|
გუბერნატორის პირველი ღია თათბირი და დავალებები გამგებლებს
`არ მოგასვენებთ არც თქვენ და არც ხალხს...~
`ხალხის გაზეთი~_29 ივლისს გორის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა გაფართოებულ თათბირი გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების გამგებლები, წყალმომარაგების, საირიგაციო, ბუნებრივი აირისა და ენერგოკომპანიების რეგიონული ხელმძღვანელები. თათბირი ღია იყო მედიისთვის.
შეხვედრაზე რეგიონისთვის აქტუალურ თემებზე, კერძოდ სარწყავი და სასმელი წყლით მომარაგებაში არსებულ პრობლემებზე, ელექტროენერგიასა და გაზიფიცირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მსჯელობა.
მუნიციპალიტეტების გამგებლებმა გუბერნატორს დეტალურად გააცნეს თითოეულ ტერიტორიულ ერთეულში ენერგეტიკის და წყალმომარაგების სფეროებში არსებული პრობლემები და ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებსა და სავარაუდო ვადებზე. მხარის რწმუნებულმა შესაბამისი დავალებები მისცა მათ და უახლოეს მომავალში აღნიშნული მიმართულებებით კონკრეტული შედეგების მიღწევა მოსთხოვა.
`სერიოზულად ზარალდება სოფლის მოსახლეობა, რომელსაც არ აქვს სარწყავი წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ადამიანებს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ. მე მთავრობაში დავაყენებ საკითხს, რომ ეს პრობლემები ჩვენს რეგიონში აღარ უნდა არსებობდეს. თუ შემდეგ შეხვედრაზე იგივე საკითხებზე მოგვიწევს საუბარი, ჩაითვლება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არაეფექტურად მუშაობს. ელექტროენერგიის პრობლემა 21-ე საუკუნეში აღარ უნდა იყოს. ამასთან, მოსახლეობასაც უნდა ესმოდეს, რომ ყველაფერი ერთად ვერ გაკეთდება. თითოეულ მოსახლეს სურს, მისგან დაიწყონ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება, მაგრამ სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ავუხსნათ ხალხს რეალური ვითარება. ხელმძღვანელობა კარგია, მაგრამ მაღალ ხელფასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც ახლავს. ის, რაც გვევალება, უნდა გავაკეთოთ, ამაში ვიღებთ ხელფასს. ეს ეხებათ როგორც გამგებლებს, ისე თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებს. კვირაში ერთხელ მაინც უნდა ტარდებოდეს გამგეობებში შეხვედრები მოსახლეობის პრობლემების განხილვასთან დაკავშირებით. საჭიროა მჭიდრო კოორდინაცია მომწოდებელ (სადისტრიბუციო) კომპანიებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, თუმცა მხოლოდ გამგებლებმა და საკრებულოებში არჩეულმა დეპუტატებმა არ უნდა იზრუნონ პრობლემების მოგვარებაზე, აქტიურად უნდა ჩაერთოს მოსახლეობაც და მედიაც. მე მუდმივ მზადყოფნას ვთხოვ გამგებლებს, შეიძლება ღამის 12 საათზე დავურეკო და შევხვდე ქუჩაში, სოფელში თუ სადმე სხვაგან, თუკი ამას საქმე მოითხოვს. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ გვაქვს გეგმები, რომელთა ეფექტურად განხორციელების შედეგებსაც მოსახლეობა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ნამდვილად იგრძნობს. თუკი რაიმე საკითხს მთავრობა არ აქცევს ყურადღებას, ეს შეხვედრაც იმიტომ შედგა, რომ ყველას მოვუსმინო, თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც და ჟურნალისტებსაც. არ მოგასვენებთ არც თქვენ და არც ხალხს იმისათვის, რომ საქმე ხარისხიანად გაკეთდეს,~ _ აღნიშნა თათბირის მსვლელობისას არსოშვილმა და გამგებლებს დაავალა ასევე პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა თავიდან იყოს აცილებული უბედური შემთხვევები იმ ადგილებში, სადაც სახიფათოა, ან საერთოდ იკრძალება ბანაობა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ამ პროცესშო აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
როინ მახარობლიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი: `გუბერნატორის ინიციატივით შედგა დღევანდელი შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოგვეცა საშუალება, სხვადასხვა სამსახურების პირველი პირებისგან მოგვესმინა ჩვენ მიერ დაყენებული პრობლემების გადაჭრის გზები და მოსახლეობის სათქმელიც მიგვეტანა რეგიონის ხელისუფლებამდე. ასეთ თათბირებს ექნება სისტემატიური ხასიათი, რაც აუცილებელია ჩვენი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის.~
დავით მუჯირიშვილი, შპს `მტკვარი-M~-ის დირექტორი: `იმისათვის, რომ მოსახლეობამ შეუფერხებლად მიიღოს სარწყავი წყალი შიდა ქართლის რეგიონში, აუცილებელია გადაიხადოს დაწესებული გადასახადი 1 ჰექტარზე 75 ლარი სეზონის განმავლობაში.~
კახაბერ ხაჩირაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი: `კასპის რაიონში არის რამდენიმე სოფელი, რომლებსაც 15-20 წელია, არ აქვთ ელექტროენერგია. სასმელი წყლის პრობლემა მწვავედ დგას სოფელ იდლეთში, აქ გაეროს პროგრამით კეთდება წყალი და უახლოეს მომავალში დავაკმაყოფილებთ მოსახლეობას. წყლის პრობლემაა ასევე ზემო რენეში, ქვემო რენეში, ნიგოზაში, ჩობალაურში. პრობლემაში ვგულისხმობ წყლის დებეტის ნაკლებობას, ივლის-აგვისტოში იკლებს წყლის დინება და საბოლოოდ, მცირე რაოდენობით მოედინება. ამ კუთხით ჩვენ ვმუშაობთ და ყველა სოფელში ეტაპობრივად გადაიჭრება წყლის პრობლემები. რაც შეეხება იდლეთს, მე ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელს მოგვარდება ეს პრობლემა, აშენდება სათავე ნაგებობა და შემკრები ავზი. ამ პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.~
დავით ხმიადაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი: `ქალაქ გორში ელექტორგადამცემი ხაზების ბოძებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, ეს ბოძები მოძველებულია და შეცვლა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს. დიდი პრობლემების წინაშეა ასევე სადგურის დასახლება, სადაც ფაქტობრივად არ არსებობს კანალიზაციის სისტემა, საჭიროა ყველაფრის თავიდან გაკეთება, რაც ბუნებრივია, ფინანსებთან არის დაკავშირებული.~
ჟურნალისტების მხრიდან დაისვა კითხვები სოფლებში საავტომობილო გზების სავალალო მდგომარეობასთან, `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამასთან~ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა სხდომის თემატიკიდან გამომდინარე, ამომწურავი პასუხების გაცემაზე გუბერნატორმა უარი განაცხადა.
`ჩვენ მიზნად დავისახეთ რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრა რაც შეიძლება უახლოეს მომავალში. გამგებლებს მივეცი კონკრეტული დავალებები ამ პრობლემების მოგვარებისათვის და ამ ვადებში შეგვიძლია ერთად გავაკონტროლოთ მათი მუშაობა. კონტროლი განხორციელდება როგორც გუბერნიის მხრიდან, ასევე მედია-საშუალებებსაც ექნებათ საშუალება, თვალყური მიადევნონ აღნიშნულ პროცესებს. თათბირზე განსახილველი საკითხების თემატიკიდან გამომდინარე ყველა კითხვაზე იქნა გაცემული პასუხი. მსგავსი შეხვედრა ჩატარდება ასევე `სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის~ მიმდინარეობასთან~ დაკავშირებით, სადაც თითოეული სოფლის მიხედვით დეტალურად გავეცნობი არსებულ მდგომარეობას,~ _ განაცხადა თათბირის დასასრულს პრეზიდენტის რწმუნებულმა.
ნინო შოთნიაშვილი
ნინო შოთნიაშვილი
09.08.2010 |