|
,,ბორჯომი~. ტრადიციულად ჩვენი კურორტ-ქალაქი ორი რამით იყო ცნობილი: მინერალური წყლით და პეტროსას ნამცხვრით. ამ ოცი წლის წინათ, ქვეყანა რომ აირია, ერთიც და მეორეც კინაღამ დავიწყებას მიეცა. უფროსი და საშუალო ასაკის ბორჯომელებს ახსოვთ როგორი რიგი იდგა სასტუმრო ,,ბორჯომის~ სარდაფში მოწყობილ საკონდიტრო საამქროში. ადგილობრივი თუ ჩამოსული სტუმრები მოვალედ თვლიდნენ ყოველდღიურ მენიუში შეეტანათ აქ ნაყიდი ნამცხვარი. მეკონდიტრეები კი ნამცხვრის ცხობას ვერ აუდიოდნენ. დღის ბოლოს საამქროს დახლები მუდამ ცარიელი იყო.
ცნობილი კონდიტერის პეტროსას სიცოცხლეში საამქროს სათავეში მისი სიძე ლოვა ახნაზაროვი ჩაუდგა და აგერ უკვე 53 წელია მისი რეცეპტებით მზადდება 30-მდე სახის უგემრიელესი ნამცხვარი.
უკანასკნელ წლებში ბევრს მოენატრა ლოვას ნამცხვარი და აი, იგი კვლავ ფართო ასორტიმენტით გამოჩნდა ძველი ბაზრის წინ არსებულ სუპერმარკეტში, რომელსაც დიდი ასოებით აწერია ,,ლოვას ნამცხვარი~. აქ მისმა ოჯახმა შენობა იქირავა. ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე კი ,,ლოვას ნამცხვრები~ იწონებს თავს და არც კლიენტები აკლია.
2 აგვისტოს 75 წლისთავს იზეიმებს. მრგვალი თარიღია და თანაც საკმაოდ სოლიდური. აქამდე კი ძალიან დიდი და სახელოვანი გზა გამოიარა. არც ისე ადვილია ქალაქში და მის ფარგლებს გარეთაც სიყვარული და ავტორიტეტი მოიპოვო. არ მეგულება ადამიანი ბორჯომში, რომელსაც მისი ნამცხვარი არ დაეგემოვნოს და დღესაც არ ნატრობდეს გემრიელი ნუგბარით პირის ჩატკბარუნებას. ისიც გამიგია, ბევრი თბილისელი თურმე ,,ლოვას ნამცხვრის~ გასინჯვას რომ ნატრობდა და ბორჯომში წამოსულ ნაცნობს ნამცხვრების წამოღებას ავალებდა.
ლოვა ახნაზაროვი ბორჯომელებისთვის საყვარელი პიროვნებაა, ისეთივე თბილი და ტკბილი, როგორც მის მიერ გამომცხვარი ნამცხვარი. მისი ნამცხვრის გემო განსხვავებულია და ანდამატივით იზიდავს კლიენტს. ეს მხოლოდ მისი ხელწერაა.
ყველაფერი კი სრულიად ახალგაზრდამ, 23 წლისამ დაიწყო. ჯარში სამსახურის შემდეგ ბორჯომში განთქმულ პეტროსას მიაკითხა და მცხობელის პროფესიას დაეუფლა. სულ მალე კი დიდი ტორტი გამოაცხო, თბილისში კონდიტერთა გამოფენაზე წაიღო და იქიდან საუკეთესო კონდიტერის წოდებით დაბრუნდა. მას შემდეგ მისი ყოველდღიური ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა ყველაზე ფაქიზ და საპასუხისმგებლო საქმიანობას _ ნამცხვრების ცხობას.
უკვე ჭაღარაც კარგა ხანია შემოეპარა და გულჩვილობაც, მაგრამ თავისი ასაკით კიდეც ამაყობს. მართალია, ჯანმრთელობა ძველებური არ აქვს, მაგრამ მაინც ერთგულად, საქმის სიყვარულით მუშაობს. თავისი მდიდარი გამოცდილების შესანიშნავი გამგრძელებლები შვილების სახით ყავს და ისიც კარგად იცის, რომ ლოვას ნამცხვრის დამზადების ტექნოლოგია არ დაიკარგება.
_ ჩემი ვაჟი, ამბროსი, კარგა ხანია მეხმარება, განსაკუთრებული არაფერი მისწავლებია. ნამცხვრებს ჩემი ქალიშვილი ლარისაც კარგად აცხობს, სიამაყით ამბობს შვილებზე.
Oოთხი შვილიდან ორმა მამის პროფესიის გაგრძელება ისურვა. ერთი ვაჟი საფრანგეთშია. როგორც შევატყვე, შორს წასული შვილი ენატრება, მაგრამ აქ მყოფი სამი შვილი და შვილიშვილები მოწყენის საშუალებას არ აძლევენ.
ბატონი ლოვა კი ისევ მეოთხე სამმართველოს ტერიტორიაზე ნაქირავებ შენობაში აცხობს ნამცხვრებს, ხაჭაპურებს, ფუნთუშებს, იღებს დაკვეთებს.
_ ნამცხვრის ცხობაში სული და გული უნდა ჩადო, გამიმხილა ბატონმა ლოვამ ,,საიდუმლო~. ,,ფირმის საიდუმლოებად~ საუკეთესო ხარისხის ნედლეულის გამოყენებას ასახელებს.
_ ტყუილი არასდროს არ მითქვამს, ასე მასწავლიდა ჩემი ოჯახის უფროსი თაობა და ეს სამუდამოდ ჩაბეჭდილი მაქვს გონებაში. ამიტომ მეამაყება ჩემი პროფესია, წელგამართული ვარ ჩემი ახლობლების და ბორჯომელების წინაშე, _ ამბობს ღვაწლმოსილი კონდიტერი.
სწორედ ეს სიამაყეა, რომლითაც აგერ უკვე 75 წელია დადის ბორჯომის ქუჩებში. საყვარელ საქმეს 52 წელი შეალია, ,,ტკბილი სამყარო~ შექმნა და შორს გაუთქვა სახელი. გვწამს, მისი შთამომავლობა ლამაზ ტრადიციებს კიდევ უფრო განამტკიცებს და ლოვას საფირმო ნამცხვრებს გაამრავალფეროვნებს. ტკბილი ქვეყანა მუდამ იარსებებს.
მარი ზაქაშვილი
29.07.2010 |