 |
 |
 |
 |
 |
|
ნოდარ სარჯველაძე: ქართული ფეხბურთის აღორძინებას ფული, მოედნები და გამოცდილი მწვრთნელები სჭირდება |
,,ბორჯომი~. ნოდარ სარჯველაძე ბორჯომში დაიბადა. აქვე დაამთავრა #1 საშუალო სკოლა. მერვე კლასის მოსწავლე სპორტული სკოლის ფეხბურთელთა გუნდში ჩარიცხეს. იმ პერიოდში მასთან ერთად თამაშობდნენ: ჯემალ კოპალიანი, გაიოზ შერგელაშვილი, გუგული ჟღენტი, ვახტანგ თხელიძე, თენგიზ და ჯემალ ზეინკლიშვილები, თენგიზ გოგოლაძე (,,მასკვა~), გივი კაპანაძე, ანატოლი მილჩენკო, თენგიზ რევაზიშვილი (,,ლავაშა~), ელგუჯა ორჯონიკიძე და სხვები. 1952 წელს ბორჯომის ,,სპარტაკში~ მიიწვიეს. ,,სპარტაკი~ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. მისი მწვრთნელი თბილისის ,,დინამოდან~ ვიქტორ ლომიძის მიერ ,,მოტაცებული~ სპორტის ოსტატი ვანო (ჩულა) მეტრეველი გახლდათ. გუნდი პრიზიორთა შორის იყო...
ნოდარ სარჯველაძე საქართველოს ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრებში ჩარიცხეს, რომელმაც 1952 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იმ დროს პერსპექტიულ ფეხბურთელებზე ,,ნადირობდნენ~ სამხედრო უწყების გუნდები. ნოდარი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და თამაშობდა ჯერ ქუთაისის, შემდეგ თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდებში.
ჯარიდან დემობილიზებული, ქუთაისის ,,დინამომ~, (შემდეგ ,,ტორპედომ~) გუნდის კაპიტნად მიიწვია. 1958 წლიდან ,,ტორპედომ~ საბჭოთა კავშირის პირველობის ,,ბ~ კლასის საგზური მოიპოვა, ხოლო 1960 და 1961 წლებში ზედიზედ აღნიშნული ჯგუფის ჩემპიონი გახდა და საბჭოთა კავშირის პირველობის უმაღლესი ლიგის, ანუ ,,ა~ კლასის გუნდებს შეუერთდა.
სპორტის ოსტატი ნოდარ სარჯველაძე 1966 წლიდან, მძიმე ტრავმის გამო გამოემშვიდობა ,,ტორპედოს~ და ბავშვთა გუნდის მწვრთნელი გახდა...
დღეს ,,ტორპედოს~ ვეტერანი ფეხბურთელი ნოდარ სარჯველაძე გაზეთ ,,ბორჯომის~ რედაქციის სტუმარია და ფეხბურთის გულშემატკივრებს მასთან საუბარს ვთავაზობთ.
_ ბატონო ნოდარ, ალბათ, იმ წლების ნოსტალგია გეუფლებათ, როდესაც თბილისის ,,დინამო~ და ქუთაისის ,,ტორპედო~ საქვეყნოდ აღიარებული გუნდები იყვნენ და მატჩებზე დასასწრებად ბილეთის შეძენა ოცნება იყო. დღეს გულს არ გტკენთ სტადიონის ცარიელი ტრიბუნები?
_ გასული საუკუნის 50-80-იანი წლების თბილისის ,,დინამოსა~ და ქუთაისის ,,ტორპედოს~ გარდა, საქართველოს ჩემპიონატების გუნდების თამაშებსაც უამრავი მაყურებელი ჰყავდა. ფეხბურთის გულშემატკივარი აფასებდა ფეხბურთელთა თავდაუზოგავ ბრძოლას გამარჯვებისთვის. მაშინ წარმოუდგენელი იყო ე.წ. ,,ჩაწყობილი~ და ,,გაყიდული~ მატჩები. ორ ეპიზოდს შეგახსენებთ: ქუთაისში ვხვდებოდით კიევის ,,დინამოს~, რომელიც მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაშიც კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდებოდა. ჩვენთან მოვიდნენ კიეველი გულშემატკივრები და გარკვეული ფინანსური ჯილდოს სანაცვლოდ გვთხოვეს წაგვეგო თამაში. ჩვენ ასეთ გარიგებაზე უარი ვთქვით. მთელი ენერგიით შევებრძოლეთ და ანგარიშით 1:0 დავამარცხეთ. ქვეყნის ჩემპიონი გახდა მოსკოვის ,,ტორპედო~, რომელსაც მადლობაც არ უთქვამს ჩვენთვის.
არასოდეს დამავიწყდება 1964 წლის 24 აგვისტო. ამ დღეს ყოფილი ლენინგრადის სტადიონზე ,,ზენიტს~ ვხვდებოდით. რამდენიმე დღის წინ ,,ზენიტს~ თბილისის ,,დინამოსთან~ მოგებული ჰქონდა ანგარიშით 5:0 და ამის მაუწყებელი დიდი ტრანსპარანტი გამოფენილი იყო სტადიონზე. თამაშის დაწყების წინ გასახდელში მომიტანეს ქუთაისიდან დეპეშა, პირველი შვილის _ ვაჟის დაბადებას მილოცავდნენ. მომცვივდნენ ბიჭები, ყურები დამიწითლეს, მეხვეოდნენ, მილოცავდნენ. გუნდის მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ დაგვამშვიდა და გვითხრა: ბიჭებო, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რომ თბილისის ,,დინამოს~ დამარცხება დაივიწყონ და თანაც ნოდარ სარჯველაძის ვაჟის დაბადება გამარჯვებით აღვნიშნოთო.
,,ზენიტი~ დავამარცხეთ ანგარიშით 1:0, მთელი გუნდი იბრძოდა გამარჯვებისთვის, ვინმეს გამოყოფა შეუძლებელია.
ქუთაისის ,,ტორპედო~ საკავშირო ჩემპიონატის საპრიზო სამეულში ვერ ხვდებოდა, მაგრამ, როდესაც ვამარცხებდით მოსკოვის ძლიერ გუნდებს და ქულებს ვაკარგვინებდით, თბილისის ,,დინამოს~ გზას ვუკაფავდით პირველობისკენ.
_ ბატონო ნოდარ, ფასდებოდა თუ არა თქვენი თავგანწირული საფეხბურთო ბატალიები, იყავით უზრუნველყოფილი?
_ ოცნებაც კი არ შეგვეძლო ისეთ ანაზღაურებაზე, რასაც დღეს საზღვარგარეთის ცნობილი საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს უხდიან. თვიური ხელფასი 200 მანეთი გვქონდა. მოგების შემთხვევაში პრემია 100 მანეთი გვემატებოდა, წაუგებელი თამაში 50 მანეთით ფასდებოდა. ნებისმიერ უცხოელ ფეხბურთელს გაეცინებოდა ასეთ ანაზღაურებაზე. სამაგიეროდ ხალხის სიყვარული და ხელისუფლების ყურადღება ძალას გვმატებდა. საცხოვრებელი ბინებით და უფასო უმაღლესი განათლების მიღებით უზრუნველყოფილნი ვიყავით. ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდით ხალხის თანადგომას, მხარდაჭერას, პატივისცემას. ეს ძალას გვმატებდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობდით ერის წინაშე. ყოველი მოგებული მატჩი საყოველთაო-სახალხო ზეიმით აღინიშნებოდა და წარსულში მტრის დამარცხებებთან ასოცირდებოდა, სწორედ ამიტომ ივსებოდა სტადიონის ტრიბუნები...
_ რა არის საჭირო ქართული ფეხბურთის ასაღორძინებლად?
_ პირველ რიგში, ფული, ხარისხიანი ბუნებრივი მწვანე საფეხბურთო მოედნები და გამოცდილი, მაღალკვალიფიციური მწვრთნელები. ფეხბურთის აღორძინება ბავშვთა გუნდების განვითარებით, მათზე სახელმწიფოს ზრუნვით უნდა განხორციელდეს. ბავშვთა გუნდებს ფინანსური ხელშეწყობა სჭირდება.
ბუნებრივი მონაცემებით დაჯილდოებული ბავშვების უმრავლესობას საშუალება არ აქვს ყოველთვიურად გადაიხადოს გარკვეული თანხა მომზადებისთვის. ცნობილი ქართველი ვეტერანი ფეხბურთელებიდან უნდა შეირჩეს მწვრთნელები, გაიგზავნონ საზღვარგარეთ გამოცდილების შესაძენად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ქართულ გუნდს ქართველი გამოცდილი მწვრთნელი უნდა ხელმძღვანელობდეს, რომელიც კარგად იცნობს ქართულ ფეხბურთს და ქართულ ბუნებას. უცხოელი სპეციალისტი გუნდში მოვიწვიოთ არა მთავარ მწვრთნელად, არამედ კონსულტანტად და შედეგი უკეთესი იქნება. ბუნებრივია, ყოველივე ამას ფინანსები სჭირდება, რომლის გარეშეც ფეხბურთის განვითარება შეუძლებელია. ქუთაისელებს უხარიათ, რომ მათი საყვარელი ,,ტორპედოს~ ,,გაცოცხლება~ ნავთობკომპანია ,,ვისოლმა~ გადაწყვიტა, რომელიც ყოველწლიურად 2 მილიონ ლარს გაიღებს გუნდის ღირსეულად ასპარეზობისთვის და ძველი იმიჯის დასაბრუნებლად. გული მტკივა, რომ ჩემი მშობლიური ბორჯომის გუნდი, ფინანსური პრობლემების გამო, საქართველოს ჩემპიონატში აღარ მონაწილეობს. ბორჯომში სხვადასხვა თაობის პერსპექტიული ფეხბურთელები აღიზარდნენ, რომლებიც წარმატებით გამოდიოდნენ როგორც ბორჯომის, ასევე რესპუბლიკის ცნობილ გუნდებში. ბორჯომს ჰყავს ოფიციალური მილიონერი მოსკოვში მოღვაწე სოსო ორჯონიკიძის სახით. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რომ მიმართოს დასახმარებლად, შესაძლებელია მან იტვირთოს გუნდის დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში, ცდა ბედის მონახევრეაო, ნათქვამია...
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გავიმეორებ: ქართული ფეხბურთის ასაღორძინებლად ფული, ბუნებრივსაფარიანი მოედნები და გამოცდილი მწვრთნელები გვჭირდება. ამასთან ერთად, ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ზრუნვა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის!..
ვალერიან ლომიძე, რობერტ ცუცქირიძე
26.08.2010 |
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო
REGIONS.GE
|
|
 |
|
 |
 |
 |
|
 |
 |
 |
 |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
კვ
|  | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | | | | |
|
|
|
|
 |
|
 |
 |
 |
|