მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
დედოფლისწყაროში წელს მარცვლეულის ცუდი მოსავალია


სპექტრი. დედოფლისწყაროში ალოობა დასასრულს უახლოვდება. როგორც ფერმერები ამბობენ, მოსავლის ოდენობამ 1 ჰექტარზე მხოლოდ 1,200 ტონას მიაღწია (ზოგან უფრო ნაკლებია). მანამდე კი მარცვლეულის ნაწილი ჯერ მინდვრის თაგვმა გაანადგურა, შემდეგ კი ჭარბტენიანობის გამო გაჩენილმა დაავადება _ ჟანგვამ. იმედგაცრუებული გლეხები ამბობენ, რომ მომავალი წლიდან ყანას აღარ დათესავენ.

პურის ბეღელად წოდებულ დედოფლისწყაროში წელს ხორბლის ძალიან ცუდი მოსავალია. ფერმერების თქმით, შემოსავალი დანახარჯს ვერ ფარავს, ამიტომ ზოგმა ყანაში კომბაინი არც კი შეიყვანა. "120 ჰექტარ სახნავ-სათეს მიწას ვფლობდი. რამდენიმე წლის განმავლობაში ვამუშავებდი და მხოლოდ ერთხელ მივიღე მოგება, დანარჩენ შემთხვევაში ზარალის მეტი არაფერი მინახავს. მოუსავლიანობის გამო, მიწის საიჯარო გადასახადს და მისი დამუშავების ხარჯებს ფინანსურად ვეღარ ვწვდებოდი, ვალებში ჩავვარდი და იძულებული გავხდი, მიწა გამეყიდა. ახალ მეპატრონეს ახლა ეს ნაკვეთი თავადაც გაქირავებული აქვს. წელს შინაური ფრინველის საჭმელად მხოლოდ 7 ჰექატრის დათესვა გავბედე, მაგრამ კომბაინი საერთოდ არ შევიყვანე, რადგან ასაღები არაფერია. ზამთარში მოსულმა ჭარბმა ნალექმა ყანები გააძლიერა, შემდეგ სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაწვა, გაზაფხულზე კი ბალახმა მოუსწრო. კომბაინერები ისეთ ყანაში, სადაც ბალახის თესლი ხორბალზე მეტია, არ შედიან. მოსავალი `სალიარკისა~ და კომბაინის ხარჯსაც კი ვერ დაფარავს, ამიტომ თავი დავანებე. მომავალში აღარც ამ 7 ჰექტარს დავთესავ," _ ამბობს `სპექტრთან~ საუბარში გიორგი ჩიტოშვილი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის გელა თეთრაულის თქმით, დედოფლისწყარო 56 ათას ჰექტარ სახნავ-სათეს მიწებს ფლობს, თუმცა მარცვლეული კულტურა მხოლოდ ნახევარზეა დათესილი. "ეს, რა თქმა უნდა, სავალალო შედეგია. წელს მოსავალმა საერთოდ არ გაამართლა, რაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე ცუდად აისახა. მიწის მფლობელთა უმეტესობამ ჯერ კიდევ შარშანდელი მოუსავლიანობის პირობებში ძნელად დაფარა გადასახადი. წლევანდელი მდგომარეობა იმის ნიშანია, რომ ხალხს კიდევ უფრო გაუძნელდება მიწის იჯარის გადახდა, რაც საერთო მდგომარეობას და ცხოვრების პირობებს მეტად დაძაბავს," _ აცხადებს გელა თეთრაული. როგორც დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ბაღაშვილი განმარტავს, "დედოფლისწყაროში 17 ათას ჰექტარზე დათესილია ხორბალი, ხოლო 8 ათას ჰექტარზე _ ქერი. სპეციალისტების ვარაუდით, მთლიანად 30 ათას ტონა მარცვლეულს ველოდებით, რაც საშუალოდ 1 ჰექტარზე 1.200 ტონიდან 1.700 ტონამდე მარცვლეულის მოსავალს ნიშნავს."

სპეციალისტების თქმით, იყო წლები, როცა შირაქში მოსავალი ერთ ჰექტარზე 3-4 ტონას უტოლდებოდა. პარალელურად კი იმაზეც ზრუნავდნენ, სად დაებინავებინათ უხვი მოსავალი და რეალიზაციას მსხვილ წისქვილ-კომბინატებს სთხოვდნენ. ახლა პირიქითაა. მართალია, იმის საშიშროება არ არის, რომ მოსახლეობას თავისი მოყვანილი მარცვლეული მთელი წლის განმავლობაში ოჯახის გამოსკვებად არ ეყოს, მაგრამ პურის ბეღელად ცნობილი შირაქი თავის სახელს ვეღარ ამართლებს. რაც შეეხება ტექნიკას, ფერმერები მის სიმწირეს აღარ განიცდიან, რადგან ე.წ. სერვისცენტრის ახალი კომბაინები, რომელიც ჩალაუბანთან იდგა, ახლა მთლიანად დედოფლისწყაროსა და სიღნაღშია მობილიზებული. მისი მოხმარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუკი ჰექტარზე 80 ლარის ოდენობის თანხას ბანკში გადაიხდის. ფერმერთა უმრავლესობა მოსავლის ასაღებად ამ კომბაინს ანიჭებს უპირატესობას, რადგან როგორც ამბობენ, ის სუფთად და უდანაკარგოდ იღებს მარცვლეულს. ისინი კი, ვისაც ამ ეტაპზე ნაღდი ფული არ გააჩნია (ასეთ ფერმერთა რიცხვი კი საკმაოდ დიდია), იძულებულები არიან ძველ კომბაინებს მიმართონ, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელია ნატურაზე გარიგება ან ნებისმიერი ხარისხის მოსავლის აღება და თანხის მოგვიანებით გადახდა. "სასუქისა და სწვავის ხელმიუწვდომელი ფასებისა და ტექნიკური მომსახურების სიძვირის გამო (ძველი კომბაინით მოსავლის აღებისთვის 1 ჰექტარზე საჭიროა 50 ლარი და 20 ლიტრი `სალიარკა~) სოფლის მეურნეობის ეს დარგი ფერმერებისთვის არასასურველი და წამგებიანი გახდა. ამიტომ შესაძლოა, მარცვლეულის დათესვა აღარავინ მოისურვოს," _ ამბობენ დედოფლისწყაროში. ზოგიერთი ფერმერი იმასაც ამბობს, რომ დიდი შრომისა და ყველა საჭირო შხამ-ქიმიკატის გამოყენების მიუხედავად, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია. "წელს სასუქიც არ დავაკელით, ნიადაგი ყველა საშუალებით გავანოყიერეთ, მაგრამ მოსავლის მთლიანი ღირებულება ჩვენს დანახარჯს მაინც ვერ ფარავს. გამოსავალი ერთია, ან უფლის იმედად კიდევ უნდა გავბედოთ ყანის დათესვა, ან თავი დავანებოთ და ნაკვეთები გავყიდოთ, თუმცა არსებული ვითარების გამო მყიდველიც ძნელად საპოვნელია," _ ამბობენ აქაური ფერმერები და ამ დარგის განადგურების გამო გულისტკივილს გამოხატავენ. ისინი სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტ ყურადღებასა და ხელშეწყობას ითხოვენ.


ლალი მეხრიშვილი
14.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.