მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
შედეგზე თუ პედაგოგთა მასობრივ დათხოვნაზე ორიენტირებული სერტიფიცირება

სპექტრი. ბოლო პერიოდში კულუარებში აქტიურად საუბრობენ საჯარო სკოლებში პედაგოგთა მასიური გათავისუფლების შესახებ. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირის განცხადებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარი სკოლის დირექტორებს მინისტრისგან უკვე მიღებული აქვთ ზეპირი მითითება 2010-2011 სასწავლო წლიდან მცირე დატვირთვის მქონე და პენსიონერი პედაგოგების გათავისუფლების შესახებ. მასწავლებელთა მოსაზრებით, ეს ეტაპი წინ უძღვის სერტიფიცირებას, რომლის მიზანიც ასევე მათი სამსახურიდან გაშვებაა.

ამ დროისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში პედაგოგთა გარკვეულმა ნაწილმა ხელმძღვანელობისგან უკვე მოისმინა განცხადებები განთავისუფლების შესახებ. როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილების გახმაურებას დირექტორები ჯერ ერიდებიან. ამაზე საუბარი თავად მასწავლებლებსაც არ სურთ იმ იმედით, რომ შეიძლება სიტუაცია მათ სასიკეთოდ შეიცვალოს. ზოგიერთი პედაგოგის მოსაზრებით, ეს არის სერტიფიცირებამდე მათი გათავისუფლების პირველი ეტაპი, რასაც უარყოფითად აფასებენ. "მესმის, რომ სიახლეები ინერგება და ახალი მეთოდების სწავლაა საჭირო, მაგრამ წლების განმავლობაში რომ პედაგოგად ვმუშაობ, ახლა ამ სტატუსის მოპოვება რატომ უნდა მჭირდებოდეს? სერტიფიცირების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ კარგი იქნებოდა სხვა დატვირთვა მიეცათ," _ ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა (ამ კუთხით თავიანთი მოსაზრების ღიად დაფიქსირებას ბევრი პედაგოგი ერიდება).

მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ეს რეფორმა არც ერთი პედაგოგის გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, მასწავლებლები ამ საფრთხეებზე მაინც საუბრობენ. ამ მოსაზრებას გამოთქვამს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების (სპმთპ)გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნელი ჯანელიძეც. "სერტიფიცირება, როგორც ჩანს, არ არის შედეგზე გათვლილი, ეს იმიტომ დაუშვეს, რომ მასწავლებელთა მასიური გათავისუფლება მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხარისხიანი განათლებისთვის ვიბრძვით, მაგრამ ჯერ უნდა გადაამზადონ პედაგოგები, შეუქმნან პირობები, სასწავლო პროგრამა თუ სახელმძღვანელო, მაგრამ თუ მისმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ შედეგი ვერ გამოიღო, სამსახურიდან მას შემდეგ დაითხოვონ. სერტიფიცირება დიპლომების უარყოფასა და პედაგოგის სტატუსის ახლიდან მოპოვებას კი არა, კვალიფიკაციის ამაღლებას უნდა ითვალისწინებდეს. როგორ შეიძლება მასწავლებელს, რომელსაც პედაგოგის სახელმწიფო დიპლომი აქვს და 20-25 წელი ასწავლის, მოსთხოვო მასწავლებლის სტატუსის ხელახლა მოპოვება. ვფიქრობ, ეს ცოტა უხერხული მიდგომაა," _ აღნიშნა ნელი ჯანელიძემ.

იგი აქვე იმაზეც საუბრობს, რომ სამინისტროდან დირექტორებზე პირდაპირი ზეწოლა და მუქარა ხორციელდება. "1 ივლისამდე დირექტორებმა სამინისტროში საათობრივი ბადე უნდა წარადგინონ. უნდათ, რომ ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, მაგრამ თითოეული მასწავლებლის უკან ხომ მისი ოჯახია და ყველასთვის ძნელია სამსახურის დაკარგვა. ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს და გავაპროტესტებთ. მიუხედავად იმისა, რომ დიდ წინააღმდეგობებს გვიწევენ, ამაზე მაინც აქტიურად მიდის მუშაობა. დირექტორებს აქვთ მითითება, რომ 65 წელს გადაცილებული და 18 საათზე ნაკლები დატვირთვის მქონე პედაგოგები გაათავისუფლონ. ამას მთავრობა რეფორმას უწოდებს და თვლის, რომ ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. ამასთანავე, საუბარია, რომ მალე დირექტორებს სამეურვეო საბჭოები აღარ აირჩევენ და მათი დანიშვნის პირდაპირ ვალდებულებას სამინისტრო აიღებს, ანუ ახლა ხდება მთელი რეფორმის თავდაყირა დაყენება. საერთოდ, ამგვარ ქმედებებს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს. მუქარისა და დაშინების ფონზე დირექტორები ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან _ ან თვითონ უნდა წავიდნენ, ანდა მათ ბრძანებას დაემორჩილონ," _ განმარტა ნელი ჯანელიძემ.

 პედაგოგთა გათავისუფლებაზე და ზოგადად სერტიფიცირებაზე დირექტორებს თავიანთი მოსაზრების გამოთქმა არ სურთ. `სპექტრი~ რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა, მაგრამ სხვადასხვა არგუმენტით კომენტარზე უარი განაცხადეს. მაგალითად, ქ. გურჯაანის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა თამარ ოღლიშვილმა გვითხრა, რომ ფორმაში არ არის, ძალიან დაღლილია და ამ საკითხზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ორი სიტყვით განმარტა, რომ მისთვის ყველა სიახლე მისაღებია. ამ რეფორმის შესახებ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ: "სასურველია, პედაგოგს 18 საათი ჰქონდეს და დანარჩენი საათები სხვას გადაუნაწილდეს. ანუ აქ გათავისუფლება არ იგულისხმება. მაგალითად, მასწავლებელს აქვს 25 საათი. ერთ ადამიანს ხომ არ შეიძლება ჰქონდეს მაქსიმალური დატვირთვა და სხვას _ 12-15 საათი? მან თავი რატომ უნდა იგრძნოს დაჩაგრულად? ანუ ახლა მიმდინარეობს შტატების გონივრული განაწილება. ეს ეხება არა მარტო პედაგოგს, არამედ ყველა საშტატო ერთეულს. დირექტორმა სწორად უნდა დაგეგმოს საკუთარი ბიუჯეტი და ვაუჩერის თანხის ოთხ ძირითად პრიორიტეტულ საკითხზე გადანაწილება: 1. პედაგოგთა ხელფასები. 2. ადმინისტრაცია, ტექნიკური პერსონალის ხელფასები. 3. კომუნალური ხარჯები. 4. ოფისის ხარჯები. თუკი თანხის გარკვეული ნაწილი მორჩება, სხვა საქმეებზე გადაანაწილოს," _ განმარტა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან ბურდიაშვილმა.

რაც შეეხება სერტიფიცირებას, ამ ეტაპზე ყველა პედაგოგისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ მათთვის, ვინც უარს იტყვის აღნიშნულ პროცესზე, ეს ერთგვარი მინუსი იქნება. "სერტიფიცირება გულისხმობს 2014 წლამდე პედაგოგობის უფლების მოპოვებას. იქიდან გამომდინარე, რომ შეიცვალა საზოგადოება, მოსწავლეები და ა.შ. საჭიროა კვალიფიკაციის ამაღლება და დახვეწა, რადგან ყველაფერი განახლებას საჭიროებს. აღნიშნული სტატუსის მოპოვება ამ ეტაპზე აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ სასურველია, რათა მასწავლებელი იყოს უფრო მეტად პრიორიტეტული," _ განმარტა დარეჯან ბურდიაშვილმა. მისივე თქმით, მინისტრის ზეპირი მითითების თაობაზე, რომელიც გულისხმობს 65 წელს ზემოთ და 18 საათზე ნაკლები დატვირთვის პედაგოგების განთავისუფლებას, საქმის კურსში არ არის. "საშტატო განრიგი აბსოლუტურად დირექტორის გადასაწყვეტია და კანონმდებლობაში მითითებული არ არის, რომ თვრამეტსააათიანზე ნაკლები დატვირთვის პედაგოგები გათავისუფლდნენ. ამის შესახებ საქმის კურში არ ვარ. ვიმეორებ, რომ დირექტორი ვალდებულია გონივრულად დაგეგმოს თავისი ბიუჯეტი," _ ამბობს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

აღნიშნულ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა: "მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარი მასწავლებელთა შემცირება არ იგეგმებოდა, არ იგეგმება და არ შეიძლება დაიგეგმოს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ გვაქვს მასწავლებელთა დეფიციტი და ამის გამო ავამოქმედეთ პროგრამა _ "ასწავლე საქართველოსთან ერთად," _ განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. იგი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომელიც 18 საათზე ნაკლები დატვირთვის მქონე პედაგოგების გათავისუფლებას ეხება და განმარტა, რომ სკოლის დირექტორების მიმართ სამინისტროს ერთადერთი თხოვნა იყო- მასწავლებელთათვის სამართლიანად გადაენაწილებინათ საათები, რომლის რაოდენობაზეცაა დამოკიდებული პედაგოგთა ხელფასები. "სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს საშტატო განრიგის დამტკიცება და სამინისტროს თხოვნაა შეძლებისდაგვარად მოხდეს პედაგოგთათვის სრული განაკვეთის შევსება, რათა მათ მაღალი ხელფასები მიიღონ," _ დასძინა მინისტრმა. მიუხედავად ასეთი განცხადებებისა, დღეს სკოლებში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. როგორც ამბობენ, პედაგოგთა მასიური გათავისუფლება უკვე დაწყებულია, თუმცა ამაზე არც დირექტორები და არც პედაგოგები ღიად არ საუბრობენ.


ქეთი არჯენიშვილი
25.06.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.