|
,,ბორჯომი~. ბორჯომის ხეობის განუმეორებელი სილამაზე და ბუნების მრავალფეროვნება ასაზრდოებს ადამიანების გონებას, ამიტომაც ამ მომაჯადოებელ მხარეს არც პოეტები აკლია და არც ხელოვნების სხვა ოსტატები. სწორედ პოეტთა ამქრის ღირსეული წევრია ბორჯომის ხეობის ულამაზეს სოფელ მზეთამზეში დაბადებული და აღზრდილი, ყოფილი მეტყევე, სახალხო მთქმელი, 77 წლის რევაზ გელაშვილი, რომელიც ჩვენი ხეობის სრულყოფილი ბუნების სიდიადემ ჩამოაყალიბა კაზმული სიტყვის შესანიშნავ ოსტატად.
ბატონ რევაზ გელაშვილის ლექსები, აგერ უკვე თითქმის 60 წელია იბეჭდება ჩვენს გაზეთში, რომლებიც ძირითადად ეძღვნება სამშობლოს, მშობლიური მხარის სიყვარულს. აღელვების და დიდი სიყვარულის გარეშე ვერ წაიკითხავთ მის ფრთიან ლექსებს ბუნების შესახებ. იგი ერთნაირი სიყვარულით უმღერის ყვავილებს, ფიჭვ-ნაძვნარს, მუხას თუ რცხილას, შველს, ირემს თუ ფრინველებს, განსაკუთრებით გულში ჩამწვდომია მისი ლექსები ბორჯომზე, წაღვერზე თუ მზეთამზეზე.
აი, რას ამბობს ბორჯომის შესახებ:
,,შენ ბორჯომი კი არა,
უნდა გერქვას ყაყაჩო,
სიამაყის იარაღად
მე შენ მყავხარ ჩამანჩოღს.
შენით მუდამ ვიამაყებ,
ჩვენო ღმერთის ალაგო,
ძალას მმატებ, სიამაყეს,
ჩემო სუნთქვის ქალაქო~.
ღიმილ-ღიმილ გადმოგყურებს,
მზეთამზე და სადგერი, ცემი, დაბა,
ტბა, კიმოთი, მომღიმარი წაღვერი.
ჩემი ყრმობის ადგილები,
სიბერეში ნამღერი.
სხვა ლექსში კი, რომელიც ისევ ბორჯომს ეძღვნება, წერს:
ჯანმრთელობის, ერთგულების,
სიო დაჰქრის სიმღერებად,
წიაღიდან სჩქეფს ბუნების,
საჩუქარი მკურნალ წყლებად.
ბორჯომია მასპინძელი,
მამა-პაპის ჩვეულების,
ჩამობრძანდით, გელით,გელით,
გაიკაჟეთ სხეულები~.
წაღვერზე კი სიამაყით ამბობს:
,,ვინც მოვიდა, დაისვენა,
ენანება სახლში წასვლა~.
პოეტი, რის პოეტია, თუ მკითხველს სულიერი საზრდო არ მიაწოდა, იგი თავისებურად ფილოსოფოსიც არის, ჭკუის დამრიგებელიც და მეოცნებეც.
საკუთარ გულთან საუბარში ხმამაღლა აცხადებს:
,,ძმა ვარ და გისვამ შეკითხვას.
ხშირ-ხშირად რატომ ბრაზდები?
გუშინაც რატომ განრისხდი,
რატომ იწყევლე თავბედი?
ხომ ატყობ? ეგრე ჯავრისგან
ასე უდროოდ დაბერდი~.
ბატონ რევაზ გელაშვილის შემოქმედებაში მრავალ შესანიშნავ სტრიქონებს ამოიკითხავთ, რაც მის ნიჭიერებაზე მიგვანიშნებს.
სწორედ რევაზის ნიჭის თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ 2 ივნისს სამუსიკო სკოლის სააქტო დარბაზში, სახალხო მთქმელს შესანიშნავი შეხვედრა მოუწყვეს #6 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა.
შეხვედრის ორგანიზატორებმა ნანა ლორთქიფანიძემ და ტასიკო ხაჩიძემ ვრცლად ისაუბრეს სახალხო მთქმელის შემოქმედებაზე. მოსწავლეებმა წაიკითხეს მისი ლექსები, წაღვერის კულტურის სახლის ქალთა ვოკალური ანსამბლის წევრებმა (ხელმძღვანელი დალი ქასაშვილი) შესანიშნავი სიმღერები შეასრულეს.
ბატონ რევაზ გელაშვილს მიესალმნენ და შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს გაზეთ ,,ბორჯომის~ რედაქტორმა ვალერიან ლომიძემ, საზოგადოებრივი აზრის დარბაზის თავმჯდომარემ ლევან გოცირიძემ, #6 სკოლის დირექტორმა ქეთინო ხაჩიძემ. პედაგოგმა ნესტან ღონღაძემ და სხვებმა. სახალხო მთქმელს სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.
ამ დღეს გაიმართა ბატონ რევაზის ლექსთა კრებულის ,,სამახსოვროს~ პრეზენტაცია, წიგნი მისი შვილის _ თამრიკოს დახმარებით გამოიცა.
ბოლოს სიტყვა ბატონ რევაზ გელაშვილს მისცეს და... დიდხანს ისმოდა სცენიდან პოეტის შესანიშნავი ლექსები. მსმენელებს არ უნდოდათ მისი დარბაზიდან გაშვება, ეს ლამაზი და შინაარსიანი ზეიმი დიდხანს დაამახსოვრდება მის თითოეულ მონაწილეს.
ვალერიან ლომიძე
10.06.2010 |