მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ევროპის თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც ვიჭიდავებ
სურათი: ბესიკ გოჩაშვილი, სპორტი
საქართველოს შვიდგზის ჩემპიონს და ქვეყნის პირველი ნაკრების ერთ-ერთი გამოცდილ წევრს 28 წლის ბესიკ გოჩაშვილს (55 კგ) ბოლო ორი სეზონია ქვეყნის ჩემპიონატის გამოტოვება უწევს, თუმცა იძულებითი პაუზების მერე, შარშან და წელსაც იგი საკმაოდ დამაკმაყოფილებელი შედეგით დაუბრუნდა არენას. გოჩაშვილი ორივე შემთხვევაში კიევის ტურნირით შეუერთდა ახალ სეზონს და უკრაინაში შარშან ბრინჯაოს, წელს კი ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. ერთი წლის წინ ბესიკმა კიევში მიღწეულ სეზონის სასტარტო წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოაყოლა, გამარჯვებების დიდი იმედი მას წლევანდელ სხვა შეჯიბრებებშიც აქვს.   

_ წელს საქართველოს ჩემპიონატის წინ მიღებულმა ხელის ტრავმამ ჩვენი შიდა შეჯიბრება გამომატოვებინა. ბაკურიანში ნაკრების შეკრებაზე ფაქტიურად მხოლოდ ტრავმის რეაბილიტაციით ვიყავი დაკავებული, ხალიჩაზე ერთადერთხელ შევედი, ოდენ კროსით და მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშებით ვემზადებოდი უახლოესი შეჯიბრებისათვის. კიევის ტურნირზე ბოლომდე გამოკეთებული არც ვყოფილვარ. ვჭიდაობდი ფრთხილად, ტაქტიკურად, ქულას ვიღებდი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა ამერიკელ, ბელორუს, რუს და კანადელ ფალავნებთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებებით მივედი ფინალამდე, სადაც უკრაინის სახელით მოასპარეზე სომხური წარმოშობის სპორტსმენთან ნიკოლა აივაზიანთან ბოლო წამებზე დასანანი მარცხი ვიწვნიე. იმას ვერ ვიტყვი, თითქოს ზოგადად მეორე ადგილით ვარ კმაყოფილი, უბრალოდ გამიხარდა, როცა თითქმის უვარჯიშებელმა მეტად წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირის ფინალში შევძელი გასვლა. _ გვითხრა ბესიკ გოჩაშვილმა

_ ტრავმების გამო საქართველოს ჩემპიონატის გამოტოვება მეორედ მოგიწია...

_ შარშან კუჭი მაწუხებდა და ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც იქ ვერ ვიასპარეზე მკურნალობა იყო. თუმცა იქვე გასათვალისწინებელი გახლდათ, რომ ერთი თვით ადრე თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე ჩვენი ნაკრების 55 კგ-ის ყველა ლიდერმა მივიღეთ მონაწილობა და მე ისევ სხვებზე უკეთესი შედეგი ვაჩვენე. იძულებითი უქმობისთვის ვითვალისწინებდი აგერთვე წონის კლების პრობლემასაც. ისეთ ასაკში აღარ ვარ, რომ წონის კლება და მერე აღდგენა მალ-მალე შევძლო. ვატყობ, რომ ხშირად ჭიდაობა ჩემთვის იოლი სულაც აღარაა. წონის კლების შემდეგ აღდგენის პროცესისთვის ბოლო ხანს ერთი თვეც აღარ მყოფნის. შარშან ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდევ რამდენიმე ტურნირის გამოტოვება მომიწია, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ევროპის ჩემპიონატზე შედეგის ჩვენება შემეძლო და მწვრთნელებისთვის არც მიმტყუნია _ ვერცხლის მედალი დავისაკუთრე.

_ შარშანდელი წელი თავისუფალი ჭიდაობის ეროვნული გუნდისთვის მართალია უპრეცედენტოდ მოსავლიანი არ ყოფილა, მაგრამ გორელების წვლილი წარმატებებში განსაკუთრებული იყო.


_ ჩვენი ძალა საერთაშორისო არენაზე არაერთხელ გამოგვივლენია. საერთო ქართულ გამარჯვებებში წვლილი მუდამ განსაკუთრებული შეგვაქვს. შარშან საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ოთხი მედალი მოვიპოვეთ, საიდანაც სამი გორელი მოჭიდავეების (ევროპა _ ბესიკ გოჩაშვილი, მალხაზ მუზიაშვილი; მსოფლიო _ გიორგი გოგშელიძე _ ვ.ბ) ანგარიშზეა. დიდი იმედი მაქვს მიმდინარე სეზონშიც სერიოზულ წვლილს შევიტანთ საერთო ქართულ წარმატებებში.

_ წელს კონტინენტის პირველობაზე შესაძლოა არც მოგიწიოს გამოსვლა, იქ საასპარეზოდ თქვენი უშუალო კონკურენტი თანადარბაზელი ლადო ხინჩეგაშვილია.

_ ლადო საქართველოს ჩემპიონია, სერიოზული საერთაშორისო მიღწევებიც აქვს და მჯერა მას მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებებიც ელის. მე და ლადოს შორის კონკურენციაზე საუბარიც მიჭირს, ვინაიდან იგი ჩემი ძმასავითაა. მწვრთნელები ვისაც გადაწყვეტენ ევროპაზე ის იჭიდავებს, საწინააღმდეგო მე პირადად არაფერი მექნება. თუ კონტინენტის ჩემპიონატზე ვერ მივიღებ მონაწილეობას, მაშინ ვიბრძოლებ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობისათვის. წინაა ბალავაძის სახელობის ტურნირი და სხვა შეჯიბრებები, სადაც კიდევ ერთხელ შევეცდები ჩემი სიტყვა ვთქვა.

_ სხვათაშორის ნიკოლა აივაზიანთან შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზეც მოგიწია ორთაბრძოლა და მან იქაც მოგიგო, ეს ფალავანი უხერხულ მეტოქედ იქცა შენთვის?


_ არც მთლად ასეა საქმე. აივაზიანს ერთი წლის წინ მის მშობლიურ სომხეთში სტეფან სარქისიანის სახელობის ტურნირზე მოვუგე, თანაც ფინალური პაექრობა. ბოლოს კიევში კი როგორც იტყვიან მოგებული ბრძოლა დავთმე მასთან. გადამწყვეტი ქულა რომ გააკეთა თვითონაც გაკვირვებული იყო.

_ დასასრულ შენი საკლუბო გეგმების შესახებაც გვითხარი.


_ კლუბი `ამასია შაქარსფორი~, რომელშიც მე და ოთარ თუშიშვილი ვირიცხებოდით ძალიან ძლიერი იყო, შარშან თურქეთის ჩემპიონებიც გავხდით, მაგრამ სამწუხაროდ წელს, რიგ პრობლემათა გამო ის დაიშალა და სხვაგან გადასვლა მომიწია. იქ ჯერ მარტო ვარ როგორც ლეგიონერი, თუმცა როგორც ვიცი კიდევ აპირებენ უცხოელი ფალავნების დამატებას. 

ვასილ ბალახაძე
05.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ქართლის ხმა”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.