სპექტრი. 27 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც 2010 წლის 28 იანვრის #6 დადგენილებაში "გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ისაუბრეს.
საკრებულოს თავმჯდომარის ზაქარია იაგანაშვილის განმარტებით, სხვადასხვა სამუშაოებისთვის გამოყოფილი 1 მლნ 550 ათასი ლარიდან 320 ათასი ლარი დაიზოგა, რომელიც სამ პროექტზე განაწილდება.
გურჯაანის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ირაკლი მინდიაშვილი განმარტავს, რომ "დაზოგილი თანხიდან 218 ათასი ლარი სოფლების (ვაზისუბანი, ჯიმითი, კაჭრეთი, გურჯაანი, ნანიანი, ვაჩნაძიანი) წყლის სათავე ნაგებობებისა და მილსადენების რეაბილიტაციას მოხმარდება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი რომელი სოფლისთვის კონკრეტულად რა თანხა განისაზღვრება, თუმცა დაახლოებით 5-6 დღეში ყველაფერი გვეცოდინება."
როგორც სესიაზე აღნიშნეს, წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაციის გარდა 320 ათასი ლარიდან 90 ათასი ლარი ახაშნის ტრასის რეაბილიტაციას მოხმარდება, ხოლო 30 ათასი ლარი _ გურჯაანის გარკვეულ უბნებში გარე განათებას.