მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ქალი და პოლიტიკა

ქალი და პოლიტიკა

გენდერული თანასწორობა ჰარმონიული, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელია. გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები აქვთ საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის, თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებით და რესურსებით.

ქალაქ გორის ადმინისტრაციულ შენობაში 100-ზე მეტი თანამდებობის პირი, თანამშრომელი და ტექნიკური პერსონალი მუშაობს. მომუშავე ქალბატონების და მამაკაცების თანაფარდობა თითქმის თანაბარია, თუმცა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ხშირად ეს უკანასკნელნი გვხვდებიან. რაც დრო გადის, სულ უფრო აქტუალური ხდება ქალბატონების აქტიურობის, პოლიტიკაში ჩართვის და ხელმძღვანელი პოსტის დაკავების საკითხები. ბოლო წლებში სიტუაცია ამ მხრივ ადგილობრივ ხელისუფლებაში პოზიტიურად არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით გენდერული თანაფარდობა დაცულია, ქალები მაინც ჩვეულებრივ, რიგით თანამშრომლებად გვევლინებიან.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 28 დეპუტატისა და აპარატის 20-მდე თანამშრომლისგან შედგება. დეპუტატებს შორის მხოლოდ ორია ქალბატონი _ ზაირა ტეტუნაშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და კომუნალური მეურნეობის კომისიის წევრი და ხათუნა ლომოური, საფინანსო, საბიუჯეტო და საინვესტიციო კომისიის თავმჯდომარე. 2006 წლის 2 ნოემბრის მოწვევის საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი ქალბატონი _ თამარ მურალოვი 2007 წელს საკრებულოს აპარატის უფროსად დაინიშნა და 2009 წლამდე იმუშავა. ამჯერად მის ადგილს ზურა დაბრუნდაშვილი იკავებს. აპარატის თანამშრომლებს შორის 7 ქალბატონი მუშაობს მდივნის, სპეციალისტის, კანცელარიის თანამშრომლის სტატუსით.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (გამგებელი, გამგებლის მოადგილე, სამსახურების უფროსები) მამაკაცები არიან დანიშნული. სხვადასხვა სამსახურების 80-მდე თანამშრომლიდან 42 ქალბატონია, ერთი მანდილოსანია მხოლოდ გამგეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულთა 20 კაციან სიაში _ მანანა ხოხაშვილი (ატენის ტერიტორიული ორგანო).
რაც შეეხება გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში არსებულ გენდერულ ვითარებას, გუბერნატორის პოსტზე წლების განმავლობაში ერთ მამაკაცს მეორე ცვლის, ქალი არც აქ დანიშნულა არასდროს რწმუნებულის ან მისი მოადგილის თანამდებობაზე. სამსახურების უფროსებიც მამაკაცები არიან. საერთო ჯამში, გუბერნიის 22 თანამშრომლიდან ქალბატონი მხოლოდ რვაა, რომლებიც მდივნის, მთავარი და უფროსი სპეციალისტების მოვალეობებს ასრულებენ.
თუ უკანასკნელ წლებში ჩატარებულ კვლევებს და სტატისტიკას განვიხილავთ (ირმა ხომერიკი, `გენდერი და პოლიტიკა,~ `სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი~), საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებლები არც თუ ისე სახარბიელო იყო: 1998 წელს ჩატარებული არჩევნებით, საკრებულოს წევრთა შორის ქალებმა მხოლოდ 14% შეადგინეს. 2002 წლის არჩევნების შედეგად ქალთა რიცხვმა საკრებულოებში კიდევ უფრო იკლო და პირველი დონის თვითმმართველობის ორგანოებში მხოლოდ 11,9% შეადგინა. ორივე არჩევნების შედეგად გამოიკვეთა ძალზე საყურადღებო ტენდენცია: რაც უფრო მსხვილდება ადმინისტრაციული ერთეული, მით უფრო კლებულობს ქალთა პროცენტი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. 2002 წელსაც დიდი ქალაქების საკრებულოებში ქალთა რიცხვი 7%-ს არ სცილდებოდა. უკიდურესად არასახარბიელოდ იყვნენ წარმოდგენილი ქალები ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პოსტებზე, მაგალითად: 1998 წელს 60 რაიონის საკრებულოდან მხოლოდ ერთის თავმჯდომარე იყო ქალი (1,6%). შეიძლება ითქვას, რომ სადაც მეტი ძალაუფლება და რესურსია, იქ ნაკლები ქალია.
რამდენიმე დღეში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. გორის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ საარჩევნო (პროპორციულ) სიაში 7 ქალია, `თორთლაძე _ საქართველოს დემოკრატიულ პარტიაში~ _ 1, `ალიანსი საქართველოსთვის~ _ 2, `ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში~ _ 3, `ეროვნულ საბჭოში~ _ 6, `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ _ 1 ქალი. რაც შეეხება მაჟორიტარულ სიას, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობას~ _ 2 ქალი ჰყავს, `თორთლაძე _ საქართველოს დემოკრატიულ პარტიას~ _ 3, `ალიანსი საქართველოსთვის~ _ 1, `ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას~ _ 3, `ეროვნულ საბჭოს~ _ 3 ქალი. როგორ დაკომპლექტდება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ამას არჩევნების ჩატარების შემდეგ შევიტყობთ.
რა როლი აკისრია ქალს პოლიტიკაში (ადგილობრივ თვითმმართველობაში), რა უშლით ხელს ქალებს, დაიკავონ მაღალი თანამდებობები, ეხმარება თუ არა მათ ქალის და დედის სტატუსი, აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში და მიაღწიონ წარმატებას? ამ და სხვა საკითხებზე `ხალხის გაზეთის~ კითხვებს პასუხობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა კომპეტენტური პირები.
ხათუნა ლომოური, საკრებულოს დეპუტატი: `ქალის როლი მნიშვნელოვანია პოლიტიკაში. ჩემი სურვილია, ყველა ქალბატონი აქტიურად ჩაებას პოლიტიკურ საქმიანობაში, რადგან ვფიქრობ, ქალს მეტად შეუძლია განმუხტოს რთული კონფლიქტური სიტუაციები. მისი აზრი გათვალიწინებული უნდა იყოს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას.~
თამარ მურალოვი, საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსი: `საკრებულოში მუშაობის პერიოდში მე პირადად არასოდეს, არც ერთ უწყებასთან არ მქონია პრობლემები, პირიქით, საუკეთესო თანამშრომლობა მქონდა როგორც გორში მომუშავე უწყებებთან, ასევე თითოეულ მოქალაქესთან, რომელიც ჩემამდე მოდიოდა. შეიძლება მათ მაქსიმუმს ვერ ვუკეთებდი და დიდად ვერ ვეხმარებოდი, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში სასურველ შედეგებს მაინც ვაღწევდით.~
ნინო ტატიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი: `მე ვფიქრობ, რომ ქალს თანაბრად მამაკაცისა შეუძლია დადებითი როლი შეასრულოს პოლიტიკურ საქმიანობაში, ზოგჯერ კი გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე საპირისპირო სქესის წარმომადგენელი. დღეს პოლიტიკაში ქალი ძალიან აქტიური ფიგურაა და ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდ როლს ასრულებენ ისინი სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა ისევე შეუძლიათ, როგორც მამაკაცებს. ამის გარდა, ქალი მაინც ჰუმანური არსებაა და ბევრ ისეთ პრაქტიკულ საკითხს ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას, რაც შეიძლება მამაკაცს არც კი მოაფიქრდეს. მანდილოსნის და დედის პოზიცია მე პირადად რა თქმა უნდა მეხმარება საქმიანობაში. ყოველდღიურად ჩვენს სამსახურში უამრავი ადამიანი მოდის დასახმარებლად, ძირითადად ქალბატონები. ასეთ დროს ყოველთვის ვცდილობ, ჩემი თავი მათ ადგილას წარმოვიდგინო, შევიდე მათ მდგომარეობაში და ეს ძალიან მეხმარება. წარმოვიდგენ ხოლმე, რომ მე ვარ შვილების დედა, თვითონ განვიცდი იმ გაჭირვებას, რის წინაშეც ისინი აღმოჩნდნენ. როდესაც უკვე ვიცი ეს სიტუაცია, ვცდილობ, მათ გვერდით დავდგე, უკმაყოფილო არავინ გავუშვა. ბენეფიციარები ხშირად მეუბნებიან, რომ თბილი ვარ, ყველა ასე ვართ. რადგან მე დედის ამპლუაში ვდგები, ამის გამოა, რომ ვცდილობ, ჩემთან მოსული დედა დაიმედებული და კმაყოფილი წავიდეს, მაქსიმუმი გავაკეთო მისთვის. ამაში თავად გამგებელიც ძალიან მიწყობს ხელს, მაგალითად დაფინანსების საკითხზე იყო მოსული ბევრი დედა. დავით ხმიადაშვილი ყოველთვის გვერდით დაგვდგომია ასეთ შემთხვევებში. ჩვენი სამსახურის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, გამგეობაში ქალბატონების რაოდენობა სჭარბობს მამაკაცებისას. სასურველი და აუცილებელია გენდერული თანასწორობა. როდესაც დღეს პოლიტიკაში ქალი იგივე დატვირთვით მუშაობს, როგორც მამაკაცი, რატომ არ უნდა იყოს საკრებულოში თუნდაც 2-ზე მეტი ქალი? ალბათ მომავალ არჩევნებზე ეს საკითხი გათვალისწინებული იქნება და მეტი ქალბატონი ჩაერთვება ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში.~
ლამარა შაყულაშვილი, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის შიდა ქართლის კომიტეტის გამგეობის თავმჯდომარე: `ქალის როლი პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესია. მან შეიძლება შეასრულოს ნებისმიერი ფუნქცია, ნებისმიერი როლი, როგორი სირთულისაც არ უნდა იყოს. მართვაში უნდა იყოს თანაბარი მონაწილეობა. ეს არის გენდერული თანასწორობის  პრინციპი, ამიტომ, ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ქალი და შეიძლება იყოს მამაკაცი. პირადად მე მირჩევნია, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალები იყვნენ. ისინი უკეთესად გრძნობენ სოციალურ პრობლემებს. გადაწყვეტილების მიღების დროსაც უფრო მოქნილები არიან. ხელმძღვანელ თანამდებობებზე ძირითადად მამაკაცები ინიშნებიან. ამიტომ არ არის დაბალანსებული პოლიტიკა, ამიტომ არის ამდენი შეცდომები როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში. რაც შეეხება იმას, თუ რა უშლით ხელს ქალებს დაიკავონ მაღალი თანამდებობები _ პირველ რიგში ეს არის საზოგადოებრივი მიდგომა და ცნობიერება, შემდეგ მენტალიტეტის გამო ქალთა დაბალი აქტიურობა და ნიჰილიზმი, რომ ქალს მაინც არ დანიშნავენ, არ აირჩევენ. სულ ორი კვირაა საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,გენდერული თანასწორობის შესახებ,~ რომელიც თუმცა ის არ არის, რაც უნდა იყოს, მაგრამ სულ არაფერს ცხადია, ჯობია. ახლა უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ მასში შევიდეს ცვლილებები და კანონით განისაზღვროს კვოტირების სისტემა. ეს იქნება დროებითი ღონისძიება ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მაგალითად, შვედეთის პარლამენტში 47% ქალები არიან. მათ ამ შედეგს კანონით გათვალისწინებული კვოტირების ელვისებური სისტემით მიაღწიეს. საქართველოს პარლამენტში ქალთა მონაწილეობა 6%-ია. ასე, რომ, ჩვენ ეს კანონი ჰაერივით გვჭირდებოდა. ახლა კი კანონში ცვლილებების შესატანად კვოტირების სისტემისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, რაც ასევე ძალიან სასწრაფოა.
ქალბატონს ნამდვილად ეხმარება მანდილოსნის და დედის სტატუსი, აქტიურად იყოს ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში და მიაღწიოს სასურველ შედეგებს, წარმატებას, თუ ოჯახის დანარჩენი  წევრები თანაბრად გრძნობენ პასუხისმგებლობას ოჯახის აღსაზრდელების წინაშე და არა ისე, როგორც ბევრ ოჯახშია, რომ  ბავშვების აღზრდა რატომღაც მხოლოდ ქალის საქმეა.
ანგელა მერკელმა თქვა: ,,ყოველთვის მოიძებნება ჯოჯოხეთში ადგილი იმ ქალისათვის, ვინც სხვა ქალს მხარი არ დაუჭირა.~
ძალიან ბევრ ქალს დავნიშნავდი ხელმძღვანელ თანამდებობებზე და არასოდეს ვინანებდი, რადგან, მჯერა ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნებოდა.~
ნინო სუხიაშვილი, გორის გენდერული თანასწორობის რესურსცენტრის კოორდინატორი: `ადგილობრივ თვითმმართველობაში და ზოგადად პოლიტიკაში დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და აქ უნდა მონაწილეობდნენ ადამიანები განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიისა და ა.შ. ეს არის კანონით განსაზღვრული. საქართველოში ამ დროისათვის მხოლოდ ქალი-მინისტრი მხოლოდ ერთია, არც ერთი გუბერნატორის და გამგებლის თანამდებობაზე არ გვხვდებიან ქალბატონები. პარლამენტში სულ 9 ქალია, რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იგი ორი დეპუტატი ქალით არის წარმოდგენილი, ქარელში ერთით, ხაშურში სამით და კასპში ოთხით. ეს ციფრები იმის დასტურია, რომ ზოგადად ქალთა დაბალი წარმომადგენლობაა. სამსახურებში ქალები მუშაობენ, მაგრამ ძირითადად დაბალ პოზიციებზე, არა მარტო შიდა ქართლში, მთელ დანარჩენ საქართველოში. სულ ახლახანს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი `გენდერული თანასწორობის შესახებ,~ ეს ადასტურებს რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მიღწევა, ქალთა მონაწილეობის ამაღლება. ძალიან თვალსაჩინოა, ვის სასარგებლოდ არის დარღვეული ბალანსი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანიზაციებში. ზოგადად, მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ რაც უფრო მეტი ქალი მოდის მაღალ პოსტებზე, ასეთ ქვეყნებში სოციალური პრობლემები არის მოწესრიგებული, ქალთა როლი გადამწყვეტია ასევე მშვიდობის მშენებლობაში. საქართველოში დღეს შექმნილი სიტუაცია გვიჩვენებს, რომ რაც შეიძლება ბევრი ქალია საჭირო მშვიდობის დასაცავად.~

ნინო შოთნიაშვილი

 

 

                      

 


ნინო შოთნიაშვილი
20.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
01-08-2014
1.7388   -0.0030
2.3272   -0.0070
2.9354   -0.0150
4.9058   0.0305
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 32 °C + 33 °C
ღამით + 19 °C + 20 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.