|
,,ბორჯომი~. 2010 წლის 17 ივნისს გაიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა, რომლის დღის წესრიგში იყო 6 საკითხი.
სხდომა გახსნა ბორჯომის #36 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან დევიძემ, რომელმაც მიულოცა საკრებულოს წევრებს გამარჯვება და უსურვა მთელი ძალისხმევა მოახმარონ ხალხის კეთილდღეობასა და ბორჯომის აღმშენებლობის პროცესის დაჩქარებას. 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მეტად მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, კანდიდატებსა და თვით პოლიტიკურ პარტიებს შორის იყო შეთანხმებული და გაწონასწორებული დამოკიდებულება, არ ყოფილა დაპირისპირებები, არჩევნებს ესწრებოდნენ უცხოელი დამკვირვებლებიც, რომლებმაც მიმდინარე პროცესი დადებითად შეაფასეს.
ბატონმა ლევანმა პირველი სხდომის წაყვანა უხუცეს წევრს ილია გელაშვილს გადააბარა.
ბატონმა ილია გელაშვილმა დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგი. ბატონ ვახტანგ მაისურაძის სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრაზე დააყენა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი გადაწყვეტილებას, მის ნაცვლად საკრებულოს დეპუტატად დაამტკიცეს ჯუმბერ კურტანიძე.
ბაკურიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან შავკანმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დაასახელა ბესიკ ქურდაძე, დეპუტატებმა იგი ერთხმად აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ნათელა გოგოლაძე იქნა არჩეული, იგი ერთადერთი ქალბატონია საკრებულოში.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე კენჭი ეყარა არჩილ მიქელაძის კანდიდატურას, რომელიც საარჩევნო პერიოდში გამგებლის მოვალეობას ასრულებდა. დეპატატებმა არჩილ მიქელაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს პირველ სხდომას ესწრებოდნენ სოფლებში ჯერ კიდევ მოქმედი რწმუნებულები, მოვალეობის შემსრულებლები და მუნიციპალიტეტის აპარატის თანამშრომლები.
როგორც წესი, ახლადარჩეულებმა წინამორბედებს მადლობა გადაუხადეს გაწეული მუშაობისთვის და აქვე დაამატეს, რომ მათ მიერ დაწყებული აღმშენებლობის პროცესს პირნათლად გააგრძელებენ, ყველაფერს გააკეთებენ ამომრჩეველთა განაწესების შესრულებისთვის.
სოფიკო ხეთაგაშვილი
24.06.2010 |