|
არც ერთი საუკუნე არ ჩაივლის ისე, დაკარგული თაობა (ან თაობები) რომ არ აღმოჩნდეს მის წიაღში. უნაყოფო თაობა, თაობა, რომელიც არსებობის მიუხედავად, არარსებულის ნიშნებს ატარებს, კვალს არ აჩენს, არ აისახება, ასე ლანდივით, მოჩვენებასავით მიითვლის თავის დროს. თაობა მაძიებელთა, რომელიც ეძიებს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ვერ ჰპოვებს. თუმცა მათი არსებობა მთლად უკვალოდ მაინც არ ჩაივლის, ისინი ტრაგიზმს ძენენ საუკუნეს და უგმირო ტრაგედიების თემებად და პერსონაჟებად იქცევიან, უკვე იმ თაობაში, რომელიც რაღაცის შექმნას მოახერხებს და უნაყოფობა არ ექცევა წყევლად.
მეოცე საუკუნეც ისე მიიწურა კიდევ ერთი დაკარგული თაობა შვა. უფრო სწორად დრო დაიკარგა ამ თაობისთვის. მათი დრო ისტორიულმა კატაკლიზმებმა შეიწირეს. ეს დანაკარგი აისახა ყველგან. პოეტი და მსახიობი ნიკო გომელაური დაკარგული თაობის, თუ დროის პირმშოა. თაობის, რომელსაც ერგო პოლიტიკური, სოციალური და შემოქმედებითი უნაყოფობა. იგი მოხვდა დეკადანსის ხანაში, როცა შედევრები აღარ იქმნება, თან არა თუ შედევრები, სადა ნიჭიერებაც იშვიათი შემთხვევა ხდება, ირევა ღირებულებები, გენიოსები - დილეტანტებივით ირჯებიან, პაპსა ფარავს ხელოვნებას, პოსტმოდერნი თავშესაფრად იქცევა, ისე როგორც თეთრი ლექსი - საშუალო ნიჭის ნავსაყუდელად. დალტონიზმი ეპარება მზერას, სმენას სიყრუე და მხოლოდ პოზის მიღება შეუძლიათ. პოზის, რომ რაღაც ესმით და რაღაცას ხედავენ. პოზა იქცევა ხელოვნებად, ცარიელი პოზა.
ძნელია ყველაფერი ეს არ შეიმჩნიო და იცხოვრო ისე, რომ თითქოს არსებობ, "არსებული" თაობის წარმომადგენელი ხარ, რთულია "არარსებობით" მოგვრილ სასოწარკვეთას წინააღმდეგობა გაუწიო, თეთრი ლექსების ხანაში - რითმიანი წერო. სცენაზე ითამაშო კლასიკური აზდაკი - არაკლასიკურ ეპოქაში, ითამაშო "ძმები" და ძმობა - უძმობის და გაუტანლობის ხანაში, იყვირო და ისაუბრო სიყვარულზე - მიზანთროპთა გარემოცვაში.
ნიკო გომელაური ამ ეპოქის შვილია, ეპოქის, რომელიც შემოქმედებას არ წყალობს, ხელს უშლის, აძევებს, არ იკარებს, სასიცოცხლო ძალებს აცლის მუზებთან ბევრ მოჭიდავეს. ბევრი ამის გამო უკან იხევს, სხვა სივრცეში გადადის. ცოტა მიდის ბოლომდე. ნიკო გომელაურმა ყველაფერი გადაიტანა საკუთარ თავზე, მაგრამ მაინც მოახერხა გმირები შეექმნა, ლექსები ეწერა, დროის, თაობის, საკუთარი თავიდან წამოსულ მანკიერებებს გამკლავებოდა და ეს ბრძოლა აესახა მის შემოქმედებაში. "მრავალჯერადი ღალატის", უფერული სიზმრების, "თავმდაბლობის ნაგვის" გარემოცვაში პოეზია მოეძებნა და ეპოვნა. მისი თაობისთვის სუნი, ფერი და გამოსახულება მიეცა. მრავლისმთქმელ შტრიხად, ერთ ჰანგად და ფერად დარჩენილიყო მრავალთა მახსოვრობაში. საკუთარი ხვედრი არ მიეღო და ავადმყოფობას არ დამორჩილებოდა. რამდენი ძალა და რამხელა რწმენა ჭირდებოდა ამას?! ამ შეუპოვრობამ უკვე თავის, თითქმის დაკარგულ თაობაში, აქცია მნიშვნელოვან პერსონაჟად, რომელმაც თავად შექმნა თავისი გმირი აქ, აქვე, აწმყო დროში. ანუ ნაყოფიერება მოიტანა უნაყოფობის ეპოქაში. დაკარგული დროის მაძიებელი დაკარგული თაობა ამ დღეებში თავის გმირს დაემშვიდობა.
ეკა კუხალაშვილი
20.04.2010 |