მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ადვოკატ მარინა ჩიტაძის ,,საიდუმლო"...
ადვოკატ მარინა ჩიტაძის საიდუმლო
საბა წიწიკაშვილი
ქართლის ხმა


გორელ ადვოკატ მარინა ჩიტაძეს კლიენტისგან 7 000 ლარის მოტყუებით აღება, ხოლო დედა-შვილის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და მათ დაშანტაჟებაში მონაწილეობის მიღება ბრალდება. თუ დამტკიცდა რომ ადვოკატმა 7 000 ლარი როგორც ჰონორარი ისე აიღო, ამით დადასტურდება რომ ,,ჩიტაძე და კომპანია" ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საადვოკატო ბიურო იყო მთელს შიდა ქართლში. სხვა შემთხვევაში სასამართლო და პროკურატურას მიაჩნია, რომ ჩიტაძემ ეს ფული პროკურორთან და მოსამართლესთან ერთად გაიყო. თუ ვინ იყო ის ,,რკინის კაცი" ვისთანაც ჩიტაძეს პოლიციაში და სასამართლოში მიჰქონდა ფული, ჯერ-ჯერობით ვერაფრით მტკიცდება. იმ პერიოდში სასამართლოს თავმჯდომარე ბონდო ვათიაშვილი, ხოლო რეგიონის პროკურორის მოვალეობას გიორგი კავსაძე ასრულებდა.

ამჟამად მარინე ჩიტაძე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ მისჯილ გადაწყვეტილებების გამო თავისუფლება აღკვეთილია. უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების უშედეგობის შემთხვევაში საქმეს მისი ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნის. მანამდე პროკურატურა და გამოძიება მარინა ჩიტაძესთან დაკავშირებით ბევრი დეტალის გარკვევას ცდილობს, კერძოდ თუ რამდენად მართალია 2006 წლის მაისში ,,ჩიტაძე და კომპანიის" ოფისის ოთახში დედა-შვილის დატყვევება, მათი იძულება შეცვლილი ჩვენების დასაწერად და შემდგომ ამ ახალი ჩვენებების პროკურატურაში გაგზავნა. ერთი სიტყვით, ამ ბურუსით მოცულ საქმეებს მივყვეთ, სადაც ადვოკატი მარინა ჩიტაძე თავს უდანაშაულოდ თვლის და შესაბამისად, საამისოდ არგუმენტებიც მოჰყავს.

თამაზ ქოქაშვილის საქმე

2006 წელს ხიდისთავში მაცხოვრებელ ერთ-ერთ გავლენიან პიროვნებას, თამაზ ქოქაშვილს, არასრუწლოვანი მეზობელი, ლევან მოციქულაშვილი გადაეკიდა. მიუხედავად მათ შორის ასაკის სხვაობის, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე მოციქულაშვილი თამაზ ქოქაშვილის სახლის წინ ,,ხლაპუშკებს" უფეთქებდა. ეს ფაქტი 24 აპრილს მოხდა. აფეთქებებისგან შეწუხებულმა თამაზ ქოქაშვილმა გამოიტანა სანადირო თოფი და როგორც ლევან მოციქულაშვილი ამბობს, მას დამიზნებით ესროლა.

,,როგორც კი დავინახე რომ თოფი გამოიტანა, სახლში შევვარდი და გაისროლა კიდეც. ტყვია კედელს მოხვდა~ - ამბობს ლევან მოციქულაშვილი.

ლევანის დედა მზია ლუკაშვილი სახლში იმყოფებოდა. ინციდენტის შემდეგ გარეთ გავიდა და მეზობელ თამაზ ქოქაშვილს მკაცრად უსაყვედურა - შეშვებოდა მის შვილს. მეზობლებს შორის დავა ჯერ კიდევ 2004 წლიდან მოდის. 2004 წელს ლევან მოციქულაშვილმა თამაზ ქოქაშვილს ელექტრომრიცხველი მოპარა, ხოლო ქოქაშვილმა პოლიციაში იჩივლა. 2004 წელს არასრულწლოვან ლევან მოციქულაშვილს მოსამართლე ქართლოს სულბაერიძემ სასჯელის სახით პირობითი მისცა. მხარეებს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. მხარეები ადასტურებენ, რომ ლევან მოციქულაშვილი სწორედ იმის გამო გადაეკიდა მეზობელ თამაზ ქოქაშვილს, რომ მრიცხველების მოპარვისთვის ქოქაშვილმა პოლიციაში უჩივლა.

ლევან მოციქულაშვილის დედამ მზია ლუკაშვილმა 2006 წლის 24 აპრილის ქმედება შვილის მოკვლის მცდელობად შეაფასა და ამჯერად 5 დღის შემდეგ, პოლიციაში შვილებთან ერთად იჩივლა. როგორც თავად ამბობს, იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო. 29 აპრილს სამეფო ქუჩაზე მდებარე საგამოძიებო განყოფილებაში გამომძიებელი გონელი წითლიძე დახვდა.

გამომძიებელ წითლიძეს დედა-შვილის დაკითხვა ძვირად დაუჯდა. 4 დღის შემდეგ ლევან მოციქულაშვილმა და მისმა დედამ მზია ლუკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ თამაზ მოციქულაშვილის წინააღმდეგ ჩვენება გამომძიებელმა გონელი წითლიძემ და მისი რჩევით მოყვანილმა ადვოკატმა ციცო შავშვილმა დააწერინეს.

თამაზ ქოქაშვილი 1 მაისს იყო დაკავებული, ხოლო სასამართლომ მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით 4 მაისს იმსჯელა.

არსებით განხილვაში გადაზრდილი აღკვეთის ღონისძიება...

თამაზ ქოქაშვილს ახლობლებმა ადვოკატად მარინა ჩიტაძე აუყვანეს. მხარეები სასამართლო პროცესზე 4 მაისს შეიკრიბნენ. მოსამართლე ზაზა რამიშვილს აღკვეთის ღონისძიებების სახეობებზე უნდა ემსჯელა. პროცესზე გამოცხადდნენ გამომძიებელი ილია თაყაძე და მისი ზედამხედველი პროკურორი ირაკლი გრძელიძე. სასამართლოში ასევე გამოჩნდნენ დაზარალებულები - მზია ლუკაშვილი და ლევან მოციქულაშვილი. როგორც წესი, აღკვეთის შერჩევისას მოსამართლეს დაზარალებულები საერთოდ არ სჭირდება. მოსამართლე ზაზა რამიშვილს უნდა გადაეწყვიტა მხოლოდ ერთი რამ - გამოძიების დასრულებამდე რა ბედი უნდა სწეოდა თამაზ ქოქაშვილს? მის მიმართ წინასწარი პატიმრობა ან კიდევ გირაო უნდა შეფარდებულიყო. როგორც წესი, სხვა შემამსუბუქებელი გარემოება ამ დროისთვის ეჭვმიტანილის სახით დაკავებულებს არა აქვთ.

როგორც სხდომის ოქმებიდან ირკვევა, პროცესი ადვოკატმა მარინა ჩიტაძემ გახსნა.

,,ჩემთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ მზია ლუკაშვილმა და ლევან მოციქულაშვილმა პროკურატურას მიმართეს განცხადებით, სადაც აცხადებენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თამაზ ქოქაშვილის მიმართ საჩივარი გამომძიებელმა გონელი წითლიძემ საკუთარი ,,კარნახით" და სასურველი სიტყვებით დააწერინა. ამდენად, მიმაჩნია, რომ დაიკითხოს როგორც დაზარალებული ლუკაშვილი და მოციქულაშვილი, ასევე გამოძიებელი გონელი წითლიძე" - განაცხადა ადვოკატმა მარინა ჩიტაძემ პროცესზე.

მომდევნო სიტყვა პროკურორმა ირაკლი გრძელიძემ წარმოსთქვა. ,,მე მიზანშეწონილად არ ვთვლი ამ საქმეში გამომძიებლის დაბარებას, მაგრამ რაც შეეხება დაზარალებულ დედა-შვილს, ცუდი არ იქნება მოვიწვიოთ" - თქვა ირაკლი გრძელიძემ, რომელიც პროკურატურაში როგორც ახალგაზრდა კადრი, გიორგი კავსაძის მიყვანილი იყო, ვის კვალსაც, სავარაუდოდ, მარინა ჩიტაძის საქმეში მისდევს გამოძიება.

მოსამართლე ზაზა რამიშვილმა ,,ადგილზე თათბირით" დაადგინა, რომ დაზარალებულები მიწვეულნი ყოფილიყვნენ.

,,მე როდესაც პოლიციაში მივედი, ძალიან გაბრაზებული ვიყავი იმის გამო, რაც ჩემს შვილს გაუკეთა. მინდოდა მხოლოდ თამაზ ქოქაშვილის შეშინება, რათა თავი დაენებებინა ჩემი შვილისათვის. საგამოძიებო განყოფილებაში შევხვდი გამომძიებელ გონელი წითლიძეს. მომაყვანინა ადვოკატი ციცო შოშიაშვილი, რომელსაც არც ვიცნობდი და მათი კარნახით დავწერე ჩვენება თამაზ ქოქაშვილის წინააღმდეგ. მას ჩემი შვილისთვის თოფი არ უსვრია და არც არაფერშია დამნაშავე" - განაცხადა მიწვეულმა მზია ლუკაშვილმა პროცესზე.
ამის შემდეგ დაიბარეს არასრულწლოვანი ლევან მოციქულაშვილი. მისი ჩვენებით, თამაზ ქოქაშვილს ხელში არავითარი სანადირო თოფი არ სჭერია და არც კი უსვრია მისთვის.
,,მოსამართლე ზაზა რამიშვილი ისე გაერთო არსებით განხილვაში, რომ თვით გამომძიებელი გონელი წითლიძეც კი დაიბარა. გონელი წითლიძეს კითხვებს ძირითადად მარინა ჩიტაძე უსვამდა.

გონელი წითლიძე: (გამომძიებელი) - ,,როდესაც მზია ლუკაშვილი ჩვენთან საგამოძიებო განყოფილებაში მოვიდა, განყოფილების უფროსმა დამავალა მისთვის მომესმინა.. მითხრა ადვოკატს ვსაჭიროებო და მთხოვა რომელიმე ადვოკატის ნომერის მიცემა. ჩვეულებრივ დავკითხეთ დაზარალებული, დაწერა ჩვენება და 1 მაისს გადავიტანე პროკურატურაში და ჩავაბარე პროკურორს".

გამომძიებელს მხარეებმა მოუსმინეს და შემდეგ უკვე თვით ის არასრულწლოვანი შემოიყვანეს, რომელსაც თამაზ ქოქაშვილმა, პირვანდელი ვერსიით, სანადირო თოფი ესროლა. მოსამართლისა და პროკურორის კითხვაზე, თუ რატომ მისცა ჩვენება თამაზ ქოქაშვილის წინააღმდეგ, ლევან მოციქულაშვილმა განმარტა, რომ ეს იყო გამომძიებელ გონელი წითლიძის და ადვოკატ ციცო შოშიაშვილის ნაკარნახევი.

თამაზ ქოქაშვილი გაამართლეს...?

როგორც ვხედავთ, დედა-შვილმა მზია ლუკაშვილმა და ლევან მოციქულაშვილმა სასამართლოს არსებითად განსხვავებული ჩვენებები მისცეს. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ოფისში არ ახსოვთ მსგავსი პრეცედენტი, აღკვეთის ღონისძიების დროს მოსამართლე და პროკურორი ასე არსებით განხილვაში შესულიყვნენ საქმეში.

4 მაისის პროცესზე პროკურორმა ირაკლი გრძელიძემ განაცხადა, რომ დაზარალებულების ჩვენებით თამაზ ქოქაშვილი მართალია. ,,ამდენად, რაკიღა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მიმაჩნია, რომ თამაზ ქოქაშვილის მიმართ შემოტანილი შუამდგომლობა დაპატიმრების შესახებ უსაფუძვლოა, უკან გავიტანთ და დატოვეთ განუხილველად" - უთხრა ირაკლი გრძელიძემ მოსამართლეს. იგივე გაიმეორა გამომძიებელმა და პროკურორს დაეთანხმა.

მოსამართლე ზაზა რამიშვილი თავის გამოტანილ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ ახსენებს დაზარალებულების მიერ ჩვენების შეცვლის ფაქტებს და მხოლოდ და მხოლოდ ახსენებს იმას, რომ პროკურორმა და გამომძიებელმა შუამდგომლობები უკან გაიტანეს. მოსამართლე ზაზა რამიშვილმა გამოიყენა სსსკ 140-ე მუხლის მე-18 ნაწილი. თამაზ ქოქაშვილი სხდომის დარბაზიდან გაანთავისუფლეს. ყველა მშვიდად და წყნარად დაიშალა. დედა-შვილიც სახლში მშვიდად დაბრუნდა. ისინი რატომღაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენების შეცვლის გამო მათ არავინ დასჯიდათ.
გადიოდა დღეები, კვირეები. 20 დღის შემდეგ პროკურატურა მოულოდნელად აფორიაქდა.

მაისის ბოლოს, თითქმის 20 დღის გასვლის შემდეგ, 2006 წლის 24 მაისს რეგიონის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კავსაძე გორის პოლიციის უფროსს ატყობინებს, რომ გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში დასაკავებელია მოქალაქე მზია ლუკაშვილი და მისი შვილი ლევან მოციქულაშვილი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის გამო.

იბადება კითხვა, თუ რატომ გაახსენდა რეგიონის პირველ პროკურორს ჩვენების შეცვლის ფაქტი 20 დღის დაგვიანებით? გორის პოლიციის უფროსმა ზურაბ ჭაბუკიანმა მზია ლუკაშვილი და ლევან მოციქულაშვილი 31 მაისს დააკავა. პროკურორმა მეორე დღესვე მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო დედის - მზია ლუკაშვილის მიმართ, ხოლო დაპატიმრება - ლევან მოციქულაშვილის მიმართ. თუმცა მოსამართლე ბონდო ვათიაშვილმა დედასაც და შვილსაც გირაო, სულ 5 ათასი შეუფარდა..

ამბავი, თუ რატომ შეცვალეს ჩვენება თამაზ ქოქაშვილის სასარგებლოდ...

მოგვიანებით შედარებით მსუბუქად დაწყებული გამოძიება დედა-შვილის მიმართ, ახალ დეტალებს იძენს. ყველასათვის მოულოდნელად, მზია ლუკაშვილი და ლევან მოციქულაშვილ 21 ივნისს გორის პროკურორს გიორგი ცერცვაძეს ისეთ განცხადებას სწერენ, რამაც ძირეულად შეცვალა სიტუაცია.

მკითხველს მოეხსენება, რომ პროკურატურამ მზია ლუკაშვილის და მისის შვილის ლევან მოციქულაშვილის წინააღმდეგ გამოძიება 4 მაისის სხდომაზე ჩვენების შეცვლის გამო დაიწყეს. 21 ივნისს კი მზია ლუკაშვილი და ლევან მოციქულაშვილი გორის პროკურორს სწერენ, რომ ჩვენების შეცვლა აიძულა თამაზ ქოქაშვილის ნათესავებმა ადვოკატ მარინა ჩიტაძის წაქეზებით..

რა მოხდა მარინა ჩიტაძის ოთახში ღამის 10 საათზე...

,,4 მაისის პროცესზე ჩვენს მიერ ჩვენების შეცვლა გამოწვეული იყო იმ მიზნით, რომ ჩვენზე განხორციელდა ზეწოლა თამაზ ქოქაშვილის ნათესავების მხრიდან. კერძოდ, 2 მაისს ღამით მიმიყვანეს სამხარეო პოლიციასთან, საიდანაც გამოვიდა ადვოკატი მარინა ჩიტაძე და წავედით მარინა ჩიტაძის ოფისში. ეს ხდება ღამის 10 საათზე. მარინე ჩიტაძის კარნახით შევცვალე ჩვენება, თან მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ არავინ შეგეხებათ, ოღონდ თამაზი გამოვიდეს და არ დაიჭირონო. მარინეს არავითარი ზეწოლა არ მოუხდენია, მხოლოდ მარწმუნებდა. ჩემს შვილს ლევანის კი თამაზ ქოქაშვილის ნათესავები ემუქრებოდნენ, სოფელში ვეღარ გაიჭაჭანებთ და სახლ-კარს გადაგიწვავთო. ამდენად იძულებულები ვიყავით თამაზ ქოქაშვილის სასარგებლო განცხადება ჩიტაძის ოფისში დაგვეწერა" - სწერს პროკურორ გიორგი ცერცვაძეს მზია ლუკაშვილმა.

ასეა თუ ისეა, მზია ლუკაშვილმა 21 ივნისს გორის პროკურორს მისწერა თამაზ ქოქაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატ მარინა ჩიტაძისგან ზეწოლის შესახებ. 2008 წლის ზაფხულამდე მარინა ჩიტაძეს მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა. თუმცა შედეგი არ ჩანდა. მხოლოდ 2008 წლის ზაფხულში გადაწყვიტა პოლიციამ მისი დაკავება და დააკავეს კიდეც.

საბრალდებო დასკვნით, ,,2006 წლის 2 მაისს, თამაზ ქოქაშვილის მეუღლე - მარინა ფაცინაშვილი და ნათესავი ქეთევან ქუთათელაძე მივიდნენ ადვოკატ მარინა ჩიტაძესთან და უთხრეს, რომ ქოქაშვილის დასახმარებლად მზად იყვნენ ქონება გირაოს სანაცვლოდ ჩაედოთ. ადვოკატმა მარინა ჩიტაძემ მათ განუმარტა, რომ თამაზ ქოქაშვილს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და მისი გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო დაზარალებულ ლევან მოციქულაშვილისა და მოწმე მზია ლუკაშვილის მიერ თამაზ ქოქაშვილის სასარგებლოდ ცრუ ჩვენების მიცემა და წააქეზა ისინი, რომ თუ ლევან მოციქულაშვილი და მზია ლუკაშვილი ნებით არ დათანხმებოდნენ თამაზ ქოქაშვილის სასარგებლოდ ცრუ ჩვენების მიცემაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია, მაშინ შანტაჟის და ქონების განადგურების მუქარით იძულებული გაეხადათ დედა-შვილი თამაზ ქოქაშვილის სასარგებლოდ მიეცათ ცრუ ჩვენებები". - წერია საბრალდებო დასკვნაში.

პროკურატურამ დადგენილად ჩათვალა ის ფაქტი, რომ 3 მაისს დილით თამაზ ქოქაშვილის ნათესავებმა მარინა ჩიტაძის ,,კონსულტაციის" შესრულება დაიწყეს და სოფელ ხიდისთავში დაზარალებულ დედა-შვილს მიაკითხეს მუქარით. თუკი დედა-შვილი თამაზ ქოქაშვილის წინააღმდეგ ახალ გამამართლებელ ჩვენებებს არ დაწერდნენ, მაშინ სახლ-კარს გადაუწვავდნენ.

ამის შემდეგ, ,,ქონების განადგურების მუქარით შეშინებული მზია ლუკაშვილი იძულებული გახდა თამაზ ქოქაშვილის ადვოკატის - მარინა ჩიტაძის კარნახით თავისი და ლევან მოციქულაშვილის სახელით, სასამართლოს თავმჯდომარის და შიდა ქართლის ოლქის პროკურორის მოვალეობის შესმრულებლის სახელზე დაეწერა განცხადებები, რომ თითქოს მათ მოუვიდათ შეცდომა და თამაზ ქოქაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს გამომძიებლისა და ადვოკატის მითითებით" - განმარტავს საბრალდებო დასკვნა.

აღნიშნული ფაქტი 4 მაისის სასამართლო პროცესზე მოხდა, როდესაც თამაზ ქოქაშვილი დარბაზიდან გამოუშვეს. შემდეგ 20 დღის შემდეგ მიხვდა თურმე ოლქის პროკურორი გიორგი კავსაძე, რომ დაზარალებულმა დედა-შვილმა ჩვენებები შეცვალა. 24 მაისს დედა-შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ისინი 31 მაისს დააკავეს და წინასწარი პატიმრობის სანაცვლოდ გირაო გადაიხადეს. 21 ივნისს დედა - მზია ლუკაშვილი გორის პროკურორს სწერს, რომ 4 მაისის სასამართლო სხდომაზე თამაზ ქოქაშვილის სასარგებლოდ მიცემული ჩვენება ზეწოლისა და მუქარის ქვეშ მისცა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

მარინა ჩიტაძე ბრალდებებს პასუხობს...

როგორც ვნახეთ, მარინა ჩიტაძის და თამაზ ქოქაშვილის ნათესავების წინააღმდეგ ახალი ჩვენებები მზია ლუკაშვილმა და ლევან მოციქულაშვილმა 2006 წლის 21 ივნისს დაწერეს. მარინა ჩიტაძე კი მხოლოდ ორი წლის შემდეგ 2008 წლის ზაფხულში დააკავეს. განაჩენი მის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ 2009 წლის 28 იანვარს გამოიტანა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება 2009 წლის 10 სექტემბერს ძალაში დატოვა. ამჯერად, მარინა ჩიტაძე უზენაესი სასამართლოდან ელოდება ახალ გადაწყვეტილებას.

მარინა ჩიტაძე: ,,2006 წლის 2 მაისს დაახლოებით 22-23 საათზე, ჩემთან სახლში მოვიდნენ გორის III საჯარო სკოლის დირექტორი გურამ აბრამიშვილი და ჩემთვის უცნობი ორი მანდილოსანი, როგორც შემდეგ გაირკვა თამაზ ქოქაშვილის მეუღლე - მარინა ფაცინაშვილი. მათ მთხოვეს დაკავებულ თამაზ ქოქაშვილის ადვოკატი ვყოფილიყავი. ვინაიდან მე და გურამ აბრამიშვილი წლების განმავლობაში ვახლობლობთ, დავთანხმდი იმავე ღამეს იზოლატორში მენახა დაკავებული. რამდენიმე ხანში გავერკვიე სიტუაციაში რაც ხდებოდა. ვინაიდან დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობდა. აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა განხილულიყო 72 საათში, გასული იყო 24 საათი. მეორე დღეს ჩემთან მოვიდნენ თამაზ ქოქაშვილის მეუღლე - მარინა ფაცინაშვილი და მისი ნათესავი ქეთევან ქუთათელაძე. მათ ავუხსენი, რომ აღკვეთის ღონისძიების განხილვისას სასამართლო შეზღუდულია, რაც იმას ნიშნავდა რომ არ მოხდებობდა თამაზ ქოქაშვილის ბრალეულობის განხილვა. გარდა ამისა, გამოძიება ,,მაგრად იდგა" სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლზე. მოვლენები შესაძლებელია შემდეგნაირად განვითარებულიყო. ქოქაშვილს დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე შეეფარდებოდა პატიმრობა, რის შემდეგაც ჩემი შუამდგომლობის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად დარწმუნებული ვიყავი 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება მოიხსნებოდა და სახეზე გვეყოლებოდა უკანონო პატიმრობა, რასაც მოჰყვებოდა ცრუ დასმენა და უფრო და უფრო მძიმე შედეგები, როგორც მწარმოებელი ორგანოსათვის, ასევე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ხოლო თუ მზია ლუკაშვილი ჩვენებას შეცვლიდა, ე.ი. რეალობას იტყოდა, მაშინ ყველა იმ ნეგატიურ მოვლენას თავიდან ავიცილებდით. შესაძლებელი იყო დამდგარიყო მზია ლუკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. აი ეს რეალობა იყო გამოვლენილი ჩემს მიერ და აქედან გამომდინარე როგორ ვეტყოდი მარინა ფაცინაშვილსა და ქეთევან ქუთათელაძეს ,,წადით და ძალით შეაცვლევინეთ ჩვენება". ჩემი ამომწურავი ახსნა-განმარტების შემდგომ, როგორც ჩანს, თამაზ ქოქაშვილის მეუღლემ და ასევე მისმა კიდევ ერთმა ახლო ნათესავმა გაითავისეს მხოლოდ მათთვის მისაღები და სასარგებლო კონსულტაცია და გადაწყვიტეს, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ მიეღწიათ დაზარალებულის მხრიდან ჩვენების შეცვლა."

სასამართლო სხდომაზე ქეთევან ქუთათელაძემ თქვა, რომ ჩიტაძის მხრიდან მიცემულ იქნა რჩევა იმის შესახებ, რომ თუ ლუკაშვილის მიერ იქნებოდა ჩვენება შეცვლილი, მაშინ თამაზ ქოქაშვილს ეშველებოდა, თუმცა არავითარ მუქარაზე არ ყოფილა საუბარი. ,,რატომ სჭირდება ბრალმდებელს ,,ქონების განადგურების მოტივის" ჩაქსოვება?" - კითხულობს მარინა ჩიტაძე.

,,კვალიფიკაცია რომელიც მოერგო ჩემს მიმართ აკინძულ საქმეს გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის II ნაწილი: ,,მოწმის, დაზარალებულის ... იძულება თუ ამას თან ერთვის ქონების განადგურების შესახებ მუქარა. ე.ი. დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულოა მუქარა ქონების განადგურების შესახებ, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში დანაშაულის შემადგენლობა არა გვაქვს." - ასკვნის დაკავებული ადვოკატი.

ბესიკ ნალიყაშვილის საქმე

2006 წლის 18 ივნისს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გორში მცხოვრები ბესიკ ნალიყაშვილი დააკავა. მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და სხვა პირთან ერთად, ტელეფონის გამოძალვაში დასდო ბრალი.

ბესიკ ნალიყაშვილის დედამ შვილის ინტერესების დასაცავად ადვოკატი მარინა ჩიტაძე დაიქირავა. მან მარინა ჩიტაძეს ნაცნობების რჩევა-დარიგებით მიაკითხა.

,,თავდაპირველად 400 ლარი შევიტანე ადვოკატის ანგარიშზე. იმ დროისთვის მარინამ მითხრა, რომ ადვოკატის გამოცდები ჩაბარებული არ ჰქონდა და ჩემი შვილის ინტერესებს ფორმალურად მის ადვოკატურაში მომუშავე გიგა ჯეირანაშვილი დაიცავდა. მარინა კი მის უკან იდგებოდა. ჩემს შვილთან ერთად დაკავებული იყო ჩვენი ნათესავი. ადვოკატები შემპირდნენ, რომ მასაც დაიცავდნენ. ამის გამო გადავიხადე 400-400 ლარი." - განუცხადა ბესიკ ნალიყაშვილის დედამ გამოძიებას.

2006 წლის ოქტომბრის თვეში მარინა ჩიტაძემ ნანი ნალიყაშვილს ჰკითხა, თუ რამდენი თანხის შეგროვება შესძლო. აღმოჩნდა, რომ ნანი ნალიყაშვილს იმ ეტაპზე 6 000 ლარი ჰქონდა შეგროვებული, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. 2006 წლის 2 ნოემბერს ნანი ნალიყაშვილს ხელთ ჰქონდა უკვე დაახლოებით 7 000 ლარი. ადვოკატმა მარინა ჩიტაძემ აღნიშნული თანხა გადასაცემად დედამისთან სახლში პარტიზანის ქუჩაზე მიატანინა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ,,დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მარინა ჩიტაძე პერიოდულად ეუბნებოდა ნანი ნალიყაშვილს, რომ ბესიკ ნალიყაშვილის გასათავისუფლებად საჭირო იყო გარკვეული თანხა. 2006 წლის ოქტომბრის თვეში, ზუსტი დრო დაუდგენელია, მარინა ჩიტაძე დაუკავშირდა ნანი ნალიყაშვილს და უთხრა, რომ მისულიყო მის საადვოკატო ბიუროში. შეხვედრისას მარინა ჩიტაძემ ნანი ნალიყაშვილს უთხრა, რომ მოსამართლესთან და პროკურორთან საქმის მოსაგვარებლად საჭირო იყო გარკვეული ფულადი თანხა და თანხის ოდენობას შეატყობინებდა მოგვიანებით."

როგორც შემდგომ გაირკვა, გორის რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 30 იანვარს ბესიკ ნალიყაშვილს 6 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნანი ნალიყაშვილმა ადვოკატ მარინა ჩიტაძეს გადახდილი თანხა უკან მოსთხოვა, რაზედაც უარი მიიღო. ამის გამო ნანი ნალიყაშვილმა გადაწყვიტა ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ადვოკატისთვის პროკურატურაში ეჩივლა.

ადვოკატი მარინა ჩიტაძე თვლის, რომ მის მიერ ნანი ნალიყაშვილისგან აღებული თანხა მხოლოდ და მხოლოდ არის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ მიღებული თანხა ანუ ჰონორარი.

,,რა შეიძლება დაერქვას იმას, რასაც ჰქვია ბესიკ ნალიყაშვილის სასარგებლოდ სასამართლო სამივე ინსტანციაში მონაწილეობის მიღება, გადაწყვეტილებების (განაჩენების) გასაჩივრება, შუამდგომლობების დაყენება, პატიმრების განთავსების ადგილებში მონახულება, კონსულტაციები და ა.შ. არის თუ არა ეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება? ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ ნანი ნალიყაშვილმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა - შედეგით კმაყოფილი ვარო, მაშინ ყველაფერი ნათელია. იგი ყველაფერს კადრულობს რომ დაიბრუნოს მის მიერ გადახდილი თანხა და თანაც სრულად. საკითხავია, რატომ უნდა მოვმსახურებოდი მას საზღაურის გარეშე?" - ამბობს მარინა ჩიტაძე.

ერთი სიტყვით, ყველაფერი კვლავ წინ არის. უზენაესს სასამართლოს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია. არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მარინა ჩიტაძე და მისი ინტერესების დამცველები სტრსაბურგის სასამართლოში აპირებენ ჩივილს. საქმე იქამდე მიდის, რომ გამოძიებისთვის უცნობი რჩება ის პროკურორი და მოსამართლე, რომელთანაც ნანი ნალიყაშვილის თანხა მარინა ჩიტაძეს უნდა ,,მიეტანა". თუმცა მარინა ჩიტაძე ამ ფაქტის მცდელობას უარყოფს და ამბობს, რომ 7 000 ლარი მისი ჰონორარია. აქ გამოძიებას კიდევ ერთი პრეტენზია აქვს. გამოძიების აზრით, თუკი მარინა ჩიტაძემ შემოსავლის სახით მიიღო 7 000 ლარი, მაშინ რატომ არ იქნა აღრიცხული იგი როგორც შემოსავალი. საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დიდი რაოდენობით გადასახადის თავიდან არიდება იწვევს პასუხისმგებლობის საკითხის დასმას. მარინა ჩიტაძე კი თვლის, რომ მან ბიუჯეტს დიდი რაოდენობით თანხა არ დაუმალა.

,,ფიზიკური პირი პასუხს აგებს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე თავის არიდებისათვის. დაბეგვრის საგანს ამ შემთხვევაშუი წარმოადგენს შემოსავალი მომსახურებიდან, ხოლო დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დიდი ოდენობით გადასახადებისაგან თავის არიდებაში. ე.ი. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს - გადასახადის დიდი ოდენობა. სწორედ ეს მოვლენა იკვეთება ჩემს ქმედებაში, თუმცა ობიექტური მხარის გარეშე; და სუბიექტური მხარეც არ იქნებოდა ჩემსა და ნანი ნალიყაშვილს შორის რომ მომხდარიყო წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება დარჩენილ თანხაზე" - ამბობს მარინა ჩიტაძე.



საბა წიწიკაშვილი
10.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ქართლის ხმა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.