|
ნიქოზის კაშხალი გორის რაიონის სოფლებში გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ჯერ
სრულყოფილად არამოქმედებულ წყალსაცავს ენერგოკომპანიის მიმართ ივნისის თვის დავალიანება უკვე 15 000 ლარი აქვს. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მტკვარი ემ-ს წელიწადში 200 000 ლარს უხდის. ორი კვირაა სოფლებს - ერგნეთს, ბროწლეთს, ტირძნის, მეღვრეკისს
და თერგვისს სარწყავი წყალი არ მიეწოდება. 25 ივლისს ხელისუფლების
წარმომადგენლების მხრიდან თვითნებურად ჩართულ წყალსაცავს ელექტროენერგიის მიწოდება
ენერგოკომპანიამ ორ საათში შეუწყვიტა.
მეღვრეკისში მცხოვრები გიორგი ედიშერაშვილი ამბობს, რომ ხანგრძლივი
თმენის შემდეგ მოსახლეობამ 25 ივლისს საპროტესტო აქცია გამართა და სოფლის
რწმუნებული დაიბარა. ამას მოჰყვა, ცენტრალური არხების ადგილობრივი
კორესპონდენტების საქმის კურსში ჩაყენება. ,,მას შემდეგ რაც სოფელში ტელევიზიის
ჟურნალისტები ჩამოვიდნენ, სოფლის არხში წყალი გამოჩნდა. თუმცა ეს სიამოვნება 2
საათს გაგრძელდა და მალევე, სადღაც საღამოს 10 საათზე დაწყდა. სოფელში წყლის
ხელახალ გადაკეტვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიებია" - ამბობს გიორგი
ედიშერაშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი კახა ტოლიაშვილი
ამბობს, რომ ნიქოზის კაშხალს ექსპლუატაციაში გასვლიდან 2 საათში ტექნიკური
პრობლემები შეექმნა: ,,როგორც ჩემთვის ცნობილია პაჩებკები დაუზიანდა, გამგებელმა
მითხრა ეს. ალბათ მალე გააკეთებენ" - გვითხრა კახა ტოლიაშვილმა.
სოფლის გამგებელი თემურ ტეტუნაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ
ნიქოზის კაშხალს მართლაც ტექნიკური პრობლემები აქვს. ,,გუშინ როგორც კი არხში
წყალი გაუშვეს, მაშინვე რაღაც მწყობრიდან გამოვიდა. როგორც ვიცი ჩამოსულები არიან
თბილისიდან და აკეთებენ." - ამბობს თემურ ტეტუნაშვილი, რომელიც გვირჩევს, რომ
საკუთარი სოფლის პრობლემებზე სხვას, კერძოდ შპს ,,მტკვარი ემ"-ის
წარმომადგენლებს ვესაუბროთ.
,,მტკვარი
ემ"-ი შიდა ქართლის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სარწყავი წყლით
უზრუნველყოფს. კომპანიის გორის წარმომადგენელს მამუკა ლომსაძეს მიაჩნია, რომ კაშხლის
ტექნიკური პრობლემა მალე აღმოიფხვრება. მაგრამ ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა,
რომ განსხვავებული ინფორმაციები გააჩნიათ თვით ,,მტკვარი ემ"-ის გენერალურ
დირექტორს დავით მუჯირიშვილს და ნიქოზის კაშხლის მმართველს თამაზ ბაბუციძეს. ორივე
მათგანი აცხადებს, რომ კაშხალს ენერგოკომპანიის მიმართ დავალიანება აქვს და
არავითარ ტექნიკურ გაუმართაობას არ აქვს ადგილი. გამგეობის აპარატის უფროსი კახა
ტოლიაშვილი ამბობს, რომ საკრებულო თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით 28 ივლისს
იმსჯელებს
საბა წიწიკაშვილი
27.07.2010 |