|
იურისტებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტში ჩადებული მექანიზმები ქვეყანას დიდ პოლიტიკურ კრიზისს უქადის
`პარლამენტი რჩება სუსტი და უუნარო მთავრობის პასუხიხმგებლობის დაყენების საკითხში~
`ხალხის გაზეთი~_30 ივლისს `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ (საია) გორის ოფისში მოეწყო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან, რომელსაც უძღვებოდნენ საია-ს თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი და ამავე ორგანიზაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი.
შეხვედრა ეხებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას (რომლის მიზანია სახელისუფლებო განშტოებათა ეფექტიანი, გაწონასწორებული სისტემის ჩამოყალიბება), კერძოდ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების კანონპროექტს და საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას (თავმჯდომარე დავით ბაქრაძე), რომელმაც მუშაობა დაიწყო 2009 წლის 23 ივნისს, პრეზიდენტის #348 ბრძანებულების საფუძველზე; კონსტიტუციური კანონის პროექტის პირველი საბაზისო დოკუმენტი მიღებულ იქნა 2010 წლის 12 მაისს; საბაზისო დოკუმენტი ვენეციის კომისიას გაეგზავნა 2010 წლის მაისში, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შენიშვნები მიიღო ბერლინის კონფერენციაზე 2010 წლის 15-16 ივლისს. საია-ს წარმომადგენლების თქმით, 2010 წლის 18 ივლისს საბაზისო დოკუმენტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა კომისიის წევრთა უმრავლესობის ჩართულობის გარეშე; საკონსიტიტუციო კომისიამ პროექტის საბოლოო ვერსია მიიღო 2010 წლის 19 ივლისს.
თამარ ხიდაშელი: `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია~ არის საკონსტიტუციო კომისიის წევრი, გარდა ამისა, ჩვენ ჩართულები ვართ იმ საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ კანონპროექტის საყოველთაო განხილვის ერთთვიან პერიოდში საყოველთაო სახალხო განხილვები მოაწყოს საზოგადოებასთან. მე ამ კომიტეტისგან არანაირი ფორმალური მოწვევა არ მიმიღია. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ყველა რეგიონულ ოფისში ჩავსულიყავით და საზოგადოებისთვის თავად აგვეხსნა ჩვენი ხედვა პროექტთან დაკავშირებით, კერძოდ შენიშვნები _ რა მიგვაჩნია დადებითად და რა უარყოფითად. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენს პოზიციას თავს არავის ვახვევთ. მე მინდა, რომ ეს შეხვედრა გამოყენებული იყოს იმისათვის, რომ ის ინფორმაცია, რასაც დამსწრე საზოგადოებას გავაცნობთ, რაც შეიძლება ფართოდ გავრცელდეს და მოქალაქეებმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ გარკვეული შენიშვნების, პროტესტის თუ თანხმობის შემთხვევაში. ალბათ ბევრს სმენია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ეს არის არაჩვეულებრივად კარგი კონსტიტუცია, ოპოზიციონერები კი საერთოდ იწუნებენ აღნიშნულ პროექტს. ჩვენ გვინდა წარმოვაჩინოთ ამ პროექტის სუსტი მხარე. საია იყო ერთ-ერთი იმ სამ ორგანიზაციას შორის, რომელმაც ამ პროექტს მიღების დროს მხარი არ დაუჭირა და ამისთვის მე მქონდა კონკრეტული მიზეზები. ამასთან, პროექტი მიღებულ იქნა საკმაოდ სერიოზულ ჯგუფებთან კონსულტაციების გარეშე (ვგულისხმობ ასევე პარტიულ სუბიექტებს, რომლებიც მაის-ივნისში, არჩევნების დროს და შემდგომ პერიოდში ვერ ესწრებოდნენ შეხვედრებს). ვფიქრობთ, რომ მართალია პრეზიდენტის უფლებამოსილებები მცირდება, მაგრამ სამაგიეროდ, იზრდება მთავრობის და პრემიერ-მინისტრის როლი და ფუნქციები, ოღონდ ყოველგვარი რისკის გარეშე. სამწუხაროდ, პარლამენტი რჩება სუსტი და უუნარო მთავრობის პასუხიხმგებლობის დაყენების საკითხში. მთავრობა და პრეზიდენტი იჭრებიან პარლამენტის საკანონმდებლო ფუნქციებში. გარდა ამისა, ის გარანტიები, რომლებიც ჩადებულია მოსამართლეების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ არ არის საკმარისი და ასევე უარყოფითად ვაფასებთ ორგანული კანონის ამოღებას კონსტიტუციის პროექტიდან. მისასალმებელია, რომ თვითმმართველობის შესახებ ცალკე თავი შეიქმნა, მაგრამ მასში ჩამოყალიბებული დებულებები დეკლარაციული ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს რეალური თვითმმართველობის განხორციელებას.~
ქეთევან ბებიაშვილი: `ჩვენ ხშირად რამდენიმე საკითხზე ვამახვილებთ ყურადღებას, ესენია უფლებამოსილებების გამიჯვნა _ ვინ რას აკეთებს, როგორ არის გადანაწილებული პასუხისმგებლობები და ანგარიშვალდებულება საკრებულოსა და გამგეობას შორის. სიახლეა ის, რომ აღნიშნული პროექტის მიხედვით, საკრებულოს მიენიჭა უფლება, წარადგინოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიულ აქტთან დაკავშირებით, რომელიც მის უფლებებს არღვევს. ეს ერთიმხრივ კარგია, მთავარია, პრაქტიკა რას გვიჩვენებს. ახალ პროექტშიც არ არის მკვეთრად გამიჯნული უფლებამოსილებები, მოცემულია ზოგადი ჩანაწერები, რომლებიც მართვის რეალურ ბერკეტებს არ იძლევა. წარმოდგენილ პროექტში არ არის დაკონკრეტებული ასევე, რომელ თვითმმართველობაზეა საუბარი (თვითმმართველი ქალაქი თუ მუნიციპალიტეტი) მაშინ, როდესაც აღნიშნულია, რომ საკრებულოს აქვს უფლება, გადააყენოს აღმასრულებელი ხელისუფალი. არ არის განსაზღვრული, ვის წინაშეა პასუხისმგებელი საკრებულო და ვინ არის მის წინაშე პასუხისმგებელი. დღეს ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ნონსენსი გუბერნიის სახით, რომლის ზედამხედველობა კონსტიტუციის პროექტში ბუნდოვნად არის განსაზღვრული. ქვეყანა, რომელიც უერთდება თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას, ვალდებულია, რომ ეს სისტემა მოაწყოს და კარგად წარმოაჩინოს დეცენტრალიზაცია, მაგრამ ახალი ცვლილებები არანაირ დეცენტრალიზაციაზე არ მიუთითებენ, უბრალოდ, აღნიშნულია, რომ თვითმმართველობაზე კანონი იმსჯელებს, ეს არის და ეს.~
ახალგაზრდა იურისტების თქმით, ახალი პროექტის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოში დამკვიდრდება მმართველობის შერეული მოდელი, პრეზიდენტს შეეკვეცება უფლებამოსილებები, ჩაყალიბდება ძლიერი მთავრობა გავლენიანი პრემიერ-მინისტრით და უფლებაშეზღუდული, სუსტი პარლამენტი. პრეზიდენტს ნებისმიერ საკითხზე ექნება საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, პარლამენტი ვალდებული იქნება განიხილოს პრეზიდენტის კანონპროექტი რიგგარეშე, რაც გერმანელი ექსპერტების მტკიცებით, პარლამენტზე ზეწოლის საშუალებად შეიძლება იყოს გამოყენებული. დაკნინებულია პარლამენტის კანონშემოქმედებითი როლი, იგი უუნარო ხდება, დააყენოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დათხოვნის შიშით. ახალ პროექტში შენარჩუნებულია 72-ე მუხლი, რომელიც პრეზიდენტს აძლევს პარტიული საქმიანობის უფლებას, რაც იმის მაჩვენებელია, რომ პარლამენტსა და მთავრობას შორის, კრიზისის შემთხვევაში გადაწყვეტილება მთავრობის ან პარლამენტის დათხოვნის შესახებ შეიძლება პარტიული ნიშნის მიხედვით იქნას მიღებული. კონსიტიტუციის პროექტის მიხედვით, მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის ახალი პარლამენტის არჩევისთანავე; არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას; პრემიერ-მინისტრის კანდიდატი შეარჩევს მთავრობის წევრებს და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.
საია მთავრობის, პრეზიდენტისა და პარლამენტის უფლებამოსილებებს შორის ბალანსთან დაკავშირებით ოთხ ძირითად პრობლემას გამოყოფს: 1. პრეზიდენტისა და მთავრობის მხრიდან პარლამენტის საკანონმდებლო ფუნქციებში შეჭრა; 2. სრული უუნარობა საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით; 3. მთავრობის ანგარიშვალდებულების მექანიზმების არაეფექტურობა და 4. საპარლამენტო ოპოზიციის როლის დაკნინება. იურისტებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტში ჩადებული მექანიზმები ქვეყანას დიდ პოლიტიკურ კრიზისს უქადის. მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დადებით ცვლილებად მიიჩნევენ უვადოდ დანიშვნას, ხოლო უარყოფითად _ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას. გამოსაცდელი ვადის შემოღებით, ეჭვქვეშ დგება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დადებითი მხარეები. უვადოდ დანიშვნის შემთხვევაშიც კი პოლიტიკური ხელისუფლება ფლობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მექანიზმებს. საყურადღებოა, რომ ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ ვერსიაში მითითებული არ არის სამწლიანი გამოსაცდელი ვადის შესახებ. კომისიამ უარი თქვა კონსტიტუციაში მოსამართლეთა დაცვის დამატებითი გარანტიების ჩადებაზე, როგორიცაა მოსამართლეთა სხვა სასამართლოში გამწესებაზე სავალდებულო თანხმობის მოთხოვნა (რაც დღევანდელ ქართულ პრაქტიკაში კარგად არის დამკვიდრებული).
თამარ ხიდაშელმა პრეზენტაციის დასასრულს დასკვნის სახით აღნიშნა, რომ კომისიამ პროექტის 2 თვის ვადაში მიღებით ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო; საზოგადოებასთან ერთთვიანი განხილვის პერიოდი ზაფხულის სეზონს ემთხვევა, რაც გამორიცხავს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ძალებთან აქტიურ კონსულტაციებს; წარმოდგენილი პროექტით მართალია, შემცირებულია პრეზიდენტის უფლებამოსილება, მაგრამ ის მაინც რჩება პოლიტიკური პროცესების აქტიურ მონაწილედ; ორგანული კანონის გაუქმებით საპარლამენტო უმრავლესობას აქვს ბერკეტი, გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი საკითხები უმცირესობასთან კონსულტაციების გარეშე და სხვა.
შეხვედრაზე მყოფმა სტუმრებმა საკუთარი კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით და შეხვედრა დადებითად შეაფასეს.
მიმდინარე წლის აგვისტოში პროექტის საყოველთაო განხილვის ერთთვიანი პერიოდი იწურება, რის შემდეგაც პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მისი საბოლოო განხილვა და დამტკიცება მოხდება. ხიდაშელმა მოქალაქეების დარჩენილ მცირე დროში აქტიურობისკენ მოუწოდა და ურჩია, საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები უშუალოდ დავით ბაქრაძეს გაუგზავნონ.
ნინო შოთნიაშვილი
ნინო შოთნიაშვილი
09.08.2010 |