|
სილამაზის სალონი ამბულატორიის ნაცვლად
`სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ მეორე ეტაპის სამუშაოები ზოგიერთ სოფელში ახლა მიმდინარეობს, ზოგშიც უკვე დასრულებულია და მოსახლეობას შედეგების შეფასების უფრო რეალური საშუალება აქვს.
`ხალხის გაზეთი~ კვლავ აგრძელებს `სოფლის მხაედაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ მონიტორინგს და ამჯერად ტყვიავის თემში შემავალ სოფლებს ფლავისმანს, ფლავსა და ტყვიავს ვესტუმრეთ. რაც შეეხება სოფელ მარანას, აქ ჯერ არაა გადაწყვეტილი თუ რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს 2010 წელს გამოყოფილი თანხებით.
სოფელ ფლავისმანში წელს რიტუალების სახლის აგება დაიგეგმა. შენობა თითქმის დასრულებულია და ამ სოფლის მკვიდრთ, როგორც ამბობენ, მალე მისი სახით სხვადასხვა თავშეყრისათვის კაპიტალური შენობა ექნებათ. თუმცა, მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩვენი ბოლო ვიზიტისას ამ სოფელში დაგვხვდა ეგრეთ წოდებული სტადიონი, რომელიც 2009 წლის `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლებში კეთდებოდა და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ომარ ხაბაზიშვილის დაპირების მიუხედავად, რომ რამდენიმე დღეში სტადიონის აგება დასრულებული იქნებოდა, დღემდე იქ არაფერი შეცვლილა, არც ნანგრევები გაუტანია ვინმეს და არც ტერიტორიაა მოსწორებული, სხვა სამუშაოებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
ალბათ, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ აქაური მოსახლეობა ამ პროგრამას ერთგვარი სკეპტიციზმით უყურებს და მიუხედავად იმისა, რომ მათ წინაშე თითქმის დასრულებული შენობა დგას რიტუალების სახლის სახით, `სტადიონი~, რომელიც სწორედ რიტუალების სახლის წინაა, მათ არ დავიწყებიათ.
ბონდო გიუნაშვილი: `აღნიშნული პროგრამის შესახებ ნამდვილად გამიგია, თუმცა კრებას არ ვესწრებოდი. როგორც ვიცი, ზოგადად დასახელდა სოფლის პრობლემები და ხალხმა გადაწყვიტა, რომ ყველაზე მეტად ამ ეტაპზე რიტუალების სახლი გვჭირდებოდა. როგორც ხედავთ, აშენებენ კიდეც. რაც შეეხება, 2009 წლის `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას~ მაშინ მოსახლეობამ სტადიონი მოითხოვა, ძალიან გვინდოდა, რომ აეგოთ, მაგრამ როგორც ხედავთ, აქ სტადიონი ნამდვილად არაა.~
ხვიჩა დოიჯაშვილი: `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ შესახებ არაფერი გამიგია და არც კრებაზე ვყოფილვარ. რიტუალების სახლი, როგორც ხედავთ, შენდება და მოსახლეობა ამით ნამდვილად კმაყოფილია, რასაც ვერ ვიტყვით სტადიონზე. ან კი, როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი კმაყოფილი იყოს იმ სამუშაოებით, რომელიც აქ სტადიონის ასაგებად ჩატარდა?~
ვასიკო მესტუმრიშვილი: `დიახ, ასეთი პროგრამის შესახებ რა თქმა უნდა გამიგია. რიტუალების სახლი სოფელს ნამდვილად სჭირდებოდა და კმაყოფილი ვართ, რომ გვიშენებენ. რაც შეეხება სტადიონს, მისი აგება ტერიტორიული ორგანოს რქწმუნებულმა მე დამავალა და მასალებიც შემოიტანა. ყველაფერი გვაქვს, რაც სტადიონის ასაგებად საჭიროა, მხოლოდ ტექნიკა გვჭირდება, რომელიც ტერიტორიას მოასწორებს.~
ამის შემდეგ სოფელ ფლავს ვესტუმრეთ, სადაც 2010 წლის `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით~ თავდაპირველად ამუბულატორიის მშენებლობა დაიგეგმა, თუმცა კედლების ნაწილობრივ ამოყვანის შემდეგ გაირკვა, რომ ეს ფართი არასაკმარისი იყო ამბულატორიისათვის. ამიტომ, გადაწყვეტილება შეიცვალა და ამ შენობაში სილამაზის სალონის მოწყობა გადაწყდა, რამაც მოსახლეობაში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამბულატორიისათვის გამოყოფილი ფართის სიმცირეზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც კედლების ნაწილი ააშენეს. ნუთუ შეუძლებელი იყო პროექტის შედგენისას ამბულატორიისათვის საჭირო პარამეტრების განსაზღვრა.
ნუნუ გიუნაშვილი: `ამ პროგრამის შესახებ ნამდვილად მსმენია. სწორედ მის ფარგლებში გადაწყდა ჩვენს სოფელში ამბულატორიის მშენებლობა. ამბულატორია სოფელს აქვს, თუმცა, მას შემდეგ, რაც შენობაში ჯარი შეიყვანეს, უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, რომელიც გასასინჯად მოსულ ქალბატონებს ექმნებათ, მოსახლეობამ გადაწყვიტა შენობის ცალკე აშენება. მშენებლობა მართლაც დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ შენობის ფართი არ იყო საკმარისი ამბულატორიისათვის და გააწყდა, რომ აქ სილამაზის სალონს ააგებდნენ, რაც ნამდვილად საჭიროა სოფლისათვის.~
მაია ტატუნაშვილი: `პროგრამის შესახებ მსმენია და როგორც ვიცი, კრებაც ჩატარდა, თუმცა, პირადად მე არ ვესწრებოდი დროის უქონლობის გამო. სოფლის სურვილი იყო ამბულატორიის აშენება, თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ შენობა იმდენად პატარა იყო, იქ ამბულატორიის განთავსება შეუძლებელი იქნებოდა და ამიტომ აქ სილამაზის სალონის აგება გადაწყდა. როგორც ვიცით, საკმაოდ დიდი თანხა იყო გადმორიცხული და ხომ შეიძლებოდა, ცოტა დიდი შენობის აგება?~
მორიგმა რესპონდენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა: `სოფელს ამბულატორია სჭირდებოდა და მოსახლეობის სურვილიც ეს იყო, მაგრამ პატარა შენობის აშენება დაიწყეს და შემდეგ განგვიმარტეს, რომ ფართის სიმცირის გამო აქ ამბულატორია ვერ განთავსდებოდა. გადაწყდა, რომ სალონს ააგებდნენ. სოფელში რამდენიმე ადამიანია დაუფლებული სტილისტის ხელოვნებას და მოსახლეობის მომსახურება მათ საკუთარ სახლებშიც შეეძლოთ. კარგი იქნებოდა, თავიდანვე ცოტა დიდი შენობა აეგოთ. ის რასაც ახლა აშენებენ ამბულატორიისათვის ძალიან პატარაა, სილამაზის სალონისთვის კი – დიდი.~
მარიკა: `კრებაზე სამწუხაროდ არ ვყოფილვარ, მაგრამ როცა გავიგეთ, რომ ამბულატორიის მშენებლობა გადაწყდა, ყველას ძალიან გაგვეხარდა, რადგან ნამდვილად ძალიან გვჭირდებოდა. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამ ადგილას სალონის აგება გადაწყდა. ამბულატორია ძალიან გვინდოდა, მაგრამ ზოგადად სოფლისთვის თუ რამე გაკეთდა, ჩვენ ყველაფრით კმაყოფილი ვიქნებით.~
მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ ტყვიავის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტს მამუკა კაპანაძეს შევხვდით.
მამუკა კაპანაძე: `სოფლის ცენტრში ჩავატარეთ კრება 2010 წლის `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამასთან~ დაკავშირებით, სადაც შევთანხმდით, რომ უნდა აგვეშენებინა ახალი ამბულატორია. იმ თანხით, რომელიც სოფელ ფლავზე იყო გამოყოფილი დიდი შენობის აგება ვერ მოხერხდა და ამიტომ გადაწყდა, რომ ამბულატორიის ნაცვლად აქ სილამაზის სალონს ავაშენებთ. თუ აქამდე თმის შესაჭრელად გორში გვიწევდა ჩასვლა, ახლა საკუთარი სილამაზის სალონი გვექნება, რომელიც ორი სოფლის, ფლავისა და ფლავისმანის მოსახლეობას მოემსახურება. გარდა ამისა, შესაძლებლობა გვექნება დავასაქმოთ ადგილობრივი სტილისტები. ამჟამად დროებით შეწყვეტილია სამუშაოები, რდგან სამშენებლო მასალებს ველოდებით. სულ მალე სოფელს ახალი სილამაზის სალონი ექნება.
ფლავისმანი ფლავთან შედარებით დიდი სოფელია და შესაბამისად თანხაც მეტი იყო გამოყოფილი. იქ რიტუალების სახლის მშენებლობა დაიგეგმა. სამუშაოები თითქმის დასრულებულია, კედლები აშენებულია, ფანჯრები და კარებები ჩასმულია, მხოლოდ სახურავიღაა გასაკეთებელი.
რაც შეეხება, სტადიონს, წელს მის დასრულებასაც ვაპირებთ. მასალა მოტანილია და ადგილობრივი მთავრობისა და ჩვენი დეპუტატის დახმარების იმედიც გვაქვს. ყველას ჩავრთავთ, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.~
ამის შემდეგ სოფელ ტყვიავს მივაშურეთ, სადაც მოუცლელობის გამო (გორში იმყოფებოდა თათბირზე) ვერ შევხვდით ომარ ხაბაზიშვილს და მის ნაცვლად ტყვიავის ტერიტორიული ორგანოს მთავარ სპეციალისტს გიორგი გიგუაშვილს გავესაუბრეთ.
გიორგი გიგუაშვილი: `2009 წლის `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლებში სოფელ ტყვიავისათვის გამოყოფილი თანხა დაიხარჯა საჭიდაო მოედნის აგებაზე. გავაკეთეთ თანმედროვე სტილში და გადავხურეთ. წელს პროგრამის ფარგლებში 33 200 ლარი იყო გამოყოფილი. ამ თანხით დაიგო სოფლის ცენტრიდან სკოლამდე მისასვლელი გზა და სამუშაოები უკვე დასრულებულია. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და მოსახლეობაც კმაყოფილია.
ფლავისმანზე გამოყოფილი იყო 28 200 ლარი და ამ თანხით რიტუალების სახლის აგება გადაწყდა. მშენებლობა დაწყებულია და სულ მალე დავასრულებთ.
რაც შეეხება ფლავს, აქ 24 800 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით სილამაზის სალონის აგება მოითხოვა მოსახლეობამ და ალბათ ნახეთ, რომ სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
მარანაში სულ 13 600 ლარია გამოყოფილი და ჯერ არაა გადაწყვეტილი, თუ რა სამუშაოები ჩატარდება. რადგან მოსახლეობის ნაწილი გაზიფიცირებას ითხოვს, რისთვისაც თანხა არასაკმარისია, ნაწილსაც საბავშვო ბაღი უნდა. მოკლედ, აქ ჯერ საერთო აზრი არაა ჩამოყალიბებული.~
ტყვიავის თემში შემავალ სოფლებში 2010 წლის `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში~ განხორციელებული სამუშაოების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსს გივი ხუროშვილს ვესაუბრეთ. შეკითხვაზე, პროგრამის ფარგლებში ფლავში სილამაზის სალონის მშენებლობა ხომ არ არის გარკვეულწილად კერძო ბიზნესის ხელშეწყობა ნაცვლად იმისა, რომ ზოგადად სოფლისთვის გაკეთდეს რაიმე გვპასუხობს: `არა, ეს ასე არაა. სილამაზის სალონის მშენებლობა ისევე, როგორც რიტუალების სახლისა, შეიძლება ჩაითვალოს კერძო ბიზნესის ხელშეწყობად, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ორივე შენობა იქნება მუნიციპალიტეტის და არა რომელიმე კერძო პირის საკუთრება.
ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი, რა გაკეთდება მარანაში. მოსახლეობის ნაწილი გაზიფიცირებას ითხოვს. ჩვენ გავგზავნეთ გაზის კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც დაიანგარიშა ხარჯები და მოგვახსენა, რომ ამ სოფელისათვის გამოყოფილი თანხით მხოლოდ მრიცხველის შეძენა და მონტაჟია შესაძლებელი. ამის შემდეგ დავუკავშირდი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, ავუხსენი მდგომარეობა და ვთხოვე კიდევ ერთხელ შეხვედროდა მოსახლეობას და სხვა რაიმე მოეთხოვათ სოფლისთვის.
რაც შეეხება სხვა სოფლებს, აქ ყველაფერი გარკვეულია, ტყვიავში გზა დაიგო, ფლავისმანში კი რიტუალების სახლი შენდება.~
ჩვენ წინა ნომერში დავპირდით მკითხველს, რომ მივაწვდიდით დაწვრილებით ინფორმაციას `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შესახებ. თუ რა თანხებია გამოყოფილი სახელმწიფოს მიერ და რომელი კომპანიები ახორციელებენ პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს. ინფორმაცია, რომელიც კანონით დადგენილი ვადების მიხედვით გორის მუნიციპალიტეტს ჩვენთვის უკვე გადმოცემული უნდა ჰქონდეს, ჯერ კიდევ არ მიგვიღია და ისღა დაგვრჩენია, კიდევ ერთხელ დაგპირდეთ, რომ მისი მიღებისთანავე დავუბრუნდებით თემას და მოვამზადებთ შესაბამის მასალას.
მაკა კოჭლამაზაშვილი
მაკა კოჭლამაზაშვილი
20.07.2010 |