|
მისი ნააზრევი ზოგმა დაიჯერა, ზოგმა თამაშის მორიგ გამოვლინებად მიიღო. თუმცა მის მხარეს აღმოჩნდა ჩვენი ცივილიზაცია და ტექნოკრატია, იგი ძალიან ბევრ სეგმენტში ჰაიზინგას დაეთანხმა. ჩვენმა საუკუნემ ჰაიზინგას ძალიან ბევრი მიმდევარი გაუჩინა. ჰოლანდიელი კულტუროლოგის და მეცნიერის მტკიცებულებებმა ცხადი ფორმა შეიძინა ინტერნეტის ეპოქაში. იქ, სადაც უამრავ ინფორმაციასთან ერთად, უზღვავმა თამაშმა დაიპყრო მთელი ვირტუალური სივრცე. თამაშები შეიჭრნენ ყველგან, გაცნობითი ხასიათის თუ სოციალურ ქსელებზე. მისი მომხმარებელი გახდა ყველა თაობა, როგორც დასაქმებული, ასევე - დაუსაქმებელი, როგორც ინტელექტუალი, ასევე - დაბალი ICQ-ს მქონე.
თუკი ადრე თინეიჯერები და ასე ვთქვათ, ნაკლებ რეალიზებული ხალხი ეტანებოდა კომპიუტერულ თამაშებს, დღეს უკვე მათი მომხმარებელი ყველაა. სათამაშო პროგრამების ავტორებმა უფრო რთული კატეგორიის დაპყრობა გადაწყვიტეს და მიაღწიეს კიდეც მიზანს. სერიოზული და "არამოთამაშე" კატეგორიაც მათ "იურისდიქციაში" მოექცა. FarmVille, PetVille, Robizon Crusoe და ათასობით სხვა თამაში ცხოვრების და სამუშაოს, ასევე, ურთიერთობის, მეგობრობის და მეზობლობის მძლავრ ფორმად და მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, საერთო აპოვნინა ბევრ საპირისპირო პოლუსს.
"ფერმა მეორადი წყალქვეშა სისტემაა facebook-ისთვის. აქ ისეთებთან მეგობრობ, ვისაც ზევით არ დაუმეგობრდებოდი და პირიქით. ორმაგი ჟესტები, სიმბოლოებით ლაპარაკი, ცოტა ეროტიკა - სხვისი მიწების მორწყვა, დათესვა... ყოველდღიურობის ხიბლი აძლიერებს facebook-ისადმი ლტოლვას. საქონელია მოსაწველი, მოსავალი ასაღები", - ამბობს ფილოსოფოსი და მწერალი მირიან ებანოიძე.
ვირტუალური სივრცე თამაშისთვის, ანუ იმისთვის, რისთვისაც ჰაიზინგას მტკიცებით, მოწოდებულია ადამიანი და მისი ბუნება, იდეალური ადგილია. აქ სრულყოფილ სახეს იძენს ცხოვრების ყველა ფორმა. მომხიბვლელია ყველაფერი, თვით საქართველოში საკმაოდ არაპოპულარული მუშაობა, შრომა მიწასთან, ან სხვისი სახლის დალაგება, თანაც ძვირად ანაზღაურებადი. ვირტუალურ სივრცეში ყველაფერი ფასს იდებს, მათ შორის პირდაპირი გაგებითაც. აბსტრაქტული ოცნების `დამიწება~ და ვირტუალურად რეალური ფორმის მიცემა ხდება.
"ალბათ, საქმე იმაშია, რომ რაც რეალურად არ აქვს ადამიანს და უნდა ჰქონდეს, ვირტუალურ სამყაროში განაზოგადებს. მე, მაგალითად, ძალიან მინდა მქონდეს ლამაზი და მოწყობილი ეზო. მყავდეს შინაური ცხოველები. ალბათ, ესაა მიზეზი. მერე იცის შეჩვევა ამ თამაშებმა. ბევრჯერ მიფიქრია თავს დავანებებ-თქო, მაგრამ მაინც შევდივარ. ალბათ, სადმე დასრულდება. დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ერთგვარი განტვირთვაც არის. აქაურ "სამეზობლოში" ისეთი ადამიანები მყავს... ალბათ, ყველას ჭირდება განტვირთვა და მისი ვირტუალური "ცხოვრების" შექმნა. თანაც ეს ძალიან "კეთილი" თამაშებია," - მიაჩნია ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილს. ა
ხალი სამყარო იქმნება კეთილი შემოქმედების მიერ. შემოქმედი-მოთამაშე ქმნის არსებას, უქმნის ხასიათს, გარეგნობას, უშენებს სახლს, ეზოს, ფერმას, სოფელს და ქმნის სამყაროს. თავისი გემოვნების, ხედვის და ხასიათის შესაბამისად. ანუ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი მის მთავარ კოდს აღვიძებს და უკეთებს რეალიზებას. იგი შემოქმედი ხდება. მერე ძნელად ემეტება მისგან შექმნილი ლამაზი სამყაროს "წარღვნით" განადგურება, ანუ თამაშისთვის თავის დანებება და ფერმის გაფუჭებისა და მოსპობისთვის განწირვა.
"მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ მომბეზრდა, ერთი პერიოდი თავს იმის გამო ვერ ვანებებდი, რომ მენანებოდა "ამდენი ნაშრომის" წყალში გადაყრა. საბოლოო ჯამში, მაინც მომბეზრდა - გავყიდე ცხოველები და უბრალოდ ერთი სოფელი გავაშენე, სადაც თუ აღარ შეხვალ, არაფერი გაფუჭდება (ხომ ხედავ, მისატოვებლად ბოლომდე მაინც ვერ გავიმეტე)... მაგრამ არსებობს ხალხი, მათ შორის ჩემი ფერმის სამეზობლოშიც, რომლებიც თავდაუზოგავად თამაშობენ და შეჩერებას არც აპირებენ. ისიც გამიგია, რომ რაღაც დონემდე "განვითარებულ" ფერმებს ყიდიან და შესაბამისად, ყიდულობენ ხოლმე," - ამბობს ჟურნალისტი თეონა გეგუჩაძე.
ვირტუალური თამაშის სამყაროში ყველაფერი დალაგებულია, განსხვავებით ქართული რეალობისგან, რომელიც სამყაროს წინა ქაოსს ჰგავს. ეს ქაოსი წესრიგდება თამაშებში. აქ ბევრი რამ ვითარდება გარკვეული სამართლიანობის პრინციპით: ნიჭიერი და მშრომელი მოთამაშე ნაყოფსაც შესაბამისს იღებს და მისი ღირსებები ფასდება. მოკლედ, ვირტუალური რეალობა ბევრად ემორჩილება გარკვეულ კანონზომიერებებს და ფასეულობებს, რისიც რიგით მოქალაქეს ჯერა საქართველოში, ვიდრე არსებული სინამდვილე. ამიტომ, ალბათ, ეს სამართლიანობის განცდაც აჯაჭვავს ადამიანს ვირტუალურ თამაშებს. თუმცა მუშაობა, თუნდაც მიწასთან, ყოველთვის არ არის დაუფასებელი და აუნაზღაურებადი რეალურ სამყაროშიც. აი, მაგალითად, გასულ კვირას მიწაში ჩაფლული 1 700 000 ევრო იპოვეს. მიწამ ფული "აღმოაცენა". ასე, რომ, ბარს და თოხს ზოგჯერ შეიძლება ფულით სავსე ქოთანი ამოყვეს.
ეკა კუხალაშვილი
09.06.2010 |