|
,,ბორჯომი~. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება _ საბავშვო ბაღი ძირითადი რგოლია ბავშვის განვითარებისთვის. აქედან ეყრება საფუძველი, თუ როგორ გარემოში გაიზრდება და რას ისწავლის, როგორი იქნება მისი განვითარების დონე და როგორი საფუძველი ექნება მას მომავალში.
ბორჯომი საბავშვო ბაღების რაოდენობით ყოველთვის გამოირჩეოდა.
2007 წლიდან ჩამოყალიბდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელშიც 14 ბაღი შედიოდა, ამჯერად კი მათი რაოდენობა თერთმეტია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბორჯომის #1 საბავშვო ბაღი საპილოტეა. აქ პირველად დაინერგა მოზარდის აღზრდის ახალი მეთოდიკა, რომელიც ითვალისწინებს ბავშვების განვითარებას ახალი პროგრამით, რომელსაც ,,ნაბიჯ-ნაბიჯ~ ეწოდება. ეს პროექტი ,,ღია საზოგადოება საქართველოს~ ეკუთვნის და იგი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია. როგორც ბაღების გაერთიანების დირექტორი ქეთინო გრიგალაშვილი აღნიშნავს, მეთოდმა გაამართლა. გადაწყდა, რომ იგი ბორჯომის რაიონის ყველა ბაღში დანერგილიყო.
_ ქალბატონო ქეთინო, რითი იყო ეს მეთოდი კარგი?
_ თავიდან, როდესაც ახლად ჩამოვყალიბდით, გაგვიჭირდა. ბევრ რამეში არ ვიყავით გარკვეული, მაგრამ საბოლოოდ ცუდი არაა გაერთიანება. საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ბაღები მუშაობენ ძველისძველი სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამით. ჩვენს რაიონში კი 2000 წლიდან მუშაობს პროგრამა ,,ნაბიჯ-ნაბიჯ~ და ამ გაერთიანების პერიოდში ჩვენ შევეცადეთ, რომ რაიონის სხვა ბაღებშიც დაგვენერგა იგივე მუშაობის მეთოდი, ბაკურიანის, ლიკანის, ახალი უბნის და სხვა ბაღებში მოვაწყვეთ ჯგუფები პროგრამის შესაბამისად, ბაღებში ვატარებთ ღია კარის დღეებს _ რაიონის ბაღების მასწავლებლებისთვის, თან ვურთავთ ტრენინგებს და ასე ვსწავლობთ ერთმანეთისგან და ვცდილობთ კარგი დავნერგოთ თითოეულ ბაღში.
პროგრამა ,,ნაბიჯ-ნაბიჯ~ კი ითვალისწინებს სწავლებას ნაბიჯ-ნაბიჯით, თამაშ-თამაშით. ბავშვები თვითონ ადგენენ ჯგუფის წესებს, ეცნობიან და მონაწილეობენ დღის განრიგის შედგენაში _ დილით შეხვედრისას. შემდეგ მუშაობას განაგრძობენ თავინთ მიერ არჩეულ ცენტრში. ჯგუფში შექმნილი გარემო მათ დამოუკიდებელი კვლევისა და ლოგიკური აზროვნებისკენ უბიძგებს. ასე რომ, ბავშვები ძალიან საინტერესოდ ატარებენ დროს და ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და გონებრივად მომზადებულები მიდიან სკოლაში. _ ბაღების გაერთიანების შემდეგ თქვენი, როგორც გაერთიანების დირექტორის, მოვალეობები რამდენად გაიზარდა?
_ მოვალეობები და პასუხისმგებლობა ძალიან გაიზარდა, ყველა ბაღი თავის თავს თვითონ განაგებდა, ამჟამად კი ყველა ბაღის პრობლემა ჩემთან იყრის თავს.
_ ანუ თქვენ ხართ დამაკავშირებელი რგოლი ბაღებსა და მუნიციპალიტეტს შორის.
_ კი, ასეა. ფაქტობრივად ბაღებში ასეა თუ ისე, მდგომარეობა ყოველწლიურად უკეთესობისკენ იცვლება, მუნიციპალიტეტის დახმარებით ბაღები ბუნებრივი აირით თბება. რიგ ბაღებში შეიცვალა კარ-ფანჯარა, მოწესრიგდა სველი წერტილებიც, მაგრამ კაპიტალურ და მიმდინარე რემონტს მაინც საჭიროებენ ბაღები. განსაკუთრებით სანტექნიკა შესაკეთბელი და შესაცვლელია თითქმის ყველა ბაღში. გასული სასწავლო წლისთვის შეძლებისდაგვარად მოვემზადეთ, ინვენტარიც შევიძინეთ, ჭურჭელიც შევცვალეთ, ცოტა სათამაშოების ნაკლებობას განვიცდით, რადგან ხარისხიანი სათამაშოები ძვირი ღირს, იაფფასიანი კი უხარისხოა. სასიხარულოა ისიც, რომ გამგეობა უყურადღებოდ არ ტოვებს ჩვენს პრობლემებს.
_ საბავშვო ბაგა რამდენია რაიონში და საკმარისია თუ არა იგი რაიონისთვის?
_ ქალაქში სულ ორი საბავშვო ბაგაა _ ქალაქის ცენტრში და ლიკანში. ისინი ძალიან პატარებია, ყველა მსურველს ვერ ვიღებთ. ფიზიკურად ბავშვების დასაძინებელი ადგილი არ გვყოფნის. საერთოდ ბაღებში ბავშვთა რაოდენობამ იმატა, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, ეს შობადობის მომატებამ თუ ბაღის რეიტინგის გაზრდამ გამოიწვია, მაინც მგონია, რომ უფრო ეს შობადობის მომატებას უნდა უკავშირდებოდეს.
_ მშობლები რა თანხას იხდიან ბავშვების ბაღში ტარებისთვის?
_ ფაქტიურად აფინანსებს მუნიციპალიტეტი, მშობლები მხოლოდ 10 ლარს იხდიან, არის კატეგორიები, რომლებიც სრულიად გათავისუფლებულები არიან გადასახადისგან. ოჯახიდან თუ ორი ბავშვი დადის, ოჯახი ერთის საფასურს იხდის.
_ როგორც ვიცი, პირველი ბაღი ხშირად ატარებს ღონისძიებებს, ძირითადად რა სახისაა ისინი?
_ ხშირად ვატარებთ ღია გაკვეთილებს, რომლებსაც ესწრებიან ყველა ბაღის თანამშრომელი. ასევე გვაქვს შეხვედრები დედებთან, მამებთან, ბებიებთან და მეთერთმეტეკლასელებთან. საერთოდ, ამ პროექტს წითელ ზოლად გასდევს ის, რომ მშობლები ჩართული უნდა იყვნენ ბაღის მუშაობაში. სწორედ ამიტომ ვიწვევთ ხოლმე მათ, ვაცნობთ ჩვენს პრობლემებს. ისინი გვერდში გვიდგანან საკითხების გადაწყვეტაში.
ამ ცოტა ხნის წინ ბებიებთან შეხვედრა გვქონდა, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრებით მოიწონეს თავი, ბავშვებმა კი ფოლკლორის საღამო გამართეს, ყველა კმაყოფილი დარჩა. ყველა ბაღს ერთი დიდი პრობლემა გვაქვს, არ გვყავს შტატში მუსიკის მასწავლებელი. მუნიციპალიტეტი გვპირდება ამ პრობლემის მოგვარებას, რადგან საბავშვო ბაღი მუსიკის მასწავლებლის გარეშე წარმოუდგენელია.
_ სულ რამდენი ბავშვი ითვლება დღეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და რამდენი წავა სკოლაში?
_ მთლიანად რაიონის საბავშვო ბაღებში 632 ბავშვი ირიცხება, აქედან 192 ბავშვი პირველ ბაღშია, ჩვენ გვქონდა ორი სასკოლო ჯგუფი, 57 ბავშვი გავაცილეთ სკოლაში, ვუსურვებთ წარმატებებს.
მე მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს ბაღიდან სკოლაში წასვლა. ბედნიერ, თავისუფალ და ეკონომიკურად ძლიერ საქართველოში ეცხოვროთ.
მარი ზაქაშვილი
15.07.2010 |