|
ამ პასუხმა უცებ რეალობა თამაში გახადა. აღმოვაჩინე, რომ რასაც ვამბობდით ან ვაკეთებდით საბჭოთა კავშირში, ყველაფერი ტყუილი იყო და ჩვენ ყველა ამ ტყუილის მონაწილე. ყველა გარკვეულ პირობითობას ვემორჩილებოდით და რეალურ საგნებს სხვა სახელებს ვარქმევდით. ისე როგორც თეატრში, სადაც ჯოხს ცხენად წარმოგიდნენ და შენც იღებ ამ პირობითობას, მისი ნაწილი ხდები და არ მოგივა აზრად აღშფოთება გამოხატო ამ თეატრალური ტყუილის გამო.
"აღშფოთებების" ტრადიციამ მაინცადამაინც ვერც შემდგომ ხანებში მოიკიდა ფეხი. სხვა გემოვნება აღმოგვაჩნდა. ისე გავმაგრდით ამ გემოვნებაში, რომ სიყალბე, გადამეტებული პირობითობების შემთხევევები ნაკლებად გვაღიზიანებს. პირობითობად ვიღებთ და არა რეალობად სხვადასხვა მოვლენებს. მაგალითად, ომის მოგებას. ამ მოვლენაზე გვითხრეს ჩვენი გამარჯვებით დასრულდაო. ანუ ჯოხი გვაჩვენეს და ცხენიაო განგვიმარტეს. ჩვენც, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვარჩევთ ამ ორს ერთმანეთიდან, პირობითობის წესის თანახმად მივიღეთ ეს ფაქტი. თუმცა გადაჭარბებულ პირობითობასაც გააჩნია თავისი საზღვრები. ეს საზღვარი, მაგალითად, "მოდელირებულმა ქრონიკამ" წარმოაჩინა. ამ სიუჟეტის ნახვის შემდეგ ყველამ გამოაცხადა, რომ ჯოხი ცხენი არ არისო. რაღაც ტყუილისა ტყუილითა დათრგუნვის ეფექტი მოხდა. მოდელირებულმა ქრონიკამ ჩვენ ცნობიერებასა თუ ცხოვრების წესში არსებული პირობითობა გააქრო და რეალური სურათი დაგვანახა. შოკური თერაპია მოაწყო, სადაც შიშმა პირობითობას ძლია.
ალბათ სამადლობელი უნდა მივუძღვნათ იმ ხალხს, რომლებიც ასე ცუდად ხუმრობენ, თუმცა ასე "განმკურნავად" იტყუებიან. თუმცა არც ისეთი ხანგრძლივი დროით მოხდა განკურნება. "ხელისუფლებამ ბრწყინვალე" და მანათობელი ახალი პირობითობების ისეთი წყება შესთავაზა საზოგადოებას, რომ ამ საცდურს ძნელად თუ გაუძლებდა ვინმე. არჩევნებმა პირობითობათა ახალ ნაკადს დაუდო სათავე, სადაც წარმოჩინდა ხელისუფლების პირობითი ზრუნვა ხალხზე, პირობითი ყურადღება, პირობითი პატივმიგება ხალხის თუ პირობითი ინტელიგენციის მიმართ (ამ პირობით ინტელიგენციაში ერთი-ორი ნამდვილიც გამოერია მეტისმეტ აბსურდში რომ არ გადავარდნილიყვნენ). პირობითი "ღირსების ორდენის" მერე ახალი "ბრწყინვალების ორდენი" დააარსეს, რომელიც ამ საარჩევნოდ კიდევ უფრო პირობითი გახდა.
თუმცა პირველად ისეთ ვინმეს (პატრიარქს) გადასცეს, თავისი ბრწყინვალებით დააბრმავა პირობითობების მოყვარული საზოგადოება (ისე პატრიარქის შემთხვევაშიც პირობითობა - მოქმედებს უწმინდესი და უნეტარესი ხომ პირობითი სტატუსია). ამ ნათებით დაბრმავებულებმა ნებისმიერი შეიძლება მიიღონ ამ ორდენით გულდამშვენებული. ბევრი იმ ადამიანით თუ ვიმსჯელებთ, ვისაც ეს ერგო, სწორედ ნებისმიერი, არჩევის თუ გარჩევის გარეშე. თუმცა ხელისუფლებამ გარკვეული უკანდასახევი გზა მაინც დაიტოვა, მაშინ, როცა ამ ორდენს სახელს არქმევდა. როგორც მოგეხსენებათ, რაც ბრწყინავს, სრულიად არაპირობითად, ყველა ოქრო არაა. ამიტომ ამ სიაში შეიძლბა არაკეთილშობილი მეტალიც მოხვდეს, მათ შორის ერთ დროს განკიცხული და "ჩარეცხილი", მაგრამ უფალი პირობითობა ყველაფერს დაალაგებს. ხალხიც არ აღშფოთდება, როცა ბედაურის ნაცვლად ჯაგლაგს შეაჩეჩებენ. ბოლოსდაბოლოს ჯოხს ხომ ჯობია?!
ეკა კუხალაშვილი
20.04.2010 |