მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ბაადურ სამადაშვილი: "კლასიკა რჩეულთა ხვედრია"

 - ნათქვამია, მუსიკა ყველაზე ძლევამოსილი ინსტრუმენტია: გზის გაკვლევა სულის ყველაზე დაფარულ კუნჭულშიც შეუძლიაო...

- ადამიანს, რაც კი ყველაზე ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი შეუქმნია ხელოვნებაში, ეს არის მუსიკა. ეს არის "არარსებული"~ ხელოვნება. ის არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა ჟღერს. ჩვენი ხელოვნება ბგერის ხელოვნებაა. იაპონელები ამბობენ: `რასაც ეხები, ეს არ არის მარადიული, ხოლო რასაც არ ეხები, ის მარადიულია. სწორედ ეს არის მუსიკა. მუსიკა ჩემი პროფესიაა, ცხოვრებაა, არსია, აზრია.

- ქართული მუსიკალური კულტურის სავანე ქუთაისი იყო. როგორ ფიქრობთ, რამდენად აფასებენ და პატივს სცემენ კლასიკურ მუსიკას ჩვენს ქალაქში და რამდენად არის განვითარებული აქ საოპერო ხელოვნება?

- ქუთაისს გენეტიკურად მოდგამს სცენის სიყვარული. ამ ქალაქიდან არის ბევრი სცენის კორიფე. ამბობდნენ, თუკი ქუთაისს მოსწონს, მაშინ მთელ მსოფლიოს მოსწონს. დღეს არცთუ ისე ბევრია კლასიკური მუსიკის მოყვარული. არ ვიცი, შეიძლება ისინი არ ჩანან. მინდა მოკრძალებით ვთქვა: არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ აფიქსირებენ თავის პოზიციას, არიან კრიტიკოსები, შემფასებლები, რომლებიც კარგზე ცუდს იტყვიან, ან პირიქით, ცუდზე - კარგს. სამწუხაროა. ეს შეიძლება პირადი ინტერესებიდან იყოს გამომდინარე, მაგრამ სიმართლეს ვერსად გაექცევი. მე წარმოშობით ქუთაისიდან ვარ. ჩემი მიზანია, ჩემი მისიაა ამ დიდი მუსიკალური ტრადიციების მქონე ქალაქში, ელემენტარული, პატარა წვლილი შევიტანო ქართული კლასიკური მუსიკის დაცვასა და აღორძინებაში. დღევანდელი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრ სირთულეს ვაწყდებით, მაგრამ იმედია ყველაფერი ამოძრავდება. ყველა მონდომებულია, განსაკუთრებით - პროფესიონალები. მაქსიმალურად ვცდილობთ კარგი და ხარისხიანი სპექტაკლები დავდგათ.

- როგორია ჩვენს ქალაქში ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულება ოპერის თეატრის მიმართ?

- საერთოდ, მსმენელთა დაინტერესება რომ მაღალი იყოს, აუცილებელია კარგი და ხარისხიანი სპექტაკლი მიაწოდო მაყურებელს. ჩვენს თეატრში მაღალი დონის ოსტატები ჩამოდიან, რომლებიც მსოფლიოს წამყვან თეატრებში მართავენ კონცერტებს. ასეთ კონცერტებზე მაყურებელთა რაოდენობა დიდია, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ აქაური კადრი მათ ხარისხით, ოსტატობით და გამოცდილებით ჩამოუვარდება. სამწუხაროდ, აქ კარგი ხარისხის სპექტაკლსაც კი არ ჰყავს მსმენელთა საჭირო რაოდენობა. რაც შეეხება ახალგაზრდობას, მათ მუსიკისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე უნდა ჩაუნერგონ.

- თქვენი აზრით, რამ უნდა შეუწყოს ხელი მოზარდის მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას?

- ეს არა მარტო ქუთაისის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემაა. პირველ რიგში, მუსიკის შესწავლა სასწავლო დაწესებულებებში სავალდებულო უნდა იყოს. ჩვენ კომუნისტებს ვაძაგებთ, მაგრამ გასულ საუკუნეში არსებული განათლების სისტემა საუკეთესო მარგალიტი იყო საერთო განათლების. ამ საერთო განათლებიდან გამომდინარე, მუსიკალური განათლების მიღება სავალდებულოდ ითვლებოდა. როდესაც დიდია კონტიგენტი, იქიდან ბევრის არჩევაც შეიძლება. თუკი მხოლოდ ერთი შემსრულებელია, ასარჩევიც არაფერია. დღეს ასეთი მდგომარეობაა ჩვენთან. დიდაქტიკური დამოკიდებულებით უნდა მივუდგეთ ამ საქმეს. ქუთაისში საკმაოდ მაღალი კლასის მუსიკალური სკოლები, პედაგოგები მუშაობენ. მათ უნდა დააინტერესონ ბავშვები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მუსიკისადმი სიყვარული ოჯახიდან, მშობლებიდან და ტრადიციიდან უნდა მოდიოდეს. როდესაც ბავშვი ამ სფეროში შემოსვლას იწყებს, ის სწავლობს მრავალი წელი, შრომობს, წვალობს, მერე კი ქუჩაში რჩება. არავითარი შემოსავლის წყარო არ აქვს. სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, თავს იკავებენ ამ პროფესიის დაუფლებაზე. ჩვენი პროფესია ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესიაა.

- როგორ ფიქრობთ, სკოლებში სააბონემენტო სისტემის შემოღება შეუწყობს ხელს ამ პრობლემის მოგვარებას და ახალგაზრდების დაინტერესების გაზრდას ოპერის თეატრის მიმართ?

- სააბონემენტო სისტემას თავისი პეწი და ორგანიზებულობა სჭირდება. ეს სკოლის პედაგოგებზეც არის დამოკიდებული. დღეს მოსწავლე სკოლაში დადის ჯინსით, აბსოლუტურად შეუზღუდავია, ან საერთოდაც არ დადის. ის, რომ ოპერის თეატრში შემოიყვანო და "ტრავიატა" უჩვენო, მას, პირველ რიგში, ელემენტარული ქცევის კულტურა უნდა ჰქონდეს. შეგიძლიათ ეგოიზმში ჩამითვალოთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ოპერა ყველა ადამიანისთვის გასაგები არ არის. არ არის სავალდებულო, ყველას ესმოდეს კლასიკური მუსიკა. კლასიკა რჩეულთა ხვედრია: 5 კარგი მსმენელი ჯობია, 500 უვარგისს.

- რამდენად მისაღებია თქვენთვის საოპერო ხელოვნებაში თანამედროვე ელემენტების შეტანა?

- გათანამედროვების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ეს არის ხელოვნების დეგრადაცია. არსებობს გენიალური სიმღერა "ჩიტო-გვრიტო", რომელსაც ბატონი ბუბა კიკაბიძე ასრულებს. ამ სიმღერის გარემიქსებული ვარიანტი ნამდვილად არ მომწონს. არ ვიცი, შეიძლება მე ჩამოვრჩი თანამედროვეობას. ჩემთვის მისაღები უფრო ორიგინალია, ვიდრე - რემიქსი, ის მაყურებელზეა გათვლილი. ასეთ შემთხვევაში ხარისხი კი არ იზრდება, პირიქით - ეცემა. რასაც სცენაზე წარადგენ, მას სიმდიდრე და პალიტრა უნდა ახლდეს. მარტივი ხელოვნება ზარმაცი და უნიჭო ადამიანების ხვედრია. რაც უფრო რთული, მძიმე და მწარეა ეს ხვედრი, მით უფრო დიდი რეზულტატი იქნება. ნათქვამია, სიცილი აუხეშებს სულს. ირონია ყველაფერზეა შესაძლებელი, გარდა - რელიგიისა. ხომ არ შეიძლება ადამიანმა მაცხოვარზე ანეგდოტები მოჰყვეს?! არსებობს ხელშეუხებელი და ხელშესახები თემები. თუკი მაყურებელი ერთ სპექტაკლზე არ დადის, მაგრამ მეორეს ესწრება, ეს სპექტაკლის და მუსიკის ხარისხზე არ მოქმედებს. ეს არის ელემენტარული კომერციული სტრუქტურა.

- როგორც საუბრობენ, მუსიკის საყოველთაო კომერციალიზაცია გლობალიზაციის პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცევა. რამდენად დასაშვებად მიგაჩნიათ ეს?

- მინდა ვთქვა, რომ გლობალიზაცია თავისთავად საინტერესო ფორმაა. ეს ნიშნავს, ადამიანებს მასობრივი ოპიუმი გაუკეთო, ერთი რელიგია, ერთი სახელმწიფო, ერთი მიმართულება, მაგრამ ის კლავს ინდივიდუალობას და ტრადიციულობას. მე მოყვარული ვარ, კარგი დამოკიდებულება მაქვს სხვა ერებთან, მაგრამ ჩემი გენეტიკური კოდი, ქართველის კოდი აბსოლუტურად განსხვავებულია. გლობალიზაციით კვდება ის, რაც ადამიანს საკუთარი და საამაყო აქვს. ჩვენ, ქართველები, მარგალიტივით ერი ვართ, საოპერო ხელოვნებაში ბევრი გენიოსი ოსტატი, მომღერალი ქართველია. შეუძლებელია ამის არდანახვა და უგულებელყოფა, არ აღიარება იმისა, რომ ის ქართველია და ქართული გენი აქვს.

- თქვენ ორი წელია ქუთაისის დასს ხელმძღვანელობთ. რამდენადაა შესაძლებელი მსახიობს მაქსიმუმი მოსთხოვო, როცა მათ გაყინულ დარბაზში უწევთ მუშაობა?

- როდესაც მუსიკოსი სცენაზე დგას, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებს, არ აქვს მნიშვნელობა, ანაზღაურებას იღებს თუ არა. ეს ყველა ხელოვანის ხვედრია. რა თქმა უნდა, გაყინულ დარბაზში სიმღერა ძალიან რთულია, ამ ყველაფერს ინსტრუმენტების პრობლემაც ემატება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მომღერალმა, რომელიც სცენაზეა, მთელი თავისი ძალა უნდა აჩვენოს. კარგი იქნება, თუკი ეკონომიკური მდგომარეობა მოწესრიგდება და მუშაობისათვის ელემენტარული პირობები შეექმნებათ მომღერლებს და შემსრულებლებს, რომ სცენაზე სიცივისაგან არ გაიყინონ.

- როგორც ვიცით, ოპერის თეატრის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

- დიახ, ჩვენთვის ეს უდიდესი სტიმულია. ახალი შენობა შენდება. ამას სერიოზული დაფინანსება ჭირდება, მთავრობაც გვერდში გვიდგას, რაც შეუძლიათ. ჩვენც ვეძებთ დონორებს, სპონსორებს. ვცდილობთ მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, ამოძრავდება მიძინებული ძალები. ადამიანს, რაც უნდა ბევრი ფული მისცე, ის უკეთესი ვერ გახდება, უბრალოდ, შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს. ყველას თავისი წესი, მდგომარეობა და ინდივიდუალურობა აქვს. როცა ფინანსური დაინტერესება იქნება, აქ მაქსიმალურად კარგი კადრები შეიკრიბება, უფრო მაღალი ხარისხის და საინტერესო სპექტაკლები გვექნება. გეგმებიც საინტერესო გვაქვს: მაისში "რიგოლეტოს" პრემიერას ვგეგმავთ; აღვადგინეთ "მინდია", "ქეთო და კოტე", ძალიან კარგად ჩაიარა "სოფლის ღირსების" წამოდგენამ, რომელიც რევაზ ჯავახიშვილმა დადგა; წარმატება ჰქონდა "ტრავიატას". ჩვენს თეატრში ჩამოგვყავს მაღალი კლასის ოსტატები. ასე, რომ, საინტერესოდ ცოცხლობს ჩვენი ოპერის თეატრი, მაგრამ აქ მინდა აღვნიშნო, რომ მძიმეა კადრების მდგომარეობა, როგორც ინსტრუმენტალისტების, ასევე - ნებისმიერი სხვა შემსრულებლებისიც. ამ ყველაფერს ეკონომიკური მდგომარეობა წყვეტს. ჩვენი პროფესია სულის გამოხატულებაა. ძნელია, ეს სულის გამოხატულება მოუკლა ადამიანს. სწორედ ამიტომ ისინი მიდიან იქ, სადაც მეტად დაფასებულები არიან, სადაც სათანადოდ სცემენ პატივს. ეს მარტო ქუთაისის პრობლემა არ არის.

- თქვენ ბრძანდებით ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. რამდენად რთულია მართო გუნდი, ორკესტრი, მომღერლები?

- ჩემს ხელშია გუნდიც, ორკესტრიც, სოლისტებიც. ძალაუფლების მომენტი არ მაქვს. უდიდესია პასუხისმგებლობა. შენი ხელის აქნევაზე ამოდენა მანქანა მუშაობს, დიდი ორგანიზმი მოძრაობს. ეს ისეთივე პროფესიაა, როგორც ნებისმიერი სხვა. პირველ რიგში, აუცილებელია მომთხოვნი იყო საკუთარ თავთან, მუსიკასთან. რასაც აკეთებ, საფუძვლიანად უნდა აკეთო. ვცდილობ ჩემს გუნდთან მუშაობის პროცესში ვიყო რბილი, მაგრამ მომთხოვნი. მე ხომ ცოცხალ ორგანიზმთან მაქვს კონტაქტი, ადამიანური ურთიერთობით უფრო მეტ რეზულტატს იღებ ყოველთვის.


მარი მუშკუდიანი
19.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: „ახალი გაზეთი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: These peiecs really set a standard in the industry.
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
24-09-2018
2.6216   0.0000
3.0854   0.0000
3.4584   0.0000
3.934   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 27 °C + 28 °C
ღამით + 15 °C + 15 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.