მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
"ამ მთავრობას პროფკავშირის პირდაპირი დისკრედიტაცია სურს"

სპექტრი. საქართველოს მთავრობა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პორფკავშირისადმი კეთილგანწყობილი რომ არ არის, ეს სხვადასხვა ფაქტებით ხშირად გამოვლინდა. როგორც სპმთპ-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ორგანიზაციის მიმართ ღია თუ ფარული ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა.

ბოლო პერიოდში ე.წ. `სინდიკატის~ შექმნით ცდილობდნენ პედაგოგების პროფკავშირიდან ჩახსნას, რასაც ავტომატურად მისი გაუქმება (დაშლა) მოჰყვებოდა. მიმდინარე თვეს კი, პრობლემები პროფსაწევროების გადახდასთან დაკავშირებით წარმოიქმნა. "სამინისტრომ ღია ბრძოლა წამოიწყო მასწავლებელთა უფლებების დამცველი ერთადერთი ყველაზე მრვალრიცხოვანი ორგანიზაციის სპმთპ-ის წინააღმდეგ. კერძოდ: ნაცვლად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეასრულოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და დაიწყოს რეალური სოციალური პარტნიორობა პედაგოგთა პროფკავშირთან, ის ასევე ზეპირ მითითებას აძლევს საჯარო სკოლის დირექტორებს, რომ შეაჩერონ პროფკავშირის საწევროების გადარიცხვა, თუ არ იქნება ამის თაობაზე მასწავლებელთა განცხადებები და სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულება. მინისტრის ზეპირი მითითება (და არა წერილობითი ბრძანება) ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. პროფკავშირის ყველა წევრს, ორგანიზაციაში შესვლის დროს უკვე დაწერილი აქვს განცხადება დირექტორების სახელზე საწევროს სახით მისი ხელფასის 1%-ის პროფკავშირის ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე. ამდენად, თანხის გადარიცხვა ხდება არა ბიუჯეტიდან, არამედ მასწავლებელთა ხელფასებიდან, მათივე ნების საფუძველზე," _ აღნიშნულია სპმთპ-ის პრეზიდენტის მანანა ღურჭუმელიძის საინფორმაციო ფურცელში. სპმთპ-ის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნელი ჯანელიძე განმარტავს, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა დღეს არ დაწყებულა.

"თავიდან ე.წ. `სინდიკატი~ შექმნეს და პედაგოგებს მასში გაწევრიანებას აიძულებდნენ, მაგრამ მათ მალევე გაარჩიეს, რომ ის იყო ტრენინგცენტრი. შემდეგ როცა სერტიფიცირების დებულება დაიდო, ჩვენმა ორგანიზაციამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, რადგან სერტიფიცირება არის არა შედეგზე გათვლილი, არამედ პედაგოგთა მასიურ გათავისუფლებაზე. ახლა პროფსაწევროს გადახდაზეა პრობლემა. მინისტრის მითითებით, ამასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადებები და პროფკავშირებსა და სკოლებს შორის ხელშეკრულებები უნდა დაიდოს, რის საფუძველზეც მოხდება თანხის გადარიცხვა. ამას კი კანონი არ ავალდებულებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი მოთხოვნა წამოვიდა, ჩვენ დირექტორებს ხელშეკრულებებს ვურიგებთ. თუმცა, მათ პირდაპირი მითითება აქვთ, რომ ამ საბუთს ხელი არ მოაწერონ. დირექტორებიც შიშისა და ზეწოლის ქვეშ არიან," _ აღნიშნავს ნელი ჯანელიძე. მისივე განმარტებით, თუ პროფწევრი 3 თვის განმავლობაში არ გადაიხდის საწევროს, ავტომატურად ეთიშება პროფკავშირს.

ეს კი პირდაპირ მათ დაშლაზე მიუთითებს. "აქედან გამომდინარე ეს პერიოდი სწორედ ზაფხულს დაამთხვიეს, ანუ ივნისი, ივლისის ხელფასი თუ არ დაკავდა, სექტემბრიდან ისინი უკვე ჩვენი წევრები არ იქნებიან. ეს არის პროფკავშირის პირდაპირი დისკრედიტაცია, მაგრამ მადლობა ღმერთს, მასწავლებლები ამბობენ, თუ საჭიროა, თანხას ხელზე შევაგროვებთო. ფორსმაჟორულ სიტუაციაში ეს აპრობირებული მეთოდია. ჩვენ ვითვალისიწნებთ დირექტორების მდგომარეობას, რომლებიც ორ წყალს შუა არიან, ამიტომ გამოსავალი ესაა. შემდეგ კი იმედია მდგომარეობა გამოსწორდება. აშკარაა, რომ ჩვენს წინააღმდეგ აქტიურად მუშაობენ. სხვადასხვა კუთხით ავრცელებენ ინფორმაციებს, მაგრამ ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია შევიდეს ჩვენს საიტზე და დარწმუნდეს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გამჭვირვალეა. რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას, ამ ეტაპზე ვცდილობ, ინფორმაცია პედაგოგებამდე მივიტანო, რომ ისინი საქმის კურსში იყვნენ. ამ საკითხებზე მუშაობა სამთავრობო დონეზე თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად მიმდინარეობს," _ განმარტა ნელი ჯანელიძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გააკეთა სპეციალური განცხადება, რომ პროფკავშირების მუშაობაში ჩარევას არ აპირებს. "განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არასოდეს ჩარეულა და მომავალშიც არ ჩაერევა პროფკავშირების მუშაობაში, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ მასწავლებლებსა და პროფკავშირებს შორის ურთიერთობა კანონის შესაბამისად იყოს დარეგულირებული. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, მასწავლებელს ნებართვის გარეშე წაართვას ფული და სხვა რომელიმე ორგანიზაციაში გადარიცხოს, ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ მათ უფლებებს,"_ განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარზე კატეგორიულ უარს ამბობენ საჯარო სკოლის დირექტორები. თუმცა, ერთ-ერთმა მათგანმა, `სპექტრთან~ არაოფიციალურ საუბარში განაცხადა, რომ არ ჰქონდეს კარგი დამოკიდებულება სპმთპ-ის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, არცერთ პედაგოგს არ მისცემდა მასში გაწევრიანების უფლებას. "საერთოდ, რა თქმა უნდა, არც ერთ დირექტორს არ სიამოვნებს პედაგოგების პროფკავშირებში გაწევრიანება. ბოლო პერიოდში ამ ორგანიზაციის მიმართ ბრძოლა სხვადასხვა ფორმით გააქტიურდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საწევროების მოგროვება, ჩვენი მხრიდან პრობლემა არ იქნება. დირექტორი ნუ გადარიცხავს, ამას ჩვენ თვითონ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ," _ ამბობენ პედაგოგები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, დარეჯან ბურდიაშვილი განმარტავს, რომ პროფსაწევროების გადახდასთან დაკავშირებით დირექტორებს რესურსცენტრიდან არანაირი მითითება არ მიუღიათ. "კონკრეტულად საწევროს დაკავებასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არანაირი მითითება არ ყოფილა. საერთოდ, ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს სამინისტროს და პროფკავშირებს შორის ჩარჩო ხელშეკრულება. ვიცი, რომ ამაზე მოლაპარაკება დაწყებულია. ამ საკითხთით არ დავინტერესებულვარ. ჩემს ხელფასს, სადაც მინდა და როგორც მინდა იქ გადავრიცხავ _ ეს ჩემი, როგორც ადამიანის და არა როგორც რესურსცენტრის წარმომადგენლის აზრია. ასე რომ, ეს არ უნდა იყოს პრობლემა," _ განაცხადა რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან ბურდიაშვილმა.

ასეთი განცხადებების მიუხედავად, როგორც `სპექტრისთვის~ გახდა ცნობილი, მინისტრის ზეპირი მითითების საფუძველზე, სკოლის დირექტორები არც პროფსაწევროების გადარიცხვას და არც ხელშეკრულებებზე ხელის მოწერას აპირებენ, თუმცა ამის შესახებ ღიად არ საუბრობენ. პროფკავშირების წარმომადგენლების იმედი აქვთ, რომ მორიგი უსამართლო ბრძოლა მათ სასარგბელოდ დასრულდება.


ქეთი არჯენიშვილი
25.06.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

:
ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.