|
,,ბორჯომი~. 65 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან. ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული მთელმა მსოფლიომ აღნიშნა. ამ საერთო-სახალხო ზეიმს არც ჩვენი რაიონის სოფელ მოლითის მოსახლეობა ჩამორჩა. მათ ომში მონაწილე თანასოფლელებს სოფლის ცენტრში დიდებული მემორიალი დაუდგეს.
ამ პატარა სოფლიდან 53 ვაჟკაცი მონაწილეობდა სამშობლოს დაცვის წმინდათა წმინდა მოვალეობის შესასრულებლად. აქედან, 21 ომის ფრონტებზე დაიღუპა, ომიდან 32 მოლითელი გმირობისა და მამაცობისთვის ორდენებითა და მედლებით მკერდამშვენებული დაბრუნდა. სამწუხაროდ, მოლითელ მეომართაგან მხოლოდ ერთი _ სედრაკ გალუსტიანია ცოცხალი და ისიც შეუძლოდ იყო და მოლითელთა ზეიმში ვერ მიიღო მონაწილეობა.
შთამომავლობა ღირსეულ პატივს მიაგებს ომში ნაბრძოლებ უფროსი თაობის მოლითელებს. სერგო ვართერესიანი, მაკარ ბარბარიანი, ანდრანიკ არაქელიანი, არტავაზ არუთინიანი, ვანო მიქოიანი, აფეთ გალუსტიანი და სხვები ბრძოლაშიც და შრომაშიც სამაგალითონი იყვნენ.
სწორედ ომისა და შრომის ვეტერანებს სამარადისო ძეგლად დაუდგეს მეტად ორიგინალური მემორიალი, რომლის ასაგებად თანხა წარმოშობით მოლითელებმა, მაგრამ ამჟამად მოსკოვში მცხოვრებლებმა სტეფანე არაქელიანმა და ვალოდია ვართერესიანმა გაიღეს, თუმცა ვალში არც სოფლის მოსახლეობა დარჩა. ვისაც რამდენი შეეძლო, ის შეიტანა საერთო ყულაბაში.
მემორიალი ახალქალაქში არსებულ საამქროში ერთ თვეში გააკეთეს რაფიკ ქეროფიანმა და სკულპტორმა ლევონ გრიგორიანმა.
_ მე წარმოშობით ახალქალაქელი ვარ, ამჟამად ვცხოვრობ ერევანში, მრავალ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა და გამარჯვებაც ხშირად მომიპოვებია, მეგობრული კავშირები მაქვს ქართველ სკულპტორებთან, მიყვარს აქაურობა და უარი არ მითქვამს მოლითელებისთვის. ეს მემორიალი ფაქტიურად ნახევარ ფასში გავაკეთეთ, რაც ჩვენი მეგობრობისა და ძმობის საწინდარია.
ახალქალაქის ეკლესიასთან აღმართული მემორიალიც ჩემი გაკეთებულია, ასე რომ, აქაურთა სიყვარულის მსახური ვარ _ ღიმილით მითხრა ბატონმა ლევონმა.
მემორიალის გახსნას მოლითელებთან ერთად ზეიმობდნენ ჭიხარულის და ტაბაწყურის მშრომელებიც.
ზეიმში მონაწილეობის მისაღებად მოლითელებს ეწვია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ქურდაძე, საკრებულოს დეპუტატი ვეფხია გრიგალაშვილი, გაზეთ ,,ბორჯომის~ რედაქტორი ვალერიან ლომიძე.
მემორიალთან ზეიმი დიდხანს გაგრძელდა, იყო მადლიერების სიტყვები, სიმღერები და ცეკვები. გულისხმიერებისა და პატივისცემისთვის მასპინძლებმა მადლობა გადაუხადეს რაიონის ხელმძღვანელებს, ქველმოქმედ თანასოფლელებს.
ამ ლამაზი და დაუვიწყარი ზეიმის ორგანიზატორი გახლდათ მუნიციპალიტეტის ტაბაწყურის ტერიტორიული ორგანოს დეპუტატი ალიკ არუთინიანი, რომელმაც დიდი შრომა გასწია მემორიალის დროულად დადგმისა და დღესასწაულის შინაარსიანად ჩატარებისთვის.
სწორედ მისი ხელმძღვანელობით შემოიღობა მოლითის სასაფლაო, მოლითში აშენდა რიტუალების სახლი, ხოლო ტაბაწყურში _ ამბულატორია, ტაბაწყურში შევიდა ბუნებრივი გაზი, ამჟამად სათიბებიდან მოლითამდე აპირებენ სამანქანო გზის რეაბილიტაციას, სხვა ბევრი სასიკეთო საქმე აქვს ჩაფიქრებული. იგი ერთგულად და პატიოსნად ემსახურება მშობლიური სოფლის მოსახლეობას, ამიტომაცაა, რომ სოფელმა მეორედ აირჩია დეპუტატად საკრებულოში.
ვალერიან ლომიძე
26.08.2010 |