოპალეიშვილი.
სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენლების თქმით, ჯერჯერობით, ზუგდიდში პრივატიზაცია არც ერთ ობიექტში არ განხორციელებულა. "კოლექტიურ ცენტრებში შესულია მხოლოდ სამოქალაქო რეესტრი. პრივატიზაციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა იმის გამო, რომ საჯარო რეესტრს ჰქონდა ნახაზები, რომლებიც იყო რეაბილიტაციამდე. ამიტომ ამას დამატებითი დრო ჭირდება," - ამბობს ლევან მიქავა.
ზუგდიდში, დევნილთა უფლებებზე მომუშავე არასამთარობო ორგანიზაცია "სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის" წარმომადგენელი ირაკლი ავალიანი აცხადებს, რომ პირვატიზაციის პროცესი სამინისტროს მხრიდან გარკვეულწილად ხელოვნურად არის შეჩერებული. "სამინისტრო აჩერებს ამ პროცესს, რომ სხვა რეაქციები არ მოჰყვეს დევნილებში. პირველი არის ის, რომ სამინისტროს არ შეაქვს მონაცემები დევნილთა ოჯახების ზუსტი რაოდენობის შესახებ, რადგან დევნილებს სურთ ოჯახები გაყონ და ცალ-ცალკე მიიღონ სარგებელი. რაც ხელოვნურად გაზრდის რიცხვს," - ამბობს ირაკლი ავალიანი.
დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, საცხოვრებელი ფართები დევნილებს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, ოჯახზე - 1 ლარად უნდა გადაეცეთ. "სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტში" აცხადებენ, რომ დევნილები ნაკლებად ინფორმირებულები არიან თავიანთ უფლებებზე, რასაც მათ ცენტრში დევნილთა მხრიდან შესული მიმართვების რაოდენობა ადასტურებს. ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ 2008 წელთან შედარებით, უკმაყოფილო დევნილების რიცხვი, რომლებიც იურიდიულ დახმარებას საჭიროებენ, 2-ჯერ გაიზარდა.
თეა ზიბზიბაძე
10.03.2010 |