|
გორის გამგეობის გაზეთი ,,ლომჭაბუკი"
ლიკვიდირებულია, ამის შესახებ განკარგულება დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად
ხმალაძემ მიიღო. ,,დაიწყოს შპს ,,ლომჭაბუკის" სალიკვიდაციო
ღონისძიებები. გაუქმდეს ,,ლომჭაბუკის" წესდება" - წერია განკარგულებაში.
გაზეთის - ,,ლომჭაბუკი" - რედაქტორი მარიკა
ზაქარაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციას იურიდიულ სტატუსთან ერთად სახელიც ეცვლება.
ანუ ფაქტობრივად გორის გამგეობა ახალ გაზეთს ქმნის, რომელსაც ,,გორის მაცნე"
ეწოდება. ლომჭაბუკი დაახლოებით 40 000 ლარით ფინანსდებოდა წელიწადში.
,,ლომჭაბუკის ლიკვიდაცია იმიტომ გადავწყვიტეთ,
რომ თვით სახელი არ მოგვწონს. ამავე დროს ,,გორის მაცნეს" ჩამოყალიბების შემთხვევაში
ექნება სტატუსი - როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი" - ამბობს მარიკა
ზაქარაშვილი.
მართლაც, ,,ლომჭაბუკის" სალიკვიდაციო
ღონისძიებების დაწყების გამოცხადების დღესვე გორის საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო
ახალი განკარგულება ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გორის
მუნიციპალიტეტის გაზეთის ,,გორის მაცნეს" დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების
შესახებ. საინტერესოა განკარგულების მე-4 პუნქტი სადაც წერია: ,,გორის
მუნიციპალიტეტის გამგებელს მიენიჭოს ,,არასამეწარმეო იურიდიული პირის გორის
მუნიციპალიტეტის გაზეთი ,,გორის მაცნეს" ხელმძღვანელი პირის (დირექტორის)
დანიშვნის და განთავისუფლების უფლებამოსილება." - წერია ახალ წესებაში.
ახალი წესდების მიხედვით, ,,გორის მაცნეს" მიზნები
და ამოცანებია ,,მუნიციპალიტეტის მიერ გატარებული აქტუალური ღონისძიებების
გაშუქება. მოსახლეობაში არსებული აქტუალური პრობლემების გაშუქება, ასევე
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი და ნორმატიული აქტების განთავსება".
გაზეთი ,,ლომჭაბუკი" 2006 წელს დაარსდა.
მანამდე არსებობდა გაზეთი ,,გორის მოამბე", რომლის რედაქტორი ზაურ წაქაძე ჯერ
კიდევ მაშინდელ გამგებელს ნუკრი პაპუნაშვილს ,,გორის მოამბის" უსამართლო ლიკვიდაციაში
ადანაშაულებდა. ,,გორის მოამბე"-მდე კი არსებობდა გაზეთი ,,გორი"...
,,გორამდე" კი კომუნისტების პერიოდში რაიონის მასშტაბით გაზეთი ,,გამარჯვება" გამოდიოდა, სადაც
სწორედ რაიკომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და აქტუალური ღონისძიებები
შუქდებოდა.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი ელზა მიქელაძე
ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ,,ლომჭაბუკის" სახელის შეცვლა და შესაბამისად
მისი ,,ლიკვიდაცია" გამოწვეულია გაზეთის სახელით. ,,ახალი პროგრამული ბიუჯეტის მიღების შემდეგ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების სუბსიდირება აღარ ხდება. შესაბამისად, შპს ,,ლომჭაბუკს" დაფინანსება შეუწყდა. ისედაც არამომგებიან გაზეთს დახურვის საშიშროება შეექმნა. ამ დროს კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ. გადავწყვიტეთ გაზეთის გამოცემა სხვა იურიდიული ფორმით, რომელიც არასამეწარმეო იურიდიული პირი იქნება. ეს ინიციატივა მოდის
გაზეთის და გამგეობის წარმომადგენლების მხრიდან. გაზეთში ძირითადად ის ინფორმაცია
იქნება განთავსებული, რომელიც ფართო საზოგადოებისთის იქნება მისაღები" -
ამბობს ელზა მიქელაძე.
რატი უფლისციხელი
28.07.2010 |