|
,,ბორჯომი~. საქართველოს ჩემპიონატი სამთო-სათხილამურო სპორტში რამდენიმე ტურად მიმდინარეობდა. იგი ბაკურიანში იანვარში დაიწყო და გუდაურში ახლახან დასრულდა. მასში ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონებისა და დედაქალაქის სამთო-მოთხილამურეები გამოდიოდნენ. შეჯიბრება ორ დისციპლინაში _ სლალომსა და გიგანტში _ სამ ასაკში გაიმართა გოგონებსა და ვაჟებს შორის. ხუთივე ტურში დიდი წარმატება ხვდათ ბაკურიანელ მოთხილამურეებს. გუნდური პირველობაც სწორედ ჩვენმა სპორტსმენებმა დაიმსახურეს, რისთვისაც გუნდი სოლიდური თანხით დააჯილდოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ. ჩემპიონატის შედეგების მიხედვით შეირჩა საქართველოს ნაკრებისათვის ის 15 მოთხილამურე, რომელიც ზაფხულში ავსტრიასა და იტალიაში გაივლიან მომზადებას.
დღეს ჩვენი სტუმარია ბაკურიანის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე სუსანა გავვა.
_ პირველი სიხარული სუსანამ 9 წლის ასაკში განიცადა და მესტიაში, სვანეთის პირველობაზე პირველი ადგილისათვის ჯილდოდ თხილამურები დაიმსახურა. სუსანამ შეამჩნია, რომ მის თანატოლ სვან მეგობრებს არ ჰქონდათ თხილამურები და მორიგეობით დგებოდნენ ერთი და იმავე თხილამურზე. სვანებმა მეორე ადგილით თასი მოიპივეს. სუსანამ მოპოვებული პრიზი _ ძვირფასი თხილამურები მათ თასში გადაუცვალა. ამ კეთილშობილურ ჟესტს იცოდა, რომ მამა მოუწონებდა და ამიტომაც თავისუფლად გადადგა ეს ნაბიჯი.
სუსანა ბევრს ვარჯიშობს, თავისუფალ დროს კი კომპიუტერთან ატარებს.
მისი თქმით, სპორტში დიდი შრომა თუ არ ჩადე, არაფერი გამოვა. პასუხისმგებლობა ორმაგად აქვს გათვითცნობიერებული _ ერთი, როგორც მშობლის მიმართ, მეორე, როგორც მწვრთნელის. ხანდახან ეშლება და სახლშიც მამას ლაშა მასწ-ს უძახის.
სუსანა საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია. მისი ძმაც ამ ჩემპიონატში წარმატებით გამოდიოდა და ჩემპიონატის მეორე პრიზიორი გახდა.
ოჯახი სპორტულია და ყველა შეჯიბრებაზე მშობლები შვილებთან ერთად დადიან.
პირველი გასვლა საზღვარგარეთ, იტალიაში ბავშვთა მცირე ოლიმპიადაზე ,,პინოქიო~-ზე ჰქონდა. ამა წლის მარტში კი იტალიაში 2-ჯერ ჩავიდა ,,პინოქიოსა~ და ,,ტოპოლინო~-ს შეჯიბრებებზე. ასევე ასპარეზობდა თურქეთის საერთაშორისო შეჯიბრებაზე.
თUუ ადრე სუსანას სლალომი უფრო მოწონდა, ვიდრე გიგანტი, ახლა ორივე დისციპლინა თანაბრად მოსწონს და ორივეში სტაბილურად ასპარეზობს. 2010 წელი მისთვის მეტად წარმატებული იყო. საქართველოს ჩემპიონატის ხუთივე ეტაპზე სლალომსა და გიგანტის ტრასებზე, საუკეთესოდ იასპარეზა და უმაღლესი ქულები (245) დააგროვა, რითაც გახდა არა მარტო ქვეყნის ჩემპიონი, არამედ აბსოლუტური ჩემპიონი და ,,აბუ~-ს გარდამავალმა თასმაც საბოლოოდ დაიდო ბინა მის სპორტულ ყულაბაში. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ისიც, რომ ხუთი ეტაპის საერთო ჯამში ყველა ასაკში, გოგონებსა და ვაჟებშიც მოპოვებული ქულებით სუსანამ ყველას გაუსწრო.
ამ დღეებში ქვეყნის ჩემპიონი, სუსანა გავვა, კვლავ უცხოეთში მიემგზავრება. წარმატებები ვუსურვოთ პატარა მოთხილამურეს.
სოფიკო ხეთაგაშვილი
22.04.2010 |