|
"ბორჯომი". ამას წინათ დღის 12 საათზე არდაგნის დასახლების დაუმთავრებელ მაღალსართულიან შენობის კარკასზე უცაბედად ავარდნილმა ბოლმა, სახანძრო მანქანების სირენების კივილმა და სპეცტანსაცმელში გამოწყობილი მეხანძრეების ფაციფუცმა შეაშფოთა აქ მცხოვრები მოსახლეობა, მაგრამ მალე გაიხსენეს გაფრთხილება, რომ იმ დღეს გეგმიურ საწვრთნელ ვარჯიშს ატარებდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახანძრო დაცვის სამსახური.
მართლაც, წარსულში დარჩა ის ავადსახსენებელი პერიოდი, ბორჯომელ მეხანძრეებს ბენზინი, სპეცტანსაცმელი, სხვა ინვენტარი წვრთნისათვის კი არა, გამძვინვარებული ხანძრის ჩასაქრობადაც არ ჰქონდათ და ხშირად ცნობისმოყვარე მაყურებლებივით შეჩერებოდნენ როგორ იფერფლებოდა ცეცხლში შენობები, ამის მწარე შედეგი დღემდე მოგვყვა და კვლავ ბლომად გვყავს ე.წ. ,,დამწვრები~, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებათა ,,შტურმით~ აღებულ შენობებში სახლობენ.
დღეს ქვეყანაში რეფორმები ხორციელდება და რეფორმა ამ სფეროშიც გატარდა და საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახანძრო დაცვის სამსახურში სამი - სამოქალაქო თავდაცვის, სამაშველო და სახანძრო განყოფილება გაერთიანდა. ეს გაერთიანება 2006 წელს განხორციელდა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაექვემდებარა. ყველა განყოფილებას თავისი უფროსი ჰყავს. ამ საერთო სამსახურის უფროსი კი ლევან ჩაჩანიძე გახლავთ. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ სამსხურმა უკვე მიაღწია იმას, რომ წარმატებით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ამ წარმატებაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენებისას, კერძოდ, წაღვერის უნიკალურ ტყეებში გაჩენილი ხანძრის ქრობით გამოჩენილი მამაცობისათვის ამ სამსახურის ყველა მეხანძრე დაჯილდოვდა საპატიო სიგელებით და ფულადი პრემიებით, ცალკე აღინიშნა სამსახურის უფროსის ლევან ჩაჩანიძის ორგანიზატორული უნარი და მას დარგის პროფკავშირის სიგელთან ერთად საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის სიგელიც გადაეცა. დღეს იგი ჩვენი ნომრის სტუმარია და მიღწევებსა და პრობლემებზე გვესაუბრება.
ბატონო ლევან, თქვენ 2007 წლიდან ხელმძღვანელობთ საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახანძრო დაცვის სამსახურს. ორიოდე სიტყვით გვითხარით, რა სასიკეთო ძვრებია თქვენს სამსახურში?
- სასიკეთო ისაა, რომ მუნიციპალიტეტმა საკმაო თანხა გამოგვიყო და შევიძინეთ სპეციალური ფორმები, პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. გვყავს ოთხი ყოველმხრივ გამართული სახანძრო მანქანა. ერთი ბაკურიანში, სამი ბორჯომში. 2007 წელს შევიძინეთ კამაზის ტიპის 7 ტონიანი ავტოცისტერნა, წყლის სარეზერვო მარაგისთვისაა საჭირო. მეხანძრეები მდინარეში ბორჯომში მოქმედ 5 გიდრანტში წამებში ავსებენ წყალს. შეძენილი გვაქვს ახალი შლანგები, ნიჩბები და სხვა. გამგეობის ძალისხმევით გაგვირემონტეს ოთახები, სველი წერიტილები, გაგვიკეთეს სააბაზანო და სხვა.
კარგია ისიც, რომ ბაკურიანში გაკეთდა ბოქსი სახანძრო მანქანისთვის. ზამთრის პერიოდში სახანძრო მანქანა მზა მდგომარეობაშია, დრო აღარ იკარგება მისი წყლით შევსებისათვის.
რაც შეეხება საგანგებო სიტუაციის სამსახურს, ყველაფერს ვასრულებთ, რაც სამაშველო სამსახურში შედის, ესააა წყალწაღებულის წყლიდან გამოყვანა. დამხვრჩალის მოძებნა. მრავალსართულიან სახლებში ხშირად ბინა ეკეტებათ, მათი გაღება, ავარიებისას ჩაკეტილი მანქანიდან ხალხის გამოყვანა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვა, დღეს ყველას ერთი ფუნქცია გვაკისრია, ყველა გადამზადებულია და აქვს სპეციალური სერთიფიკატი.
უპრობლემოდ არ იქნებით...
- მართალია, ინვენტარი განვაახლეთ, მაგრამ ბევრი კიდევ შესაძენია, ჩვენი შენობა ამორტიზებულია და კაპიტალურ რემონტს მოითხოვს და სხვა მრავალი რამ არის კიდევ მოსაგვარებელი, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდით რაიონული გამგეობის მხარდაჭერას და ამის იმედი ახლაც გვაქვს. ბაკურიანში მაგალითად, სახანძრო-სამაშველო შენობას გვპირდებიან და გვჯერა, რომ ეს შენობა მალე გვექნება.
თქვენთან ამ დღეებში შემოწმებაზეც იყვნენ, ვინ გამოწმებდათ და რა შეფასება მოგცეს?
- შეგვამოწმა შ.ს. სამინისტროს საგანგებო საქმეთა სიტუაციების დეპარტამენტის სახანძრო განყოფილებამ (უფროსი ზურა სალუქვაძე). ეს შემოწმება ჩვენს გეგმიურ წვრთნას დაემთხვა და ჩვენმა ბიჭებმა მართლაც კარგად შეასრულეს ყველა ის მოქმედება, რაც ხანძრის ჩაქრობისთვისაა საჭირო, ესაა - ადამიანის ცეცხლიდან გამოყვანა და მაღალი სართულიდან ჩამოყვანა, სახურავის ახდა, საჭიროების შემთხვევაში გამოძახება (სასწრაფო, ელექტრო და გაზის სამსახურები), ცეცხლის ქრობა თუ სხვა. შეფასება დადებითი მოგვცეს.
გილოცავთ. მოსახლეობას ხომ არ მიმართავთდით რაიმე თხოვნით?
- რამდენიმე ხნის წინ ხანძარი გაჩნდა სანატორიუმ "ლიკანის" დასახლების ერთ-ერთ შენობაში. სახლის დერეფნები ისე იყო ჩახერგილი შეშით და მოძველებული ავეჯით, რომ მეხანძრეებს საკმაო დრო დაეკარგათ მისი განთავისუფლებისთვის, ჩახერგილობა ხელს გვიშლის სწრაფი მოქმედებისთვის. მოსახლეობას ვთხოვ, ნუ ჩახერგავენ გასასვლელებს, კიბეებს... საკურორტო სეზონი დაიწყო და ჩვენი დიდი თხოვნა დამსვენებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობისადმი ისიცაა, რომ ტყეში დასასვენებლად და გასართობად გასვლისას ნუ დაანთებენ კოცონს, წამოსვლისას კარგად დაათვალიერონ, ყველაფერს რიგზე ტოვებენ თუ არა, კოცონის ჩაქრობისას არ დარჩეთ ნაპერწკალი, ხელკუღმა არ მოისროლონ ანთებული სიგარეტი. ყველამ გადავიტანეთ ის დიდი შიში, რაც ჩვენი ტყეების ხანძარმა განგვაცდევინა. პირველ რიგში ყველას მოვუწოდებ, გავუფრთხილდეთ ჩვენს სიმდიდრეს და დაუდევრობით გაჩენილ ხანძარს ნუ გავანადგურებინებთ მას.
იზა სანიკიძე
08.07.2010 |