მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
kategoriebi
ხევსურული (დღიურებიდან) ცხოვრების ეპიზოდები
სპექტრი. თელავიდან თბილისის მიმართულებით გომბორის ახლადდაგებულ გზატკეცილს თუ გაუყვებით, 20 კილომეტრში ქალაქის რიტმული ცხოვრებისგან განსხვავებულ და ზაფხულის შემაწუხებელი სიცხისთვის უჩვეულო, გრილ გარემოში აღმოჩნდებით. ცამდეაზიდული მთების სიდიადეს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის გორებზე შეფენილი, ხევსურებით დასახლებული სოფლები _ თეთრწყლები და კობაძეები. აქ, გარემო პირობებთან ერთად, ხალხიც განსხვავებულია _ როგორც ჩაცმულობით, ასევე საუბრის კილო-კავითა და ტრადიციით.

სოფელ თეთრწყლებში ხევსურები სკოლის ეზოში შეკრებილან. ხალხის ყიჟინა და ცხენების ფლოქვების თქარა-თქური ისმის. ადგილობრივები 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან ერთად, სამას არაგველობასაც ზეიმობენ. ტრადიციულად დოღი იმართება. მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია. დოღის დაწყების ნიშანთან ერთად ჟრიამული მატულობს, აზარტი გულშემატკივრებს, მხედრებსა და ცხენებს ერთბაშად იყოლიებს. გამარჯვებულებს სპეციალურ პრიზებს გადასცემენ, თუმცა ხევსურებისთვის პრიზზე მნიშვნელოვანი გამარჯვება და პირველობაა. დოღი ტრადიციულმა ქეიფმა შეცვალა _ განსხვავებული სასმელით, სასმისითა და სადღეგრძელოებით. საკლავი უკვე წამოუქცევიათ და სუფრისთვის თადარიგიც წინასწარ დაუჭერიათ. სადღესასწაულოდ და სტუმრების საპატივსაცემოდ ხინკალი შეუხვევიათ და მის მოხარშვას ელიან. სხვადასხვა სახის (კარტოფილის, ყველის და მხლის) კეცეული (ჩვენებურად ხაჭაპური) მადისაღმძვრელად გამოიყურება. "დესერტად" ქადებიც გამოუცხვიათ. სუფრას ქალები და მამაკაცები ერთად უსხედან, თუმცა მასპინძელი, 45 წლის გუჯა ფიცხელაური სიცილით ამბობს: "ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამათ პური?!" სუფრაზე ტრადიციულად ლუდს შეექცევიან, თუმცა სტუმრებისთვის არჩევანის საშუალებაც არის. პირველ რიგში, შეკრების მიზეზს ადღეგრძელებენ და უფლის სადიდებელს სვამენ, არც წინაპრების მოსაგონარი გამორჩებათ სტუმრების სადღეგრძელოს რამდენჯერმე, თანაც გამორჩეულად მიირთმევენ _ განსხვავებული სასმისით _ ყანწით და ფეხზე ადგომით. სუფრას სალოცავების სადიდებლით ამთავრებენ. სადღეგრძელოებს, "ბალალაიკის" თანხლებით შესრულებული ხევსურული სიმღერები და ცეკვა ენაცვლება. სიმღერას თავისებურ, გამორჩეულ ჟღერადობას აძლევს ცამდე აზიდული მთების ექო და განსხვავებული კილო-კავი. მხიარულების ყიჟინა მთელს ხეობაში გათენებამდე ისმის.

როდის, საიდან მოვიდნენ ხევსურები კახეთში, ან რატომ აირჩიეს ეს ტერიტორია დასასახლებლად, ზუსტად არავინ იცის. ყვებიან, რომ დაახლოებით, ნახევარი საუკუნის წინ ხევსურეთიდან ხევსურები ერთბაშად აასახლეს და შირაქში ჩამოიყვანეს. თუმცა იქაურ პირობებს ბევრი ვერ შეგუებია და კვლავ ხევსურეთში დაბრუნებულა, ზოგიც კახეთის ამ მთიან ნაწილში დასახლებულა.
აქაური ტრადიციებისა და წეს-ადათების გაცნობა 72 წლის მარიამ ფიცხელაურს ვთხოვეთ. არ დაგვზარდა, თუმცა მოიბოდიშა, _ "დილით მე და ჩემი რძალი საქონელში მივდივართ და საღამოს, რომ დავბრუნდებით, მაშინ გიამბობთ ყველაფერსო."
ეტყობა, ჩვენს სახეზე გაოცება შეამჩნია და აგვიხსნა: "ჩვენში საქონელში ქალები დადიან, სახვეტშიც (მოთიბული ბალახის აგროვება) და საკრეფშიც (მიწიდან ამოღებული კარტოფილის აკრეფა. (ავტ).
საღამოს, მთიდან საქონლის ჩამორეკვის შემდეგ კი, დაღლილობის მიუხედავად, თავიანთი ტრადიციებსა და ცხოვრების პირობების გაცნობაზე უარი არ გვითხრა.
"ჩემი მამა-პაპა ხევსურეთიდან, სოფელ დათვისიდან წამოვიდა და გომბორში დასახლდა. ეტყობა, მთაში ცხოვრება უკვე აუტანელი იყო. იქ ერთმანეთის დაშორებით პატარა-პატარა სოფლებია, 4-5 ოჯახით დასახლებული. ამიტომ აქეთ ბევრი ხევსური წამოვიდა. გომბორიდან თეთრწყლებში გამოვთხოვდი. 50 წელი მეუღლესთან ერთად ვეწეოდი ოჯახის ჭაპანს. დაქვრივების შემდეგ კი ობლების რჩენა მარტოს მიწევდა, ჩვენში ხომ ცხოვრება ძალიან ჭირს," _ ამბობს მარიამ ფიცხელაური და იქვე დასძენს, - "სოფელში 300-350 მაცხოვრებელია, ძირითადად მესაქონლეობას და მეურნეობას მივდევთ. თუმცა მხოლოდ სიმინდი და კარტოფილი მოგვყავს. მკაცრი და ხანგრძლივი ზამთრის გამო _ ნოემბრიდან მაისამდე აუტანელი სიცივეა _ ხილი და ყურძენი დამწიფებას ვერ ასწრებს."

მისივე ნაამბობიდან ირკვევა, რომ კახეთში გადმოსახლებულ ხევსურებს მთიელთა ტრადიციები მეტ-ნაკლებად შემორჩენილი აქვთ. მაგალითად, სტუმარს ძველებურად დიდ პატივს სცემენ. სისხლის აღების წესი კი ნელ-ნელა მიივიწყეს, თუმცა ცდილობენ, რომ ერთმენთში სერიოზული დაპირისპირება არ ჰქონდეთ. ტრადიციულად სალოცავში შესვლა ქალს ახლაც ეკრძალება. ყველაზე დიდი დღესასწაული მათთვის მარიამობა და სამასარაგველობაა. ათენგენობას კი ხევსურეთში, მამაპაპეულ სოფლებში ზეიმობენ.
"ამ დღით უმრავლესობა ხევსურეთში მიდის, უხუცესი გამოიტანს ხატებს და ამწყალობებენ. კლავენ საკლავს, ანთებენ სანთელს. აქ დარჩენილი ერთი გვარის ხელხი კი ერთად ზეიმობს _ არაბულები, გოგოჭურები, ფიცხელაურები სხვა გვარები თითო-ოროლა კომლიღაა მხოლოდ."
ამჯერად სოფელში სალოცავი არ აქვთ, მხოლოდ ძველი ნანგრევებია შემორჩენილი.
"არავინ არის დაინტერესებული, რომ პატარა ეკლესია მაინც აგვიშენოს. სალოცავში ვერ დავდივართ. ერთ გორაზე ნიშია და ჯვარი აღვმართეთ, კაცები იქ ანთებენ სანთელს,"-ამბობს ფიცხელაური და იქვე დასძენს, _ "აქაური გოგო-ბიჭები ერთმანეთში დაძმურად არიან და მათში ცოლქმრობაც იშვიათიათად ხდება." მოხუცი იმის გამო წუხს, რომ ახალგაზრდობა ნელ-ნელა კარგავს საკუთარ ადათ-წესებს და კახელების ტრადიციებს ითვისებს. მისივე თქმით, მძიმე პირობების გამო, მომავალი თაობა ნელ-ნელა ტოვებს სოფელს და საცხოვრებლად სხვაგან გადადის. "ადრე კლუბი მაინც გვქონდა და ფილმებს აჩვენებდნენ, ახლა ისიც აღარ ფუნქციონირებს. გასართობი არაფერია და ახალგაზრდებს ისევ ერთმანეთში მისვლა-მოსვლით და საუბრით გაჰყავთ დრო," _ ამბობს მასპინძელი.

სოფელში, მართალია, სკოლა ფუნქციონირებს, მაგრამ მხოლოდ 60-მდე მოსწავლეა. საბავშვო ბაღშიც 20-მდე აღსაზრდელი ჰყავთ. წელს მხოლოდ ერთი პირველკლასელი ეყოლებათ, სამომავლოდ კი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სასკოლო ასაკის არავინ იქნება. ამიტომ სკოლის გაუქმების შიში აქვთ. არადა, აქ სასწავლებლად მეზობელი სოფლიდან, კობაძეებიდანაც დადიან...
"ადრე ამ ტერიტორიაზე 4 სოფელი იყო, მაგრამ ორიღა დარჩა. პანტიანსა და წეროდანში ხალხი თითქმის აღარ ცხოვრობს. ერთგან 2 ოჯახიღა დარჩა, მეორეგან _ 4. მისასვლელი გზა არ არის და სკოლამდე ფეხით ჩამოდიან, რაც ზამთარში ძალიან აუტანელია. ამიტომაც აიყარნენ და თეთრწყლებსა და კობაძეებში გადმოვიდნენ. თუმცა აქაც არ არის კარგი პირობები. ამ ტერიტორიებს სტატუსი მაინც მიანიჭონ, გარკვეული შეღავათები გვექნებოდა. ახლა ეს სკოლაც თუ გაგვიუქმეს, აქ ცხოვრება მართლა წარმოუდგენელი იქნება, ჩვენი შვილები სადღა მიიღებენ განათლებას? არადა, ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან," _ საუბარში ჩაერთო მარიამის რძალი, 40 წლის ნატო აფციაური.

რაიონულ ცენტრთან, დასაკავშირებლად თეთრწყლებში მხოლოდ ერთი, ისიც თითქმის მწყობრიდან გამოსული სამარშრუტო ტაქსი დადის. მართალია, ამბულატორიის შენობა შენარჩუნებულია, მაგრამ ადგილზე ექიმი არ ჰყავთ, კვირაში ერთხელ იგი თელავიდან მიდის. სოფელში არც აფთიაქია.
"პრობლემაა ისიც, რომ სოფელში არ გვყავს ვეტექიმი, დაახლოებით ხუთი წლის წინ შეამცირეს, არადა, ძირითადად მესაქონლეობით ვირჩენთ თავს," _ ამბობს მასპინძელი და იმ დროს იხსენებს, როცა "ცხოვრება აწყობილი იყო."
აქაურების ერთადერთ იმედს თბილისის მიმართულებით გომბორის ტრასის რეაბილიტაცია წარმოადგენს. ფიქრობენ, რომ სოფელს კურორტის სტატუსსაც მიანიჭებენ, რადგან ამისათვის აქ იდეალური გარემოა. გოგირდოვანი წყლებით მდიდარ სოფელში, როგორც ადგილობრივები ყვებიან, ადრე უამრავი დამსვენებელი ჩამოდიოდა.
"სოფელში რამდენიმე ადგილას მიწიდან გოგირდოვანი წყალი ამოდის. იგი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, როგორც კუჭ-ნაწლავისთვის, ასევე, სახსრებისა და რევმატიზმებისთვის. სავარაუდოდ, წყლების სიმრავლე განაპირობებს სოფლის სახელწოდებასაც. ჰავაც იდეალურია. ადრე იმდენი დამსვენებელი მოდიოდა, რომ მხოლოდ ოთახებს კი არა, ეზოსაც ვაქირავებდით. ახლა კი, იმის გამო, რომ მაღაზიები, ბაზარი, და საერთოდაც, კარგი პირობები არ არის, დამსვენებელი ნაკლებად გვყავს," _ ამბობს მარიამ ფიცხელაური და იქვე დასძენს, "სოფლის რწმუნებული, რომელიც თელავში ცხოვრობს, ხშირად გვაკითხავს და ჩვენი ჭირ-ვარამით ინტერესდება, შემდეგ კი უფროსობასაც საქმის კურსში აყენებს, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა ჯერჯერობით უკეთესობისკენ არ მიდის. არადა, თუ ასე გაგრძელდა, სოფელი დაცარიელდება და ეს შესანიშნავი ადგილები უკაცრიელი გახდება. ალბათ ტყესაც გაჩეხავენ, რადგან ახლა მას განადგურებისგან ადგილობრივები იცავენ."
ამის მიუხედავად, ხევსურები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება ამ იდეალურ ადგილებს ყურადღებას მალე მიაქცევს და მათი ცხოვების პირობებიც გაუმჯობესდება.


სპექტრი.
02.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ukan
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829    
valutis kursebi
09-02-2012
1.6678   -0.0001
2.2122   0.0207
2.6518   0.0147
5.6168   0.0732
ვალუტის კურსები სრულად 
amindis prognozi
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით -2 °C -2 °C
ღამით -7 °C -9 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.