|
,,ბორჯომი~. ქეთევან როსტომაშვილი ბორჯომში დაიბადა. რვა კლასი #3 სკოლაში დაამთავრა, მერე ბაბუასთან წავიდა რუსეთში, ჯერ მაკიევკის სამედიცინო ტექნიკუმი დაამთავრა და შემდეგ სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტში ონკოლოგიურ სპეციალობაზე გააგრძელა სწავლა.
ქალაქ ვოლსკში შექმნა ლამაზი ოჯახი, გათხოვდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბელ შარვაშიძეზე, ჰყავს 14 წლის ვაჟი.
ქეთევანის მშობლები ბორჯომში ცხოვრობენ. ისინი ბევრისთვის ცნობილი პიროვნებები არიან. მამა _ ვლადიმერ როსტომაშვილი პროფესიონალი მძღოლი იყო, სამგზავრო ავტოსაწარმოში მუშაობდა და დამსახურებული პატივისცემით და ავტორიტეტით სარგებლობდა მგზავრთა შორის, დღეს იგი პენსიონერია და იმკის ბორჯომელთა სიყვარულს. დედა _ ციცინო გელაშვილი სათნო და კეთილშობილი ქალბატონია, და ერთთავად სხვათა სასიკეთოდაა შემართული.
ქეთევანი მშობლებსაც და ერთადერთ დაიკოს ეხმარება, მზეთამზეში აგარაკი შეიძინა და ყოველ წელს მშობლიურ ბორჯომში ატარებს შვებულებას.
_ მიყვარს ჩემი ლამაზი ქალაქი, ხანდახან ისე მენატრება აქაურობა, რომ ვფიქრობ ხოლმე, ყველაფერი მივატოვო და აქეთ გამოვიქცე, _ ღიმილით ამბობს ის.
ახლა კი, იმის შესახებ, თუ რა სასიკეთო საქმისთვის დაიწერა ეს წერილი.
ამ რამდენიმე ხნის წინათ რუსეთის ტელევიზიით გადაცემაში ,,ჯანმრთელობა~ გახმოვანდა ინფორმაცია ნაკლებად ცნობილ ვაქცინაზე, რომელიც წარმატებით გამოიყენება საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგოდ.
ამავე თემას დიდ ადგილს უთმობს გაზეთი ,,ვოლსკის კვირა~ და აქვეყნებს წერილს ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილ ექიმ-ონკოლოგზე ქეთევან როსტომაშვილზე, რომელმაც დამსახურებული ავტორიტეტი და სიყვარული მოიპოვა ამ ქალაქის პაციენტებში.
ქეთევანი ვოლუსკის ონკოდისპანსერში 2002 წელს მთავარი ექიმის მიწვევით მივიდა, დაეხმარნენ ბინის მიღებაში, გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, სისტემატურად მონაწილეობდა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში. ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტი წარმატებულ მაღალპროფესიონალ ექიმად ჩამოყალიბდა და ახლა ყველა პაციენტს მასთან უნდა მოხვედრა, ის კურნავს ყველას, მას თვლიან ღმერთისგან ბოძებულ ექიმად და ისიც, წლიდან წლამდე იძენს დიდ გამოცდილებას და სულ უფრო პოპულარული ხდება ამ ვოლგისპირა ქალაქში.
დიდი, გაცისკროვნებული თვალებით, ღიმილიანი ქეთევანი სიტყვითაც კი კურნავს პაციენტებს, მის მორალურ პრინციპებში შესანიშნავადაა შეხამებული ქართველი ინტელიგენტის ხასიათი და მიზანსწრაფვა, _ სიკეთე მოუტანოს ადამიანებს.
მისი ცხოვრების კრედოა იმედი აჩუქოს ადამიანებს და ეს არ არის ფუჭი, ზერელე სიტყვები, პაციენტების სამადლობელი წერილები (და ლექსებიც) მიძღვნილი ქეთევანისადმი ამის დასტურია.
ღმერთმა გვიმრავლოს ქეთევანის მსგავსი პიროვნებები, რომლებიც ბორჯომიდან შორს სახელსა და დიდებას უხვეჭენ საყვარელ სამშობლოს.
ვალერიან ლომიძე
15.07.2010 |