|
,,ბორჯომი~. თუ რა კეთდება მაღალმთიან ტაბაწყურსა და მოლითში საქართველოს პრეზიდენტის პროგრამის ,,ფული _ ყველა სოფელს!~ ფარგლებში, ვესაუბრეთ ამ სოფლების მაჟორიტარ დეპუტატს ბორჯომის მუნიციპალურ საკრებულოში ალბერტ არუთინიანს, რომელიც ახლახან მეორედ აირჩიეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
_ დავიწყოთ მაღალმთიანი ტაბაწყურიდან, სოფლიდან, სადაც 200-მდე კომლი ცხოვრობს. გასულ წელს პრეზიდენტის პროგრამით 7 ათასამდე ლარი გამოიყო, რითაც სასმელი წყლის მაგისტრალს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. წელს ეს თანხა გაორმაგდა და 14 ათასი ლარით სოფელმა გადაწყვიტა რიტუალების სახლის გაკეთება.
ტაბაწყურში ამბულატორია თითქმის მწყობრშია. აქ სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყო. ამავე შენობაშივე იქნება საცხოვრებელი ოთახი ექიმისთვის. ასე რომ, ექიმებს ნათელა ნიკოიანს და ლილი სამსონიძეს ამ მხრივ პრობლემა არ ექნებათ.
სოფელ მოლითში 70 კომლი ცხოვრობს. გასულ წელს 3 ათასზე მეტი ლარი იყო გამოყოფილი და იგი სასმელი წყლის და აუზის რეაბილიტაციას მოხმარდა. ახლა 7 ათასზე მეტი ლარია გამოყოფილი და ამ თანხით შემოიღობება სოფლის სასაფლაო.
ბატონო ალბერტ, ტაბაწყურის ტბა ერთ-ერთი უმშვენიერესია და იგი თავისებურ ლაზათს და ეშხს მატებს აქაურობას. უკანასკნელ ხანს ტურისტთა რაოდენობამ მხომ მოიმატა?
_ დიახ, მართლაც ასეა. ყოველდღიურად აქ უამრავი ტურისტი მოდის, განსაკუთრებით უცხოელები. ორი დღის წინ ბათუმიდან 45-ზე მეტი ახალგაზრდა ამოვიდა და ღამე მოსახლეობაში გაათენა. ცხადია, ყველა ტურისტს ტბაზე კატერებით გასეირნება სურს და ტაბაწყურის თევზსაც სიამოვნებით მიირთმევს. ეს კი აქაური მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავალია.
მალე რაიონის მუნიციპალიტეტის დაკვეთით დაიწყება მაღალმთიან სოფლებში მისასვლელი გზის გასწორებისა და მოხრეშვის სამუშაოები. სოფლის მშრომელები წელს მიიღებენ ბუნებრივ აირს. ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე იდგმება. კეთდება პროექტი და როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ბატონმა ალექსანდრე ხეთაგურმა გვითხრა, პროექტის დამთავრებისთანავე გაზსადენის სამუშაოები დაიწყება, რაც ამ სოფლების მოსახლეობისათვის უდიდესი საჩუქარი იქნება.
ტაბაწყურის საკრებულოს რწმუნებულად ამ დღეებში დაინიშნა არტაშ ირიციანი. მასთან ერთად მომიწევს სოფლის მოსახლეობისთვის დღენიადაგ შრომა, _ გვითხრა ალბერტ არუთინიანმა.
ს. ხეთაგაშვილი
21.07.2010 |