ახალციხე,
საქართველო - აშშ-ის მთავრობა აცხადებს ახალციხის მექანიზაციის
სერვისცენტრის ოფიციალურ გახსნას. ეს პირველი მექანიზაციის ცენტრია, რომელიც
დაფინანსდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) "მექანიზაციის
პროექტის" ფარგლებში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა
და ევრაზიის დახმარების კოორდინატორი დანიელ
როზენბლუმი დაესწრება მექანიზაციის ახალი სერვისცენტრის გახსნას. გახსნის ოფიციალური
ცერემონია გაიმართება პარასკევს, 16
ივლისს 11:00 საათზე, ახალციხის რაიონის
სოფელ ჭაჭარაქში (ახალციხე-ნინოწმინდის სამხედრო გზის მე-4კმ.).
მექანიზაციის
სერვისცენტრის მფლობელი შპს "ლაბა+"-ია. კომპანიამ USAID-საგან 199 ათასი დოლარის ოდენობით გრანტი
მიიღო და
ამავე ოდენობის თანადაფინანსებით შეძლო ახალი სერვისცენტრის აშენება და აღჭურვა.
ახალი სერვისცენტრი ადგილობრივ მცირე ფერმერებს შესთავაზებს ფასიან სამანქანო
მომსახურებას (ხვნას, კულტივაციას, თესვას, სასუქისა და პესტიციდების შეტანას და
მოსავლის აღებას). ახალციხის მექანიზაციის სერვისცენტრი აღჭურვილია: 1
თანამედროვე კომბაინით, 3 ახალი ტრაქტორითა და 12 სხვადასხვა სახის მისაბმელითა და
სასოფლო სამეურნეო დანადგარით. სერვისცენტრი მოემსახურება დაახლოებით 800 მცირე ფერმერს რეგიონში.
"მექანიზაციის პროექტის" ბიუჯეტი
5.1 მლნ. ამერიკული დოლარია. ეს აშშ-ის მთავრობის იმ 1-მილიარდიანი
დახმარების ნაწილია, რომელიც საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოეყო.
"მექანიზაციის პროექტის" ფარგლებში
ქვეყნის მასშტაბით 30-მდე
სამანქანო ცენტრი შეიქმნება, რაც გაზრდის მცირე ფერმერებისთვის სამანქანო
მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას. საერთო ჯამში ამ
სერვისცენტრებში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, დახმარებას მიიღებს 14 ათასი მცირე
ფერმერი, ხოლო მცირე ფერმერული მეურნეობები დამატებით 10 მლნ. აშშ დოლარის
შემოსავალს მიიღებენ.
***
საქართველოში
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შესახებ: გასული 17 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა, აშშ
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით, საქართველოში დაახლოებით მილიარდ
ნახევარი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად, წლიურად 40-ზე მეტი
პროექტი ხორციელდება. აღნიშნული პროექტები გამიზნულია საქართველოს დასახმარებლად
და ქვეყნის თავისუფალ და განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად.
ასეთი პროექტებია: ეკონომიკური განვითარების დაჩქარება, დემოკრატრიული
ინსტიტუტების განვითარება და ჯანდაცვის და განათლების სისტემების გაუმჯობესება.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას
უწევს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ
ვებ-გვერდს: http://georgia.usaid.gov
15.07.2010 |