მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
mTavari Tema
პროფესია მსახიობი

ნდობას - მისი განვლილი გზით, სცენასა თუ ეკრანზე შექმნილი სახეებით, დამოკიდებულებით თეატრისა და პროფესიის მიმართ. მსახიობის ეს პროფესიული თუ ადამიანური მონაპოვრები გახდა მიზეზი მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიით დაჯილდოებისა: მარიკა სამანიშვილს ვერიკო ანჯაფარიძის პრემია მიენიჭა. დამსახურებული პრემია ღირებულებათა გადაფასების ეპოქაში. ღირებულებებზე, თეატრზე, ცხოვრებაზე საინტერესო მოსაზრებებით "ახალი გაზეთის" სტუმარია მარიკა სამანიშვილი.

თეატრი

თეატრი იმიტომ მიყვარს, რომ თეატრი არის ქვეყნის, ადამიანების, ცხოვრების, მიმდინარე პროცესების სარკე. თუ ამ სარკეში ჩაიხედავ და იქ არ იქნება ჭეშმარიტებამდე აყვანილი ხელოვნება, არ დაგხვდება მნიშვნელოვანი სათქმელი, მაშინ ფუჭია მსახიობის ცხოვრება. ჩვენ რისთვის ვცხოვრობთ? ვცხოვრობთ და ვარსებობთ მაყურებლისთვის. მაყურებელს უნდა გავუწიოთ დიდი ანგარიში და განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ. როგორი გვინდა იყოს თანამედროვე თეატრი? დროს ახალი ტენდენციები მოაქვს, იცვლება პროცესები. თუკი ჩვენ ამ პროცესებში არ ჩავერთეთ და სულ სიახლისკენ არ წავედით, ეს თეატრი, მსახიობის პროფესია, სცენა დაემსგავსება ჭაობს. არც ერთი ღამე არ გამითენებია, თეატრზე რომ არ ვიფიქრო ტკივილით, თუ სიხარულით. იმდენად არის იგი შემოჭრილი ჩემს ცხოვრებაში, ჩემს ორგანიზმში, ჩემს სისხლში, რომ მე არ შემიძლია ამის გარეშე ცხოვრება. თეატრში მოსვლა უცაბედი მოვლენა არ ყოფილა ჩემთვის, შემთხვევით არ მოვხვედრილვარ სცენაზე: ცარიელია სცენა, შევსება გვჭირდება და დაგვეხმარეო, არავის უთქვამს. რაც დავიბადე, იმ დღიდან ვარ მსახიობების წრეში, ჩემთვის სხვა პროფესია არ არსებობდა, ორგანულია ყველაფერი, რაც თეატრს და ხელოვნებას უკავშირდება. რამდენი წლისაც ვარ და მეხსიერება შემოდის ჩემს ცხოვრებაში, იმ დღიდან უნათესავდება ჩემი სიცოცხლე სიმღერას, ლექსს, ცეკვას და სცენას. ასე, რომ თეატრის მტვერი როდის გადავყლაპე, არ მახსოვს. თეატრთან ასეთ სიახლოვეს განაპირობებდა ის, რომ დედა იყო თეატრალი ქალი. იპოლიტე ხვიჩია ჩვენი ნათესავი იყო, მისი გავლენაც ძლიერი გახლდათ. როცა მესმის, რომ ვინმე ამბობს, თეატრი არ მაინტერესებსო, მიკვირს - აბა, რა აინტერესებს? ცარიელი მგონია იმ ადამიანის ცხოვრება. სასკოლო თეატრების ფესტივალი ჩატარდა ჩვენთან და მე მივესალმები იმას, რომ ეს კოდი იდება ახალ თაობაში, რადგან ჩვენთან დამკვიდრდა ის ტენდენცია, რომ თუ ჩინოსანი მოდის სპექტაკლზე, მარტო მაშინ მოყვება მას ცა და ქვეყანა. მედიაც მაშინ ინტერესდება სპექტაკლით და მაშინ ივსება დარბაზი. როცა გქვია მსახიობი, ყველა მოვლენის მიმართ გაგაჩნია პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა მაძლებინებდა და მაძლებინებს, მალახინებდა ყველა დიდ სიძნელეს ცხოვრების განმავლობაში. ზოგჯერ რაღაც მტკივნეული საკითხების მიმართ არ მინდა რეაგირება, ამით თითქოს ჩემს ჯანმრთელობას ვუფრთხილდები, მაგრამ რად მინდა ჩემი ჯანმრთელობა, თუკი ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ. ვიღაცა არ ვარ ამ თეატრში, ფოთოლი რომ დაჭკნეს, იმასაც განვიცდი. ჩვენი სახლიაო, თუკი ვამბობთ, მაშინ შენს სახლზე პასუხისმგებელი ხარ. ამ სახლს უნდა გააჩნდეს დიდი კულტურა. ეს უნდა ჩანდეს სცენის მუშიდან დაწყებული, დასრულებული ნებისმიერი შემომსვლელით თეატრში. უნდა ჩანდეს მაყურებლის მიმართ დიდი პატივისცემა, მაგრამ ამასთან - სიმკაცრეც, თეატრის ეტიკეტის დაცვის მოთხოვნაც. ამას მოჰყვება ჯაჭვური რეაქცია: ეს ყველაფერი გადავა ფოიედან კულისებში, კულისებიდან - სცენაზე, სცენიდან - დარბაზში და გაიზრდება ამით მაყურებელი.

გახსოვდეს სიცოცხლე!..

ჩემი ბენეფისი არ ყოფილა იმ მომენტში მოფიქრებული, დიდხანს ვფიქრობდი მასზე, ვამატებდი დეტალებს, რადგან თავად ჩემი ცხოვრებაა მრავალმხრივი, მრავალფეროვანი. ამანაც განაპირობა ბენეფისის ისეთი ფორმა. ხალხს ჰგონია, რომ ბენეფისი მხიარული საღამო უნდა იყოს, მაგრამ მსახიობის ცხოვრება არ არის მხიარული და ბედნიერი, მითუმეტეს - საქართველოში. აქ გჭირდება ძალიან დიდი ძალა, რომ ადამიანმა თავი გადაირჩინო, მითუმეტეს მსახიობმა! გჭირდება უდიდესი ენერგია, რომ იყო ფორმაში და გამოიყურებოდე ღირსეულად. მაყურებელმა არ უნდა იგრძნოს, რა ტრიალებს შენს გულში, შენს ოჯახში, სამსახურში, ცხოვრებაში. ეს უნდა იყოს ისეთივე ვალდებულება და აუცილებლობა, როგორი ბუნებრიობითაც შენ ატარებ შენს სახელსა და გვარს. ჩვენი პროფესია გვავალდებულებს, რომ ჩვენ შევინიღბოთ: არ მოვახვიოთ თავს ჩვენი ტრაგედია ვინმეს, რადგან მაყრებელს უნდა იქ მისვლა, სადაც განტვირთვას ნახავს და არა ის, რომ კიდევ უფრო დაიძაბოს და დამძიმდეს. ამას ყველაფერს ჭირდება ძალიან დიდი ოსტატობა, ძალიან დიდი სიყვარული სიცოცხლის. ამიტომ მიყვარს განსაკუთრებით ოთარ ჭილაძე და მისი დევიზი - "გახსოვდეს სიცოცხლე!" შენ არ ხარ მარტო იმისთვის მოვლენილი, რომ ფუფუნებაში იცხოვრო და დედამიწამ შენს გარშემო იტრიალოს.

მე ჩემს ცხოვრებაზე რომ მოვყვე, ამას არავინ დაიჯერებს. დამიჯერებს ვინმე, რომ მე ტომრები მაქვს ნათრევი, რომ ჩემი ოჯახი მერჩინა?! ვიჯექი კიბის ქვეშ - ქარიშხალში, თოვლში, წვიმაში?! საიდან წამოვსულვარ, რომ საღამოს სპექტაკლი მეთამაშა: იმხელა გზები უნდა გადამევლო, რომ თეატრამდე მომეღწია. ამას ვერავინ დაიჯერებს. ჩემი მეგობრები გაოგნებულნი არიან ჩემი ცხოვრებით. მიუსაფარი ხდები, როცა მამა, დედა, ძმა გეკარგება, მაგრამ შენ თუ მოტყდი, შენს შვილებსაც იგივე უწერიათ, რაც შენ გაიარე. მაგრამ არის ღმერთი და ბუნება, რომელსაც ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ცხოვრებაზე, ვისაც შეუძლია ამის დანახვა. ამიტომ მარტო არასდროს არა ხარ. შენი ცხოვრება შენ უნდა შექმნა, არავინ მოგიტანს ხონჩით არაფერს.

როცა გასული საუკუნის 90-ან წლებში ქვეყანა აირია, საშინელი პროცესები დაიწყო, ამ დროს მე ვფიქრობდი თეატრზე, ლექსზე, გაზაფხულზე, რომანტიზმზე. ამით ვხალისობდი და სხვებს ვახალისებდი, ვაწყნარებდი - ყველაფერი კარგად იქნება. არ შეიძლება ამას ჩავყვეთ. ყველაფერი სატირალი გადამქონდა მხიარულებაში, ამას ძალიან დიდი ძალა ჭირდებოდა. როცა უცხოური სპექტაკლები მითამაშია, სადაც ეწერა, რომ ნერვებს არ უნდა აჰყვე, სულ მიკვირდა, რა გახდა ეს ნერვები ასეთი, რა ცხოვრება აქვთ ასეთი, რომ სულ ნერვებზეა საუბარი? დღეს უკვე ვხვდებით, რას გულისხმობდნენ ამაში. ასაკიანი ხალხი უფრო ჯანმრთელად გამოიყურება დღეს, ვიდრე ახალგაზრდები და საშუალო თაობა. მიუხედავად ამისა, მაინც იმედითა ვარ.

მიხარია, რომ ჩემს ქალაქში ვარ, ჩემს თეატრში, რაღაც სიახლეებიც შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს არის კუს ნაბიჯებით სვლა. რატომ არ ჰყავს თეატრს მაყურებელი? ვეძებთ ამის მიზეზებს, მაგრამ საერთო მდგომარეობა როგორია? ამხელა თეატრს გაავსებ ყოველ დღე? მოსაწვევით ვპატიჟებ ადამიანს და არ მოდის, ცარიელია ადგილი. ამაზე მეტი შეურაცხყოფა მსახიობისთვის არ არსებობს.

ვარსკვლავური "თამაშები"

ვარსკვლავების გახსნა ძალიან ღირებულია, პრემიების მიღებაც ღირებული და აუცილებელია, რომ გაკეთეს და მიენიჭოს, მაგრამ ხდება კი იმის გაცნობიერება, ვარსკვლავი რასაც ნიშნავს? გაუფასურებულია ვარსკვლავის სტატუსი. შენ როცა ვარსკვლავი ხარ და სახელმწიფო განიჭებს ვარსკვლავს, შენი ცხოვრება არ უნდა შეესაბამებოდეს ვარსკვლავისას? შენ ცოტათი არ უნდა განსხვავდებოდე სხვებიდან? მაშინ რა ღირებულება აქვს ამას?! ვარსკვლავი, პირველ რიგში, ეკონომიკურ გაუმჯობესებას უნდა ნიშნავდეს. რაღაცისგან უნდა გათავისუფლდე, მაშინ არის ეს ვარსკვლავი ღირებული. მაგრამ შენ თუ იგივე მდგომარეობაში დარჩი, რაღა აზრი აქვს? 31 ნომერ სამარშრუტო ტაქსშიც არ არის ჩემი ადგილი ზოგჯერ, არათუ რაიმე პრივილეგიაზე ვაცხადებ პრეტენზიას. ტრაგი-კომედიაა ჩემი ცხოვრების ჟანრი. მწერლური ნიჭი არ მაქვს.

რაც შეიძლებოდა, ბენეფისზე გავაკეთე, მაგრამ ჩემი ცხოვრების სრული სურათი რომ შეიქმნას, არაჩვეულებრივი წიგნი და სპექტაკლი გამოვიდოდა. პოზიცია შეუცდომელნი არავინ ვართ, მაგრამ ჩემი ღირსება არასოდეს წამიშლია ამ თეატრში. როცა მეუბნებოდნენ, რომ არ გინდა, დაივიწყე, შეურიგდი -მეცინებოდა. თქვენ მე რა პატივი უნდა მცეთ მაშინ, როცა ამდენ რამეს ვლაპარაკობ, სიმართლეს გეუბნები, ამდენი ტკივილი მომაყენა სიმართლის დაცვის პროცესმა, როგორც მე, ასევე - სხვებს და მათ შორის დააზარალა მაყურებელიც და ამის შემდეგ მე რომ შევცვალო პოზიცია და გამოვაცხადო "давайтеბ ребятаბ жить дружно", თქვენ მე მომიწონებთ ამას - მეთქი? მე არ ვცემ ისეთ ადამიანს პატივს, რომელიც დღეს სხვას ამბობს და ხვალ - სხვას. თუკი უღირსსა და ღირსეულს შორის განსხვავება არ არის, რაა მაშინ ცხოვრება?!

"ბამბაზიის სამოთხე"

ეს ფილმი იყო ჩვენი დიდი სიყვარულის და ტკივილის გამოძახილი. პოლიტიკური მნიშვნელობაც გააჩნია. თეატრი მაინც ცოცხალი ორგანიზმია და კვდება; კინო კი ინახავს, ამიტომ კარგია, რომ კინოდ დარჩება ეს სპექტაკლი. როდესაც ეს ფილმი თბილისში ჩავიტანეთ, ომში შვილდაღუპულ დედებს ვანახეთ, ვერ გადმოვცემ, რა სუფევდა დარბაზში. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე ქართველი დედის სახე შევქმენი, ისეთი ადამიანიების, რომლებიც ცოცხლები არიან და დიდ ტკივილს ატარებენ, არა მარტო პირადს, არამედ - ერის ტკივილს. მიყურებდნენ და მეუბნებოდნენ, ასე როგორ შეძელითო ჩვენი სატკივარის გადმოცემა, მადლობა ცოტაა იმისთვის, რაც გვინდა ჩვენ გითხრათო. ეს ფილმი და სპექტაკლი ერთგვარი შეხსენებაც იყო იმ მივიწყებული ამბების, რაც ყველას სატკივარია. მეგობრები მეუბნებიან, რომ ეს როლი არის შენი დამოკიდებულება დღევანდელი დღის მიმართო და ეს მართალია. ამიტომ მოახდინა ჩემს ჯანმრთელობაზე გავლენა. რატომ გვართმევენ სულ ჩვენ ტერიტორიებს?! ომები არ ყოფილა სხვა ქვეყნებში?! "რაც კარგები ვართო", რომ ვიძახით, სულ დაჩაგრულ მდგომარეობაში რატომ უნდა ვიყოთ?! თუკი ასეთი კარგები ვართ, ისე უნდა ვიყოთ, რომ ვერ გაგვიბედონ.

როლები

 რამდენი როლი გაქვსო შესრულებული, როცა მეკითხებიან, ვამბობ 4-მეთქი. მე ასე ვთვლი. დიდი მსახიობები და რეჟისორები თვლიდნენ, რომ თუ რეჟისორს აქვს 5 კარგი სპექტაკლი, შემდგარი ავტორი და შემოქმედიაო. ყველა როლს ერთნაირად ვერ ვითამაშებთ. არის გამორჩეული როლებიც.

აი, ის 4 გამორჩეული როლი: თამარს ვთამაშობდი გამსახურდიას "ზარები გრიგალში", "შავ კომედიაში" ლოთი ინგლისელი ქალი განვასახიერე, პრემიაც ავიღე მაშინ. ელენე - "ბამბაზიაში" და "ცილინდრში" განსახიერებული როლი - 1987 წელს. ისეთ როლებზე ვლაპარაკობ, რაც დაუვიწყარია ჩემთვის და მაყურებლისთვის. ერთი და იგივე პასუხისმგებლობით ვეკიდები ყველა როლს, მაგრამ ყველა ისეთი არ გამოდის, როგორიც გინდა, ამიტომ სულ ძიებაში ვარ...

ჩემი სახელი არ არის მარტო ის სპექტაკლი, რომელშიც ვთამაშობ, არამედ თეატრის წარმატებაა, ჩემი წარმატება. თეატრში აუცილებლად უნდა იყოს ბირთვი ნიჭიერი და წამყვანი მსახიობების. ეს ჰქონდა გოგი ქავთარაძეს, იური კაკულიას, ედგარ ეგაძეს. მოსინჯვების დრო არ არის! თუკი რომელიმე კონკრეტული მსახიობის არ გჯერა, რატომ აწვალებ მაყურებელს და პარტნიორებს, როცა იცი რომ არ გამოვა მისი თამაში?! რასაც ვამბობ, თუკი არის მხოლოდ ამბიციით ნაკარნახევი და არა ყველას სატკივარი, ხმას არ ამოვიღებ. როლი ჩანასახს ჰგავს: როცა ვიღებ როლს, იწყება მისი ზრდა. ამიტომ ამას ერთ თვეში ვერ გააკეთებ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ვისაც ადვილი ჰგონია და უცებ აკეთებს, ის პროფესიონალი ნაკლებად არის. ჩვენ ვცხოვრობთ პირფერობის ხანაში. ეტყვიან რომელიმეს: შენ ხარ არაჩვეულებრივი და ამას აყვება ყველა. პიარით იქმნის სახელს, აგორებული მითით და არა - რეალური ნიჭით. ნათქვამია, როცა უგნურს აძლევ შენიშვნას, ის მტრად გექცევა და როცა ბრძენს - ის მადლიერიაო. არ ვდებ თავს სიბრძნეზე, მაგრამ ყოველთვის მადლიერი ვარ, როცა აზრიან შესწორებას მაძლევენ.

მებრძოლი

მე ვარ ბრძოლისუნარიანი მსახიობი, მაგრამ არიან ნიჭიერები, რომელთაც ბრძოლა არ შეუძლია. მათ შორის, ახალ თაობაშიც და ეს უფრო მტკივა. ადამიანები დღეს უფრო ამბიციურები არიან, ვიდრე ამის რეალური საფუძველი აქვთ. მე ვარ იმ კატეგორიის მსახიობი, რომ ვიბრძოლო და სხვა რაღაც კიდევ გავაკეთო. ნუგზარის დროს, როცა კონფლიქტი მქონდა თეატრის მთავარ რეჟისორთან, გავედი განზე და ცალკე დავიწყე სპექტაკლის კეთება, მაგრამ იცით რად მიჯდებოდა? მე და ჩემი შვილი რკინებით მხარზე დავდიოდით თბილისში. სიმწრით მოვიპოვე თანხა, რომ ეს ჩემი სპექტაკლი მეკეთებინა. მე გავაგრძელე მუშაობა და არ დამიწყია თეატრში ხმაური, ან წუწუნი, მაგრამ დღეს ორი სცენა გვაქვს, რატომ უნდა ვაკეთო კიდევ სხვაგან? მინდა ჩემს თეატრში გავაკეთო. სამი წელია ბენეფისის და `ბამბაზიის~ გარდა, ახალი არაფერი გამიკეთებია. "გოდოს მოლოდინში" უნდა დაგვედგა და `გოდოს მოლოდინი~ გოდოს მოლოდინად გადაგვექცა მართლაც, სხვადახვა მიზეზების გამო. როდემდე გასტანს ეს მოლოდინი?!


ეკა კუხალაშვილი
10.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: „ახალი გაზეთი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: LfUsPn <a href="http://ucjpurejvlwc.com/">ucjpurejvlwc</a>, [url=http://unvfoqgwwbdo.com/]unvfoqgwwbdo[/url], [link=http://rsttxxlapwik.com/]rsttxxlapwik[/link], http://yisieanljjog.com/
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
valutis kursebi
10-09-2010
1.851   0.0063
2.3524   -0.0001
2.8607   0.0254
5.9928   -0.0098
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 29 °C + 28 °C
ღამით + 19 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.