|
,,ბორჯომი~. ჯერ კიდევ 3 ივნისს საქართველოს პირველმა ლედიმ ქალბატონმა სანდრა რულოვსმა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გახსნა გამოფენა ,,იმედის ყუთი _ მშვიდობა მშვიდობისთვის~. ამ პროექტს ორგანიზატორობს ჰოლანდიელი მხატვარი ქალი რიენკე ენგჰარდტი. მისი სურვილია სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე მხატვართა გაერთიანება. პროექტში მონაწილე მხატვრებს ,,იმედის ანგელოზებს~ უწოდებენ.
ქალბატონ რიენკეს პროექტის მიზანია შექმნას მრავალფეროვანი ხელოვნება საზღვრებს გარეთ. იგი პირველად 1991 წელს განხორციელდა. უცხოელ მხატვრებთან ერთად ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელი ქართველმა მხატვრებმაც მოხატეს. ,,კუკუშკა~ _ ესაა მომავლის მატარებელი, რომლითაც რიენკე ენგჰარდტმა 20 აგვისტოს მოაწყო საინტერესო მგზავრობა _ მას სურდა ბავშვებისთვის საინტერესო გაეხადა ცხოვრება _ მომავლის მატარებელში მხატვარმა ქალმა ჩასვა საქართველოს ინვალიდი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვები. გზაში მათ ტკბილეულითა და ხილით გაუმასპინძლდნენ და სახატავი ფურცლები გადასცეს, სადაც დახატული იყო ,,სურვილის ღრუბელი~. მგზავრობა ძალზე შინაარსიანი და ხალისიანი იყო. ფურცლებზე, რომლებიც ამჟამად მუზეუმშია გამოფენილი, ბავშვებმა ჩაწერეს საკუთარი სურვილები: მაგალითად, ,,ნეტავ მალე გავიარო ფეხზე~, ,,მინდა ჯანმრთელი ვიყო~, ,,მინდა მქონდეს სახლი~ და სხვა.
რიენკე ენგჰარდტის და მთელი მისი პროექტის მთავარი მიზანია დაეხმაროს მიუსაფარ ბავშვთა სახლებს.
22 აგვისტოს კი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ადგილობრივი მცხოვრებლებითა და ბავშვებით იყო სავსე. მუზეუმში ფურცლებზე ბავშვებმა გააფერადეს მატარებლის ვაგონები... ღონისძიება საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა. ამას ეფექტს მატებდა თბილისიდან ჩამოსული მოცეკვავეთა ჯგუფი ,,ბრეიგ დენსერები~, რომლებმაც #1 საჯარო სკოლის ეზოში სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე იცეკვეს. 2 საათზე კი ღონისძიების მონაწილეებმა უფასოდ იმგზავრეს ,,კუკუშკა~ მატარებლით.
გასეირნება ,,მომავლის მატარებლით~ _ ამ პროექტმა და ღონისძიებამ ბევრ ინვალიდ და მიუსაფარ ბავშვს იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა, ბევრი ბავშვი გაახარა. ეს ბედნიერი დღე, როგორც მათ აღნიშნეს, დიდხანს დაამახსოვრდებათ, რადგან პროექტი ხელს უწყობს ყველა მოზარდს, ეზიარონ ხელოვნებას და ამ ულამაზესი გზით მავალთ თავისი სურვილი აუსრულდეთ.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენა ,,მშვიდობა მშვიდობისთვის~ 25 სექტემბრამდე გასტანს, გამოფენის დახურვაზე ჩამობრძანდება ქალბატონი სანდრა რულოვსი.
პროექტი ,,იმედის ყუთი~ _ მშვიდობა მშვიდობისთვის საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტმა დააფინანსა. ეს პროექტი მთელ მსოფლიოში ხორციელდება და იგი დიდი მოწონებითა და პატივისცემით სარგებლობს.
ირინა კუჭუხიძე
26.08.2010 |