|
სპექტრი. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საგალობლების საზეიმო კონცერტით გაიხსნა. საკონცერტო პროგრამა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდმა და სიმფონიურმა ორკესტრმა წარმოადგინეს. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს კულტურის სამინისტრო იყო. საგალობლების გარდა, კონცერტზე, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, სიმფონიურმა ორკესტრმა კლასიკური მუსიკის 11 ნიმუში წარმოადგინა. საკონცერტო პროგრამა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, შესრულდა ნაწყვეტები ოპერებიდიან: ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი,“ ვერდის _ „ნაბუქო,“ ჰენდელის „ალილუია,“ ბელინის „ნორმა“, პუჩინის „ტოსკა,“ ასევე შესრულდა ბიზეს, ჩაიკოვსკის და ვახტანგ კახიძის ნაწარმოებები. „ავე-მარიას“ და სხვა საოპერო არიებს სოლისტი მაყვალა ასპანიძე ასრულებდა. წარმოდგენილ საკონცერტო პროგრამაში ყველაზე მნიშვნელოვანი საგალობელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის მიერ შექმნილი „ავე-მარია“ იყო. „პატრიარქი ყველას თავის გასაგებ ენაზე ესაუბრება,“ _ ასე შეაფასა „ავე-მარია“ ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა. „თელავში წარმოდგენილი საკონცერტო პროგრამა და „ავე-მარია“ საქართველოში პირველად თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 2010 წლის 8 აპრილს შესრულდა და მას კულტურის სამინისტროს ინიციატივით რეგიონებშიც წარმოვადგენთ. პირველად კახეთს ვესტუმრეთ. მოხარული ვარ, რომ თელავის თეატრი სწორედ საგალობლების საზეიმო კონცერტით გაიხსნა,“- გვითხრა კულტურის მინისტრის მოადგილემ დავით ქირიამ.
ამ კონცერტისა და თავისი დადებითი ემოციების შესახებ დირიჟორი ვახტანგ კახიძეც გვესაუბრა. „თელავში მაყურებლისგან იმდენად კარგი ემოციები მოდის, რომ შეუძლებელია, დარბაზის მიმართ დადებითად არ განეწყო. ამის გამო აქ ყოველთვის სიამოვნებით ჩამოვდივართ. დღევანდელი პროგრამა სრულიად განსხვავებულია – უწმინდესის მიერ შექმნილი `ავე-მარია~ ყველაზე კულმინაციური და მნიშვნელოვანი საგალობელია. საკონცერტო პროგრამის დანარჩენი ნაწილი მთლიანად `ავე-მარიას~ მიხედვითაა აგებული და მაქსიმალურად მისადაგებულია მასთან. ამ საგალობელმა უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი, ქართველმა საზოგადოებამ ის უმოკლეს დროში შეიყვარა,“ _ აღნიშნა „სპექტრთან“ საუბარში ვახტანგ კახიძემ.
ღონისძიებით კმაყოფილი იყო სოლისტი მაყვალა ასპანიძე და ამბობდა, რომ ბედნიერია, რადგან `ავე-მარიას~ შესრულების ბედნიერება ხვდა წილად. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პატრიარქის მიერ შექმნილი ულამაზესი საგალობლის `ავე-მარიას~ შესრულება სწორედ მე მხვდა წილად. ეს არის ლოცვა ღვთისმშობლისადმი და ამით უწმინდესმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება წმინდა მარიამის მიმართ. მადლობას ვუხდი თელაველ მაყურებელს, ძალიან დიდი სითბო მოდიოდა მათი მხრიდან. როცა დარბაზისგან ასეთ დამოკიდებულებას გრძნობ, მათ ყოველთვის ორმაგი უბრუნდებათ უკან," – აღნიშნა სოლისტმა მაყვალა ასპანიძემ. თელავის თეატრის შემდეგ საგალობლების საზეიმო კონცერტს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და სიმფონიური ორკესტრი იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში წარმოადგენს.
მარიამ ხანჯალიაშვილი
03.06.2010 |